Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბლოგები

ჯერ იყო დანტე და შემდეგ - იტალიური ენა!

ჯერ იყო დანტე და შემდეგ - იტალია!

ჯერ იყო დანტე და შემდეგ - იტალიელები!

დანტეს გადაწყვეტილება, დაეწერა საკრალური პოემა იმ დიალექტზე, რომელიც ზეპირ ურთიერთობაში გამოიყენებოდა, იყო იმ დროისათვის არნახული სიმამაცის მაგალითი და შემდგომში გახდება უზადო საჩუქარი იტალიელი ერისთვის. დანტე ალიგიერი იქნება ის, ვინც იტალიელებს აჩუქებს ენას - ერის ამ ყველაზე აშკარა განსხეულებას. თუმცა „ღვთაებრივი კომედიის“ დაწერას და იტალიელი ერის გაჩენას თითქმის ექვსი საუკუნე დააშორებს ერთმანეთისგან... ამას ზუსტად შეამჩნევს ვიქტორ ჰიუგო, ეპოქის ყურადღებიანი დამკვირვებელი. 1865 წლის მაისში ვიქტორ ჰიუგო ფლორენციის მერის მიერ მიწვეული იქნება ეროვნულ ზეიმზე. ამ დღეს მთელი იტალია ზეიმობდა ორ მნიშვნელოვან თარიღს: დანტეს დაბადების 600 წელს და ქალაქ ფლორენციის გაერთიანებული იტალიის დედაქალაქად გამოცხადებას (რომი მხოლოდ 1870 წელს გახდება იტალიის ნაწილი). „ამ ერს სურს ჰქონდეს იგივე ასაკი, რაც ამ პოეტს. არაფერია ამაზე უფრო გულის ამაჩუყებელი“ - დაწერს დაკვირვებული ფრანგი მწერალი ზეიმის შემდეგ.

ზოგიერთი ისტორიკოსის აზრით, სახელი დანტე არის შემოკლებული ვარიანტი Durante-სი, რაც შეიძლება ვთარგმნოთ როგორც „ვინც (დროში) გასტანს“ ან „ვინც (დროში) გაძლებს“ - ძნელია მოიფიქრო უფრო წინასწარმეტყველური სახელი ადამიანისათვის, რომლის პოეზიაც მარადიულობის ეკვივალენტი გახდა. სხვათა შორის, დანტე თავის პოემას უბრალოდ „კომედიას“ უწოდებს. თუმცა სულ მალე ნაწარმოები ისეთი პოპულარული გახდება მთელ ევროპაში (ინგლისურად და ფრანგულად პოეტის გარდაცვალებიდან სულ რამდენიმე ათეულ წელში იქნება ნათარგმნი), რომ XVI საუკუნეში მას ზედსართავ „ღვთაებრივს“ დაუმატებენ.

დანტე იქნება ასევე ერთი იმ სამი მწერალთაგანი, - მაკიაველისა და კაფკას გვერდით, - რომლის საკუთარი სახელიც ზედსართავი სახელი გახდება და რომელსაც აპოკალიფსური სიტუაციის აღწერისას დღემდე იყენებენ მსოფლიოს ყველა კუთხე-კუნჭულში.

დანტე წარმოადგენს იტალიის ისტორიის უდიდეს ნაწილს და ამ ყველაზე გენიალური იტალიელის ცხოვრებაზე საუბარი ათავისუფლებს ადამიანს ტვირთისგან, ისაუბროს იტალიელი ერის მთელი ისტორიის შესახებ“ - დაწერს 1839 წელს ჩეზარე ბალბო, დანტეს ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ბიოგრაფი. და იტალიაში მართლაც რომ ყველაფერი დანტეთი იწყება და დანტეთი მთავრდება. ამ ქვეყანაში პილიგრიმობისას (იტალიაში მოგზაურობას სხვა სახელს ვერ დაარქმევთ), დანტეს ყველა ნაბიჯზე კითხულობთ, მის პროფილს ყველა კუნჭულში ხედავთ და თუ გაგიმართლათ, ქუჩაში შეიძლება ღვთაებრივი კომედიის სტროფებიც კი გაიგონოთ. დიახ, სეირნობისას არც ის გაგიკვირდეთ, თუ უცბად ერთ-ერთ მოედანზე გადააწყდებით რობერტო ბენინის, რომელიც აღტაცებული გამვლელების წინაშე ღვთაებრივ კომედიას დეკლამირებს (გადაჰყრიხართ თბილისის ქუჩებში ადამიანს, რომელიც რუსთაველის მხატვრული კითხვით იყოს დაკავებული?).

მე თვითონ ბენინის არასდროს გადავყრივარ, თუმცა არანაკლებად ნიშანდობლივი ფენომენის მომსწრე გავხდი პარიზში: თხუთმეტიოდე წლის წინ გავიცანი ხელოსნების ჯგუფი ფლორენციიდან, რომელიც საფრანგეთის დედაქალაქში დეკორაციების ასაწყობად იყო ჩამოსული. ერთი შეხედვით ძალიან ვულგარული ხალხი იყო, რომელიც ყოველ მეორე წინადადებას porca Madonna-ს (ანალოგი ქართული გამოთქმისა „ჩემი დედას შევ...“) აყოლებდა. მაგრამ როცა ეს ხელოსნები სადილისას, ერთი ჭიქა ღვინის დალევის შემდეგ, რიგ-რიგობით, დანტეს დეკლამირებას იწყებდნენ, შთაბეჭდილება იქმნებოდა, თითქოს „ღვთაებრივ კომედიას“ თვით ვიტორიო გასმანი კითხულობდა (და ბევრი ქართველი იცით, ვინც ვეფხისტყაოსანი ზეპირად იცის?).

იტალიამ გადაწყვიტა, რომ ამიერიდან 25 მარტი იქნება Dantedì - დანტესადმი მიძღვნილი დღე. და ყველაზე დიდი იტალიელის გარდაცვალების 700 წლის აღსანიშნად ფლორენციაში (ქალაქში, რომლიდანაც დანტე 1302 წელს გააძევეს), გაიხსნება იტალიური ენის მუზეუმი. ის, რომ ენა გახდეს დროებითი გამოფენის საგანი - ამის მაგალითი მრავალია. ის რომ მთელი მუზეუმი ენას მიეძღვნას - ამაზე ოცნება მხოლოდ სიზმარში თუ შეიძლება (იქნებ საქართველოსაც ეცადა ფლორენციისგან მაგალითი აეღო? სხვათა შორის, ბრაზილიაში, სან-პაულუში, არსებობდა პორტუგალიური ენის მუზეუმი, რომელიც 2015 წელს ხანძარმა შეიწირა). იტალიური ენის მუზეუმის პროექტის კოორდინატორია ლუკა სერიანი, იტალიელი აკაკი შანიძე და დანტე ალიგიერის საზოგადოების ვიცე-პრეზიდენტი. ენის მუზეუმი გაიხსნება ყოფილ მონასტერში, რომელიც სანტა მარია ნოველას ბაზილიკას მიეკუთვნება. ადგილი შემთხვევით არ არის შერჩეული. სანტა მარია ნოველას ბაზილიკას ამშვენებს მეთოთხმეტე საუკუნის ფრესკები, რომლებზეც გამოხატულია როგორც დანტეს პორტრეტი, ისე ჯოჯოხეთი და სამოთხე, როგორც ეს ღვთაებრივ კომედიაშია აღწერილი.

დღეს „ღვთაებრივი კომედიის“ კითხვისას ადამიანს შეიძლება გაუჩნდეს კითხვა: როგორ ავხსნათ ღვთაებრივი კომედიის უნივერსალობა? როგორ ავხსნათ შვიდი საუკუნის წინ შექმნილი ამ ტილოს კოსმიურობა? იმ ტილოსი, რომელიც ნაქსოვია ისეთი ძაფებით, როგორიცაა ბუნდოვანი ალუზიები იმდროინდელ პოლიტიკურ კონფლიქტებზე, თეოლოგიურ დებატებსა თუ ეზოტერულ სპეკულაციებზე? რა განგებით მოახერხა თვით დანტემ (რომელიც ფლორენციის პოლიტიკურ ცხოვრებაში ასე ღრმად და მტკივნეულად იყო ჩათრეული), მოეხდინა დღევანდელი დღისათვის აბსოლუტურად უინტერესო მოვლენების ისე გარდაქმნა, რომ ყველასთვის მომაჯადოებელ და ღვთაებრივ სტროფებად ექცია? ამის გასაგებად ახალბედა მკითხველს ნამდვილად დაეხმარება ოსიპ მანდელშტამის „საუბარი დანტეზე“, წიგნი, რომელიც თვით იტალიელი დანტოლოგების აზრით, ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ნაწარმოებია ალიგიერის პოეზიაზე.

და მაინც, რატომ არის დანტე უნივერსალური? ალბათ საუკუნიდან საუკუნემდე მისი უნივერსალობა ფერს იცვლის, ალბათ ყველა ეპოქას თავისი დანტე უყვარს. შატობრიანი თუ ღვთაებრივ კომედიაში ქრისტიანობის უმაღლეს გამოვლენას ხედავდა, მეოცე საუკუნის პოეტები ძირითადად მისი terza rima-თი იყვნენ მოხიბლული... საინტერესოა, XXI საუკუნე რას დაინახავს „ღვთაებრივ კომედიაში“...

მომავალში, როცა ისტორიკოსები ადრეული 2020-იანი წლების პოლიტიკის გაანალიზებას შეეცდებიან, - ისეთი ფაქტორების, როგორიცაა დიდი სახელმწიფოების, აშშ-ის და ჩინეთის, მეტოქეობა, ავტორიტარიზმის ზრდა და დემოკრატიული სისტემების სიმყიფე, - 2021 წლის მარტი შეიძლება გამოიკვეთოს პერიოდად, რომელშიც დასავლეთმა საკუთარი ხმა, მიზანი და ერთიანობა მოიპოვა, სულ მცირე, სიმბოლური თვალსაზრისით მაინც.

ბოლო დღეები მართლაც მნიშვნელოვანი იყო ევროკავშირისა და აშშ-ის ურთიერთობაში. აშშ-ის სახელმწიფო მდივანი, ენტონი ბლინკენი, ბრიუსელში სრული ოთხი დღე დარჩა, მონაწილეობა მიიღო ნატოს საგარეო საქმეთა მინისტერიალში და შეხვედრები გამართა ევროკავშირის მაღალჩინოსნებთან. წარსულს ჩაბარდა ალიანსის დატოვების მუქარა, მწვავე კრიტიკა ევროპაში თავდაცვაზე გაღებული თანხების სიმცირის გამო. შემდეგ ევროკავშირის სამიტში ჩაერთო აშშ-ის პრეზიდენტი, ჯო ბაიდენი, ბლოკის 27 ქვეყნის ლიდერებთან ერთად. ბოლოს ეს 2009 წელს მოხდა, როცა ბარაკ ობამა შეუერთდა ევროკავშირის ლიდერებს მსგავს შეხვედრაზე.

გამოიკვეთა გეგმები ამ ზაფხულს ბრიუსელში ერთმანეთის მიყოლებით ნატოსა და ევროკავშირ-აშშ-ის სამიტების ჩატარების თაობაზე. ისმის საუბრები ხელახალი დასაწყისისა და უფრო მტკიცე თანამშრომლობის შესახებ ისეთ სფეროებში, როგორიცაა კლიმატის ცვლილებებთან ბრძოლა და კომპლექსური გეოპოლიტიკური ასპექტები, რომელთა გარშემოც ბრიუსელისა და ვაშინგტონის პოზიციები ყოველთვის არ ემთხვეოდა ერთმანეთს.

ყველაზე მწვავე საკითხები, რომელთა გარშემოც ატლანტის ოკეანის მხარეები ყოველთვის ერთ პოზიციაზე არ დგანან, ორია - ჩინეთსა და რუსეთთან მიმართებით გატარებული პოლიტიკა. ამ საკითხებთან მიმართებით ევროკავშირისგან არც ბლინკენს და არც ბაიდენს არ მოუთხოვია პოზიციის მყისიერი გამკაცრება. თითქოს არსებობს იმის გაგება, რომ ევროპის კონტინენტზე ბევრ ქვეყანას უფრო ახლო ეკონომიკური და პოლიტიკური კავშირები აქვთ პეკინსა და მოსკოვთან, და იმის აღიარებაც, რომ ეს ორი დიდი სახელმწიფო, შესაძლოა, გამოსადეგი პარტნიორი იყოს, მაგალითად, გარემოს დაცვის თემატიკაში.

თუმცა ამერიკელებმა მკაფიოდ განაცხადეს, რომ არ აპირებენ პოზიციის შერბილებას “ჩრდილოეთის ნაკადი 2”-ის სახელით ცნობილ გაზსადენთან დაკავშირებით. ამავე დროს, ნათელი რჩება ის, რომ აშშ-ს არ სურს ევროკავშირმა დაამტკიცოს ევროკავშირ-ჩინეთის ყოვლისმომცველი ხელშეკრულება ინვესტიციების შესახებ (CAI), რომლის შემუშავებასაც ევროპული კომისია 2020 წლის ბოლო დღეებში სწრაფი ტემპით ცდილობდა, გერმანიისა და საფრანგეთისგან ზეწოლის პირობებში.

ევროპელებმა, შესაძლოა, სრულად და მყისიერად არ გაიმეორეს თეთრი სახლის რიტორიკა მსოფლიოს დანაწევრების შესახებ დემოკრატიებსა და ავტოკრატიებს შორის, თუმცა მნიშვნელოვანია ის, რომ ბოლო კვირებში ევროკავშირმა ნამდვილად გადადგა მცირე, მაგრამ სიმბოლურად მნიშვნელოვანი ნაბიჯები დემოკრატიის პრინციპების დასაცავად.

ამ კვირაში ევროკავშირმა აამუშავა ადამიანის უფლებების სანქციები - ანუ მაგნიტსკის აქტის თავისი ვერსია - რუსეთისა და ჩინეთის რამდენიმე ოფიციალური პირის წინააღმდეგ. პირები, რომელთაც სანქციები შეეხო, შესაძლოა, არ იყვნენ ყველაზე მაღალი რანგისა, მაგრამ პეკინმა ამ ზომებს უპასუხა მწვავე სიბრაზით და დისპროპორციული ზომებით ევროპელი და ეროვნული პარლამენტარების, აკადემიის სფეროს წარმომადგენლების და, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, საბჭოს გავლენიანი, ევროკავშირის საგარეო-პოლიტიკური სამუშაოს დიდწილად განმსაზღვრელი, პოლიტიკისა და უსაფრთხოების კომიტეტის (PSC) წინააღმდეგ. პეკინის ამ მკაცრი რეაქციის გათვალისწინებით, ევროკავშირ-ჩინეთის ყოვლისმომცველ ხელშეკრულებას ინვესტიციების შესახებ (CAI), რომლის რატიფიცირების საკითხიც ევროპის პარლამენტში წელს მოგვიანებით დადგება, როგორც ჩანს, სიცოცხლე არ უწერია.

ევროკავშირის მიერ ჩინეთის წინააღმდეგ გატარებულ ზომებს წინ უსწრებდა მიმდინარე თვეში რუსეთისთვის დაკისრებული დამატებითი სანქციები, ოპოზიციონერი პოლიტიკოსის, ალექსეი ნავალნის, დაპატიმრების გამო. სანქციების დაწესებამდე მოსკოვში ვიზიტით იმყოფებოდა ევროკავშირის საგარეო-პოლიტიკური ლიდერი, ჟოზეპ ბორელი, ესპანეთის ყოფილი სოციალისტი საგარეო საქმეთა მინისტრი, რომელმაც ღია და ერთმნიშვნელოვანი ფორმულირებით აღიარა, რომ რუსეთი ევროპას შორდება. ბლოკის საგარეო საქმეთა მინისტრები მალევე შეთანხმდნენ იმაზე, რომ დიდ აღმოსავლელ მეზობელთან ურთიერთობაში წარმმართველი უნდა გახდეს შერჩევითი თანამშრომლობა საერთო ინტერესის რამდენიმე სფეროში. სხვა მხრივ, ურთიერთობების მნიშვნელოვანი დათბობის პერსპექტივა არ იკვეთება.

სულ რამდენიმე თვეში ევროკავშირმა პოზიციონირება შეცვალა. თუ მანამდე ის განიხილავდა აშშ-სა და ჩინეთთან თანაბარი დისტანციის დაჭერის პერსპექტივას და, ასევე, რუსეთთან დაახლოების პარიზულ იდეას, ახლა მას ადამიანის უფლებების დარღვევისთვის უფრო მეტი სანქცია აქვს დაკისრებული რუსეთისა და ჩინეთის წარმომადგენლებისთვის, ვიდრე სხვა ნებისმიერი ქვეყნის მოქალაქეებისთვის. ეს მნიშვნელოვანი, თვისებრივი ცვლილებაა, რაც ევროკავშირს მტკიცედ აახლოებს აშშ-ის ახალ ადმინისტრაციასთან.

ევროკავშირის პოლიტიკის ცვლილებაზე სხვა ფაქტორებიც მეტყველებს. სულ ახლახან ლიეტუვამ გამოაცხადა, რომ ტოვებს 17+1 ჯგუფს - პეკინის მიერ შემუშავებულ ფორმატს, რომელიც მიზნად ისახავს ბიზნესკავშირების გაღრმავებას ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის სახელმწიფოებთან. უნგრეთის მმართველმა პარტიამ, ფიდესმა, რომელიც, შესაძლოა, ევროპაში რუსეთისა და ჩინეთის მთავარი მხარდამჭერი იყოს, როგორც იქნა, დატოვა გავლენიანი მემარჯვენე-ცენტრისტული ჯგუფი EPP, რამაც ეს პარტია უფრო მოწყვლად პოზიციაში ჩააყენა და გავლენაც შეუსუსტა. პარალელურად, ჰოლანდიაში ჩატარებულ საპარლამენტო არჩევნებში და გერმანიაში ჩატარებულ რამდენიმე მნიშვნელოვან რეგიონალურ კენჭისყრაში ცუდი შედეგი აჩვენეს პოპულისტმა ძალებმა როგორც მემარცხენე, ისე მემარჯვენე სპექტრიდან - იმ ძალებმა, რომლებიც ხშირად გაერთიანდებიან ხოლმე ტრანსატლანტიკური თანამშრომლობის მიმართ სიძულვილში.

თუმცა ეს ახალი ტენდენცი შესაძლო ძალიან მყიფე იყოს. ევროკავშირს ესაჭიროება COVID-19-ის წინააღმდეგ ვაქცინაციის კამპანიის დაჩქარება და ამასთან დაკავშირებული კონფლიქტები, - უწინარესად, AstraZeneca-სა და დიდ ბრიტანეთთან - შესაძლოა, გადაიზარდოს ვაქცინათა მწარე ომში, რაც წყალს შეუყენებს დასავლეთის ნებისმიერ მზარდ ერთიანობას. კიდევ უფრო მასშტაბური გამოწვევა იქნება ეკონომიკური განახლება მას შემდეგ, რაც პანდემია უკან დაიხევს. ამ პროცესში გადადგმულმა ნებისმიერმა არასწორმა ნაბიჯმა, შესაძლოა, ყველა სახის პოპულისტ ძალას ხელახალი ენერგია შესძინოს.

საფრთხეები სხვა სფეროებშიც იკვეთება - მაგალითად, მიგრანტებთან დაკავშირებული მოულოდნელი კრიზისები, თურქეთთან დაკავშირებული კონფლიქტები როგორც ნატოში, ისე ევროკავშირში, შოტლანდიის დამოუკიდებლობის კამპანიასთან დაკავშირებული უხერხული საკითხები ან ის, თუ რა ზომები უნდა გატარდეს ვარშავისა და ბუდაპეშტის მიერ კანონის უზენაესობის პრინციპების დარღვევასთან მიმართებით. და ამდენად, დასავლეთის ამჟამინდელი, საგაზაფხულო, რომანი, შესაძლოა, ისტორიის პერსპექტივაში მართლაც მოკლევადიანი აღმოჩნდეს.

ჩამოტვირთე მეტი

ბლოგერები

ყველა ბლოგერი
XS
SM
MD
LG