Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

არცთუ მთლად ამქვეყნიური დოჩანაშვილი


შეეძლო მოულოდნელად დაერეკა და თითქოს ხუმრობით, სინამდვილეში კი ძალიან სერიოზულად, წარმოუდგენლად თბილად და ტაქტიანად, დიდი ინტერესით, ბავშვურად ცნობისმოყვარედ თუ გულუბრყვილოდ ეკითხა:

- ბრეიგელთან რომ ბრმებია და უფსკრულში იჩეხებიან, ნეტა ჯვარი რატომ უკეთია ერთ-ერთს? ალბათ, ბოლოს რომ გადარჩნენ, არა?

ან:

- მოცარტს რომ უსმენ, "დონ ჟუანს", რა კარგია, არა, რეჩიტატივები რომ არის ალაგ-ალაგ, პაუზებად, მუსიკალურ ნომრებს შორის, თორემ, აბა, როგორ გავუძლებდით მუსიკის ამხელა ნაკადს... არ მეთანხმებით?

თითქოს მოსაწყენი და მატერიალისტური კანონები არ ჰქონოდა არა მისეულ პროზაულ ყოფას, თითქოს მიმდინარე ისტორიას არ ეარსება და არც პრობლემებით გაბანალურებულიყო აწმყო, და მხოლოდ ის სინამდვილე ყოფილიყო რეალობა, სადაც მოკლე სატელეფონო საუბრისას თუ გაირკვეოდა, რა კავშირი ჰქონდა ვან გოგს და მოციქულ პეტრეს მიერ ყურმოკვეთილ მონა მალქოზს ერთმანეთთან...

როცა პირველად დამირეკა, სწორედ ამ ორთა კავშირზე, მოკვეთილ ყურზე, თვალისმომჭრელ სიყვითლეზე, ბგერების ინტენსიურობაზე და სასვენი ნიშნების ახირებულობაზე მელაპარაკა.

მაშინ ოცი წლის ვიყავი და უკვე ყველაფერი ვიცოდი მის შესახებ, მხოლოდ ის არ მქონდა წაკითხული, რასაც იმწუთას წერდა, თორემ დაწერილიდან - ალბათ ყველაფერი, და უეცრად თავადვე მომწვდა, უფრო სწორად, მაშინ დაურეკავს, როცა შინ არ ვყოფილვარ და ბებიაჩემისთვის დაუბარებია - გადაეცით, ესა და ესა ვარ, მისი მოთხრობა წავიკითხეო...

გულწრფელად, არასდროს, არავის სატელეფონო ზარი არ გამხარებია და არც არავის ზარს დავუბნევივარ ასე, როგორც მისას, რადგან მაშინ დაუჯერებელ საჩუქრად მივიჩნიე, რომ ამ მარადიულ მწერალს ჩემი მოძებნა გადაეწყვიტა... და თან ასე ჩვეულებრივად, - უთხარით, გადმომირეკოს, - თითქოს ცოტა ხნის წინ შეწყვეტილი საუბარი გვქონოდა გასაგრძელებელი... მე და ბებიაჩემი თავისი ცნობილი მოთხრობის ბებიასა და ვიოლონჩელისტ შვილიშვილს დაგვამსგავსა იმ დღეს.

სულ რამდენჯერმე მყავს ნანახი და ყოველთვის ერთი და იგივე შთაბეჭდილება მრჩებოდა: ის არ იყო ამქვეყნიური, - არც მეტყველებით, არც გადამდები ღიმილით (მთქნარებაზე მეტადაც გადამდები რომ არის) და არც თითქოს აღქმებით, იმის მიუხედავად, რომ გრძნობდი, არაფერი გამორჩებოდა მის დაკვირვებულ თვალსა და ინტუიციას...

თუკი ვინმეზე ვიტყოდი, ხელოვნება მისი საარსებო სივრცე იყო-მეთქი - ამ სიტყვის არა ალეგორიული, არამედ ყოფით-ეგზისტენციალური დატვირთვით - უპირველეს ყოვლისა, მასზე...

როცა რუტინულ აწმყოში შთანთქმულს შესაძლოა დაუჯერებლად არააქტუალურად (ან, საერთოდ, სიგიჟედ) მოგჩვენებოდა მის მიერ ერთი შეხედვით უდროოდ დასმული შეკითხვა - რატომ მოსწონდა ბეთჰოვენს მაინც და მაინც "ჩიტირეკია" როსინი?

და ამ დროს, მართლაც რა უნდა ყოფილიყო იმაზე მეტად აქტუალური, ვიდრე ეს "არააქტუალური" სიბრძნე, რომ ჰარმონია თურმე შეუსაბამობათა და კონტრასტთა ჯამი ყოფილა - სიღრმე-ტკივილისა (ბეთჰოვენი) და სილაღე-მხიარულების (როსინი) ერთიანობა.

მისი გმირები ხომ მრავალსახოვანი, მრავალცხოვრებაგავლილი, დანაშაულებრივ დრამებში ჩაკარგული, მელანქოლიითა და სიყვარულით აღსავსე ზრდასრული ბავშვები არიან - სამუდამოდ წასული, მაგრამ დაბრუნებაზე ოცნებით შეშლილი უძღები შვილები...

სამხრეთ-ამერიკელი მწერალი, რომლის რეალიზმის მაგიურობაც სამხრეთ-კავკასიელი მწერლის ესთეტიკური დაკვირვების ობიექტიც იყო გარკვეულ დროს, გარდაცვალებამდე, ანუ მანამდე, ვიდრე მეხსიერებას გამოემშვიდობებოდა, გულწრფელად და რაღაცნაირი პროფესიული სინანულით ცხარობდა, რომ სამწუხაროდ ვერაფრით მოახერხებდა საკუთარი სიკვდილის აღწერას, ეს კი საოცრად დასანანი იყო...

სამხრეთ-ამერიკელ მწერალს საკუთარი სიკვდილის აღწერის შეუძლებლობის განაჩენის დაძლევა სურდა (როგორც ტოლსტოის უნდოდა სიკვდილის თითქმის შეურაცხმყოფელ-ნატურალისტური აღწერით სულის უკვდავების ლოგიკურობის დადასტურება, რადგან შეუძლებლად მიაჩნდა, რომ ადამიანი მატერიასთან ერთად გამქრალიყო), ხოლო არცთუ მთლად ამქვეყნიური დოჩანაშვილი მთელი ცხოვრება იმ მდგომარეობის ან იქნებ გამოცდილების მხატვრული რეკონსტრუირების მცდელობით იყო შეპყრობილი, რომელიც არა დაბადებასა და სიკვდილს შორის, არამედ სიკვდილსა და დაბადებას შორის ყალიბდება... როცა სიკვდილი საწყისია და არა გზის ბოლო.

და იქნებ ამიტომაც ამბობდა, რომ ის გადამწერი იყო და არა მწერალი, რადგან ის, რაც მან იცოდა, ინსპირაცია იყო და არა შეთხზული...

სამოსელი პირველი ხომ ცოდნის შესაქმისეული მეტაფორაა.

ყოველ შემთხვევაში, რწმენა, რომელიც ჩვენ, როგორც მისი ტექსტის მკითხველებს გვაქვს, ეჭვს არ გვიჩენს, რომ ის ახლა კარგად იცნობს იმ ზემატერიალური სინამდვილის კანონებს, რომელთა არსებულობის, უწყვეტობისა და რეალურობისაც მთელი შეგნებული ცხოვრება სწამდა.

  • 16x9 Image

    ლაშა ბუღაძე

    ლაშა ბუღაძე არის რადიო თავისუფლების ბლოგერი 2010 წლიდან.

ბლოგერები

ყველა ბლოგერი
XS
SM
MD
LG