Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბლოგები

Sorry! No content for 20 აპრილი. See content from before

შაბათი, 17 აპრილი 2021

მიჰა, ჰამოდი, ჰამოდი!
ნუ ეფარები გორასა,
ოცნებას კაცი მოუკლავს,
საწყალი აგერ გორავსა.

ეს ლექსი ღამით მესიზმრა. მის ღირსებებზე აქ არ ვილაპარაკებ. მით უფრო, რომ მას არცა აქვს ღირსებები. ეს უღირსი ლექსია. თუმცა მართალი. მერე რა, რომ ორიგინალური არ არის? ასე არც საქართველოს სახელმწიფო ჰიმნია ორიგინალური, არამედ პოპურია არცთუ მაღალი სინჯისა, პირდაპირ თუ ვიტყვით, რაღა თქმა უნდა.

ამ უღირს ლექსში სულ 4 სტრიქონია. ჰოდა, მივყვეთ ამ სტრიქონებს:

  1. მიჰა, ჰამოდი, ჰამოდი! რას გვეუბნება ჩვენ ეს პწკარი? იმას, რომ მიჰა ანაცვლებს მზეს, და ამავდროულად, თვითონვე ხდება მზე. და თუ ასე არ ხედავს მას ჭეშმარიტი მიჰისტი, მაშინ იგი არც ყოფილა ჭეშმარიტი მიჰისტი. ჭეშმარიტ მიჰისტისთვის მიჰა ნამდვილად იყო, არის და იქნება მზე. ამაშია მიჰისტის ჭეშმარიტება.
  2. ნუ ეფარები გორასა. ეს პწკარი გვეუბნება, რომ ვისაც მიმართავ, ანუ მიჰა, სხვაგან არის. „გორა“ კი აქ, ალბათ, კავკასიონია, რაც იმას ნიშნავს, რომ მის მიღმა არის სხვაგან. ასე რომ, მიჰა კიევში იქნება, ოსლოში თუ სოპოტში, სულერთია. მთავარია, რომ ის აქ არ არის. იგი მიღმაა. თუნდაც გვპირდებოდეს პერიოდულად, რომ იგი ჩამოვა. ანუ ამოვა საქართველოს ცაზე, როგორც მზე. მაგრამ, როგორც ჩანს, მიჰა ის მზეა, რომელიც არ ამოდის. ანუ იგი ცრუ-მზეა - მნათობი, რომელიც არ ანათებს. თუმცა ჭეშმარიტი მიჰისტი ოცნებობს (რაც თავისთავად ოქსიმორონია, სად გაგონილა მეოცნებე მიჰისტი?), რომ ერთხელაც იგი აუცილებლად ამოვა და მისი ნათება უმალ დაფერფლავს ყველა არამიჰისტს.
  3. ოცნებას კაცი მოუკლავს. ასე ფიქრობს ჭეშმარიტი მიჰისტიცა და ჭეშმარიტი არამიჰისტიც. ასე ფიქრობს ქართველი. ძველი ანდაზა ამბობს, ოცნებას კაცი არ მოუკლავსო. უახლესი გამოცდილება კი ამბობს, რომ ოცნება კაცს კლავს. ოცნება კაცს კლავს კაცშივე. შენ, როგორც ბიოლოგიური სახეობა, შეიძლება გადარჩე, მაგრამ შენში არ იქნება მთავარი, რაც შენს კაცობას, ადამიანობას განსაზღვრავს. რა არის კაცი კაცობის გარეშე? რას ნიშნავს ცარიელი კაცი? იმას, რომ კაცობა და ადამიანობა თუ გაქრა, შენ იქცევი მხეცად ან მონად.
  4. საწყალი აგერ გორავსა. ასეთია რეალობა. სადაც უნდა გაიხედო, საწყალი მართლაც აგერ გორავს. ანუ შენ გორავ, შენ ხარ საწყალი. და თუ დღევანდელი ყოფა გორვა არ არის, მაშინ ბოდიშს მოვიხდი.

ანუ ლექსი გვეუბნება, რომ მიჰა არის მზე, რომელიც არ ამოდის. და, თუ არ ამოდის, მაშასადამე, დგება სიკვდილი. ანუ მიჰა იმპოტენტი ვარსკვლავია. უმზეობას რაც მოჰყვება, ყველამ მშვენივრად იცის. მეორეს მხრივ, ეს ლექსი გვეუბნება, რომ ოცნებაც კაცს კლავს. მაშ, რა ვქნათ? როგორ მოვიქცეთ? ეგებ მივხვდეთ, რომ ორივე მომაკვდინებელია, ცრუ მზეცა და ფუჭი ოცნებაც? ეგებ ისიც გავიხსენოთ, რომ ლექსი ხალხურია. ეგებ უკვე წარსულიც კი მოგვჩხავის, რომ გამოვფხიზლდეთ? ეს ლექსი პირდაპირ გვეუბნება, მარჯვნივ წახვალ და მოკვდები, მარცხნივ წახვალ და მოკვდებიო, ეგებ გვევლო ჩვენც პირდაპირ? აწმყო თუ არა გწყალობს, ეს იმას სულაც არ ნიშნავს, რომ მომავალი შენია... თუმცა ეგებ ჩვენი არჩევანია ერთ ადგილზე გორვა, ეგებ სხვა არც აღარაფერი შეგვიძლია. ეგებ სამუდამოდ გავითანგეთ მზით, სული კი ოცნებაში გაგვძვრა.

მე მაინც მგონია, რომ ჩვენი ძალა სხვა რამეშია. ჩვენი ძალა არის იმის გააზრებასა და მიღებაში, რომ ჩვენ ჯუჯები ვართ. ჩვენ ყველაფერი მთავარი პატარა გვაქვს - ჯუჯა სახელმწიფო, ჯუჯა ჰიმნი, ჯუჯა ფეხბურთი, ჯუჯა ლარი... რატომ ავიკვიატეთ, რომ დიდები ვართ, ბუმბერაზები, განსაკუთრებულები? საიდან ეს გიგანტომანია? რასაკვირველია, ჩვენი ცა ფირუზია, ხმელეთი კი - ზურმუხტი, თუმცა ეს ორივე თავისუფლად გვექნებოდა ჯუჯა სახელმწიფოშიც. ისეთი რა აუცილებელია, რომ ჩვენი ცისკრის ვარსკვლავი მაინცდამაინც ორ ზღვას შუა ამოვიდეს და გაბრწყინდეს? ერთი ზღვაც თავზე გადაგვივა, თუკი შევირგებთ, მეორე კი, უნდა შევეგუოთ, რომ სხვისია. რა მნიშვნელობა აქვს სამშობლოს ზომას? ჩვენ ხომ სწორედ ასე მოვაღწიეთ დღემდე, ნაირგვარი ეშმაკობებითა და ფეხებს შორის გაძრომებით გადავურჩით ამდენ მტერს და დამპყრობელს.

ჩვენ, როგორც ნაცრიყლაპიები და ჩხირით მებრძოლნი, მუდამ დევებს ვასხდებოდით მხრებზე და ასე შევდიოდით ყოველ ახალ ეპოქაში, როგორც მდინარეში. ამიტომ მგონია, რომ ჩვენი გადარჩენა არის არც მარცხნივ, არც მარჯვნივ, და რაც მთავარია, არც შუაში, არამედ პირდაპირ სიარულშია. თან, ძალიანაც მოინდომო, შუაში ვეღარც გაჩერდები. ცრუ-მზე და ოცნება უკვე ისე ახლოს დადგნენ ერთმანეთთან, მათ შორის სულ აღარ დარჩა სუფთა ჰაერი.

ჰოდა, როგორც ყოველთვის ვდგებოდით დევების მხრებზე, ეგებ ახლაც დავეყრდნოთ ამ ორს, ცრუ მზეს და ფუჭ ოცნებას, და უფრო შორს გავიხედოთ. და თუ აღარც ამის შნო და ფხა შეგვრჩენია, ფეხებს შორის მაინც გავუძვრეთ, ოდითგანვე რომ ვძვრებოდით, როგორც ჭინჭრაქები ღობე-ღობე. ცხადია, რაც კარგები ვართ, ქართველები ვართ, ამაზე ვინ დავობს. მაგრამ ხომ შეიძლება, კარგი ჯუჯებიც ვიყოთ. ჭკვიანი და მოხერხებული. ეგებ ჭინჭრაქობა მინუსი კი არა, ჩვენი პლუსია. და ისიც ერთადერთი. როგორც ნაცრის ქექვა და ტრაბახი. რა მოხდა, რომ სხვა იყოს დიდი და დირექტორი? ჩვენ კი ვიყოთ პატარები და მუშები, არაფერი დაშავდება. ჭინჭრაქისთვის ჯერ არავის აუკრძალავს ღობე-ღობე ძრომიალი. რა რა და ეს კი დღემდე გვეხერხება.

არ დაუჯერო, ვინც გეუბნება, რომ შენ დიდი ხარ, ბუმბერაზი, და რაღაც განსაკუთრებულია შენში. ვინც ასე გეტყვის - იცოდე, გატყუებს. არა ხარ შენ არც დიდი და აღარც განსაკუთრებული. შენ ჯუჯა ხარ. არაფრით გამორჩეული. ოღონდ გახსოვდეს, რომ, ვინც გატყუებს, ისიც შენსავით პატარაა. ეგებ შენზე უფრო პატარაც... რაც მთავარია, არ არსებობს არავითარი მესამე ძალა, შენს გარდა. შენ თვითონ ხარ მესამე ძალა. ნუ გგონია, რომ სხვა გჯობია რამით. როდის მერე გახდი ასეთი სხვისტი, იყავი შენისტი. რატომ ითანგები ასე ცრუ მზით ან რატომ იხრჩობ თავს ფუჭი ოცნებით? ძრომიალის გარდა, ჭინჭრაქას ხომ ფრენაც შეუძლია.

შენც გაფრინდი ნელა, ჭრელ პეპელასავით. ამდენ ხანს თითიც რომ არ გაგინძრევია, ერთბაშად ნუ გადაირევი მაინც. რამე არ ივნო. ნელ-ნელა, ნება-ნება შეუყევი. მთავარია იმოძრაო, მორჩე გორაობას. ჰორიზონტი კი უთუოდ გამოჩნდება. რომც არ გამოჩნდეს, დაკარგვით მაინც ვეღარაფერს დაკარგავ (დასაკარგი შენ დიდი ხანია დაკარგე), შეძენით კი ეგებ კიდევ შეიძინო რამე.

მზეს რომ ამოსვლა შესძლებოდა, აქამდე უკვე ამოვიდოდა. ოცნება რომ უვნებელი იყოს, კაცს კი არ მოკლავდა. გორვაშიც რომ რამე ყოფილიყო კარგი და ხეირიანი, ვერავინ დაგვასწრებდა მიწაზე გართხმას. ზოგადად, არაფერია სისაწყლეში მაგარი. უღირსი ლექსიც ამას შეგახსენებს:

მიჰა, ჰამოდი, ჰამოდი!
ნუ ეფარები გორასა,
ოცნებას კაცი მოუკლავს,
საწყალი აგერ გორავსა.

ეს წელი ევროკავშირისთვის მძიმედ დაიწყო. COVID-19-ის წინააღმდეგ ვაქცინაციის მხრივ, ის ამერიკასაც ჩამორჩება და დიდ ბრიტანეთსაც, რის შედეგადაც სხვადასხვა ევროპულ დედაქალაქში უკვე ხმამაღლა ლაპარაკობენ ბრიუსელის უსარგებლობაზე. რამდენიმე კვირის წინ ევროკავშირის საგარეო პოლიტიკის მესაჭე ჟოზეპ ბორელი მისი მოსკოვური ვიზიტისას დაამცირეს, ახლა კი “დივანგეიტმა” ევროკავშირს ჯერაც შეუხორცებელ ჭრილობაზე მარილი მიაყარა.

ევროკომისიის პრეზიდენტი ურზულა ფონ დერ ლაიენი და ევროსაბჭოს პრეზიდენტი შარლ მიშელი ამ კვირაში ანკარაში გაემგზავრნენ. გეგმის თანახმად, კვიპროსის, მიგრანტების და სხვა საკითხების გარშემო რამდენიმეთვიანი კინკლაობის შემდეგ, ამას ევროკავშირისა და თურქეთის ურთიერთობა უნდა ამოექოქა, მაგრამ სანაცვლოდ, თურქეთის პრეზიდენტთან, რეჯეპ ტაიპ ერდოანთან, შეხვედრა მათთვის მორიგ დამცირებად გადაიქცა.

შეხვედრის ოთახიდან გავრცელებულ კადრებში ვხედავთ ერთმანეთის პირისპირ დადგმულ ორ სკამს, რომელთა უკანაც ევროკავშირისა და თურქეთის დროშები მოჩანს. მას შემდეგ, რაც ერდოანი და მიშელი შემოვიდნენ და დასხდნენ, უხერხულ პოზაში აღმოჩნდა ფონ დერ ლაიენი, რომელიც ვერ მიხვდა, სად წასულიყო. აღშფოთების გამოსახატავად მან ხელი გააქნია და ჩაიბურტყუნა “აჰმ”, ანდა “ეჰმ”. შემდეგ კადრში ის მორცხვად ზის დივანზე, ორი მამაკაცისგან მოშორებით და თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრის გვერდით. არადა, ეს ადამიანი, მკაცრი პროტოკოლის თანახმად, მასზე გაცილებით დაბლა დგას.

ბოლო ორი დღეა, ამ გამოსახულებებმა ბრიუსელი მოიცვა და ვერდიქტი ისეთივე შეუვალია, როგორიც იყო წლის დასაწყისში, ბორელის მოსკოვური პრესკონფერენციის შემდეგ: ავტოკრატიულმა რეჟიმებმა კვლავ აჯობეს ევროკავშირს ძალის დემონსტრირებაში, წარმოაჩინეს რა მისი მოუქნელობა და აშკარა არაკომპეტენტურობა.

კიდევ უფრო გამაღიზიანებელი ის იყო, რომ ეს ამბავი სექსიზმის სუნიად ყარდა. ვიზიტის წინ თურქეთმა დააანონსა, რომ ქალებისა და ბავშვების მიმართ ძალადობის წინააღმდეგ სტამბოლის კონვენციას ტოვებს და ახლა ხელისუფლებამ ევროკომისიის ისტორიაში პირველ ქალ ლიდერს დივანზე უკრა თავი მანამ, სანამ ბიჭები დიდ პოლიტიკაზე ლაპარაკობდნენ. ეს ნამდვილად ცუდი სანახავი იყო.

რამდენიმე ევროპელმა ჩინოსანმა და ყოფილმა დიპლომატმა აღნიშნა, რომ ამ კალიბრის შეხვედრები უწვრილმანეს დეტალებშია გაწერილი და შემთხვევით იქ არაფერი ხდება. მაგრამ თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა მევლუთ ჩავუშოღლუმ უარყო ბრალდებები, თითქოსდა ეს გამიზნულად იყო გაკეთებული, და განაცხადა, ჩვენი პროტოკოლის სამსახურები დროულად შეხვდნენ ერთმანეთს და ევროკავშირის ყველა მოთხოვნა დააკმაყოფილესო.

მომდევნო დღეს გამართულ 45-წუთიან პრესკონფერენციაზე ფონ დერ ლაიენის პრესსპიკერი, ერიკ მამერი, ჟურნალისტების კითხვებს იგერიებდა. მან უარი თქვა განემარტა, მისი აზრით, რა იდგა სტუმრის აშკარა უპატივცემულობის მიღმა, თუმცა დაადასტურა, რომ კომისიის პრეზიდენტი “ნამდვილად გაკვირვებული იყო” და რომ პროტოკოლის დეპერტამენტს მასთან ერთად არ უმგზავრია COVID-შეზღუდვების გამო. მამერმა შემდეგ დაამატა, რომ ფონ დერ ლაიენს “ისევე უნდა მოპყრობოდნენ, როგორც ევროსაბჭოს პრეზიდენტს და თურქეთის პრეზიდენტს”. ამასთან, აღნიშნა, რომ ევროკომისიის პრეზიდენტმა “ამჯობინა შეხვედრის შინაარსი პროტოკოლთან დაკავშირებით გაჩენილ კითხვებზე წინ დაეყენებინა და ეს სწორედ ისაა, რასაც მისგან ევოპელი მოქალაქეები მოელიან”.

შემდეგ რისხვა დაატყდა მიშელს, ან, როგორც მას ზოგი დიპლომატი აღფრთოვანებით მოიხსენიებს, “ჯენტლმენ ჩარლის”. რატომ არაფერი არ თქვა და არ გააკეთა? არ შეეძლო დამატებითი სკამი მოეთხოვა, ან ღირსეულად მოქცეულიყო და ერდოანთან ერთად დაჯდომა ფონ დერ ლაიენისთვის დაეთმო?

ბოლოს მიშელმა ფეისბუქზე პოსტი ფრანგულად გამოაქვეყნა. მან არც კრიტიკა მიიღო, არც დაადანაშაულა ვინმე და არც ბოდიშის მოხდა მოუთხოვია. სამაგიეროდ, განაცხადა, გამოსახულებები მცდარ წარმოდგენებს ქმნისო. მისი თქმით, “ორმაგად გაღიზიანებული” იყო. პირველი, იმით, რომ თითქოსდა გულრგილად შეხვდა “ურსულასთან მიმართებაში პროტოკოლის დარღვევას” და მეორე - ამ ეპიზოდმა “ჩრდილი მიაყენა დიდ და ნაყოფიერ გეოპოლიტიკურ სამუშაოს, რომელიც ანკარასთან ერთად გავწიეთ”.

გასაგები მიზეზების გამო, ფემინიზმის კარტიც გაითამაშა და აღნიშნა, რომ მისთვის პატივია, იყოს იმ ევროპული პროექტის ნაწილი, სადაც ქალები 4 მთავარი ინსტიტუტიდან 2-ს უძღვებიან (კრისტინ ლეგარდი ევროპული ცენტრალური ბანკის პრეზიდენტია). მიშელმა ასევე აღნიშნა, რომ ბელგიის პრემიერის პოსტზე ის ისტორიაში პირველმა ქალმა პრემიერმა, სოფი ვილმსმა, შეცვალა.

შეიძლება ეს ქარიშხალია ჭიქაში, მაგრამ, სავარაუდოდ, ყველაფერი ამით არ მორჩება. ევროპული პარლამენტი არასდროს უშვებს ხელიდან შანსს ცეცხლი შეუნთოს საბჭოსა და კომისიას. ამჯერადაც მიშელთანაც და ფონ დერ ლაიენთანაც აღნიშნულ საკითხზე პლენარული დებატი მოითხოვეს. ჯერ მხოლოდ გაზაფხულია, მაგრამ, როგორც ჩანს, ეს წელი ევროკავშირისთვის რთული იქნება. შეიძლება ჯობდეს, დივანზე წამოსკუპდნენ და უკეთეს დროებას დაელოდონ.

ჩამოტვირთე მეტი

ბლოგერები

ყველა ბლოგერი
XS
SM
MD
LG