ორი წლის წინ, როცა რუსული დაბოლოებების გვარების „დეოკუპაციაზე“ დავიწყეთ საუბარი, კარგად გვესმოდა, რომ ეს „სალამის“ რამდენიმე წევრის თავში დაბადებული იდეა არ იყო. ეს იყო საკითხი, რომელიც საქართველოს მოქალაქეების მნიშვნელოვან ნაწილს დიდი ხანი აწუხებდა. თუმცა არავინ მუშაობდა საჯარო სივრცესა და პოლიტიკურ დღის წესრიგში ამ საკითხის შეტანაზე. არც პოლიტიკური ელიტა დაუინტერესებია ვინმეს ამ თემით და არც არადომინანტური ჯგუფების წარმომადგენელ პარლამენტარებს უმუშავიათ ამ საკითხზე.
„სალამში“ ორი წელი დავახარჯეთ ამ საკითხის დღის წესრიგში შემოტანას. ვმუშაობდით ფრთხილად, რომ არცერთ პოლიტიკურ პარტიას არ მიესაკუთრებინა და დაეზიანებინა პროცესი. ჩვენთვის შედეგის მიღწევასთან ერთად, კრიტიკულად მნიშვნელოვანი იყო პროცესი, სადაც საქართველოს არადომინანტური ეთნიკური ჯგუფების წარმომადგენელი თემი შეძლებდა თვითორგანიზებას, საკუთარი ხმის და ადგილის დაბრუნებას სამოქალაქო სივრცეში.
მრავალი ბლოგის, ვიდეოს, სტატიის, საჯარო დისკუსიის, ინტერვიუს თუ დოკუმენტური ფილმის მომზადების შემდეგ, ვიფიქრეთ, რომ როგორც საქართველოს აზერბაიჯანელი თემი, ასევე დომინანტი ჯგუფის წევრებიც მზად ვიყავით 25 ათასი ხელმოწერით საკანონმდებლო ინიციატივის დაწყებისთვის. 2 აგვისტოს საქართველოს პარლამენტმა სპეციალური ბლანკები გადმოგვცა, რომელშიც მოქალაქეების ხელმოწერებს 45 დღის განმავლობაში მოვაგროვებდით.
როცა ხელმოწერის მოგროვებაზე დავიწყეთ საუბარი, ჩვენც კი არ გვჯეროდა, რომ ეს შესაძლებელი იყო ჩვენი ფინანსური, დროითი და ადამიანური რესურსებით. თუმცა, 2 აგვისტოს, ხელმოწერების მოგროვება მაინც დავიწყეთ.
ეს 45 დღე ბევრი ვიშრომეთ, დავიღალეთ, გავბრაზდით, ბევრი მეგობარი შევიძინეთ, ადგილობრივი თვითორგანიზების ძალა ვიგრძენით, იმედები გაგვიცრუვდა და იმედები გაგვიჩნდა. ამ პერიოდის განმავლობაში ჩავედით 120-მდე სოფელში, ხელმოწერები გროვდებოდა მთიანი აჭარიდან პანკისამდე, ქუთაისიდან დმანისის სოფელ ირღანჩაიმდე. და 27 სექტემბერს, სოხუმის დაცემის დღეს, საქართველოს პარლამენტს გადავეცით 27 ათასი მოქალაქის ხელმოწერა, გვწამდა, რომ დეოკუპაცია სწორედ ამ პროცესით იწყებოდა.
სამწუხაროდ, პირველ ნოემბერს საქართველოს პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტმა ჩაბარებული ხელმოწერებიდან 3370 ტექნიკური, ზედაპირული და ფორმალური მიზეზით გააბათილა. ხელმოწერის თარიღის, მოქალაქის მისამართის თუ ტელეფონის ნომრების „არასრულად“ შევსების საბაბით.
მოქალაქეების მსგავს ინიციატივებში მონაწილეობის და შინაარსის მნიშვნელობის არდანახვა, ფორმალური წესების ბრმა დაცვა, იმ რეალობაში, როცა სისტემა არადომინანტურ ეთნიკურ ჯგუფებს სახელმწიფო ენასაც კი ვერ ასწავლის, სამწუხაროა, ხოლო ქვეყანაში არსებული სოციალურ-ეკონომიკური ყოფის გათვალისწინებით, ტელეფონის არმქონე მოქალაქეებისთვის ამგვარ პროცესებში მონაწილეობის უფლების წართმევა, მათი უფლების უხეში დარღვევაა. მით უმეტეს მაშინ, როცა ხელმოწერების დათვლის პროცესი ერთიანი სტანდარტების გარეშე და არათანმიმდევრულად მიმდინარეობდა.
აღსანიშნავია, რომ პარლამენტის ადამიანის უფლებების დაცვისა და სამოქალაქო თანასწორობის კომიტეტის თავმჯდომარე, მიხეილ სარჯველაძე რამდენიმეჯერ შეგვხვდა. პირველად (აგვისტოს ბოლოსკენ), როცა 15 ათასამდე ხელმოწერა უკვე გქონდა შეგროვებული. ამ შეხვედრაზე მან გვითხრა - მიუხედავად იმისა, რომ პატივს სცემდა ჩვენს შრომას, ინიციატივას მხარს არ დაუჭერდა, რადგანაც ამ საკითხზე კანონპროექტი თავად ჰქონდა შემუშავებული. ამ შეხვედრაზე, პარლამენტარმა კანონპროექტის ტექსტი არ გაგვიზიარა და ჩვენც ხელმოწერების მოგროვება გავაგრძელეთ. მიხეილ სარჯველაძეს მეორედ უკვე 27 სექტემბერს შევხვდით, როცა 27 ათასი ხელმოწერა პარლამენტისთვის უკვე ჩაბარებული გვქონდა. მან იგივე გვითხრა, რაც პირველი შეხვედრისას, რომ არ აპირებდა ჩვენი ინიციატივის მხარდაჭერას, რადგანაც უფრო სრულყოფილ კანონპროექტზე მუშაობა დასრულებული ჰქონდა. თუმცა, ამ შეხვედრაზეც დოკუმენტის ტექსტი არ მოგვცა და მხოლოდ რამდენიმე ამონარიდი წაგვიკითხა. მთელ ამ პროცესში საქართველოს აზერბაიჯანელი თემის წარმომადგენელი პარლამენტის წევრების ხმაც კი არ გაგვიგია, რომლებსაც უნდა დაეცვათ ჩვენი შრომა, პროცესის დემოკრატიულობა და თემის ქვემოდან ამოზრდილი აგენტობის და ხმის დაბრუნების პროცესი.
ეჭვი არ შეგვაქვს ბატონი მიხეილ სარჯველაძის საქმიანობის სრულყოფილებაში, თუმცა, ჩვენი მონაწილეობის გარეშე მომზადებული კანონის ტექსტი ჩვენს მხარდაჭერას ამ ეტაპზე ვერ მიიღებს. უფრო მეტიც, არ გვესმის, რატომ არ შეიძლება ჩვენი ვერსიის დახვეწა და რატომ უნდა გავატანოთ წყალს ჩვენი ინიციატივა, შრომა და 27 ათასი ადამიანის ხელმოწერა.
ჩვენთვის მნიშვნელოვანია როგორც შედეგი, ასევე პროცესიც. არსებობდა შესაძლებლობა, რომ კანონშემოქმედების პროცესის ექსკლუზიური ბუნება უფრო მეტად მონაწილეობითი გამხდარიყო. ამიტომ ავირჩიეთ ეს რთული გზა და შევაგროვეთ 25 ათასზე მეტი ხელმოწერა. ჩვენ გვჯერა ისეთი პროცესების, რომლებიც დემოკრატიული, თანასწორი და მონაწილეობითია, განსხვავებით ლობისტური მუშაობისგან, სადაც გადაწყვეტილებები დახურულ სივრცეში, გარიგებებსა და პირად ინტერესებზე დგას.
ჩვენ დიდი შრომა გვაქვს გაწეული და ასე მარტივად ამ პროცესისთვის თავის დანებებას არ ვაპირებთ, გამოვიყენებთ ყველა სამართლებრივ და სამოქალაქო მექანიზმს, რითაც დავიცავთ პროცესსაც და შედეგსაც. 27 ათასი ხელმოწერის ნამდვილობას დავიცავთ სასამართლოში, ხოლო მიხეილ სარჯველაძის მიერ შემოთავაზებული კანონპროექტის (ზედმეტად ბიუროკრატიულისა და ხანმოკლეს) დახვეწას შევეცდებით საკომიტეტო მოსმენებზე.
საქართველოს პარლამენტის მუშაობის ტექნოკრატიზაციამ და მკაცრმა „რიტუალებმა“ ფორმალურად გვარების დეოკუპაცია გააჩერა, ყველამ კარგად ვიცით, რომ ათიათასობით ხელმოწერა ნამდვილად მოგროვდა და ჩვენს მიზანს მივაღწიეთ. ეს ჯერ მხოლოდ დასაწყისია. მომავალშიც მრავალი ისეთი ქვემოდან ამოზრდილი პროცესი გვექნება, სადაც სისტემის მიერ ჩვენი ხმის არგაგონება, აგენტობის არაღიარება და ზევიდან ქვევით ყურება, არც ჩვენ და არც იმ მიზანს, რისთვისაც ჩვენ თვითვორგანიზდებით, არ დაასუსტებს.
ბლოგში გამოთქმული მოსაზრებები ეკუთვნის ავტორს და შეიძლება ყოველთვის არ ემთხვეოდეს რედაქციის პოზიციას.