ერიკ ზემური ტელეგენური პოპულისტია, რომელმაც საფრანგეთის საპრეზიდენტო რბოლას ცეცხლი შეუნთო - არადა ის წესიერად ჯერ არც დაწყებულა. მისი პოპულარობის ზრდა აშფოთებთ ტრადიციულ კონსერვატორებსაც და რადიკალურად მემარჯვენე მარინ ლე პენსაც, თუმცა ეს მოქმედ პრეზიდენტ ემანუელ მაკრონსაც უნდა ადარდებდეს, ევროკავშირსაც და ყველა იმ ქვეყანას დასავლეთ ბალკანეთში და ალიანსის აღმოსავლეთში, რომლებსაც ერთ დღეს ევროკავშირის წევრობა სურთ.
შეიძლება ითქვას, რომ საფრანგეთმა ზემურში თავისი დონალდ ტრამპი იპოვა. მსგავსება არა მხოლოდ იმაშია, რომ არაერთმა ქალმა დასდო ბრალი სექსუალურ შევიწროებაში. აშშ-ის ექს-პრეზიდენტისა არ იყოს, მისი მიმდევრებიც ირწმუნებიან, რომ ის პირდაპირ, მოურიდებლად ამბობს სიმართლეს და არად დაგიდევს „პოლიტკორექტულობას“, რომელიც, მათი აზრით, ჭარბობს პოლიტიკასა და მედიაში. ზემური „ტვიტერზეც“ აქტიურობს და სატელევიზიო ექსპერტის როლსაც ითავსებს, სადაც მას არაერთი საკამათო მოსაზრება გამოუთქვამს ისლამის, ფემინიზმის, იმიგრაციისა და საფრანგეთის პოლიტიკური და მორალური დაცემის შესახებ.
ზემური უკვე ორჯერ ცნეს დამნაშავედ სიძულვილის ენის გამოყენებასა და რასობრივი ძალადობის წახალისებაში. მის წინააღმდეგ ახლაც რამდენიმე სხვადასხვა საქმეა აღძრული. სხვადასხვა დროს მან განაცხადა, რომ მიგრანტი ბავშვები აფრიკიდან და ახლო აღმოსავლეთიდან მკვლელები და ქურდები არიან, რომლებიც ქალებს აუპატიურებენ; რომ საფრანგეთში მცხოვრები მუსლიმების რაოდენობის ზრდა სამოქალაქო ომს გამოიწვევს; რომ ევროპელებს ნელ-ნელა ჩაანაცვლებენ იმიგრანტები. მას ასევე ულაპარაკია „საზოგადოების ფემინიზაციაზე“ და „ლგბტ პროპაგანდაზე“. ზემურის აზრით, ქალებს სურთ, რომ მათზე მამაკაცები დომინირებდნენ. წინადადებით გამოვიდა, რომ საფრანგეთში დაბადებულ ყველა ბავშვს კათოლიკური სახელი დაერქვას. ის ასევე ამტკიცებდა - მცდარად - რომ ნაცისტების მხარდაჭერილი ვიშის რეჟიმი საფრანგეთში ებრაელებს იცავდა.
თუმცა, ის ტრამპისგან მნიშვნელოვანი ასპექტებითაც განსხვავდება. ზემურის მშობლები ბერბერი ებრაელები იყვნენ, რომლებიც ალჟირიდან საფრანგეთში 1950-იანებში ჩავიდნენ. შესაბამისად, ოპონენტები მას მორიგ თეთრკანიან ფრანგ რასისტად ვერ იხსენიებენ. მან წარმატებას დამოუკიდებლად მიაღწია, პრესტიჟული უნივერსიტეტი დაამთავრა და დიდი ხნის განმავლობაში იყო „ფიგაროს“ ჟურნალისტი. რაც უფრო მნიშვნელოვანია, ის კარგი ორატორია, რასაც საფრანგეთის პუბლიკა აფასებს პოლიტიკურ ლიდერებში.
ზემური რამდენიმე წიგნის ავტორია, მათ შორისაა ბესტსელერი „ფრანგული თვითმკვლელობა“, რომელიც ქვეყნის ძველი დიდების მოტრფიალეებს განსაკუთრებით მოეწონათ. ის უკვე არაერთი წელია გამოდის CNews-ზე, მემარჯვენე სატელევიზიო არხზე, სადაც მან მომხრეები დაარწმუნა, რომ პოლიტიკურ შეჯიბრში ნებისმიერის დამარცხება ძალუძს.
ეს შესაძლოა მისი მთავარი უპირატესობა აღმოჩნდეს. მარინ ლე პენმა, რომელიც ბოლო წლებია არბილებს თავის რიტორიკას, მარცხი განიცადა 2017 წელს მაკრონთან ჩატარებულ პოლიტიკურ დებატებში. მაკრონმა შემდეგ არჩევნებში დამაჯერებლად გაიმარჯვა და ხმების 66% მოიპოვა. ბოლო დრომდე ლე პენი ელოდა, რომ 2022 წლის აპრილში ის კვლავაც მთავარი კონკურენტი იქნებოდა. ახლა კი ეს მოცემულობა ეჭვქვეშ დადგა.
გასულ თვეში ზემურის სახელი „გუგლის“ საძიებო სისტემაში 16-ჯერ მეტად ჩაწერეს, ვიდრე მარინ ლე პენისა. რეიტინგებში მათ დაახლოებით თანაბარი ადგილი უჭირავთ - 17%-ის მიდამოებში. სათავეში მყოფ მაკრონს კი 24% აქვს.
ზემურს ჯერ საკუთარი კანდიდატურა არ დაუყენებია, თუმცა სულაც არაა გამორიცხული, რომ მან ლე პენს აჯობოს და მაკრონის მთავარ კონკურენტად იქცეს. ამჟამინდელი გამოკითხვების თანახმად მაკრონი ორივეს მეორე ტურში ამარცხებს, მაგრამ მისი უპირატესობა ამჟამად 10 პროცენტამდეა შემცირებული. არჩევნებამდე კი ჯერ რამდენიმე თვეა.
ზოგი ექსპერტის აზრით ზემურის წინსვლა შეფერხდება, რადგან მის უკან სოლიდური პოლიტიკური პარტია არ დგას. თუმცა, თავად მაკრონმა 2017 წელს აჩვენა, რომ გამარჯვებისთვის ეს სულაც არაა აუცილებელი პირობა. მაკრონმა ფაქტობრივად გაანადგურა ქვეყნის მანამდე არსებული მემარცხენე ფლანგი (სოციალისტების ლიდერ ან იდალგოს გამოკითხულთა 5% უჭერს მხარს). ზემურს შეუძლია, რომ იგივე დამართოს მემარჯვენე-ცენტრისტულ რესპუბლიკელებს, რომლებსაც ჯერ საკუთარი კანდიდატი არ დაუყენებიათ და მყარ პოლიტიკურ ნიადაგზე არ დგანან.
გერმანიის ფედერალურმა არჩევნებმა აჩვენა, რომ ამ ქვეყანაში რადიკალურად მემარჯვენე და მემარცხენე პარტიების მხარდაჭერამ იკლო. საფრანგეთში, როგორც ჩანს, ტენდენცია საპირისპიროა - 2022 წლის აპრილში ფრანგების 40%-ზე მეტი დაუჭერს მხარს სხვადასხვა პოპულისტურ პარტიებს. უკვე ცხადია, რომ მაკრონი მარჯვნივ იხრება და მკაცრ პოზიციას იჭერს იმიგრაციასა და უსაფრთხოებასთან დაკავშირებით.
ამას კი გავლენა ექნება მთელს ევროპაზე. თავისი პირველი ვადის განმავლობაში მან უკვე ხელი შეუშალა ჩრდილოეთი მაკედონიის ევროკავშირში გაწევრიანების მოლაპარაკებების დაწყებას, გააპროტესტა ვიზების ლიბერალიზაცია კოსოვოსთვის, ნეგატიურად შეაფასა დასავლეთ ბალკანეთის სხვა ქვეყნების ალიანსის გაწევრიანების შანსები, ეჭვქვეშ დააყენა საქართველოს, მოლდოვისა და უკრაინის ევროკავშირის მისწრაფებები და სცადა პუტინის რუსეთთან უფრო ახლო ურთიერთობის დამყარება - მან ევროკავშირის იმ სანქციების შემცირების წინადადებაც კი წამოაყენა, რომლებიც მოსკოვს ყირიმის ანექსიის შემდეგ დაეკისრა.
საფრანგეთის საპრეზიდენტო არჩევნების პარალელურად ევროკავშირის ექვსთვიანი მორიგე თავმჯდომარეობა პარიზს უწევს და მაკრონს ამ დროს სიურპრიზები არაფერში აწყობს. ყველაზე სამარცხვინო კი მისთვის დაძაბული არჩევნები იქნება, რომელშიც შესაძლოა დამარცხდეს.
ბრიუსელი სუნთქვაშეკრული დააკვირდება, თუ როგორ იჭერს ბალანსს მისი ერთ-ერთი მთავარი წევრი უფსკრულის პირას. მაშინაც კი, თუ საფრანგეთი ბალანსის შენარჩუნებას შეძლებს, არ უნდა ველოდოთ, რომ ის გულუხვი გახდება ალიანსის წევრობის მსურველთა მიმართ, რადგან ზემურის აჩრდილი არსად გაქრება.