Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბლოგები

Sorry! No content for 6 ნოემბერი. See content from before

პარასკევი, 5 ნოემბერი 2021

12 წლის წინ, რონალდ ასმუსი, წიგნში რუსეთ-საქართველოს ომის შესახებ იხსენებდა, როგორ იყო ვარნაში სტუმრად ევროპის წამყვან პოლიტოლოგ და რუსეთის ექსპერტ ივან კრასტევთან, როცა აგვისტოს ომი დაიწყო. მცირე ომის ავტორი ივან კრასტევს ევროპის ბრძენს უწოდებდა და მართლაც - ბოლო ოცი წლის განმავლობაში დაწერილი წიგნებით ევროპაზე, ამერიკაზე, ჩინეთსა თუ რუსეთზე კრასტევმა დაამტკიცა, რომ ის დასავლეთის ერთ-ერთი ყველაზე ორიგინალური მოაზროვნეა. სხვათა შორის, სხვა ევროპელი საჯარო ინტელექტუალებისგან განსხვავებით, მისი უნიკალურობა ალბათ იმითაც გამოიხატება, რომ მისი მსჯელობა მოკლებულია ყოველგვარ იდეოლოგიურ ჩარჩოს. სწორედ ეს ფაქტი აქცევს მას ასე ძვირფას ექსპერტად, რომელსაც ყურადღებით უსმენენ როგორც ვაშინგტონში, ისე ბრიუსელში, ბერლინსა თუ პარიზში. ოქტომბრის ბოლოს ივან კრასტევი პარიზში იყო ჩამოსული რათა, კოლეჟ დე ფრანსში წაეკითხა ლექციების კურსი ევროპაზე.

ვინაიდან კრატსევთან ორი წლის წინანდელმა ინტერვიუმ მკითხველის ინტერესი გამოიწვია, მე გადავწყვიტე თავიდან გავსაუბრებოდი მას.

შეერთებულ შტატებსა და ჩინეთს შორის კონფლიქტი მორიგი ცივი ომია, როგორც ამას ბევრი ამტკიცებს?

ცივი ომი უპირველეს ყოვლისა იყო იდეოლოგიური დაპირისპირება, სადაც როგორც ამერიკას, ისე საბჭოთა კავშირს სჯეროდათ, რომ მომავალი მათ ეკუთვნოდა. ამ თვალსაზრისით, ჩინეთი განსხვავებულია - ის მოქმედებს როგორც კლასიკური ჰეგემონიური და არა როგორც იდეოლოგიური ძალა. მაშინ, როცა ცივი ომის დროს მსოფლიო იყო ორ სამხედრო ალიანსად გაყოფილი და ყველა ქვეყანას უნდა განესაზღვრა საკუთარი პოზიცია ამ ორ ბანაკთან მიმართებაში, დღეს ჩინეთს სურს ასიმეტრიული ურთიერთობების განვითარება ყველასთან. მაგალითად, ჩინეთი არ არის დაინტერესებული ბულგარეთში ან სლოვაკეთში კომუნისტური პარტიის არსებობით... მას უბრალოდ სურს ჰყავდეს ისეთი მთავრობა ბულგარეთში, რომელიც მზად იქნება იმის გასაკეთებლად, რასაც ჩინეთი მიიჩნევს პრიორიტეტად. და ჩინეთი ამას გააკეთებს ზეწოლით ან მოსყიდვით. როდესაც ამერიკელები მთელ მსოფლიოში ამტკიცებენ თავიანთი პარტნიორების პოლიტიკურად გარდაქმნის სურვილს, ჩინელები უბრალოდ უკავშირდებიან ადგილობრივ ელიტებს, რათა აუხსნან მათ, რომ მათი პრიორიტეტები არ არის გლობალური, მაგრამ ზოგიერთ საკითხში მათ პეკინის პოლიტიკა აუცილებლად უნდა გაატარონ.

მეორე განსხვავება, თქვენი განმარტებით, არის ის, რომ ორი დაპირისპირებული სახელმწიფოს ინტერესები მჭიდროდ არის გადაჯაჭვული...

საბჭოთა და ამერიკის ეკონომიკები ძირითადად ერთმანეთისგან დამოუკიდებლად არსებობდა - ერთი მეორეს უგულებელყოფდა. მაგრამ დღეს ამერიკისა და ჩინეთის ეკონომიკა ისეა გადაჯაჭვული, რომ როდესაც მეორეს ზიანს აყენებ, ავტომატურად შენ საკუთარ თავსაც ავნებ. ამიტომაც სტრატეგიული შეკავების იდეამ დაკარგა აზრი, რადგან ის ეფექტიანი მხოლოდ გათიშულ სამყაროშია. დღეს რაც უფრო ინტეგრირებული ხარ სისტემაში, მით უფრო გავლენიანი, მაგრამ ასევე უფრო დაუცველი ხარ. სწორედ ამიტომ ჩრდილოეთ კორეისთვის ძალიან ადვილია გლობალური სანქციების ფონზე არსებობა, რადგან ის არ არის ინტეგრირებული არცერთ სისტემაში.

მაშინ როგორ შეგვიძლია დავახასიათოთ დღევანდელი მდგომარეობა?

მე მჯერა, რომ დღეს ბრძოლა მიდის ასიმეტრიული ურთიერთდამოკიდებულებისათვის: „მე ვიცი, რომ ჩვენ ურთიერთდამოკიდებულები ვართ, მაგრამ მინდა, რომ შენ ჩემზე მეტად იყო დამოკიდებული, ვიდრე მე შენზე“. ავიღოთ, მაგალითად, რუსეთის ეკონომიკა. ის ევროპის ეკონომიკაზე შეუდარებლად ნაკლებად განვითარებულია, მაგრამ გავლენას ახდენს მასზე გაზის იარაღის წყალობით. თუმცა, ეს იარაღი შეზღუდულია - გაზის გათიშვით მოსკოვი კარგავს შემოსავალს... ამიტომაც ასიმეტრიული ურთიერთდამოკიდებულებისთვის ბრძოლას უზარმაზარი დროითი განზომილება აქვს: იმარჯვებს ის, ვინც პირველი ახერხებს, ტრავმა მიაყენოს მეტოქეს.

მაშ რატომ დააბრუნეს ამერიკელებმა ტერმინი „ახალი ცივი ომი“?

ამის რამდენიმე მიზეზი არსებობს. პირველი, ჩვენ მოწმენი ვართ დიდი დაძაბულობისა შეერთებულ შტატებსა და ჩინეთს შორის ყველა არეალში - სამხედრო, რა თქმა უნდა, მაგრამ ასევე ტექნოლოგიურ და სხვა სფეროებში. ამასთან, ცივი ომის მეტაფორის გამოყენება ამერიკელებს საშუალებას აძლევს შეახსენონ დასავლეთ ევროპელებს სად უნდა იდგნენ. დღეს ევროპელებს არ გააჩნიათ არანაირი სიმპათია ჩინური ცხოვრების მოდელის მიმართ, მაშინ როცა ცივი ომის დროს მათ ჰქონდათ გარკვეული ილუზიები სსრკ-ზე. მეორეს მხრივ, კვლევები და გამოკითხვები, რომელთაც ჩვენ ვატარებთ მთელ ევროპაში, გვაჩვენებს, რომ მშვიდობის იდეამ ისეთი ფესვები გაიდგა ევროპულ მენტალიტეტში, რომ ევროპის ქვეყნებს არ შეუძლიათ წარმოიდგინონ საკუთარი თავი ომში, როდესაც საქმე დიდ კონფლიქტებს ეხება. ეს არის ევროპის უდიდესი წარმატება, მაგრამ ასევე დიდი რისკი, რადგან ევროპამ შეძლო საკუთარი თავის დარწმუნება, რომ სამხედრო ძალამ დაკარგა აქტუალურობა. და ეს მიუხედავად ჩვენ მიერ იმის გაცნობიერებისა, რომ ეს სიმართლეს არ შეესაბამება.

მოკლედ, "ცივი ომის" ლოგიკაში დაბრუნება ევროპელებს დილემის წინაშე აყენებს...

ევროპას, ცდილობს რა, რომ არც ვაშინგტონზე და არც პეკინზე არ იყოს დამოკიდებული, გლობალური მარეგულირებლის როლი სურს. უბედურება ის არის, რომ ამერიკულ-ჩინური ტექნოლოგიური ომი, რომლის მოწმენიც ვართ, გაიძულებს არჩევანი გავაკეთოთ... „მითხარი ვინ არის შენი 5G მიმწოდებელი და მე გეტყვი ვინ არის შენი მეგობარი“.

5G შეიძლება გახდეს ევროპის ახალი "ბერლინის კედელი"?

ზუსტად - „მითხარი ვის უზიარებ მონაცემებს და გეტყვი ვისი ერთგული ხარ“. ეს იქნება ახალი ტექნოლოგიური კედელი, რადგან დიდი მონაცემები არის ის, რისი გაზიარებაც მხოლოდ უპირობო მოკავშირისთვის შეგიძლია. სწორედ აქ იქნება მთავარი გამოწვევა ევროპის ქვეყნებისთვის. ევროპელებს სტრატეგიული ავტონომია სურთ. თუმცა სტრატეგიული ავტონომიის უზრუნველსაყოფად, ევროპას სჭირდება ტექნოლოგიური ჩემპიონები და განსხვავებით ჩინელებისა თუ ამერიკელებისგან, მას ეს არ გააჩნია. რა თქმა უნდა, ამერიკელები მზად არიან დაეხმარონ ევროპულ კომპანიებს, როგორიცაა Nokia ან Ericsson-ი, მაგრამ ეს დახმარება ამ კომპანიებისათვის ჩინური ბაზრის დაკარგვის ტოლფასია.

ავღანეთიდან ქაოსური გამოსვლის შემდეგ ჯო ბაიდენი დაჟინებით იმეორებს, რომ ჩინურ-ტაივანური კონფლიქტის შემთხვევაში უკანასკნელს მარტო არ დატოვებს. რამდენად რეალურია ჩინეთის მიერ ტაივანის ანექსია და რამდენად მზად არის აშშ, დაიცვას რეგიონში თავისი მოკავშირე?

ტაივანის შიში ობიექტურია, რადგან ჩინეთის ხელმძღვანელობას სურს, რომ „დაასრულოს პროექტი“. მე არ ვარ სამხედრო ექსპერტი, მაგრამ ვფიქრობ, რომ რაღაც მომენტში ჩინეთს მოუნდება საკუთარი „ყირიმის პროექტის“ განხორციელება და ამით შეერთებული შტატებისათვის სიგნალის გაგზავნა, რომ თამაშის წესები შეიცვალა. რაც შეეხება შეერთებულ შტატებს - ეს რთული ამბავია. ბევრი რამ არის დამოკიდებული საკუთარი მოსახლეობის განწყობაზე. და აქ არის პრობლემა, რადგან ამერიკაში საზოგადოებრივ აზრს არ სურს სამხედრო ოპერაციები. ცივი ომის დროს, მიუხედავად იმისა, რომ შეერთებული შტატების პრეზიდენტები იცვლებოდნენ, საგარეო პოლიტიკის გარშემო არსებობდა გარკვეული კონსენსუსი. თქვენ შეიძლება მოგწონდეთ ერთი პრეზიდენტი უფრო, ვიდრე მეორე, მაგრამ ამერიკის საგარეო პოლიტიკა მეტ-ნაკლებად ურყევი რჩებოდა. დღეს ეს ასე აღარ არის, რადგან, ერთის მხრივ, საზოგადოებრივი აზრი მტრულადაა განწყობილი სამხედრო ოპერაციების მიმართ და, მეორე მხრივ, პოლიტიკურმა ისტებლიშმენტმა დაკარგა ლეგიტიმურობა ბევრის თვალში. სხვათა შორის, გაურკვევლობის ეს სიტუაცია ძალიან რთულია ალიანსებისთვის, ვინაიდან მოკავშირეობა დაფუძნებულია პროგნოზირებადობასა და სანდოობაზე.

(იხ. გაგრძელება)

ბლოგში გამოთქმული მოსაზრებები ეკუთვნის ავტორს და შეიძლება ყოველთვის არ ემთხვეოდეს რედაქციის პოზიციას.

„საქართველო რუსეთია, საქართველო ისე ჰქვია!“ - თურმე ასეთ ფანოღურ სიმღერებსაც ვმღეროდით მაშინ, როცა საქართველო იმ „დიადი ქვეყნის“ ნაწილი იყო, რომლის უპირველესი მწერალი საქვეყნოდ გაიძახოდა: „ადამიანი! ეს დიდებულია! ეს ჟღერს... ამაყად!“, მაგრამ, სინამდვილეში, ყველამ კარგად იცოდა, რომ არანაირი დიდებულება და ღირებულება ადამიანს არ გააჩნდა არც საბჭოთა რუსეთსა და არც საბჭოთა საქართველოში, სადაც ათასობით ადამიანს გასამართლების, დანაშაულის დამტკიცების გარეშე ხვრეტდნენ და ერთ დიდ, მდუღარე კირის ორმოში ყრიდნენ, სადაც მასობრივი მკვლელობების გასამარტივებლად მძლავრი იდეოლოგიური მანქანა მუშაობდა, რის წყალობითაც სიკვდილს, უფრო ზუსტად, მკვლელობას, ჰქონდა მშრალი, უემოციო სტატისტიკის სახე ისევე, როგორც ახლა, როდესაც ყოველ დილით ვეცნობით კოვიდით გარდაცვლილთა სტატისტიკას: დასნებოვნებულთა და გარდაცვლილთა დღიურ, თვიურ და წლიურ მაჩვენებლებს, წილადებს, პროცენტებს და ა.შ.

„საქართველოში 6%-ია თავადაზნაურობა. ეს საშინელი პროცენტია, რომელიც არც ერთ ქვეყანაში არ არის, თუ გინდ პოლონელი პანების სამეფოშიც, სადაც თავადაზნაურობის პროცენტი 4%-ს აღწევს. ჩვენ უნდა შევამციროთ საქართველოში ეს პროცენტი. დავამტკიცებთ, რომ ჩვენი საბჭოთა იარაღი არ ბლაგვდება და არ ტყდება!“, - წერდა თითქმის 100 წლის წინ, 1924 წლის 21 მაისს, გაზეთი „კომუნისტი“.

საქართველოში მაშინ თავადაზნაურობის „მრისხანე რიცხვი“ დაახლოებით 120-130 ათასი იყო. შესაბამისად, თუნდაც პოლონეთის დონეზე დასაყვანად, საჭირო იყო მესამედის ანუ 40000-მდე ადამიანის (კაცის, ქალის, ბავშვის, მოხუცის) დახოცვა, რასაც დიდად არ ჩამოუვარდება კოვიდით გარდაცვლილთა მზარდი სტატისტიკა: თავისი 10 ათასზე მეტი გარდაცვლილით.

კოვიდით გარდაცვლილთა მზარდი სტატისტიკა მართლაც საშინელია, მაგრამ, ბოლშევიკური ტერორისგან განსხვავებით, პანდემიის უხეირო მართვით გამოწვეულ ადამიანთა ჟლეტას, რატომღაც, სისხლის სამართლის დამნაშავეები არ ჰყავს. არადა, შეუძლებელია, ვინმეს პასუხისმგებლობის საკითხი არ იყოს ვაქცინაციის პროცესის ჩავარდნა და იმგვარი არასტაბილური პოლიტიკური ვითარების შექმნა, რომელიც გარდაუვალს ხდის ადამიანის სიცოცხლისთვის სახიფათო აქტივობებს: ხშირ და მრავალათასიან შეკრებებს, შეხლა-შემოხლას, საპროტესტო აქციებს, რომლებსაც მასშტაბური დარღვევებით ჩატარებულმა არჩევნებმა კიდევ უფრო მეტი გასაქანი მისცა.

საქართველოს მთავრობასა და მმართველ პარტიას არჩევნების მოგებისთვის გაწეული ძალისხმევისა და დახარჯული ფინანსური რესურსების მეათედი მაინც რომ გაეღო აცრის აუცილებლობაში საზოგადოების დასარწმუნებლად, საქართველო, ალბათ, აღარ იქნებოდა გარდაცვლილთა პროცენტული მაჩვენებლით დაწინაურებულ ქვეყნებს შორის.

საქართველოში ყოველდღიურად 40-50 ადამიანი კვდება კოვიდით, კვდებიან ძირითადად აუცრელები, თუმცა, ამის მიუხედავად, აცრის პროცესი თითქმის გაიყინა 33%-იან ნიშნულზე. სხვათა შორის, დაახლოებით ამდენივე, 32%-ია აცრილი რუსეთის ფედერაციაშიც, რომელიც, უკიდურესად გართულებული ეპიდვითარების გამო, ისევ ჩაიკეტა, თუმცა, მდიდარი საბჭოთა ტრადიციების შესაბამისად, მთავრობამ ამ ჩაკეტვას „არასამუშაო დღეების პერიოდი“ დაარქვა და არა - ლოკდაუნი.

„1 მლნ ადამიანია აცრილი და მათ თითო ადამიანი რომ დაარწმუნონ აცრის აუცილებლობაში, ეპიდვითარება გაუმჯობესდება“, - საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის, თამარ გაბუნიას ამ განცხადებიდანაც ჩანს, თუ როგორ არის დაცლილი ენერგიისგან საქართველოს მთავრობის ძალისხმევა კოვიდთან ბრძოლაში, არადა, საქართველოს მთავრობას, რომელსაც უძალობას ვერავინ დასწამებს ოპონენტებსა და სამოქალაქო საზოგადოებასთან ბრძოლაში, შეეძლო უფრო ენერგიული და აგრესიული საინფორმაციო კამპანიის წარმოება როგორც ცალკეული ცრუმეცნიერული აზრების გამავრცელებელი პირების, ასევე ინსტიტუტების წინააღმდეგ, თუმცა ყოველივე ეს შეიცავდა აშკარა ელექტორალურ რისკებს, ამომრჩევლის შემცირების საფრთხეს, რასაც, თავისი ბუნებიდან გამომდინარე, პოპულიზმი და ანტივაქსერობისადმი შემწყნარებლური დამოკიდებულება ამჯობინა.

სამწუხაროდ, ყველაფერი იმაზე მიუთითებს, რომ საქართველოში საარჩევნო ხმას, პირდაპირი და გადატანითი მნიშვნელობით, ბევრად მეტი ფასი აქვს, ვიდრე ადამიანის სოცოცხლეს, მით უფრო მაშინ, როცა, საზოგადოების გაუმართლებელი გულგრილობის გამო, ადამიანი, მისი სახელი და ბიოგრაფია რიცხვით არის ჩანაცვლებული.

ბათუმში რომ საცხოვრებელი კორპუსის სადარბაზო ჩამოინგრა, მთელი საქართველო ფეხზე დადგა, ქვეყნის მასშტაბით გლოვა გამოცხადდა. არადა, საქართველოში თითქმის ორი წელია ყოველდღე ხდება სამი-ოთხი „ბათუმის ტრაგედია“, ყოველდღე იხოცებიან სხვადასხვა ასაკისა და განსხვავებული ბედის ადამიანები, მაგრამ ამას აღარავინ აქცევს ყურადღებას, რადგან ეს უკვე ბანალური სტატისტიკაა, უბიოგრაფიო რიცხვებია. ალბათ, ასევე შველოდნენ რიცხვები თავიანთი „მძიმე საქმის“ შესრულებაში რუს და ქართველ ბოლშევიკებს, რომლებიც კვოტებით, რიცხვებითა და პროცენტებით ოპერირებდნენ კლასობრივ მტრებთან ბრძოლაში...

საერთოდაც, რიცხვებით ბევრი რამის გამართლება შეიძლება, უფრო ზუსტად, რიცხვები მანიპულირების კარგ საშუალებას იძლევა, თუ შინაგანი კულტურა ამის საშუალებას გაძლევს. მაგალითად, შიმშილობის პირველ დღეებში შეგიძლია დასცინო მოშიშმილე პატიმარს იმის გამო, რომ 1-2 დღე შიმშილობა ჯამრთელობისთვის სასარგებლოა, 30 დღის შემდეგ კი, როგორც საპარლამენტო უმრავლესობის ერთ-ერთმა ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ გააკეთა, დასცინო იმის გამო, რომ, თუ 41-ე დღესაც ცოცხალი იქნება, ე.ი. არ უშიმშილია.

ცხადია, მამუკა მდინარაძე ერთადერთი არ არის მთავრობიდან და საპარლამენტო უმრავლესობიდან, რომელიც ადამიანის შიმშილობასა და, შესაბამისად, ჯანმრთელობაზე ქირქილებს, რითაც, შესაძლოა, ნებსით თუ უნებლიეთ, პატიმრის თავმოყვარეობას ლახავს და ამით უკან დახევის გზას უჭრის. შესაძლოა, ამგვარი რამ, ყველაზე უარესი სცენარის შემთხვევაშიც კი, არ იყოს სისხლის სამართლის დანაშაული, მაგრამ, განა ამ საქციელს გამართლება აქვს?

გასული საუკუნის 80-იანი წლების ბოლოს საქართველოში დიდი ვნებათაღელვა გამოიწვია ფაზილ ისკანდერის მოთხრობამ, რომელშიც ერთ-ერთი პერსონაჟი მახაზი (სავარაუდოდ, აფხაზი) თავის მტერს, შალვას (სავარაუდოდ, ქართველს) ყელს ჭრის და მის სისხლს სვამს.

საქართველოში ბევრმა დაიწუნა ისკანდერის ეს მოთხრობა. შესაძლოა, შალიკოს ქართველობის გამოც. ითქვა, რომ ადამიანის (თუნდაც დამნაშავის) სისხლის დალევასა და კანიბალიზმს არანაირი, მათ შორის, არც მხატვრული გამართლება არ აქვს.

საქართველოსგან განსხვავებით, საბჭოთა რუსეთში ფაზილ ისკანდერს ბევრი დამცველი და თაყვანისმცემელი გამოუჩნდა. ბუნებრივი იყო ამგვარი უთანხმოება რუს და ქართველ მწერლებს შორის იმის გათვალისწინებით, რომ გასული საუკუნის 80-იანი წლების ბოლოს საქართველოში თითქმის ყველას სჯეროდა, რომ საქართველო არ იყო რუსეთი და, რომ საქართველო ისე არ ერქვა, მაგრამ ახლა, თუ დამოუკიდებლობის მოპოვებიდან 30 წლის შემდეგ, არც 10 ათასი ადამიანის სიკვდილი გვაღელვებს და არც პოლიტიკური ლიდერების მორალური კანიბალიზმის ტოლფასი ცინიზმი, იქნებ ღირდეს, ვიკითხოთ მაინც: საქართველო რუსეთია? საქართველო ისე ჰქვია?

ჩამოტვირთე მეტი

ბლოგერები

ყველა ბლოგერი
XS
SM
MD
LG