ორშაბათს პლატფორმა „სალამი“, პარლამენტში წარადგენს 27 ათასი ხელმოწერით გამყარებულ საკანონმდებლო ინიციატივას, რომელიც ითვალისწინებს გასაბჭოების შემდეგ გადაკეთებული გვარების დაბრუნებას.
„სალამმა“ 2 აგვისტოს დაიწყო კამპანია „გვარი დამიბრუნე“. ამ კონცეფციის თანახმად, რუსული სუფიქსები, როგორიცაა -ოვ(ა), -ევ(ა) აღარ იქნება გამოყენებული აზერბაიჯანულ და ასევე სხვა ეთნიკური ჯგუფების წარმომადგენთა გვარებში.
„45 დღის განმავლობაში ხელმოწერები გროვდებოდა გარდაბნის, ბოლნისის, დმანისის, კახეთის, მცხეთის მუნიციპალიტეტებში, ასევე, რუსთავსა და თბილისში“, უთხრეს რადიო თავისუფლებას „სალამის“ წევრებმა.
მოქმედი კანონით, საკანონმდებლო ინიციატივის წარდგენისთვის მოქალაქეთა მინიმუმ 25 ათასი ხელმოწერა არის საჭირო.
„სალამის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ქამრან მამადლიმ რადიო თავისუფლებას უთხრა, რომ ხელმოწერების შეგროვების პარალელურად მიმდინარეობდა მოლაპარაკებები საპარლამენტო ფრაქციებთან.
„ყველა საპარლამენტო ჯგუფი იწონებს ჩვენს ინიციატივას, ამდენად, ვფიქრობ, რომ უმაღლეს საკანონმდებლო ორგანოში მას დაბრკოლება არ შეექმნება“, თქვა ქამრან მამადლიმ.
ხელმოწერები ძირითადად აზერბაიჯანული თემის წარმომადგენლებს შორის შეგროვდა, რადგან ავთენტური გვარების დაბრუნების პრობლემა ყველაზე მეტად ამ თემში არსებობს. თუმცა, მამადლის თქმით, ეს საკითხი მნიშვნელოვანია საქართველოს მოქალაქე სხვა ეროვნების წარმომადგენლებისთვისაც.
„-ოვ(ა) და -ევ(ა) დაბოლოებებით გვარები მე-19 საუკუნეში გაჩნდა, როცა რუსეთმა ამიერკავკასია დაიპყრო. მაშინ ეს „პრივილეგია“, მაგალითად, აზერბაიჯანელებს შორის, რუსეთის მეფისნაცვლის კართან დაახლოებულ ადამიანთა ვიწრო წრეს მიანიჭეს. გასაბჭოების შემდეგ კი გვარების გადაკეთება მასობრივად დაიწყეს.“
ქამრან მამადლი ვარაუდობს, რომ პარლამენტში მათ ინიციატივის დამტკიცების შემდეგ. გვარებს ავთენტური დაბოლოებით საქართველოს მოქალაქე სხვა ეროვნების ადამიანებიც დაიბრუნებენ.