Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

როგორ გავაქროთ ადამიანი


ბევრი გეგულებათ ისეთი, ვინც სიხარულის ყიჟინას დასცხებდა, როცა შეიტყობდა, რომ მის ქალაქსა და ქვეყანაში შიმშილის, ფიზიკური ხელყოფის მუდმივი საფრთხის, დამცირებისა და არასათანადო სამედიცინო მომსახურების გამო, შეიძლება ჯანმრთელობა შეერყეს ან სულაც დაიღუპოს ადამიანი, შვილების მამა, ქრისტიანი, რომელმაც 40-დღიანი შიმშილობის შემდეგ აღსარება ჩააბარა მღვდელს და ზიარება მიიღო?

ალბათ, არა, მაგრამ, თუკი დღენიადაგ ილაპარაკებენ იმაზე, რომ ეს ადამიანი მხოლოდ პირობითად არის ადამიანი, სინამდვილეში კი გამოუსწორებელი ბოროტმოქმედია („აღარ მსურს პატიმარზე ლაპარაკი“, „მე დავასრულე პატიმარზე საუბარი“ - ირ. ღარიბაშვილი );

რომ ეს „პატიმარი“ (და არა ადამიანი) კი არ შიმშილობს, არამედ პირიქით, თაფლით, ლიმონათითა და ფაფებით ნაყრდება („სამი ლიტრი ლიმონათი რომ დავლიო, მეც გავხდები ცუდად“ - ირაკლი კობახიძე);

რომ ამ „პატიმარს“ (და არა ადამიანს) შვილები კი არა, მთელი ქვეყნის ბედი ფეხებზე ჰკიდია („არავის იმდენი საქმე არ გაუკეთებია პუტინისთვის საქართველოში, რამდენიც სააკაშვილმა გააკეთა“ - მ. მდინარაძე);

რომ აღსარება კი ჩააბარა მღვდელს, მაგრამ საკითხავია, მისი აღსარება იძლევა თუ არა ზიარების შესაძლებლობას („ეს საკითხი უშუალოდ სასულიერო პირის გადასაწყვეტია“ - საქართველოს საპატრიარქო);

რომ ეს „პატიმარი“ საერთოდაც ადამიანი კი არა, არაადამიანია და ა.შ., - თუკი დღენიადაგ ასე ილაპარაკებენ, მაშინ, ალბათ, ბევრს ღვარძლიანად გაეცინება „ასეთი არსების“ 40-დღიან შიმშილობაზე, ჯანმრთელობის მდგომარეობაზე, სამედიცინო მომსახურების მიღებაზე, სასამართლო პროცესზე დასწრების უფლებაზე, რწმენასა და სიცოცხლეზეც კი.

ჩვენივე ქვეყნის გამოცდილება გვეუბნება, რომ ადამიანისათვის ადამიანობის წართმევით და მისგან მონსტრის, მტრის ხატის შექმნით ყველანაირი სისასტიკის გამართლება შეიძლება. ასეთი არსების წამება და აბუჩად აგდება ბევრად იოლი საყურებელია, ვიდრე ღმერთის მიერ თავის ხატად შექმნილი, უფლებებით აღჭურვილი ადამიანისა. ალბათ, ამიტომაც იყო, რომ მასობრივი რეპრესიების დროს ჩვენი წინაპრები იოლად ხვრეტდნენ და გულაგის ჯოჯოხეთში ასახლებდნენ არა ადამიანებს ან თუნდაც მოქალაქეებს, არამედ „მავნე ელემენტებს“.

გავიხსენოთ კაცობრიობის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე საშინელი დოკუმენტის - „ბრძანებულება №00447“-ის სათაური: „ყოფილი კულაკების, ბოროტმოქმედთა და სხვა ანტისაბჭოთა ელემენტების რეპრესიების თაობაზე“, რომელიც 80 ათასამდე „ელემენტის“ (და არა ადამიანის) დახვრეტას და 200 ათასის გადასახლებას ითვალისწინებდა, თუმცა შემზარავი იყო არა მხოლოდ ეს საშინლად დიდი რიცხვი, არამედ ისიც, რომ დოკუმენტს კონკრეტული ადრესატები (ადამიანები გვარ-სახელებით) არ ჰყავდა.

თუ ვინ შეავსებდა ზემოხსენებულ კვოტებს, უცნობი იყო. ამას ადგილობრივი ორგანოები წყვეტდნენ. სწორედ მათი ძალისხმევით გადაიქცეოდნენ ხოლმე ადამიანები „ხალხის მტრებად“, „მავნებლებად“, „კულაკებად“ და ა.შ., რომლებიც შეგეძლო, გაუსამართლებლად, სინდისის ქენჯნის გარეშე დაგეხოცა. ცალკე აღებული ერთი ადამიანის კი არა, მთელი ეროვნების უფლებების აყრაც ხდებოდა. გვარ-სახელი კი არა, ეროვნებაც საკმარისი იყო განაჩენის გამოსატანად („პოლონელია? ე.ი. კულაკია!“).

რაღაც მსგავსი ხდება დღევანდელ საქართველოშიც, სადაც ოპოზიციის წარმომადგენელი („რადიკალური ოპოზიცია“) ან სამოქალაქო აქტივისტი („დესტრუქციული ელემენტი“) ბევრად ნაკლები უფლებების მქონე ადამიანია, ვიდრე მმართველი პარტიის წევრი ან მხარდამჭერი, ყოფილი პრეზიდენტი კი, უფლებრივი მდგომარეობის თვალსაზრისით, საერთოდაც არაადამიანია, რომელსაც მხოლოდ ის მწირი უფლებები აქვს, რაც მისთვის მოქმედმა ხელისუფლებამ გაიმეტა: შეუძლია უყუროს ტელევიზორს, მაგრამ არ შეუძლია ტელეფონით ისარგებლოს, შეუძლია წერილობით მიმართოს საზოგადოებას, მაგრამ არ შეუძლია გამოჩნდეს და სიტყვა წარმოთქვას სასამართლო პროცესზე და ა.შ.

ხელისუფლება ცდილობს, პირდაპირი და გადატანითი მნიშვნელობით, ადამიანი დაუმალოს საზოგადოებას და, ასე გაიხსნას ხელ-ფეხი მოჩვენებითი სამართლიანობისთვის, სინამდვილეში - ანგარიშსწორებისთვის; ეკლესიასაც, რომელიც ადამიანს უნდა ეძებდეს ყველგან, მათ შორის, ციხეებსა და საპატიმროებში, ეს უნდა აღელვებდეს და არა საზოგადოების ნაწილის ნეგატიური განწყობა, რომელიც შეიძლება შეიქმნა მიტროპოლიტ ნიკოლოზ ფაჩუაშვილის მიერ მიხეილ სააკაშვილის ზიარების შემდეგ გაკეთებული განცხადებით.

„ჩვენ რომ დამოუკიდებელნი ვყოფილიყავით, მოხდებოდა თუ არა ჩვენთან რევოლუცია? მოვკლავდით თუ არა მეფეს?“ - ერლომ ახვლედიანს ეს კითხვა, სხვა რამდენიმე უპასუხო, რიტორიკულ კითხვასთან ერთად, შეტანილი აქვს 1999 წლით დათარიღებულ ერთ წერილში.

ნეტა, რატომ იკითხა?

1992-93 წლების სისხლიანი გადატრიალება უკვე მომხდარია, აფხაზეთი და სამეგრელო სისხლითაა მორწყული, საქართველოს პირველი პრეზიდენტი მოკლულია, მეორე პრეზიდენტზე ორი თავდასხმა (1995 და 1998 წწ.) უკვე მომხდარია... ალბათ, ამ კუთხით, აწმყოსა და მომავალში სანუგეშოს ბევრს ვერაფერს ხედავდა და შესაძლოა, არც ცდებოდა. 2003 წლის უსისხლო რევოლუციაც და მაშინდელი „მეფის“ არ მოკვლაც, როგორც ჩანს, უფრო გამონაკლისი იყო, ვიდრე წესი...

Homo res sacra - ადამიანი წმინდა არსებაა, გვეუბნება ლათინური სენტენცია, რომელიც უკიდურესად ცინიკურად ჟღერს დღევანდელ საქართველოში, სადაც სულ უფრო რთული ხდება ადამიანობის შენარჩუნება. გარდა იმისა, რომ ხელისუფლება, რომელიც ყველაფერს აკეთებს მთავარი ოპონენტის „არა ადამიანად“ წარმოჩენისთვის, თვითონ კარგავს ადამიანობას, ასევე ბოლომდე ხრწნის სეირის მაყურებელ საზოგადოებას, რომელიც იოლად ყლაპავს „თაფლის ქილებსა“ და „სამლიტრიან ლიმონათებს“ და გონზე მოსასვლელად, მაინცდამაინც, გვამი სჭირდება.

ბლოგში გამოთქმული მოსაზრებები ეკუთვნის ავტორს და შეიძლება ყოველთვის არ ემთხვეოდეს რედაქციის პოზიციას.

  • 16x9 Image

    ჯიმშერ რეხვიაშვილი

    ჟურნალისტი, ბლოგერი; პროზაული, პოეტური და დოკუმენტური კრებულების ავტორი. მუშაობს შიდა და საგარეო პოლიტიკის საკითხებზე, ასევე აშუქებს კულტურის თემებს. მიღებული აქვს ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში და ლიტერატურული პრემია „ლიტერა“. რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2003 წლიდან.

ბლოგერები

ყველა ბლოგერი
XS
SM
MD
LG