Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბლოგები

Sorry! No content for 13 ოქტომბერი. See content from before

ორშაბათი, 12 ოქტომბერი 2020

7 ოქტომბერს დავით გარეჯის საკითხზე დელიმიტაციისა და დემარკაციის სამთავრობო კომისიის ყოფილი წევრები ივერი მელაშვილი და ნატალია ილიჩოვა დააკავეს. მათ წინააღმდეგ სისხლისსამართლებრივი დევნა დაიწყო სისხლის სამართლის კოდექსის 308-ე მუხლის პირველი ნაწილით, რომელიც ითვალისწინებს საქართველოს საწინააღმდეგო მოქმედებას, მიმართულს უცხო ქვეყნისათვის საქართველოს მთელი ტერიტორიის ან მისი ნაწილის გადაცემისაკენ ანდა საქართველოს ტერიტორიიდან მისი ნაწილის გამოყოფისაკენ. მთავარი კითხვა, რაც ამ საქმესთან დაკავშირებით ჩნდება, არის ის, თუ რამდენად მიესადაგება ივერი მელაშვილისა და ნატალია ილიჩოვას ქმედებებს სისხლის სამართლის კოდექსის აღნიშნული მუხლი. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, რანაირად შეიძლება დარგის ექსპერტების მოსაზრებები, რომლებიც საერთაშორისო სამართალსა და საზღვრის დელიმიტაცია-დემარკაციის საერთაშორისო პრაქტიკას ეფუძნება, უცხო ქვეყნისთვის მიწების გადაცემის მცდელობად შეფასდეს?

პროკურატურა ამ კითხვაზე პასუხის გასაცემად სამ მთავარ არგუმენტს გვთავაზობს. პირველი არგუმენტი შემდეგნაირად გამოიყურება:

„მიღებული ექსპერტიზის დასკვნით დადგინდა, რომ ბრალდებულები საზღვრების დელიმიტაციის პროცესში ხელმძღვანელობდნენ 1970-80-იან წლებში გამოცემულ რუკებზე დატანილი საზღვრის ხაზებით, რაც, როგორც აღინიშნა, არსებითად ეწინააღმდეგება ჩვენი ქვეყნის ისტორიულ საზღვარს, მათ შორის დავით გარეჯთან მიმართებაში“.

ე.ი. პროკურატურა მიიჩნევს, რომ არსებობს ჩვენი ქვეყნის „ისტორიული საზღვარი“, რომლის ეჭვის ქვეშ დაყენებაც (ან ამ საკითხზე სამთავრობო კომისიის ფარგლებში აზრის გამოთქმა) სისხლის სამართლის წესით უნდა ისჯებოდეს. თუ ეს ასეა, მაშინ რატომღა შეიქმნა საზღვრის დელიმიტაციისა და დემარკაციის კომისია? საერთოდაც, რატომ აწარმოებს სახელმწიფო ამ თემაზე აზერბაიჯანთან მოლაპარაკებებს? გამოდის, რომ ამ საკითხზე სამთავრობო კომისიის შექმნით, პროკურატურის ლოგიკას თუ მივყვებით, უკვე ირღვევა სისხლის სამართლის კოდექსი, რადგან ამით სახელმწიფო „ისტორიული საზღვრის“ ლეგიტიმურობას ეჭვის ქვეშ აყენებს.

ცხადია, ასეთი მსჯელობა აბსურდულ დასკვნებამდე მიგვიყვანს. საზღვრის დელიმიტაცია-დემარკაციის კომისიები უამრავ ქვეყანაში არსებობს და ზოგან მათ საქმიანობას საზღვრების რადიკალურად გადახედვაც მოჰყვება ხოლმე. ამის მიზეზი ის არის, რომ ოფიციალური საზღვრები მეზობელ ქვეყნებს შორის ზოგჯერ შეთანხმებული არ არის. მაგალითად, ერთი შეფასებით, საქართველოს მეზობელ ქვეყნებთან საზღვრის მინიმუმ ოთხი მონაკვეთი აქვს შესათანხმებელი.

სახელმწიფო საზღვრის სადავო მონაკვეთზე ექსპერტული აზრის გამოთქმა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 308-ე მუხლით არ უნდა ისჯებოდეს. ამ შემთხვევაში მნიშვნელობა არ აქვს, რას ფიქრობდნენ მელაშვილი და ილიჩოვა - არის თუ არის მათი აზრი სწორი ან არასწორი. ისინი სამთავრობო კომისიაში მიიწვიეს როგორც ექსპერტები და მათი გამოხატვის თავისუფლება სრულად უნდა იყოს გარანტირებული. თუ სახელმწიფოს უკვე ჰქონდა გამოკვეთილი პოზიცია იმაზე, თუ სად გადის საქართველოს საზღვარი აზერბაიჯანთან, მაშინ საზღვრის დელიმიტაცია-დემარკაციის კომისია საერთოდ არ უნდა შეექმნა. სხვა შემთხვევაში ექსპერტებს ვერ გავამტყუნებთ იმისთვის, რომ მოცემულ საკითხზე საკუთარი აზრი აქვთ.

პროკურატურის მიერ წარმოდგენილი მეორე არგუმენტის მიხედვით, ბრალდებულებმა „არ უზრუნველყვეს შესაბამისი აუცილებელი საექსპერტო კვლევების ჩატარება და ასევე აღნიშნულ პროცესში არ ჩართეს კარტოგრაფიის დარგის სპეციალისტები“. ზემოთქმული რომც სიმართლე იყოს, რა კავშირშია ეს სისხლის სამართლის კოდექსის 308-ე მუხლთან? იმ შემთხვევაში, თუკი ექსპერტებმა დაკისრებული მოვალეობა სათანადოდ ვერ შეასრულეს (ისე, როგორც საქართველოს მთავრობისა და საჯარო მოხელეების დიდი ნაწილი ვერ ასრულებს ხოლმე), უდრის თუ არა ეს სახელმწიფოს ტერიტორიის უცხო ქვეყნისთვის გადაცემის მცდელობას? ასეთი მცდელობისთვის, მინიმუმ, უნდა არსებობდეს კონკრეტული ფაქტები, რომლებიც მელაშვილსა და ილიჩოვას აზერბაიჯანის ან რომელიმე სხვა დაინტერესებული ქვეყნის მთავრობასთან ან შესაბამის სეპარატისტულ განწყობებთან დააკავშირებს.

პროკურატურა მიიჩნევს, რომ ასეთი ფაქტი არის ის, რომ ილიჩოვამ და მელაშვილმა 1938 წლის რუკის დედანი დამალეს. ეს არის სწორედ მესამე ბრალდება, რომელსაც დაკავებულებს უყენებენ. ამის საპასუხოდ, თავად ბრალდებულები აცხადებენ, რომ საუბარია არა 1938 წლის, არამედ 1936-1937 წლების რუკაზე, რომელიც საქართველოსა და აზერბაიჯანის საბჭოთა რესპუბლიკებს შორის დადებული ხელშეკრულების ნაწილი არ ყოფილა და რომელსაც, შესაბამისად, იურიდიული ძალა არ აქვს. ამასთან, მელაშვილის თქმით, ამ რუკის შესახებ საქართველოს მთავრობისთვის ცნობილი იყო და მის არსებობას არ მალავდნენ.

თეორიულად დავუშვათ, რომ ეს რუკები ბრალდებულებმა მართლა დამალეს. რანაირად ებმის ეს ბრალდების დანარჩენ ნაწილს? მაგალითად, საიდან ჩანს, რომ „დამალული რუკები“ არ ეწინააღმდეგება საქართველოს „ისტორიულ საზღვარს“? თუკი ვერ ვთანხმდებით იმაზე, თუ რა არის „ისტორიული საზღვარი“, მაშინ ამაზე რამის თქმა შეუძლებელია. როგორც ზემოთ აღვნიშნე, ამ ადამიანებისთვის ბრალის წასაყენებლად ბევრად უფრო მყარი მტკიცებულებები გვჭირდება, რომელიც მათ კავშირს დაამტკიცებს უცხო ქვეყნების მთავრობებთან ან შესაბამის სეპარატისტულ მოძრაობებთან. ამ ეტაპზე როგორც ირკვევა, მელაშვილსა და ილიჩოვას აქვთ თავიანთი აზრი სადავო საკითხზე, რომელიც არც ერთ შემთხვევაში ავტომატურად ქვეყნის ღალატად ან სახელმწიფო მიწების გადაცემის მცდელობად არ უნდა შეფასდეს.

მელაშვილისა და ილიჩოვას მიერ რუკის შესაძლო დამალვის მოტივაცია სხვადასხვაგვარი შეიძლება იყოს. თავად ბრალდებულები თვლიან, რომ „დამალული“ 1936-1937 წლების რუკის გამოყენება საზიანო იქნებოდა სახელმწიფოს ინტერესებისთვის. ისინი აცხადებენ, რომ მათ 1938 წელს ხელმოწერილი რუკის გვიანდელი ვერსიების გამოყენება ჩათვალეს უფრო მართებულად, ვინაიდან სხვა შემთხვევაში აზერბაიჯანულ მხარესთან შეთანხმება ვერ მოხერხდებოდა. მათი ეს პოზიცია ლოგიკას მოკლებული ან აბსურდული არ არის. ეს ავტომატურად არც სახელმწიფო ინტერესებს ეწინააღმდეგება.

რომ შევაჯამოთ, მელაშვილსა და ილიჩოვას ბრალს სდებენ იმაში, რისი ჩადენის წინასწარი მტკიცებულება არ არსებობს. ბრალდება, რომელიც მათ წაუყენეს, ძალიან მძიმეა. მის დასაბუთებას ბევრად უფრო სერიოზული არგუმენტები სჭირდება, ვიდრე პროკურატურამ წარმოადგინა. ამასთან ერთად, პროკურატურის პირველი ორი არგუმენტი პირდაპირ იჭრება პროფესიულ დავაში და სცდება სამართლებრივ ჩარჩოს. საერთო ჯამში, მელაშვილისა და ილიჩოვასადმი წაყენებული ბრალდების ტექსტი ისეთ შთაბეჭდილებას ქმნის, რომ სახელმწიფო ამ ორ ადამიანს კონკრეტული მოსაზრების გაუზიარებლობის გამო სჯის. როგორც ზოგიერთმა კომენტატორმა მართებულად შენიშნა, ამ ყველაფერმა შეიძლება მოგვაგონოს საბჭოთა კომუნისტური პარტიის ბრძოლა მემარცხენე და მემარჯვენე „გადახრებთან“. როგორც ამ და ბევრი სხვა შემთხვევის მაგალითზე ვხედავთ, საბჭოთა მეთოდები „ქართული ოცნების“ მმართველობის პერიოდში კვლავაც ძალაშია. საზოგადოების დიდი ნაწილი კი ზედმეტად პოლარიზებული და პასიურია იმისთვის, რომ პროკურატურის ან სასამართლოს რეალური დამოუკიდებლობა უზრუნველყოს.

ბლოგში გამოთქმული მოსაზრებები ეკუთვნის ავტორს და შეიძლება ყოველთვის არ ემთხვეოდეს რედაქციის პოზიციას.

რიკარდ იოზვიაკი არის რადიო თავისუფლების რეპორტიორი ბრიუსელში.
რიკარდ იოზვიაკი არის რადიო თავისუფლების რეპორტიორი ბრიუსელში.

როდესაც ვოლოდიმირ ზელენსკი პირველად ჩავიდა ბრიუსელში, ევროკავშირის ოფიციალურმა პირებმა ზუსტად არ იცოდნენ, მასთან რა დამოკიდებულება უნდა ჰქონოდათ.

ზელენსკი უკრაინის ახლად არჩეული პრეზიდენტი იყო და ეს მისი პირველი ოფიციალური ვიზიტი იყო საზღვარგარეთ. ის დამწყები პოლიტიკოსი იყო და მედიასთან ურთიერთობისას ნერვიულობა ეტყობოდა. განსახილველიც ბევრი არაფერი ჩანდა - ბლოკი ხელმძღვანელობის ცვლილების პროცესს გადიოდა.

16 თვის შემდეგ, შეიძლება ითქვას, ბევრი რამ შეიცვალა.

ევროკავშირის დედაქალაქში მეორე სტუმრობისას ზელენსკის თავი დამაჯერებლად ეჭირა და შინ დაბრუნებისას შეუძლია რამდენიმე მნიშვნელოვანი მიღწევით იამაყოს.

თუმცა, როგორც ყოველთვის ხდება ხოლმე ევროკავშირისა და უკრაინის ურთიერთობებში, ჰორიზონტზე ღრუბლებიც გამოჩნდა.

დავიწყოთ იმით, თუ რა მოჰყვა კარგი ევროკავშირისა და უკრაინის ყოველწლიურ სამიტს, რადგან ასეთი ბევრი იყო. პირველ რიგში, ეს იყო შთაბეჭდილება, რომელიც ყოფილმა კომიკოსმა დატოვა. რამდენიმე ადამიანს ველაპარაკე, რომლებიც მასთან ერთად შეხვედრაზე იმყოფებოდნენ და ყველა აღნიშნავს, რომ იქ ძალდაუტანებელი ატმოსფერო სუფევდა. ხუმრობდნენ კიდეც. ცხადი იყო, რომ შეხვედრის მონაწილეები დაიღალნენ პანდემიით გამოწვეული ნახევარწლიანი ონლაინკონფერენციებით და ახლა პირადად შეხვედრა სიამოვნებდათ. რაც მთავარია, ზელენსკიმ შეხვედრაზე სანდო ადამიანის შთაბეჭდილება დატოვა და მას ახლა აღიქვამენ როგორც პოლიტიკოსს, რომელსაც საქმის გაკეთება ძალუძს.

ეს კარგი განწყობა შემდეგ პრესასთან ერთობლივ შეხვედრაზეც გაგრძელდა, სადაც ევროპის საბჭოს პრეზიდენტმა ჩარლზ მიშელმა და ევროკავშირის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა ჯოზეფ ბორელმა საჯაროდ შეაქეს ზელენსკის საქმიანობა. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო დეცენტრალიზაციის მხრივ მიღწეულ პროგრესს, კორუფციასთან ბრძოლას და საარჩევნო, მიწის და ბანკის რეფორმებს. სამიტის ბოლოს კი გრძელი და საკმაოდ დეტალური ერთობლივი განცხადება გაკეთდა.

განცხადება რომ გაკეთდა, ეს თავისთავად უკვე პროგრესია. წარსულში მსგავს დოკუმენტს ხშირად ბლოკავდა ხოლმე უნგრეთი, რომელსაც თავისი დაპირისპირება აქვს უკრაინასთან ამ ქვეყანაში მცხოვრებ უნგრელებთან დაკავშირებით. ამჯერად კი განცხადება უპრობლემოდ მიიღეს და ის ბევრ რამეს მოიცავდა. პირველ რიგში, ის „ცნობდა უკრაინის ევროპულ მისწრაფებებს და მიესალმებოდა მის ევროპულ არჩევანს“ - წინადადება, რომელიც ცოტა ხნის წინ ზოგიერთი წევრი ქვეყნისთვის ნერვიულობის წყარო იქნებოდა. განცხადებამ ასევე გააქარწყლა სპეკულაცია, რომ უკრაინას შეეძლო ბლოკთან ვიზების ლიბერალიზაცია დაეკარგა ამ ქვეყანაში რეფორმების ნაკლებობის გამო. „მივესალმებით უკრაინის მოქალაქეებთან უვიზო რეჟიმის წარმატებულ იმპლემენტაციასო“, - ნათქვამია განცხადებაში.

უფრო კონკრეტული საკითხებიც ახსენეს. ავიაციის საერთო სივრცის საკითხი დიდი ხნის განმავლობაში იყო შეჩერებული დიდ ბრიტანეთსა და ესპანეთს შორის გიბრალტარის აეროპორტთან დაკავშირებული უთანხმოების გამო და ის საბოლოოდ მომავალი წლის დასაწყისისთვის უნდა მოგვარდეს. კიევმა სურვილი გამოთქვა, რომ კანონმდებლობა დაუახლოოს ბრიუსელის დიდ პროექტებს და სანაცვლოდ ევროკავშირისგან კონკრეტული დაპირებებიც მიიღო. 2021 წელს კი ევროკავშირისა და უკრაინის ასოცირების ხელშეკრულება გადაიხედება, რამაც, შესაძლოა, მჭიდრო თანამშრომლობის ახალი არეალები გააჩინოს.

ყველაზე მნიშვნელოვანი კი, ალბათ, შეფასების დაწყებაა უკრაინის მზაობაზე შეუერთდეს სამრეწველო პროდუქციის შესაბამისობის შეფასებასა და აღიარებაზე შეთანხმებას (ACAA).

ACAA ძალიან ბიუროკრატიულად ჟღერს, მაგრამ მას დიდი მნიშვნელობა აქვს. არსებითად, ეს არის „ვიზა-ლიბერალიზაცია უკრაინის სამრეწველო საქონლისათვის“, რაც იმას ნიშნავს, რომ მომავალში ეს პროდუქცია ევროკავშირის რეგულაციებს დაექვემდებარება. ევროკავშირს ამჟამად მსგავსი შეთანხმება მხოლოდ ისრაელთან აქვს გაფორმებული. უკრაინასთან მოლაპარაკებებს წლები დასჭირდება, მაგრამ, თუ ის წარმატებით დასრულდა, ქვეყანას ბლოკთან ბევრად დააახლოებს.

თუმცა კეთილი სიტყვებისა და კონკრეტული შეთავაზებების მიღმა ევროკავშირის სიფრთხილეც ჩანს. ერთობლივ განცხადებაში ნათქვამია, რომ ევროკავშირი და უკრაინა შეთანხმდნენ რეფორმების დაჩქარებისა და გაძლიერების მნიშვნელობაზე - განსაკუთრებით, სასამართლოს სფეროში და ძლიერი და კორუფციული ანტიკორუფციული ინსტიტუტების ჩამოყალიბებაში. ეს ერთი შეხედვით დამაჯერებლად ჟღერს, თუმცა პირად საუბრებში ევროკავშირის ოფიციალური პირები შიშობენ, რომ ზოგიერთ რეფორმაზე - „პრივატბანკის“ საკითხზე, ეროვნული ანტიკორუფციული ორგანოს ხელმძღვანელობის ცვლილებასა და ცენტრალური ბანკის დამოუკიდებლობაზე - უკრაინამ შესაძლოა უკან დაიხიოს.

განცხადების თავდაპირველ ვერსიაში ნახსენები იყო ევროკავშირის 600- მილიონევროიანი დახმარება კორონავირუსით გამოწვეულ ეკონომიკურ პრობლემებთან გასამკლავებლად, მაგრამ საბოლოო ვერსიიდან ეს საერთაშორისო სავალუტო ფონდის პროტესტის შემდეგ ამოიღეს. ფონდი უკმაყოფილოა ცენტრალური ბანკის საკითხითა და კორუფციასთან ბრძოლის ტემპებით. აგვისტოში აუდიტორთა ევროპულმა სასამართლომ დაიწყო უკრაინაში კორუფციასთან დაკავშირებული გამოძიება, რომლის ფარგლებშიც შეამოწმებენ, თუ როგორ დაიხარჯა 2014 წლის შემდეგ ბლოკის მიერ გამოყოფილი 15 მილიარდი ევრო. გამოძიების წინასწარი შთაბეჭდილებები არცთუ საიმედოდ გამოიყურება.

ამჟამად ევროკავშირისა და უკრაინის ურთიერთობებს მზე დაჰნათის, თუმცა კიევმა, ყოველი შემთხვევისთვის, ქოლგა მაინც თან უნდა იქონიოს.

ჩამოტვირთე მეტი

ბლოგერები

ყველა ბლოგერი
XS
SM
MD
LG