Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბლოგები

Sorry! No content for 1 ოქტომბერი. See content from before

ოთხშაბათი, 30 სექტემბერი 2020

ხალხი ღელავს. შფოთავენ - დამწყებმა კულინარმა მაკარონი გვაყიდინა და რა ვუყოთ ეგრევე აღარ გვითხრაო. რას გვალოდინებსო. ეგეც მყავდეს ჯორჯ არ არ მარტინიო. ვინიცობაა უკვე გადასაგდებია ჩვენი მამასისხლად ნაყიდი რიგატონიო.

ჯერ ერთი, პასტა არ ფუჭდება. უფრო სწორად, რაღაც დროს ხარისხს ალბათ დაკარგავს, მაგრამ როდის, ზუსტად არავინ იცის. მინიმუმ 2 წელი წესით არაფერი უნდა დაემართოს.

მაგრამ, ისე, მართალია ხალხი. აგე, მსოფლიოში ბილგეიცის გამოგონილი პანდემია მძვინვარებს. არჩევნები მოდის. რავი, ტეხასში ტვინისმჭამელი ამება გამოჩენილა. ამას კიდე უყველიანმაკარონობა უნდა დაემატოს?

ნოუ ყველიანმაკარონ, ნოუ ფის!

დღეს შევძლებთ შეუძლებელს. დავლაშქრავთ დაულაშქრავს. მოვხარშავთ მაკარონს! ყველით!

იაააააა!

დავიწყოთ! ჯერ, თუ წინა სერია არ წაგიკითხავს, იმას გაეცანი. მერე, კარადიდან გამოიღე პასტა, მაცივრიდან - ყველი და ლუდი. მარილიც მოიძიე, და სადმე სიახლოვეში დადე. მოზრდილი ქვაბი გაავსე წყლით თითქმის ბოლომდე (პასტისთვის ადგილი დატოვე) და ჯოჯოხეთის ცეცხლი შეუნთე, დროზე რომ ადუღდეს.

"ნიკომ მაკარონის მეორე სერია გამოსცა? ვახ, მეც უნდა ავჩქარდე" - განუცხადა ჯორჯ მარტინმა ჟურნალისტებს
"ნიკომ მაკარონის მეორე სერია გამოსცა? ვახ, მეც უნდა ავჩქარდე" - განუცხადა ჯორჯ მარტინმა ჟურნალისტებს

ვიდრე წყალი დუღდება

პირველ რიგში, აი, რა უნდა ქნა - ლუდი გახსენი, მესამედი მოსვი და წარსულში დაშვებულ შეცდომებზე დაფიქრდი. ეს აუცილებელი ნაბიჯია. ამის გარეშე საჭმელი არ კეთდება.

ახლა, სახეხი გამოიღე, ყველი რომ გავხეხოთ.

აჰ, სახეხი არ გქონია? ეგრეც ვიცოდი. რას ვიზამთ. ფინიტა ლა კომედია. მორჩა კინო. ჩაიშალა თამაში.

ჰაჰა. მართლა კი არა. სახეხის გარეშეც იოლას გავალთ.

შეგიძლია ყველი წვრილ კუბიკებად დაჭრა. ან, კიდევ უკეთესი, თუ საკმარისად რბილია, ბარემ ხელით დაჭყლიტე. თან შეგიძლია გაერთო - წარმოიდგინე, ვითომ ნაცარქექია ხარ. დევს მიაძახე: „შე ბრიყვო და ბაბაყუროო“ - ეგრე წერია ზღაპარში. თან დაფიქრდი, ერთმანეთს ბაბაყურს რატომ აღარ ვეძახით? ბევრი გვაქვს უკეთესი სიტყვა?

უფ, რას დაჭყლეტდა ამას ეხლა კაცი ხელით! ბაბაყურებო, გვიფრთხილდით!
უფ, რას დაჭყლეტდა ამას ეხლა კაცი ხელით! ბაბაყურებო, გვიფრთხილდით!

წყალი ადუღდა, ეხლა რა ვქნა?

ადუღებულ წყალში ჩაყარე ბლომად მარილი. ანუ, ერთი-ორი პატარა ჩხუკი კი არა - აი, ბლოომად. ვთქვათ, ერთი სუფრის კოვზი. თუ ისევ თამაშის სახიასთზე ხარ, შეგიძლია "მარილის აკვნობანა" ითამაშო. ერთი ცალი პასტა ქვაბში ჩააგდო და წვრილი ხმით, ვითომ ის ლაპარაკობს თქვა: "ვაიმე, ფრუნზეს ვეღარ ვნახავ. წითელარმიელებო, მიშველეთ!" მერე ლუდი მოსვი და ცრემლები მოიწმინდე. ეჰ, მაგ მოთხრობაზე ყველას გვიტირია. (არ გინდა დაგუგლვა. აქვე გეყვი. როდიონ ქორქიაა ავტორი.)

ჰოდა, ბლომად მარილი... ეგ არის აუცილებელი. მაგის გარეშე უგემური გამოვა. საქმე იმაშია, რომ თავად მაკარონსაც უნდა გემო, რომელსაც, მოგეხსენებათ, მარილი ხსნის. ჰოდა, მოხარშულს მერე ზედ ვერ მოაყრი და წყლიდან უნდა შეიწოვოს. ვითომ არაფერი, მაგრამ საბოლოოდ ძალიან დიდ გავლენას ახდენს.

ვიდრე ქვაბში პასტას ჩაყრიდე, შეფუთვას დახედე. ზედ აწერია, რამდენი წუთი უნდა იხარშოს. ეგ დაიმახსოვრე. ყუთი გადააგდე, მაგრამ ღრმად არ ჩამარხო. ცოტა ხანში დაგავიწყდება, რამდენი წუთი ეწერა და ისევ ამოიღებ. მერე ისევ გადააგდებ და ასე...

მაგ დროის დაცვა მნიშვნელოვანია. ეხლა რაშია საქმე - წესით პასტას ხარშავენ al dente. ანუ, ცოტა სიმაგრე უნდა ჰქონდეს დარჩენილი. ერთი იმიტომ, რომ იმას მერე კიდევ სოუსს უშვები და ხარშვას აგრძელებს. მეორე იმიტომ, რომ ჩახარშული პასტა ყველა კულტურას სძაგს.

სწორედ ამიტომ ჯობია, რომ ცოტა მაინც ნორმალური ბრენდი იყიდო. იაფიანი მაკარონები ალ დენტე არ გამოდის - ერთ წამში ფლავდება. ცოტა უკეთესი კი 2-3 წუთსაც გაპატიებს და არ ჩაცომდება. ისე კი, ჯობია არ გამოსცადო და შეფუთვაზე რაც აწერია ზუსტად იმდენ ხანს ხარშო.

თუმცა, ეგ უფრო იმისთვის, პასტასთან ურთიერთობის სწორი უნარ-ჩვევები რომ გამოიმუშავო. ჩვენ რასაც ვაკეთებთ, ის ჩახარშულიც იჭმევა.

"უმარილო მაკარონი უგემური მაკარონია" - ტონი მონტანა
"უმარილო მაკარონი უგემური მაკარონია" - ტონი მონტანა

რა ვქნათ, ერთმანეთს რომ არ მიეკრას

ინტერნეტში სხვადასხვა რჩევებს შეხვდებით, რა უნდა ვქნათ, მაკარონი ერთმანეთს რომ არ მიეკრას. რომ, აი, ქვაბში, მარილთან ერთად ზეთი დავამატოთ, ან მოხარშვის მერე ცივი წყალი გადავავლოთ.

აი, ამ ბლოგში, ძირითადად ვცდილობთ ხოლმე იმის ხაზგასმას, რომ როგორც გსიამოვნებს, ისე ჯობს და ყველაფერი მოსულა და ყველას თავისი გზა აქვს ცხოვრებაში და არავის საქმეში არ ვერევი მე და ეგეთები. მაგრამ, გეხვეწებით, გემუდარებით, გეაჯებით, ეგ არ გააკეთოთ. და საერთოდ, ვინც მაგას გირჩევთ, სხვა არაფერი დაუჯეროთ.

ეს იმიტომ, რომ...

მოიცა, არა! ბოდიში. სიტყვა უკან მიმაქვს. „სხვა არაფერი დაუჯეროთ“-ზე მაქვს ლაპარაკი. ვინ იცის, სხვა რამდენი კარგი რამე იცის იმ ადამიანმა? რატომ გადავუსვით ხაზი? ეგ კონკრეტული რამე არ უნდა დავიჯეროთ.

მოკლედ, პასტის მთელი მუღამია, რომ ზედ უნდა მიიკრას სოუსი და არ უნდა მიიკრას სხვა მაკარონი. თუ ცივ წყალს გადავავლებთ ან ზეთში ამოვთხრვით, ზედაპირიდან სახამებელი მოშორდება და ერთმანეთს მართლაც აღარ მიეკრობა, მაგრამ აღარც სხვას არაფერს მიიწებებს. პასტა ცალკე ისლიპინებს, ჩვენ ძვირფას ყველს კი ხელმოსაჭიდი არაფერი ექნება და ქვაბის ძირზე დაილექება სევდიანად და ეულად. ცივი წყლის გადავლება მარტო მაშინაა მისაღები, თუ პასტის სალათს აკეთებ. მაგას კი ალბათ არასოდეს მოამზადებ - საქართველოში კაციშვილი არ შემხვედრია მაგის მოყვარული.

აბა, როგორ ვქნათ რომ არ მიიკრას? ქვაბში ბლომად წყალი უნდა იყოს, ადუღება ვაცალოთ და ჩაყრის შემდეგ მალევე რამდენჯერმე უნდა ამოვურიოთ. აქედან ყველაზე მთავარი დროზე ამორევაა. დანარჩენი ორი კი დღემდე სამეცნიერო კვლევების და დებატების საგანია (არა, მართლა. ექსპერიმენტები დადგეს და ბევრი წყალიც არ უნდა და ძაან დუღილიცო, ამბობენ. თუმცა, ჩვენ მაინც ბლომად წყალი ჩავასხათ და ძაან ვადუღოთ. რა იციან მეცნიერებმა?)

აბა, ძველი თაობის ხალხი რატომ ავლებს ცივ წყალს? ეჭვი მაქვს, საბჭოთა მაკარონი ცუდი იყო. ალ დენტე კი არა, წყალი რომ არ გადაგესხა, ეგრევე ცომის გორგლად იქცეოდა.

სამაგიეროდ, საბჭოთა პროდუქტებს ფასი ჰქონდა კარგი!
სამაგიეროდ, საბჭოთა პროდუქტებს ფასი ჰქონდა კარგი!

კაი, ადუღდა, ეხლა?

პირველ რიგში ჭიქით ან რამით ცოტა წყალი ამოიღე და შეინახე. პასტის ანადუღარი წყალი სახამებლიანია და მერე, უკან რომ ჩააბრუნებ, უფრო კრემისებრ კონსისტენციას აძლევს სოუსს. ეხლა, ყველიან მაკარონში ეგ ძალიანაც არ გვჭირდება, მაგრამ ხელს ნამდვილად არაფერს შეუშლის, რთული საქმე არაა და ბარემ მაგის ჩვევაც გამოვიმუშაოთ.

ეხლა, თუ რატომღაც სახლში გაქვს თუშფალანგი, იგივე დურშლაგი, იგივე საწური, აი, ნახვრეტებიანი ჯამი რომაა, სწორედ ახლაა მისი გამოყენების დრო. მთელი ქვაბი შიგნით ჩავაქციოთ და წყალნი ნახვრეტებში წავლენ და წამოვლენ და პასტანი დარჩებიან.

თუმცა, რა საჭირო იყო ამის დაწერა? ცხადია, რომ ეგ საწური ჯამი არა გაქვს, ამიტომ, ქვაბის სახურავი ცოტა მოაღრიჭოე და წყალი გადააქციე.

(არაფერთან არაფერ შუაშია, მაგრამ ადრე ტელევიზორში გადიოდა ქვაბ „პასტა იტალიანოს“ რეკლამა. აი იმის, საჩუქრად რომ ყველის სახეხი კონტეინერი მოჰყვებოდა. ჰოდა, გეხვეწები მაგ ვიდეოს შემიხედე და მეექვზე წამზე მამის და შვილების საქციელს დააკვირდი - მამა საათზე ხელს იდებს, სადაა ამდენ ხანს ჩემი საჭმელიო. იმის ნაცვლად, რომ, რავი, მივიდეს და ორ კარგა მოზრდილ მუტრუკთან ერთად ცოლს დაეხმაროს. ეგეთს ცეცხლი და ნავთი უნდა აჭამო!)

ქვაბი ძაალიან დაბალ ცეცხლზე დააბრუნე და ლუდი მოსვი. ქვაბში ცოტა კარაქი ჩააგდე. იმ ჩვენი გაჭყლეტილი ყველის მესამედი ჩაყარე და ამოურიე. ის გადანახული წყალი ჩაასხი და კიდევ ამოურიე. ყველის მეორე ნაწილიც მიეცი და ერთხელაც ამოურიე. მორჩა. გაზი გამორთე და დარჩენილი ყველი ზემოდან მოაყარე - ლამაზად რომ დაადნეს.

რატომ ასე, ნაწილ-ნაწილ? იდეაში იმიტომ, რომ ერთბაშად როცა ყრი, შეიძლება ქვაბში ყველის კოშტების სეპარატისტული ანკლავები გაჩნდეს. ასე კი წესით უფრო თანაბრად განაწილდება.

მორჩა, ეგაა. შენი პირველი კერძი მზადაა.

ყველიანი მაკარონის ხიბლი ისიცაა, რომ როგორც გინდა, ისე შეჭამ. შეგიძლია სოსისი მოხარშო (ეგ, თუ არ იცი, ასე ხდება. წყალს ადუღებ, სოსისს დებ შიგნით და ცოტა ხანში ამოიღებ) და გვერდით მიუდო. შეგიძლია დაგეზაროს და ისე ჭამო. წესით უარაფროდაც გემრიელია, მაგრამ, თუ გინდა, კეტჩუპი მოასხი. ან, რავი, მაიონეზი.

არავინ განგსჯის.

იური ორლოვი
იური ორლოვი

27 სექტემბერს ამერიკის შეერთებულ შტატებში 97 წლის ასაკში გარდაიცვალა იური ორლოვი - ცნობილი ფიზიკოსი და საბჭოთა უფლებადამცველების ერთ-ერთი უკანასკნელი მოჰიკანი.

1975 წლის აგვისტოში ჰელსინკიში ხელი მოეწერა ევროპაში უსაფრთხოებისა და თანამშრომლობის შესახებ აქტს. ამ აქტს, რომელსაც საბჭოთა კავშირთან ერთად ხელს აწერდნენ ევროპისა და ჩრდილოეთ ამერიკის ლიდერები, კრემლი საბჭოთა დიპლომატიის დიდ გამარჯვებად ჩათვლის - კრემლის თანახმად, ამ შეთანხმებით დასავლეთი აღიარებდა ბრეჟნევის დოქტრინას - აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნების ე.წ. შეზღუდულ სუვერენიტეტს. თუმცა, დასავლეთის ინიციატივით, აქტის საბოლოო რედაქციაში მოხვდება კრემლისათვის ერთი შეხედვით უმნიშვნელო პრინციპი ადამიანის უფლებების შესახებ.

ჰელსინკის ხელშეკრულებების სრული ტექსტი საბჭოთა გაზეთებში გამოქვეყნდება და მთელი საბჭოთა ხალხი წაიკითხავს - სერიოზულად ან იუმორით - პუნქტებს საკუთარი უფლებების შესახებ. და 250 მილიონიან ქვეყანაში, ერთადერთი ადამიანი, რომელიც მიხვდება, რომ ბრეჟნევის მიერ ხელმოწერილი ჰელსინკის აქტი საბჭოთა სისტემის წინააღმდეგ შეიძლებოდა გამოყენებულიყო, იქნება იური ორლოვი! 1976 წლის მაისში იური ორლოვი ანდრეი სახაროვთან ერთად მოიწვევს პრესკონფერენციას მოსკოვში აკრედიტირებული უცხოელი ჟურნალისტებისათვის და მოსკოვის ჰელსინკის ჯგუფის დაარსებას გამოაცხადებს.

მოსკოვის ჰელსინკის ჯგუფის ფეხდაფეხ ანალოგიური ორგანიზაციები შეიქმნება უკრაინაში, ბალტიისპირეთში, საქართველოსა და სომხეთში. იური ორლოვის იდეა იმდენად გადამდები აღმოჩნდება, რომ 1977 წელს მას პოლონელები და ჩეხები მიბაძავენ. ასე დაიწყება საბჭოთა კავშირსა და აღმოსავლეთ ევროპაში ადამიანის უფლებებისთვის ბრძოლის ახალი ერა.

იური ორლოვი (მარცხნივ) და აშშ-ის პრეზიდენტი რონალდ რეიგანი.
იური ორლოვი (მარცხნივ) და აშშ-ის პრეზიდენტი რონალდ რეიგანი.

ამავე წელს იური ორლოვს უფლებადამცველი მოღვაწეობის გამო მოსკოვში 7 წლით თავისუფლების აღკვეთას და 5 წლით გადასახლებას მიუსჯიან. ორლოვის პროცესს მთელი დასავლეთი აკვირდებოდა. ელენა ბონერი ჩემთან საუბარში სიცილით იხსენებდა ორლოვის სასამართლოს დროს „გებეშნიკებთან“ საკუთარ მუშტი-კრივს. ორლოვის პროცესის შემდეგ დასავლეთის ბევრი ფიზიკოსი ბოიკოტს გამოუცხადებს საბჭოთა კოლეგებს, ხოლო ამერიკის და ევროპის ლიდერები - ჯიმი კარტერი, რონალდ რეიგანი, ბრუნო კრაისკი - აქტიურად ჩაერთვებიან ორლოვის განთავისუფლების კამპანიაში. მალე ორლოვი ისე ცნობილი გახდა, რომ ჟენევისა და პარიზის ქუჩებში გამვლელს შეეძლო ენახა წარწერები „თავისუფლება ორლოვს“. საბოლოოდ, 1986 წელს, ე.წ. გაგანია პერესტროიკის პერიოდში, იური ორლოვს ამერიკაში დაჭერილ საბჭოთა აგენტში გაცვლიან. ემიგრაციის წლებს ორლოვი კორნელის უნივერსიტეტში გაატარებს, სადაც ის სიცოცხლის ბოლომდე მუშაობდა.

10 წლის წინ, მეორე მსოფლიო ომის ვეტერანებზე წიგნის წერისას, ინტერვიუ ჩავწერე ამ ლეგენდარულ პიროვნებასთან, რომლის მოკლე ვარიანტსაც დღეს რადიო თავისუფლების მკითხველს ვთავაზობ.

როგორც სოლჟენიცინი ამტკიცებდა თავის ავტობიოგრაფიულ ნაწარმოებში, რომ არა მისი დაპატიმრება 1945 წელს, ის ჩვეულებრივი საბჭოთა მწერალი გახდებოდა... მე როგორც ვიცი, თქვენ დაპატიმრებამდე ბევრად ადრედახიეთ“ Homo Sovieticus-ის სამოსი...

არა, მეც კარგა დიდხანს ვიყავი Homo Sovieticus-, სულ ცოტა 1956 წლამდე. ისე, ბავშვობაში როცა ვკითხულობდი წიგნებს საბჭოთა სამოთხეზე, იყო დეტალები, რომლებიც მაოცებდა. მაგალითად, მახსოვს ერთი წიგნი, რომელშიც საუბარი იყო კომკავშირელი ბიჭუნას ცხვირსახოცზე. ეპიზოდმა ცხვირსახოცზე ძალიან გამაკვირვა, ვინაიდან ცხოვრებაში არ მენახა ცხვირსახოცი... როდესაც გერმანია საბჭოთა კავშირს თავს დაესხა, მე ცხრა კლასი მქონდა დამთავრებული. ეგრევე გავქანდი სამხედრო კომენდატურაში და ფრონტზე წასვლა მოვითხოვე. როცა იქ უარი მივიღე, თვით მარშალ ვოროშილოვს მივწერე წერილი და როგორც კომკავშირელმა ფრონტზე გაშვება ვთხოვე! თუმცა არ მგონია, რომ ჩემი წადილი კომკავშირელობით იყო გამოწვეული - წმინდა პატრიოტიზმის მუხტიც დიდი იყო. ჩემს იმდროინდელ მდგომარეობას უფრო პეტია როსტოვს შევადარებდი (საუბარია ტოლსტოის რომანომი და მშვიდობისპერსონაჟზე - ..)

ფრონტზე გაწვევამდე თქვენ არანაკლებ მძიმე ადგილას ხვდებით - ნიჟნი ტაგილში, ქარხანაში, სადაც ტანკ T-34-ს აწყობდნენ...

ეს იყო ხარკოვიდან ევაკუირებული ქარხანა N°183. მე იქ 1941 წლის ნოემბერში მოვხვდი. კვირაში 6 დღის განმავლობაში 12 საათს, ხოლო ერთი დღე 18 საათს ვმუშაობდით. თავიდან ქარხანა ღია ცის ქვეშ იყო. მე სამჭედლო საამქროში ვმუშაობდი და ტანკის შემაერთებელ ძელებს ვამზადებდი. დღეში 120 ცალს - 30 ტანკისათვის. როდესაც ქარხანა გადახურეს, მაშინ უფრო ასატანი გახდა იქ მუშაობა. ქარხნის გადახურვის მერე მე ღამეც იქვე ვიძინებდი. მართალია, საამქროში მუშაობა 24 საათს გრძელდებოდა, მაგრამ ხმაური არ მაწუხებდა, მშვენივრად მეძინა სითბოში.

1943 წლის ზაფხულში თქვენ ფრონტზე გაგიწვევენ და უკრაინიდან დაწყებული ბრძოლა-ბრძოლით გაიკვლევთ გზას ჩეხოსლოვაკიამდე. გრიგორი პომერანცი, რომელმაც დაახლოებით იგივე საბრძოლო გზა გაიარა, მიყვებოდა წითელარმიელების მიერ ქალების მასობრივ გაუპატიურებაზე პრუსიაში. სხვათა შორის, ის ომის ბოლოს პრაღაშიც მოხვდა და, მისი გადმოცემით, ქალების გაუპატიურებას იშვიათად, მაგრამ იქაც ჰქონდა ადგილი...

გრიგორი პომერანცისგან განსხვავებით მე არტილერისტი ვიყავი. თან ჩვენი პოლკი სტალინის სტავკის რეზერვში იყო. სტავკის რეზერვის არტილერისტები კი ელიტურ შენაერთებად ითვლებოდნენ. და მართლაც, იქ საშუალოზე მაღალი კულტურისა და განათლების ხალხი მსახურობდა. ასე რომ, ჩვენ ნაწილებში კრიმინალს ადგილი არ ჰქონდა. თუმცა სხვა ნაწილების ჯარისკაცებისგან მესმოდა ასეთი ისტორიები.

თქვენ ომი ჩეხეთში, პრაღასთან ახლოს დაამთავრეთ. პრაღა კი ძირითადად ვლასოველების მიერ იქნა განთავისუფლებული. იცოდით მაშინ ამ ფაქტის შესახებ ან ის, თუ ვინ იყო გენერალი ვლასოვი?

არა, რა თქმა უნდა, წარმოდგენა არ მქონდა არც ვლასოვზე და არც ვლასოველების როლზე პრაღის განთავისუფლებაში. ისე, დღეს ბევრი ვლასოვის იდეალიზებას ცდილობს. მე კი მის ადგილას სხვანაირად მოვიქცეოდი... თუმცა მე ამას ვერ ვიტყვი ვლასოველებზე, მის უბრალო ჯარისკაცებზე: მათთვის ვლასოვის ნაწილში ჩაწერა ერთადერთ ხსნას წარმოადგენდა - ტყვეობაში დარჩენა ხომ მათ გარდაუვალ სიკვდილს უქადდა?! ასე რომ, მათ ვერ გაამტყუნებ.

როგორ შეხვდა ჩეხეთის მოსახლეობა წითელ არმიას?

ძალიან კარგად. ყველა ნაზდარ, ნაზდარ“-ით გვეგებოდა (ჩეხური მისალმება - რედ.). თუმცა ამას ვერ ვიტყვით ვერც უნგრეთზე და ვერც პოლონეთზე. 1946 წელს, როდესაც საბჭოთა კავშირში ვბრუნდებოდით, პოლონეთის ერთ-ერთ სადგურზე მოხუცი ქალი კატინის ჯალათებს გვეძახდა. თუმცა მე არც კატინზე გამეგო არაფერი. შემდეგ, როცა ჩვენ დასავლეთ უკრაინის ტერიტორიაზე მოვხვდით, მატარებელი უკრაინელი ნაციონალისტების ორმხრივ ცეცხლში მოყვა. არავინ არ დაჭრილა მაშინ, თუმცა ფაქტმა, რომ 1946 წელს, საბჭოთა კავშირის ტერიტორიაზე, წითელარმიელებით დატვირთულ მატარებელს ტყვიამფრქვევების ცეცხლს უშენდნენ - ძალიან გაგვაკვირვა.

მართალია, ჩვენი ინტერვიუ თქვენი ომის გამოცდილებას ეხება, მაგრამ მაინც უნდა გკითხოთ: როგორ მოგივიდათ ჰელსინკის ჯგუფის დაარსების იდეა?

არა, მართალი არაა, რომ მარტო მე მომივიდა ეს იდეა. რამდენიმე დისიდენტი - ტოლია შჩარანსკი, ანდრეი ამალრიკი და მე - ერთად მივედით ამ აზრამდე.

გრიგორი პომერანცი მიყვებოდა, თუ რამდენად ადვილი აღმოჩნდა გმირობა ომში და რამდენად ძნელი ომის მერე, .. სამოქალაქო ფრონტზე...

აჰ ამაზე მეც ბევრი მიფიქრია... როგორც იოსიფ ბროდსკიმ გენიალურად დაწერა ჩვენ შესახებ - смело входили в чужие столицы, но возвращались в страхе в свою... („მამაცურად შედიოდნენ უცხო დედაქალაქებში, მაგრამ შიშით ბრუნდებოდნენ საკუთარში...“)

ჩამოტვირთე მეტი

ბლოგერები

ყველა ბლოგერი
XS
SM
MD
LG