Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

როგორ მოვხარშოთ მაკარონი II: გემოთა თამაშები - დამწყები კულინარის რჩევები დამწყებ კულინარებს 5


ხალხი ღელავს. შფოთავენ - დამწყებმა კულინარმა მაკარონი გვაყიდინა და რა ვუყოთ ეგრევე აღარ გვითხრაო. რას გვალოდინებსო. ეგეც მყავდეს ჯორჯ არ არ მარტინიო. ვინიცობაა უკვე გადასაგდებია ჩვენი მამასისხლად ნაყიდი რიგატონიო.

ჯერ ერთი, პასტა არ ფუჭდება. უფრო სწორად, რაღაც დროს ხარისხს ალბათ დაკარგავს, მაგრამ როდის, ზუსტად არავინ იცის. მინიმუმ 2 წელი წესით არაფერი უნდა დაემართოს.

მაგრამ, ისე, მართალია ხალხი. აგე, მსოფლიოში ბილგეიცის გამოგონილი პანდემია მძვინვარებს. არჩევნები მოდის. რავი, ტეხასში ტვინისმჭამელი ამება გამოჩენილა. ამას კიდე უყველიანმაკარონობა უნდა დაემატოს?

ნოუ ყველიანმაკარონ, ნოუ ფის!

დღეს შევძლებთ შეუძლებელს. დავლაშქრავთ დაულაშქრავს. მოვხარშავთ მაკარონს! ყველით!

იაააააა!

დავიწყოთ! ჯერ, თუ წინა სერია არ წაგიკითხავს, იმას გაეცანი. მერე, კარადიდან გამოიღე პასტა, მაცივრიდან - ყველი და ლუდი. მარილიც მოიძიე, და სადმე სიახლოვეში დადე. მოზრდილი ქვაბი გაავსე წყლით თითქმის ბოლომდე (პასტისთვის ადგილი დატოვე) და ჯოჯოხეთის ცეცხლი შეუნთე, დროზე რომ ადუღდეს.

"ნიკომ მაკარონის მეორე სერია გამოსცა? ვახ, მეც უნდა ავჩქარდე" - განუცხადა ჯორჯ მარტინმა ჟურნალისტებს
"ნიკომ მაკარონის მეორე სერია გამოსცა? ვახ, მეც უნდა ავჩქარდე" - განუცხადა ჯორჯ მარტინმა ჟურნალისტებს

ვიდრე წყალი დუღდება

პირველ რიგში, აი, რა უნდა ქნა - ლუდი გახსენი, მესამედი მოსვი და წარსულში დაშვებულ შეცდომებზე დაფიქრდი. ეს აუცილებელი ნაბიჯია. ამის გარეშე საჭმელი არ კეთდება.

ახლა, სახეხი გამოიღე, ყველი რომ გავხეხოთ.

აჰ, სახეხი არ გქონია? ეგრეც ვიცოდი. რას ვიზამთ. ფინიტა ლა კომედია. მორჩა კინო. ჩაიშალა თამაში.

ჰაჰა. მართლა კი არა. სახეხის გარეშეც იოლას გავალთ.

შეგიძლია ყველი წვრილ კუბიკებად დაჭრა. ან, კიდევ უკეთესი, თუ საკმარისად რბილია, ბარემ ხელით დაჭყლიტე. თან შეგიძლია გაერთო - წარმოიდგინე, ვითომ ნაცარქექია ხარ. დევს მიაძახე: „შე ბრიყვო და ბაბაყუროო“ - ეგრე წერია ზღაპარში. თან დაფიქრდი, ერთმანეთს ბაბაყურს რატომ აღარ ვეძახით? ბევრი გვაქვს უკეთესი სიტყვა?

უფ, რას დაჭყლეტდა ამას ეხლა კაცი ხელით! ბაბაყურებო, გვიფრთხილდით!
უფ, რას დაჭყლეტდა ამას ეხლა კაცი ხელით! ბაბაყურებო, გვიფრთხილდით!

წყალი ადუღდა, ეხლა რა ვქნა?

ადუღებულ წყალში ჩაყარე ბლომად მარილი. ანუ, ერთი-ორი პატარა ჩხუკი კი არა - აი, ბლოომად. ვთქვათ, ერთი სუფრის კოვზი. თუ ისევ თამაშის სახიასთზე ხარ, შეგიძლია "მარილის აკვნობანა" ითამაშო. ერთი ცალი პასტა ქვაბში ჩააგდო და წვრილი ხმით, ვითომ ის ლაპარაკობს თქვა: "ვაიმე, ფრუნზეს ვეღარ ვნახავ. წითელარმიელებო, მიშველეთ!" მერე ლუდი მოსვი და ცრემლები მოიწმინდე. ეჰ, მაგ მოთხრობაზე ყველას გვიტირია. (არ გინდა დაგუგლვა. აქვე გეყვი. როდიონ ქორქიაა ავტორი.)

ჰოდა, ბლომად მარილი... ეგ არის აუცილებელი. მაგის გარეშე უგემური გამოვა. საქმე იმაშია, რომ თავად მაკარონსაც უნდა გემო, რომელსაც, მოგეხსენებათ, მარილი ხსნის. ჰოდა, მოხარშულს მერე ზედ ვერ მოაყრი და წყლიდან უნდა შეიწოვოს. ვითომ არაფერი, მაგრამ საბოლოოდ ძალიან დიდ გავლენას ახდენს.

ვიდრე ქვაბში პასტას ჩაყრიდე, შეფუთვას დახედე. ზედ აწერია, რამდენი წუთი უნდა იხარშოს. ეგ დაიმახსოვრე. ყუთი გადააგდე, მაგრამ ღრმად არ ჩამარხო. ცოტა ხანში დაგავიწყდება, რამდენი წუთი ეწერა და ისევ ამოიღებ. მერე ისევ გადააგდებ და ასე...

მაგ დროის დაცვა მნიშვნელოვანია. ეხლა რაშია საქმე - წესით პასტას ხარშავენ al dente. ანუ, ცოტა სიმაგრე უნდა ჰქონდეს დარჩენილი. ერთი იმიტომ, რომ იმას მერე კიდევ სოუსს უშვები და ხარშვას აგრძელებს. მეორე იმიტომ, რომ ჩახარშული პასტა ყველა კულტურას სძაგს.

სწორედ ამიტომ ჯობია, რომ ცოტა მაინც ნორმალური ბრენდი იყიდო. იაფიანი მაკარონები ალ დენტე არ გამოდის - ერთ წამში ფლავდება. ცოტა უკეთესი კი 2-3 წუთსაც გაპატიებს და არ ჩაცომდება. ისე კი, ჯობია არ გამოსცადო და შეფუთვაზე რაც აწერია ზუსტად იმდენ ხანს ხარშო.

თუმცა, ეგ უფრო იმისთვის, პასტასთან ურთიერთობის სწორი უნარ-ჩვევები რომ გამოიმუშავო. ჩვენ რასაც ვაკეთებთ, ის ჩახარშულიც იჭმევა.

"უმარილო მაკარონი უგემური მაკარონია" - ტონი მონტანა
"უმარილო მაკარონი უგემური მაკარონია" - ტონი მონტანა

რა ვქნათ, ერთმანეთს რომ არ მიეკრას

ინტერნეტში სხვადასხვა რჩევებს შეხვდებით, რა უნდა ვქნათ, მაკარონი ერთმანეთს რომ არ მიეკრას. რომ, აი, ქვაბში, მარილთან ერთად ზეთი დავამატოთ, ან მოხარშვის მერე ცივი წყალი გადავავლოთ.

აი, ამ ბლოგში, ძირითადად ვცდილობთ ხოლმე იმის ხაზგასმას, რომ როგორც გსიამოვნებს, ისე ჯობს და ყველაფერი მოსულა და ყველას თავისი გზა აქვს ცხოვრებაში და არავის საქმეში არ ვერევი მე და ეგეთები. მაგრამ, გეხვეწებით, გემუდარებით, გეაჯებით, ეგ არ გააკეთოთ. და საერთოდ, ვინც მაგას გირჩევთ, სხვა არაფერი დაუჯეროთ.

ეს იმიტომ, რომ...

მოიცა, არა! ბოდიში. სიტყვა უკან მიმაქვს. „სხვა არაფერი დაუჯეროთ“-ზე მაქვს ლაპარაკი. ვინ იცის, სხვა რამდენი კარგი რამე იცის იმ ადამიანმა? რატომ გადავუსვით ხაზი? ეგ კონკრეტული რამე არ უნდა დავიჯეროთ.

მოკლედ, პასტის მთელი მუღამია, რომ ზედ უნდა მიიკრას სოუსი და არ უნდა მიიკრას სხვა მაკარონი. თუ ცივ წყალს გადავავლებთ ან ზეთში ამოვთხრვით, ზედაპირიდან სახამებელი მოშორდება და ერთმანეთს მართლაც აღარ მიეკრობა, მაგრამ აღარც სხვას არაფერს მიიწებებს. პასტა ცალკე ისლიპინებს, ჩვენ ძვირფას ყველს კი ხელმოსაჭიდი არაფერი ექნება და ქვაბის ძირზე დაილექება სევდიანად და ეულად. ცივი წყლის გადავლება მარტო მაშინაა მისაღები, თუ პასტის სალათს აკეთებ. მაგას კი ალბათ არასოდეს მოამზადებ - საქართველოში კაციშვილი არ შემხვედრია მაგის მოყვარული.

აბა, როგორ ვქნათ რომ არ მიიკრას? ქვაბში ბლომად წყალი უნდა იყოს, ადუღება ვაცალოთ და ჩაყრის შემდეგ მალევე რამდენჯერმე უნდა ამოვურიოთ. აქედან ყველაზე მთავარი დროზე ამორევაა. დანარჩენი ორი კი დღემდე სამეცნიერო კვლევების და დებატების საგანია (არა, მართლა. ექსპერიმენტები დადგეს და ბევრი წყალიც არ უნდა და ძაან დუღილიცო, ამბობენ. თუმცა, ჩვენ მაინც ბლომად წყალი ჩავასხათ და ძაან ვადუღოთ. რა იციან მეცნიერებმა?)

აბა, ძველი თაობის ხალხი რატომ ავლებს ცივ წყალს? ეჭვი მაქვს, საბჭოთა მაკარონი ცუდი იყო. ალ დენტე კი არა, წყალი რომ არ გადაგესხა, ეგრევე ცომის გორგლად იქცეოდა.

სამაგიეროდ, საბჭოთა პროდუქტებს ფასი ჰქონდა კარგი!
სამაგიეროდ, საბჭოთა პროდუქტებს ფასი ჰქონდა კარგი!

კაი, ადუღდა, ეხლა?

პირველ რიგში ჭიქით ან რამით ცოტა წყალი ამოიღე და შეინახე. პასტის ანადუღარი წყალი სახამებლიანია და მერე, უკან რომ ჩააბრუნებ, უფრო კრემისებრ კონსისტენციას აძლევს სოუსს. ეხლა, ყველიან მაკარონში ეგ ძალიანაც არ გვჭირდება, მაგრამ ხელს ნამდვილად არაფერს შეუშლის, რთული საქმე არაა და ბარემ მაგის ჩვევაც გამოვიმუშაოთ.

ეხლა, თუ რატომღაც სახლში გაქვს თუშფალანგი, იგივე დურშლაგი, იგივე საწური, აი, ნახვრეტებიანი ჯამი რომაა, სწორედ ახლაა მისი გამოყენების დრო. მთელი ქვაბი შიგნით ჩავაქციოთ და წყალნი ნახვრეტებში წავლენ და წამოვლენ და პასტანი დარჩებიან.

თუმცა, რა საჭირო იყო ამის დაწერა? ცხადია, რომ ეგ საწური ჯამი არა გაქვს, ამიტომ, ქვაბის სახურავი ცოტა მოაღრიჭოე და წყალი გადააქციე.

(არაფერთან არაფერ შუაშია, მაგრამ ადრე ტელევიზორში გადიოდა ქვაბ „პასტა იტალიანოს“ რეკლამა. აი იმის, საჩუქრად რომ ყველის სახეხი კონტეინერი მოჰყვებოდა. ჰოდა, გეხვეწები მაგ ვიდეოს შემიხედე და მეექვზე წამზე მამის და შვილების საქციელს დააკვირდი - მამა საათზე ხელს იდებს, სადაა ამდენ ხანს ჩემი საჭმელიო. იმის ნაცვლად, რომ, რავი, მივიდეს და ორ კარგა მოზრდილ მუტრუკთან ერთად ცოლს დაეხმაროს. ეგეთს ცეცხლი და ნავთი უნდა აჭამო!)

ქვაბი ძაალიან დაბალ ცეცხლზე დააბრუნე და ლუდი მოსვი. ქვაბში ცოტა კარაქი ჩააგდე. იმ ჩვენი გაჭყლეტილი ყველის მესამედი ჩაყარე და ამოურიე. ის გადანახული წყალი ჩაასხი და კიდევ ამოურიე. ყველის მეორე ნაწილიც მიეცი და ერთხელაც ამოურიე. მორჩა. გაზი გამორთე და დარჩენილი ყველი ზემოდან მოაყარე - ლამაზად რომ დაადნეს.

რატომ ასე, ნაწილ-ნაწილ? იდეაში იმიტომ, რომ ერთბაშად როცა ყრი, შეიძლება ქვაბში ყველის კოშტების სეპარატისტული ანკლავები გაჩნდეს. ასე კი წესით უფრო თანაბრად განაწილდება.

მორჩა, ეგაა. შენი პირველი კერძი მზადაა.

ყველიანი მაკარონის ხიბლი ისიცაა, რომ როგორც გინდა, ისე შეჭამ. შეგიძლია სოსისი მოხარშო (ეგ, თუ არ იცი, ასე ხდება. წყალს ადუღებ, სოსისს დებ შიგნით და ცოტა ხანში ამოიღებ) და გვერდით მიუდო. შეგიძლია დაგეზაროს და ისე ჭამო. წესით უარაფროდაც გემრიელია, მაგრამ, თუ გინდა, კეტჩუპი მოასხი. ან, რავი, მაიონეზი.

არავინ განგსჯის.

  • 16x9 Image

    ნიკო ნერგაძე

    ჟურნალისტი, ბლოგერი, პოდკასტერი; გადაცემების „ნიკო ნერგაძე vs“ და „განკითხვის დღე“ თანაავტორი; 2016 წლიდან "ნიკოს პოდკასტის" ავტორი. რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2006 წლიდან.

ბლოგერები

ყველა ბლოგერი
XS
SM
MD
LG