Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბლოგები

ამ ამბიდან დაახლოებით 15 წელია გასული. ინგლისში ვიყავი. უფრო ზუსტად, ჩრდილოეთ ინგლისში, იორკშირის საგრაფოს დედაქალაქში - იორკში. ამას იმიტომ აღვნიშნავ, რომ რაც უფრო ჩრდილოეთით ცხოვრობენ ბრიტანელები, მით უფრო მძაფრად აქვთ განვითარებული საკუთარი თვითკმარობის გრძნობა. ისინი ქედმაღლურად უყურებენ ლონდონელებს და მათდამი ისეთი დამოკიდებულება აქვთ, როგორიც შიძლება ჰქონდეთ მაჩოებს ქალაჩუნებისადმი. ლონდონელები კი ჩრდილოელებს პროვინციელებად მიიჩნევენ და მათ მიმართ ანეგდოტებს არ იშურებენ. მაგალითად, საქართველოში მომუშავე ლონდონელები “თელასის” პირველ შეფზე მსუბუქი ღიმილით ამბობდნენ: “ააჰ... მაიკლ სკოული, - ეგ ხომ იორკშირელია, იცით, იქ ზამთარშიც კი ღია ფანჯრებით სძინავთ.”

მოკლედ, იორკის უნივერსიტეტის სტაჟირების ერთ-ერთი კურსის გამოსაშვებ ბანკეტზე ვარ. დიდ დარბაზში, 80-მდე ადამიანი 10 მაგიდაზე ვართ განაწილებული. მაგიდები და სკამები დანომრილია, ანუ უნდა დაჯდე იქ, სადაც განსაზღვრულია და არა იქ, სადაც მოგინდება.

არ ვიცი, რა კრიტერიუმებით ისარგებლეს ბანკეტის ორგანიზატორებმა, მაგრამ ადგილი, სადაც მოვხვდი, არანაირი მაჩვენებლით არ შემეფერებოდა: ჩემი კურსის 22 სტუდენტიდან არც ერთი არ მოხვდა ჩემ მაგიდაზე; ასევე, არც ერთი ლექტორი, რომლებთანაც ძალიან მეგობრული ურთიერთობა გვქონდა; არც ასაკობრივი შემადგენლობით გამიმართლა და არც სტატუსით: მაგიდის ყველა წევრი ჩემი მშობლების თაობას მიეკუთვნებოდა და უნივერსიტეტის ადმინისტრაციის მაღალჩინოსნებისა და მათი მეუღლეებისგან შედგებოდა.

ჩვენგან განსხვავებით, ყველა სხვა მაგიდა მხიარულობდა. იქიდან სიცილ-ხარხარი მესმოდა, ჩვენ კი ამინდზე ვსაუბრობდით. სხვა გზა არ მქონდა, დაახლოებით საათნახევარი უნდა გამეძლო, სანამ საღამოს ოფიციალური ნაწილი მორჩებოდა.
ვხელმძღვანელობდი რა მწერალ ჯორჯ მიკეშის პოპულარული გამოთქმით, რომლის მიხედვითაც კონტინენტზე კარგ სუფრას შლიან, ხოლო ბრიტანეთში სუფრაზე ქცევის მანერები აქვთ კარგი, დროდადრო ხელოვნური ღიმილით და ინტერესით ვერთვებოდი ჩემთვის არცთუ საინტერესო საუბარში. ნელ-ნელა გავარკვიე, რომ ტყუილად მეშინოდა და ეს არც ისე მოსაწყენი საზოგადოება ყოფილა. მალე ისიც აღმოვაჩინე, რომ მათი მეგობრული ხუმრობების მთავარი ობიექტი ჩემს გვერდით მჯდომი მოხუცი იყო, ხოლო ამ უწყინარი ხუმრობების მთავარი თემა - მისი შოტლანდიური წარმოშობა.

ბანკეტი დასასრულისკენ მიდიოდა, რომ გადავწყვიტე, გამომეჩინა ერთი უნარი, რომელსაც ინგლისელები ძალიან აფასებენ და რომელსაც მათ ენაზე to keep a conversation ჰქვია. აქ დაახლოებით ის იგულისხმება, რომ, საზოგადოებაში ყოფნისას, უნდა შეგეძლოს საუბარში აყოლა, სუფრაზე მოულოდნელად გამეფებული უხერხული დუმილის გაქარვება.

ბევრი რომ არ გავაგრძელო, მოხუც შოტლალნდიელს მივუბრუნდი და ისეთი რამ ვკითხე, რაც მის გარეშეც კარგად ვიცოდი, თუმცა ამით საშუალება მივეცი სუფრის წევრების გამორჩეული ყურადღება დაემსახურებინა.

ჩემმა შეკითხვამ - ორ დღეში სამშობლოში ვბრუნდები და მამაჩემს საჩუქრად რომელი ვისკი წავუღო-მეთქი - შოტლანდიელი ძალიან გაახარა. გაბადრულმა, უზომოდ ბევრი ილაპარაკა, ამიტომ აქ თეზისების სახით მოგაწვდით მის ნათქვამს: ძალიან სწორი გადაწყვეტილება მიიღე, რომ რჩევისათვის მე მომმართე, რადგან შოტლანდიელი ვარ, ვისკი კი შოტლანდიური სასმელია და მისი ყიდვა სადმე სხვაგან, განსაკუთრებით კი ინგლისში, დიდი სისულელეა; ის უნდა იყიდო შოტლანდიაში, თანაც არა მაღაზიაში, რადგან იქ გაყიდული, მთელ მსოფლიოში რეკლამირებული ბრენდები, ნამდვილი ვისკის სუროგატია; შოტლანდიაში კი, დაბა ობანთან არის ერთი სოფელი (სახელს ვერ ვიხსენებ), სადაც ჰაერი გაჟღენთილია ატლანტიკის, ხოლო მიწა - ტორფის სურნელით; ჰოდა, ნამდვილი ვისკი თუ გინდა, სწორედ იქ უნდა იყიდო ამა და ამ კაცისგან.

არც იმ კაცის სახელი მახსოვს, მაგრამ ჩემთვის მიხო დავარქვი, რადგან მოხუცი შოტლანდიელის მიამიტობამდე გულისამაჩუყებელი მონოლოგის დროს წარმოვიდგინე, თუ რა პასუხს გასცემდა კახელი გლეხი ინგლისელი ტურისტის შეკითხვას - აქ ღვინო სად ვიყიდოო. და, საერთოდ, იმ შოტლანდიელის სიტყვებში იყო რაღაც, ძალიან ქართული.

დაახლოებით ანალოგიური ემოციები გამიჩინა ამ ამბიდან მალე, უკვე თბილისში, პორტუგალიელი მეგობრის გულისტკივილმა. ჩემს ბინაში ორნი ვუსხედით სუფრას. ვსადილობდით, მსუბუქად ვსვამდით და ჩვენს ქვეყნებზე ვსაუბრობდით. საუბრის ტონი რომ წარმოიდგინოთ, ერთ ეპიზოდს გავიხსენებ: ჩემს სიტყვებზე - რა გაქვს სალაპარაკო, პორტუგალია ხომ დასავლეთ ევროპის ყველაზე ღარიბი ქვეყანაა-მეთქი, რამოშმა აუღელვებლად მიპასუხა - საქართველო კი უფრო ღარიბი რეგიონის, აღმოსავლეთ ევროპის ყველაზე ღარიბი ქვეყანააო. მერე ჩვენი დიდი მეზობლები, რუსეთი და ესპანეთი გავიხსენეთ.

ასეთი განწყობის ფონზე, რამოშმა მოულოდნელად მოიწყინა, ჩემკენ გადმოიხარა, ხმას დაუწია და მითხრა: “იცი, პორტუგალიის მთავარი პრობლემა რა არის? ყველა ჩვენი მთავარი მდინარე ესპანეთში იწყება და ესპანელები, სჭირდებათ ეს თუ არა, მაქსიმალურად აშენებენ ამ მდინარეებზე კაშხლებს და დამბებს, რომ ჩვენთან რაც შეიძლება ნაკლებმა წყალმა ჩამოაღწიოს.”

თავიდან ვიფიქრე, დათვრა-მეთქი, მაგრამ მერე გამახსენდა, რომ ისიც პატარა ქვეყნის შვილი იყო.
„ავი და კარგი გარჩევით, ვხედავ, რომ ახლოს მიწყვია,
მინდა და სწავლის სიმოკლით ცალ-ცალკე ვერ გამიყვია.“

დავით გურამიშვილი


ისევ პოლიტიკაზე ვწერ. ისევ ოპოზიციაზე. ისევ იმ გაუგებრობაზე, რომელსაც საქართველოს მოქალაქეები შორიდან ვადევნებთ თვალყურს უკვე რამდენიმე კვირაა.

ამ გაუგებრობას ორი მთავარი და ბევრი არამთავარი პერსონაჟი ჰყავს. მთავარი პერსონაჟები ირაკლი ალასანია და ლევან გაჩეჩილაძე არიან, არამთავრებზე დღეს არაფერს ვიტყვი.

ბოლო დღეებში ჟურნალისტებმა ამ ჩვენს მთავარ პერსონაჟებს უამრავს პლუს ერთი შეკითხვა დაუსვეს, მათგანაც უამრავს პლუს ერთი პასუხი მიიღეს და ბურუსი კი ვერ გაფანტეს. არადა, დრამატურგია ორად ორ ადამიანს შორის ვითარდება და ძალიან მარტივი ღერძი აქვს: ან ირალი ალასანია იქნება პირველი, ან ლევან გაჩეჩილაძე იქნება პირველი, ან ირაკლი ალასანია და ლევან გაჩეჩილაძე – ორივე ერთად – იქნებიან პირველები. სულ ეს არის.

ახლა ოდნავ ღრმად ჩავყვეთ და ბურუსის გაფანტვა ვცადოთ. თუ ორივე პირველი იქნება, ორივე წააგებს. ამიტომ, ორივეს უნდა, თვითონ იყოს პირველი, მხოლოდ და მხოლოდ თვითონ. ერთი და განუმეორებელი პირველი. ესეც მარტივია.

როდესაც ალასანია გაჩეჩილაძესთან წავიდა – ჯერ მარჯანიშვილის თეატრში და შემდეგ ჭადრაკის სასახლეში – ეგონა, იმაზე სალაპარაკოდ მიდიოდა, რომ მე პირველი ვიქნები და შენ მეორე იყავიო. იქ კი უთხრეს – მოდი, შენ იყავი მეორე და ლევანი პირველი იქნებაო. ვერ შეთანხმდნენ და ირაკლი შინ დაბრუნდა.

ახლა ღია ტექსტით ვთქვათ, რით ამართლებენ თავის პირველობას ჩვენი ამბის მთავარი პერსონაჟები. ირაკლი ალასანია ამბობს, რომ იგი გამოცხადებული პირველია და ამ ამბავს დიდი ხნის წინ აქვს წერტილი დასმული. მას უნდოდა, რომ ოპოზიციას ერთი ლიდერი ჰყოლოდა, ამისთვის ყველაფერი ცადა, მაგრამ არაფერი გამოუვიდა. ამიტომ, დაასრულა მცდელობები და საარჩევნო კამპანია დაიწყო.

ლევან გაჩეჩილაძე ამბობს, რომ მასაც გამარჯვება მხოლოდ და მხოლოდ ერთი კანდიდატით წარმოუდგენია. მაგრამ იმ კანდიდატმა სიმტკიცე და ბრძოლის ჟინი უნდა აჩვენოს; გამარჯვების რწმენა უნდა ჩაუსახოს საზოგადოებას. საზოგადოების ძარღვებში სისხლის აქტიური მოძრაობა კი ლევან გაჩეჩილაძეს ერთხელ უგრძვნია – ჭადრაკის სასახლეში – იქ, სადაც ირაკლი ალასანიას არწმუნებდნენ, შენ მეორე იყავი და ლევანი პირველი იქნებაო. იმის შემდეგ პროცესი დამდოვრებულა და, როგორც ლევან გაჩეჩილაძე ამბობს, მას – „არაერთხელ გამარჯვებულს“ – აღარ უნდა, მხარი წაგებისთვის განწირულ კანდიდატს (ესე იგი, ალასანიას) დაუჭიროს.

გამოდის, ალასანია გაჩეჩილაძეს ეუბნება – მე უკვე დამასახელეს და პირველი მე ვარ, შენ თუ გინდა, მხარი დამიჭირეო. გაჩეჩილაძე კი ალასანიას ეუბნება – შენ კოჭებში გეტყობა, რომ ამ ბრძოლის მომგები არ ხარ, მე კი წარსულშიც მომიგია და მომავალშიც მოვიგებო.

სინამდვილეში, წაგების შემთხვევაში, ალასანია მეტს კარგავს, რადგან მისი კარიერა აღმავალია, გაჩეჩილაძის კი – დაღმავალი. ამიტომ, შესაძლოა, გაჩეჩილაძე ფიქრობდეს, რომ თუ თავის კანდიდატურას ოფიციალურად დააყენებს, მაშინ ალასანია ასპროცენტიან დამარცხებას უკანდახევას ამჯობინებს და, საბოლოოდ, ერთადერთი ლიდერი სწორედ გაჩეჩილაძე აღმოჩნდება. ესე იგი, შესაძლოა, გაჩეჩილაძე და მისი მეგობრები ფიქრობენ, რომ რაც ალასანიამ ნებით არ დათმო, ის გარემოების ძალით დაათმობინონ.

ალასანია კი, თავის მხრივ, შესაძლოა, იმის იმედად იყოს, რომ მას რეალურად უფრო მაღალი რეიტინგი აქვს, ვიდრე გაჩეჩილაძეს. ამიტომ, თუკი ალასანიას არჩევნებში გასამარჯვებლად ის ხმები დააკლდება, რასაც გაჩეჩილაძე წაართმევს, მაშინ გაჩეჩილაძის საქციელს გამართლება არავის თვალში აღარ ექნება. ამიტომ, ალასანიას ფიქრებში, შესაძლოა, ლევანი ვერ ბედავდეს ასეთ რისკზე წასვლას და თავისი რეპუტაციის სამუდამოდ დასამარებას.

ბოლო ორ აბზაცში ის აღვწერე, რაც მე ვიფიქრე და არ ვიცი, ალასანია და გაჩეჩილაძე რას ფიქრობენ. ისინი ყოყმანობენ და მე ვცადე, ამ ყოყმანის მოტივი თქვენთვის ისე წარმომედგინა, როგორც მე წარმომიდგენია.

ჩემთვის სრულიად გასაგებია, რომ არც ერთს – ორი მთავარი პერსონაჟიდან – დათმობა არ უნდა. მაგრამ ორივე წონის და ზომავს, როგორ გახდეს უალტერნატივო ლიდერი ისე, რომ ჩვენს თვალშიც ცუდი ადამიანი არ გამოჩნდეს.

ერთი შეხედვით, საკმარისია, გაჩეჩილაძე ასპარეზს გაეცალოს – და ყველაფერი დალაგდება. მეორე შეხედვით – ალასანიაც ისეთ ძლიერ ნაბიჯებს ვერ დგამს, რომ თავის ოპონენტს არ ათქმევინოს: შეხედეთ, ეგ რისი მომგებია?! აგერ ვარ და მიმიშვით ღუმელთანო!

ამ პოლიტიკურ მომენტს, რომელსაც სხვები „გაუგებრობას“ უწოდებენ, მე „გასაგებრობა“ დავარქვი, რადგან ყველაზე მთავარი ჩემთვის ცხადზე ცხადია: დღევანდელი ვითარებიდან გამომდინარე, უნდა ველოდოთ, რომ ორივე ლიდერი – ალასანიაც და გაჩეჩილაძეც – მერობის კანდიდატი იქნება. და ორივე წააგებს. ჩვენ კი, უკვე დღეს, გამოცხადებული წაგების ქრონიკის უშუალო მოწმეები და მონაწილეები ვართ.

ჩვენი ბლოგის ძვირფასო მკითხველებო, თუ ჩემ მიერ აღწერილი ფაბულა არ მოგწონთ, მაშინ, ბრძანეთ, რისი შეცვლაა ჯერ კიდევ შესაძლებელი ამ პესიმისტურ სცენარში.

ჩამოტვირთე მეტი

ბლოგერები

ყველა ბლოგერი
XS
SM
MD
LG