Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სამშობლო


ამ ამბიდან დაახლოებით 15 წელია გასული. ინგლისში ვიყავი. უფრო ზუსტად, ჩრდილოეთ ინგლისში, იორკშირის საგრაფოს დედაქალაქში - იორკში. ამას იმიტომ აღვნიშნავ, რომ რაც უფრო ჩრდილოეთით ცხოვრობენ ბრიტანელები, მით უფრო მძაფრად აქვთ განვითარებული საკუთარი თვითკმარობის გრძნობა. ისინი ქედმაღლურად უყურებენ ლონდონელებს და მათდამი ისეთი დამოკიდებულება აქვთ, როგორიც შიძლება ჰქონდეთ მაჩოებს ქალაჩუნებისადმი. ლონდონელები კი ჩრდილოელებს პროვინციელებად მიიჩნევენ და მათ მიმართ ანეგდოტებს არ იშურებენ. მაგალითად, საქართველოში მომუშავე ლონდონელები “თელასის” პირველ შეფზე მსუბუქი ღიმილით ამბობდნენ: “ააჰ... მაიკლ სკოული, - ეგ ხომ იორკშირელია, იცით, იქ ზამთარშიც კი ღია ფანჯრებით სძინავთ.”

მოკლედ, იორკის უნივერსიტეტის სტაჟირების ერთ-ერთი კურსის გამოსაშვებ ბანკეტზე ვარ. დიდ დარბაზში, 80-მდე ადამიანი 10 მაგიდაზე ვართ განაწილებული. მაგიდები და სკამები დანომრილია, ანუ უნდა დაჯდე იქ, სადაც განსაზღვრულია და არა იქ, სადაც მოგინდება.

არ ვიცი, რა კრიტერიუმებით ისარგებლეს ბანკეტის ორგანიზატორებმა, მაგრამ ადგილი, სადაც მოვხვდი, არანაირი მაჩვენებლით არ შემეფერებოდა: ჩემი კურსის 22 სტუდენტიდან არც ერთი არ მოხვდა ჩემ მაგიდაზე; ასევე, არც ერთი ლექტორი, რომლებთანაც ძალიან მეგობრული ურთიერთობა გვქონდა; არც ასაკობრივი შემადგენლობით გამიმართლა და არც სტატუსით: მაგიდის ყველა წევრი ჩემი მშობლების თაობას მიეკუთვნებოდა და უნივერსიტეტის ადმინისტრაციის მაღალჩინოსნებისა და მათი მეუღლეებისგან შედგებოდა.

ჩვენგან განსხვავებით, ყველა სხვა მაგიდა მხიარულობდა. იქიდან სიცილ-ხარხარი მესმოდა, ჩვენ კი ამინდზე ვსაუბრობდით. სხვა გზა არ მქონდა, დაახლოებით საათნახევარი უნდა გამეძლო, სანამ საღამოს ოფიციალური ნაწილი მორჩებოდა.
ვხელმძღვანელობდი რა მწერალ ჯორჯ მიკეშის პოპულარული გამოთქმით, რომლის მიხედვითაც კონტინენტზე კარგ სუფრას შლიან, ხოლო ბრიტანეთში სუფრაზე ქცევის მანერები აქვთ კარგი, დროდადრო ხელოვნური ღიმილით და ინტერესით ვერთვებოდი ჩემთვის არცთუ საინტერესო საუბარში. ნელ-ნელა გავარკვიე, რომ ტყუილად მეშინოდა და ეს არც ისე მოსაწყენი საზოგადოება ყოფილა. მალე ისიც აღმოვაჩინე, რომ მათი მეგობრული ხუმრობების მთავარი ობიექტი ჩემს გვერდით მჯდომი მოხუცი იყო, ხოლო ამ უწყინარი ხუმრობების მთავარი თემა - მისი შოტლანდიური წარმოშობა.

ბანკეტი დასასრულისკენ მიდიოდა, რომ გადავწყვიტე, გამომეჩინა ერთი უნარი, რომელსაც ინგლისელები ძალიან აფასებენ და რომელსაც მათ ენაზე to keep a conversation ჰქვია. აქ დაახლოებით ის იგულისხმება, რომ, საზოგადოებაში ყოფნისას, უნდა შეგეძლოს საუბარში აყოლა, სუფრაზე მოულოდნელად გამეფებული უხერხული დუმილის გაქარვება.

ბევრი რომ არ გავაგრძელო, მოხუც შოტლალნდიელს მივუბრუნდი და ისეთი რამ ვკითხე, რაც მის გარეშეც კარგად ვიცოდი, თუმცა ამით საშუალება მივეცი სუფრის წევრების გამორჩეული ყურადღება დაემსახურებინა.

ჩემმა შეკითხვამ - ორ დღეში სამშობლოში ვბრუნდები და მამაჩემს საჩუქრად რომელი ვისკი წავუღო-მეთქი - შოტლანდიელი ძალიან გაახარა. გაბადრულმა, უზომოდ ბევრი ილაპარაკა, ამიტომ აქ თეზისების სახით მოგაწვდით მის ნათქვამს: ძალიან სწორი გადაწყვეტილება მიიღე, რომ რჩევისათვის მე მომმართე, რადგან შოტლანდიელი ვარ, ვისკი კი შოტლანდიური სასმელია და მისი ყიდვა სადმე სხვაგან, განსაკუთრებით კი ინგლისში, დიდი სისულელეა; ის უნდა იყიდო შოტლანდიაში, თანაც არა მაღაზიაში, რადგან იქ გაყიდული, მთელ მსოფლიოში რეკლამირებული ბრენდები, ნამდვილი ვისკის სუროგატია; შოტლანდიაში კი, დაბა ობანთან არის ერთი სოფელი (სახელს ვერ ვიხსენებ), სადაც ჰაერი გაჟღენთილია ატლანტიკის, ხოლო მიწა - ტორფის სურნელით; ჰოდა, ნამდვილი ვისკი თუ გინდა, სწორედ იქ უნდა იყიდო ამა და ამ კაცისგან.

არც იმ კაცის სახელი მახსოვს, მაგრამ ჩემთვის მიხო დავარქვი, რადგან მოხუცი შოტლანდიელის მიამიტობამდე გულისამაჩუყებელი მონოლოგის დროს წარმოვიდგინე, თუ რა პასუხს გასცემდა კახელი გლეხი ინგლისელი ტურისტის შეკითხვას - აქ ღვინო სად ვიყიდოო. და, საერთოდ, იმ შოტლანდიელის სიტყვებში იყო რაღაც, ძალიან ქართული.

დაახლოებით ანალოგიური ემოციები გამიჩინა ამ ამბიდან მალე, უკვე თბილისში, პორტუგალიელი მეგობრის გულისტკივილმა. ჩემს ბინაში ორნი ვუსხედით სუფრას. ვსადილობდით, მსუბუქად ვსვამდით და ჩვენს ქვეყნებზე ვსაუბრობდით. საუბრის ტონი რომ წარმოიდგინოთ, ერთ ეპიზოდს გავიხსენებ: ჩემს სიტყვებზე - რა გაქვს სალაპარაკო, პორტუგალია ხომ დასავლეთ ევროპის ყველაზე ღარიბი ქვეყანაა-მეთქი, რამოშმა აუღელვებლად მიპასუხა - საქართველო კი უფრო ღარიბი რეგიონის, აღმოსავლეთ ევროპის ყველაზე ღარიბი ქვეყანააო. მერე ჩვენი დიდი მეზობლები, რუსეთი და ესპანეთი გავიხსენეთ.

ასეთი განწყობის ფონზე, რამოშმა მოულოდნელად მოიწყინა, ჩემკენ გადმოიხარა, ხმას დაუწია და მითხრა: “იცი, პორტუგალიის მთავარი პრობლემა რა არის? ყველა ჩვენი მთავარი მდინარე ესპანეთში იწყება და ესპანელები, სჭირდებათ ეს თუ არა, მაქსიმალურად აშენებენ ამ მდინარეებზე კაშხლებს და დამბებს, რომ ჩვენთან რაც შეიძლება ნაკლებმა წყალმა ჩამოაღწიოს.”

თავიდან ვიფიქრე, დათვრა-მეთქი, მაგრამ მერე გამახსენდა, რომ ისიც პატარა ქვეყნის შვილი იყო.

ბლოგერები

ყველა ბლოგერი
XS
SM
MD
LG