Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბლოგები

Sorry! No content for 31 მარტი. See content from before

ორშაბათი, 29 მარტი 2010

ჩემი დღევანდელი ბლოგი ცოტათი უცნაურია. ასეთი, რამდენადაც მახსოვს, ჯერ არასდროს დამიწერია. სტილისტიკურად სრულიად განსხვავდება ყველა დანარჩენისგან, იმიტომ, რომ, ჯერ ერთი, ჟანრის შესავალივითაა, რომელიც ჩვენში შედარებით ახალი ხილია და, მეორე, იმიტომ, რომ ბლოგის ბოლოს ერთ საინტერესო ახალ ამბავს ვაანონსებ.

სათაურიდანაც ჩანს, რომ ლიტერატურის ეს უცნაური ჟანრი ”ღვინის მწერლობაა”. იგი ძალიან ძველიცაა და ახალიც. მიუხედავად იმისა, რომ ღვინის ჟურნალისტიკას, ღვინის მწერლობას, ისეთს, როგორსაც ჩვენ ვიცნობთ, სულ რაღაც 2-3 ათეული წლის ისტორია აქვს, ღვინის პირველი დახასიათებები პირველ ლიტერატურულ ნაწარმოებებშივე გვხვდება. ანუ ღვინის მწერლობა ლამის მწერლობასთან ერთად იშვა.

გაგახსენებთ ჰომეროსს, რომელიც ხშირად ახსენებს ხოლმე ამა თუ იმ ადგილწარმოშობის ღვინოს და ახასიათებს მას. ვიცით, რომ ტროას ალყის დროს აქაველებს ლემნოსიდან შემოჰქონდათ ღვინო, ტროელები კი ძირითადად ფრიგიულ ღვინოს ურტყამდნენ. ღვინოს ახსენებდა ჰესიოდეც, შემდეგ, უკვე ტრაგიკოსები, პოეტები, ანტიკური ხანის ისტორიკოსები, სანამ ლიტერატურის ამ სახეობამ განსაკუთრებულ მწვერვალებს მიაღწია პლინიუსთან და ათენეუსთან, რომელთაც უზარმაზარი წიგნები უძღვნეს ღვინოს, და ზოგადად ნადიმის კულტურას.

ასეთი რამ, რა თქმა უნდა, ქართულ ტრადიციაშიც არსებობს. გვაქვს ისტორიული ცნობებიც ამა თუ იმ ღვინის გემოვნურ თვისებებზეც (ბოლნური, ხორნაბუჯული, ატენური და მრ. სხვ.), თუმცა ღვინოზე წერას საქართველოში საფუძველი მაინც ილია ჭავჭავაძემ ჩაუყარა. იგი ძალზე საინტერესო სტატიებს წერდა ღვინის ბაზარზე, ღვინით ვაჭრობაზე, მევენახეობაზე, მეღვინეობაზე, ღვინის შენახვაზე თუ მოხმარების წესზე. ერთი სიტყვით, ყველა პრობლემას შეეხო, ნიადაგმცოდნეობით დაწყებული, ტექნოლოგიითა და დეგუსტაციით დამთავრებული, ღვინო და მედიცინა... ილია ბევრს აკრიტიკებდა, ბევრი კარგი ტენდენციის დანერგვას თუ გაძლიერებას შეუწყო ხელი, სრულად ფლობდა მონაცემებს მის თანამედროვე მეღვინეობაზე, იწერდა მაშინდელ გამოცემებსა და ა.შ.

მოგვიანებით, ღვინოზე მწერალთა მთელი თაობა წამოვიდა საქართველოში, ერმილე ნაკაშიძიდან დაწყებული - ივანე ჯავახიშვილით დამთავრებული, რომლებიც აღწერითი თუ ისტორიული კუთხით იკვლევდნენ საკითხს. საბჭოთა პერიოდშიც ბევრი წერდა ღვინოზე, ამპელოგრაფები, მეღვინეები თუ ისტორიკოსები, ასევე ეთნოგრაფები, მწერლები. მათგან ბევრი დღესაც ძალიან აქტიურად წერს.

* * *
90-იანი წლების ბოლოს, შეიძლება ითქვას, ახალი ქართული ღვინის დაბადების პერიოდი დადგა. ამ დროს გაჩნდა პირველი ქართული თანამედროვე საწარმოები, რომლებიც ევროპული ყაიდის ღვინოს აწარმოებდნენ, ახალ ფილოსოფიას აღიარებდნენ და მომხმარებელს სთავაზობდნენ, უკანასკნელი 20 წლის მანძილზე ქართულ მეღვინეობაში შექმნილი ტრაგიკული სიტუაცია სწორედ მათი, იმ დროისთვის ნოვატორული ღვინოებით ჩაენაცვლებინათ. რამდენი წელიწადში დიდ საწარმოებს მცირე მარნებმაც აუბეს მხარი, ასპარეზს დაუბრუნდნენ ტრადიციული, ნატურალური ქართული მეღვინეობის წარმომადგენლებიც და მიუხედავად მსოფლმხედველობრივი დაპირისპირებისა ერთმანეთთან, ყველამ, ინდუსტრიული მეღვინეობის წარმომადგენლებმაც და ნატურალური მეღვინეობის მიმდევრებმაც, შექმნეს ერთი დიდი ოჯახი, რომელიც სამომავლოდ, იმედი მაქვს, უფრო შეთანხმებულად და ერთიანად იმოქმედებს, რომელიც შედეგს მოუტანს პირველ რიგში მთლიანად ქართულ ღვინოს და არა რომელიღაც კონკრეტულ კომპანიას. არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ კონკრეტული კომპანია შეიძლება წარმავალი იყოს, ქართული ღვინო კი, როგორც რაღაც ერთიანი ღირებულება, ყველა ამ კომპანიას გაცილებით მეტ შანსს მისცემს თავის დამკვიდრებისთვის. აი სწორედ აქ ჩნდება თანამედროვე ქართული ღვინის მწერლობის (რომელიც ჯერ მხოლოდ ფეხს იდგამს) მთავარი ინტენცია, რომელიც ერთი მხრივ შუამავალიც იქნება მომხმარებელსა და მწარმოებლებს შორის, მეორე მხრივ კი სიმართლეზე დაყრდნობილი მართალი კრიტიკით დაიცავს ქართული ღვინის ღირსებას.

ღვინის კრიტიკა უზარმაზარ საქმეს აკეთებს თანამედროვე მსოფლიოში, როგორც ძველ სამყაროში (საფრანგეთი, იტალია, ესპანეთი, გერმანია და ა.შ.), ისე ახალ სამყაროში (სამხრეთი აფრიკა, არგენტინა, აშშ, ავსტრალია, ახალი ზელანდია, ჩილე...). რა თქმა უნდა, ხშირად გვხვდება ე.წ. ”გარიგებული კრიტიკაც”, როცა გარკვეულ საფასურად ხდება ამა თუ იმ პროდუქტის მიჩეჩება (ეს განსაკუთრებით იტალიელებს ეხებათ, თუმცა ამგვარი მექანიზმი ყველგან ძალიან პოპულარულია), მაგრამ მთლიანობაში ღვინის კრიტიკის არსი ძალიან ნათლად გამოჩნდა თანამედროვე მსოფლიოში: მან უნდა დაიცვას მეღვინეც, მომხმარებელიც და ქვეყნის ინტერესებიც. მეღვინე კრიტიკოსისგანაც სწავლობს და პირიქით, კრიტიკოსი აუარება რამეს გებულობს მეღვინეებისგან. ძალზე არასწორად იქცევა ყველა ის მეღვინე, რომელიც არავის აზრს არ ითვალისწინებს. სწორედ ამიტომაცაა ასეთ ტრაგიკურ მდგომარეობაში ქართული მეღვინეობა, რომ კომპანიების უმრავლესობა 1) ვერ ხედავს თავის მომხმარებელს და 2) ვერ ახერხებს მომხმარებლის აღზრდას. ქართულმა ღვინის კრიტიკამ, ღვინის მწერლობამ, ღვინის ჟურნალისტიკამ ზუსტად ეს საქმე უნდა გააკეთოს. ყველაფერს თავის სახელი უნდა დაარქვას, შექმნას საპოლემიკო ველი, სადაც ოპონენტები ცივად კი არ დაშორდებიან ერთმანეთს, არამედ შეთანხმდებიან.

2006 წელს მე და ჩემმა მეგობრებმა, გაზეთ ”24 საათიდან” და სხვა გამოცემებიდან, ასევე თავისუფალმა ავტორებმა, გადავწყიტეთ ქართული ღვინის მწერლობის კერა შეგვექმნა, გაზეთს ”მარანი” დავარქვით და 2 წლის განმავლობაში გამოვცემდით. იმავე პრეიოდში დაიწყო გამოსვლა გაზეთმა ”ქვევრმაც”, რომელსაც დავით თამარაშვილი რედაქტორობდა. ეს ის პერიოდი იყო, როცა ქართულ მეღვინეობას ყველაზე მეტად უჭირდა, ყველა დაბნეული იყო და ჩვენი ამ გამოცემებით გაჩნდა გარკვეული იმედები, რომ რუსეთზე ორიენტირებული ქართული მეღვინეობა ბოლოს და ბოლოს შემობრუნდებოდა თავისი ხალხისკენ და რომ ისინი ერთხელ და სამუდამოდ ჩაიქნევდნენ ხელს იმ დამღუპველ და გულგრილ ბაზარზე, როგორიც რუსეთის იყო. სამწუხაროდ, ამ იმედებს 2008 წლის აგვისტოში დაესვა წერტილი და ჩვენ 2 წლის განმავლობაში სხვა საშუალებების ცდა დავიწყეთ. 2008 წელს შევქმენით საიტი, უფრო სწორად კი ბლოგი ”მარანი”, რომელსაც დღეს vinoge.com ჰქვია და თავისი ფორუმიც აქვს და ზუსტად ორი წელია, ღვინით დაინტერესებული ადამიანების თავშეყრის მთავარ ინტერნეტ-სივრცეს წარმოადგენს საქართველოში. სწორედ ამ ბლოგისა და ფორუმის ბაზაზე შეიქმნა ერთი წლის წინ ”ღვინის კლუბიც”, რომელმაც უკვე რეალური (და არა ვირტუალური) ურთიერთობებისთვის შექმნა საფუძვლები, ყოველკვირეული სხდომებითა და სემინარებით, დეგუსტაციებით, ინფორმაციების გარცელებითა და საგანმანათლებლო პროგრამებით.

დღეს ”ღვინის კლუბისთვის”, ვფიქრობ, უმნიშვნელოვანესი მომენტი დადგა, რადგან 2 აპრილიდან გაზეთი ”24 საათი” და ”ღვინის კლუბი” ერთობლივ პროექტს იწყებენ. დაწყებას პირობითად ვამბობ, ეს უფრო გაგრძელებაა, აღდგენა, რადგან საუბარია გაზეთ ”მარანზე”, რომელიც ორწლიანი პაუზის შემდეგ კვლავ გამოვა და ამჯერად ქართველ მეღვინეებსა და მომხმარებლებს ყოველთვიურის ნაცვლად, ექნებათ ყოველკვირეული, 8-გვერდიანი გაზეთი, რომელიც დამატების სახით ჩაიდება Weekend-ში, ”24 საათის” საკვირაო ნომერში (Weekend-ი პარასკეობით გამოვა).

ბლოგის დასაწყისში სწორედ ამ ”ანონსს” ვგულისხმობდი, რადგან იმაზე, რაზეც ანონსში ვსაუბრობდი, ვფიქრობ, გარკვეულწილად ”ქართული ღვინის მწერლობის” მომავალიც იქნება დამოკიდებული და, შესაბამისად, ქართული ღვინის მომავალიც. ნუთუ არა ვართ ღვინის სამშობლო იმის ღირსი, რომ საკუთარი ღვინის მწერლებიც გვყავდეს? განათლებული, საქმეში ჩახედული ადამიანები, რომლებიც დაზღვეული იქნებიათ ყალბი პატრიოტული ვნებებისგანაც, სახელისუფლებო, ოპოზიციური თუ სხვა ცდუნებებისგან და მხოლოდ ორ რამეზე იზრუნებენ: ქართულ ღვინოზე და იმ ადამიანებზე, ვისაც ეს ღვინო მართლა უყვარს.
„როცა სიბნელე ირგვლივ სრულია,
ნიშნავს, რომ ღამის დასასრულია“
კოტე ყუბანეიშვილი

ვიცი, რომ უკვე ყველას მობეზრდა 13 მარტს ტელეკომპანია „იმედის“ ეთერით გასულ რეპორტაჟზე საუბარი. ამ რეპორტაჟიდან მხოლოდ სიტყვა „მოდელირებული“ შემოგვრჩა, რომელიც აქტიურად იმკვიდრებს თავს თბილისელების ლექსიკონში, მაგალითად, ასეთ კონტექსტში: „შენ ცოტა მოდელირებული ხომ არა ხარ?!“

თუმცა, აქვე ვიტყვი, რომ ამ მობეზრებულ სიუჟეტთან დაკავშირებით, თითქმის არც ერთ შეკითხვაზე დღემდე დამაჯერებელი პასუხი არ მიგვიღია. არ ვიცით მოტივი, არ ვიცით დამკვეთი, არ ვიცით მიზანი და არც შედეგი. არადა, სწორედ შედეგზე მინდა, დავწერო. თანაც, რაკი პრეზიდენტზე მომიწევს საუბარი, რომლის კავშირი სიუჟეტთან დოკუმენტურად დაუდასტურებელია, ბარემ განვმარტავ, რომ ამ სტატიას საფუძვლად მხოლოდ ჩემი პირადი მოსაზრებები უდევს.

* * *

წარმოუდგენელია, ამ რეპორტაჟის დამგეგმავ და მის მომზადებაში ჩართულ ადამიანებს ის შედეგი გაეთვალათ, რაც, ჩემი აზრით, მიიღეს: 2008 წლის 8 აგვისტოს რუსეთთან დაწყებულ რეალურ ომს 2010 წლის 13 მარტს მოდელირებული ომით დაესვა წერტილი. ამ დღეს განცდილი ემოციური შოკის შემდეგ ჩვენ, როგორც ქვეყანამ, გავაცნობიერეთ ის, რაც ნამდვილი ომის შემდეგ ბოლომდე არ გვჯეროდა: საქართველოს ხელისუფლებამ ომი წააგო. მან პასუხი უნდა აგოს.

ბევრმა მიაქცია ყურადღება იმ ფაქტს, რომ როგორც ქართული, ისე უცხოური საზოგადოების მხრიდან ზუსტად ახლა კეთდება ის შეფასებები, რაც, წესით, აგვისტოს ომის შემდეგ უნდა გაკეთებულიყო. ახლა ტრიალებს ჰაერში ის ღრუბლები, რომლებიც ხუთდღიანი ომის წამგები მთავარსარდლის თავზე ჯერ კიდევ 18 თვის წინ უნდა შეკრებილიყო. დავამატებ: რეალობის აღქმა, რაც ნამდვილი ომის შემდეგ დაიშალა და უმისამართოდ გაიბნა, საწყის წერტილს სწორედ იმიტირებულმა ომმა დაუბრუნა. შოკის შემდეგ ფოკუსი ერთბაშად გასწორდა და მივხვდით – ბოლო გადასატანი გადავიტანეთ. უსახელო სიმძიმე, რაც წელიწადნახევრის განმავლობაში სასტიკად გვაწვალებდა და ცხოვრების საშუალებას არ გვაძლევდა, სახელდებულია: ომთან თამაში სიგიჟეა. ეს სიგიჟე, ბოლოს და ბოლოს, დასრულდა და დაიწყო პასუხისმგებლობის საკითხის განხილვა.

ერთია ამერიკის შეერთებული შტატების, დიდი ბრიტანეთისა და საფრანგეთის ელჩების საპროტესტო განცხადებები; მეორეა ევროპული და ამერიკული საგაზეთო სტატიები თუ ტელესიუჟეტები, სადაც პირდაპირ ან ირიბად არის მინიშნებული ის პასუხისმგებლობა, რაც ჟურნალისტების კომპეტენციას სცილდება. ბევრგან მოურიდებლად არის ნათქვამი, რომ ტელეკომპანია „იმედს“ პრეზიდენტ სააკაშვილთან დაახლოებული პირი მართავს. უცხოელები სიუჟეტს უწოდებენ არა „უსიამოვნოს“ – როგორც მას საქართველოს პრეზიდენტმა უწოდა – არამედ, „უპასუხისმგებლოს“.

მთავარი მაინც ქართული საზოგადოებაა, რომელიც სიუჟეტის შემდეგ ორ რადიკალურ ნაწილად გაიყო. ერთი ნაწილის აზრით, ისევ ტელემაყურებლის ბრალია, თუ მან ტყუილი და მართალი ერთმანეთისგან ვერ გაარჩია და თავი პანიკაში ჩაიგდო. მეორე ნაწილი კი პრეზიდენტის ფსიქიკურ ჯანმრთელობას აყენებს კითხვის ნიშნის ქვეშ. მიხეილ სააკაშვილის ესა თუ ის გამონათქვამი, ესა თუ ის ნაბიჯი არაერთგვაროვნად ბევრჯერ შეფასებულა, მაგრამ მის მიმართ საჯარო სივრცეში არასოდეს დასმულა იმგვარი „დიაგნოზები“, როგორიც „ქრონიკის“ სიუჟეტის შემდეგ დაისვა. და ბოლო წლების განმავლობაში პირველად ვხედავთ, რომ პრეზიდენტის მომხრეთა ჯგუფი შეუდარებლად მცირერიცხოვანია, ვიდრე – მისგან დაზაფრულების.

* * *

არავინ გაბედავდა ასეთ შეფასებებს შეთხზული სიუჟეტის გამო, მისი წინამორბედი რომ არ ყოფილიყო ხუთ დღეში წაგებული რეალური ომი; და არავინ აპირებდა იმ რეალური ომის გამო პასუხის მოთხოვნას, ომთან თამაში თავად ომის წამგებ პრეზიდენტს რომ არ წამოეწყო. რეალური და ვირტუალური ამბავი საბედისწეროდ გადაება ერთმანეთს, რათა დასრულებულიყო ის, რაც დაიწყო და შემდეგ ჰაერში გამოეკიდა განაჩენის მოლოდინში.

როდის და როგორ გაფორმდება ეს დასასრული, არ ვიცი. სულ ორი კვირის წინ მე თვითონ დავწერე სტატია დაკარგულ დროზე, როდესაც რეალობას მოწყვეტილ ადამიანებს ეჩქარებათ ცვლილებები და ჰგონიათ, რომ სააკაშვილის ხელისუფლება ორ-სამ დღეში დასრულდება. მე ასე არ მგონია, მაგრამ ცხადად ვგრძნობ, რომ საქართველომ რუსეთთან წაგებული ომი, როგორც იქნა, 13 მარტს დაასრულა.

არადა, ყველას გვახსოვს, როგორი გაძლიერებული გამოვიდა აგვისტოს ომიდან მიხეილ სააკაშვილი. პირველი შოკის შემდეგ მან მძლავრად აამუშავა პროპაგანდისტული მანქანა და საზოგადოების გარკვეული ნაწილი დაარწმუნა, რომ ომი არ წაგვიგია. ამას დაემატა უცხოეთის მხარდაჭერა, რაც, ბევრ სხვა ფაქტორთან ერთად, საქართველოს ხელისუფლებისთვის 4.5 მილიარდი დოლარის გადაცემაში გამოიხატა. 2009 წლის გაზაფხულზე დაიწყო ოპოზიციის საპროტესტო ტალღა, რომელსაც ხელისუფლება კარგად გაუმკლავდა. ამ ტალღის სამარცხვინო ფინალშიც, ცხადია, ხელისუფლების ხელი ერია. ოპოზიციის მარცხმა პრეზიდენტი და მისი გუნდი კიდევ მეტად გააძლიერა...

* * *

აი, ამ საზეიმო განწყობით მივიდა მიხეილ სააკაშვილი 13 მარტის „ქრონიკამდე“, რომელმაც ნახევარ საათში გაანულა მისი წელიწადნახევრიანი ძალისხმევა, რომ როგორმე ომი არ დაგვემთავრებინა, ესე იგი, არ გვეღიარებინა, რომ ის წავაგეთ. ახალი წლის დადგომამდე ორი წუთით ადრეც კი პრეზიდენტი მოგვიწოდებდა, ხელში იარაღი აგვეღო და გვებრძოლა. ახლა, როგორც იქნა, მთელი მსოფლიოს თვალწინ ომს წერტილი დავუსვით; ესე იგი, მოვიპოვეთ უფლება, რომ იარაღი დავდოთ და ქვეყანას მივხედოთ – თუკი შეგვიძლია.

ამიტომ, 13 მარტის შემდეგ ჩემთვის სრულიად რეალური მნიშვნელობით ჟღერს „იმედის“ საინფორმაციო პროგრამის დევიზი: „ქრონიკა – გაიგე სხვაზე ადრე!“

ჩამოტვირთე მეტი

ბლოგერები

ყველა ბლოგერი
XS
SM
MD
LG