Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბლოგები

სულ არ ვაპირებდი ბლოგის გაფუჭებას ”იმედის” გადაცემით. თანაც, ვიფიქრე, ”იანეთში” ისედაც იმსჯელებენ ამ თემაზე და რა აზრი აქვს მეთქი.

”ოსკარზე” დავიწყე წერა. ვცდილობდი ამეხსნა, რატომ გაიმარჯვა ობამას ამერიკაში სრულიად მეორადმა ”გამნაღმველმა” და ვერ გაიმარჯვა ასევე სრულიად მეორადმა ”ავატარმა”... დავწერე, რომ კინოს მოყვარულები, ვისაც თუნდაც 70-იან წლებში გადაღებული კენ ლოუჩის ფილმები უნახავს, უთუოდ დამეთანხმებიან; ამერიკის კინოაკადემიის მიერ საუკეთესოდ აღიარებული ”განმნაღველი” დღეს უკვე ხავსმოკიდებული კონიუქტურაა. აი, ”ავატარს” რაც შეეხება... აქ გამიჭირდა! ბლოგისთვის განკუთვნილი სივრცე არ აღმოჩნდა საკმარისი ”სამგანზომილებიანი კინოს” ისტორიის მოყოლისთვის, იმის ახსნისთვის, რომ სტერეოკინოს საფუძვლები ჯერ კიდევ დავით კაკაბაძემ მოამზადა, მერე ეიზენშტეინმა განავითარა და ბოლოს დაგვირგვინდა დისნეილენდით, სადაც სტერეოკინოს ეფექტი არაერთ ატრაქციონზე იქმნება. შედიხარ ბნელ დარბაზში, იკეთებ სათვალეს და გგონია, რომ ტანკი, ძმები ლიუმიერების მატარებელივით, გადმოვა ეკრანიდან და გადაგჭყლიტავს.

მახსოვს, როგორ წიოდა და კიოდა ჩემი 10 წლის ძმისშვილი, პირველად რომ წავიყვანე პარიზის დისნეილენდში, ასეთი ატრაქციონის სანახავად.

ჰოდა ვწერდი ”ავატარზე”, ძმები ლიუმიერების პირველ სეანსზე, ალფრედ ჰიჩკოკზე, რომელმაც თავისი ”სასპენსებით” პირველ რიგში თავის მშობლებზე იძია შური (ასე სასტიკად რომ დასაჯეს ბავშვობაში, ასე რომ შეაშინეს)... ქშიშტოფ კიშლოვსკიზე, რომლის ფილმს ”მოკლე ფილმი მკვლელობაზე” ჩემი ერთი ფრანგი მეგობარი და კოლეგა მარილინ ფელუსი ”ყველაზე ფაშისტურ ფილმს” უწოდებს კინოს ისტორიაში... ”როგორ ბედავს მაყურებლის მანიპულაციას? რა ვერ გაიაზრა თავისი ეს არასრულფასოვნების კომპლექსი და მესიანური ვნებები” - მოთხრა ერთხელ მარილინმა... და, რასაკვირველია, ორსონ უელსი, რომელიც ამ დღეებში არაერთხელ გავიხსენეთ. ვეჭვობ, მის შესახებ რაღაც იცოდა ”იმედის” ხელმძღვანელობამაც, როცა სკანდალური ”ქრონიკის” მომზადება დაიწყო. ყურში მესმის კიდეც, როგორ იტყოდნენ: ”აი, ორსონ უელსი რომ იყო... ასიათასობით ამერიკელი რომ შეაშინა და ქუჩაში გამოიყვანა. მას მერე გახდა სახელგანთქმული.”

სხვათა შორის, ორსონ უელსმა სახელი არა ამ აქციით, არამედ თავისი კინოდებიუტით, ”მოქალაქე კეინით” მოიპოვა. ისიც, ჯერ ევროპაში. კინოაკადემიამ, ”ავატარისა” არ იყოს, არც ამ სურათისთვის -დღესდღეობით ყველა დროისა და ხალხის საუკეთესო ფილმისთვის - გაიმეტა ”ოსკარი”. თუმცა მთავარი ეს არაა.

მთავარი ისაა, რომ ”სამგანზომილიან კინოზე”, ”ავატარზე”, ჰიჩკოკსა და უელსზე წერისას ვერაფრით დავხურე ეს ”ფეისბუკი”, ვერაფრით დავივიწყე ის, რაც მოხდა 13 მარტს ჩემი საყვარელი მეგობრის, დათო მელიქიშვილის დაბადების დღეზე. SMS-ი მომწერა, რას იტყვი ამ ნაძირლებზეო და მე - ყოველთვის რომ მაღიზიანებდა ეს ”კოლექტიური ვნებები” (სხვა დროს ამაზეც ვილაპარაკოთ ჩემო საყვარელო მკითხველო) - ვუპასუხე, მოსკოვში, კრემლში რომ დაეწყნენ ჩვენი პოლიტიკოსები, იმაზე რატომ არ გამოხატე პროტესტი მეთქი... მერე ვიღაცას ორსონ უელსი გავახსენე, ვიღაცას ”კვერცხების აქცია” დავუწუნე... გამაცოფა იმანაც, რომ ”რას ერჩოდნენ ხალხს?”... ამას მეუბნებოდნენ ისინი, ვისაც ასეთივე ვნებით ათასჯერ აქვს ჩემთვის ნათქვამი, რომ ისტერიული, მშიშარა, ორმაგი სტანდარტებით მოცული ქართველი ხალხი ვერასდროს იქცევა საზოგადოებად. მაგრამ ამ გაცოფებაში ჩემი მეგობრების მიმართ კითხვები არ გამჩენია; ყველა მოიქცა საკუთარი ტემპერამენტის, მრწამსის, გემოვნების მიხედვით. მე არავის ვავალდებულებ ჩემსავით ღიზიანდებოდეს ”პატიოსნების სადარაჯოზე” მდგარ მასებზე. და საერთოდ, ჩემგან განსხვავებულ ადამიანებთან მეგობრობა ძალიანაც მსიამოვნებს.

კითხვა ”რატომ?” მე მხოლოდ და მხოლოდ ამ მარაზმატული გადაცემის შემკვეთებისა და ავტორების მიმართ გამიჩნდა.

რას ელოდნენ ისინი ქართული საზოგადოებისგან? განა არ ახსოვდათ, რომ საზარელი ომის დასრულებიდან მხოლოდ წელიწადნახევარი გავიდა? უფრო მეტიც, ჩემი რწმენით, ეს ომი ჯერ არც დასრულებულა... და მისი დასრულება-არდასრულება ყოველ ჩვენგანზე, ჩვენს ფსიქოლოგიურ მდგომარეობაზე, ჩვენს გონებაზეა დამოკიდებული.

ელოდნენ თუ არა გადაცემის ავტორები ამ სურათს - გულგახეთქილ ქართულ საზოგადოებას, რომლის შესახებ, უკვე მერამდენედ გაიმეორებენ ახლა რუსები ”бежали робкие грузины“, სადღაც ევროპაში კი გაეცინებათ - რა ტელევიზიაა ასეთი, მთელი ქვეყანა რომ შეაშინაო?

დავიჯერო, ეს უნდოდათ?

და თუკი ”იმედს” ხელისუფლება აკონტროლებს, დავიჯერო, ეს უნდოდა საქართველოს ხელისუფლებას? უნდოდა ჩვენს ხალხზე ეთქვათ, როგორი გულუბყვილო ერი ყოფილა, როგორ ადვილად იმართება თურმეო?

რაში აწყობდა?

არც ორსონ უელსია პრობლემა და არც ჰიჩკოკი. იმათ არავინ ავალდებულებდა ”მასების” სიყვარულს. დასცინეს? მათი ნებაა. შექმნეს გენიალური ხელოვნება.

არც მე ვარ ვალდებული მიყვარდეს ”მასა”, რომელიც ჯერ გამსახურდიას აძლევს თავის ხმებს, სულ ცოტა ხანში კი მის ჩამომგდებს... რომელიც დიდი ხანია ზომბირებულია ქართული ტელეარხების უყვითლესი გადაცემებით, გაზეთებით, (სადაც ერთ გვერდზე ”რას გვეტყვი მამაოს” ნახავთ, მეორეზე კი სტატიას სათაურით ”როგორ გავიხანგრძლივოთ ერექცია?”)... რომელსაც მთელი დღე შეუძლია იმსჯელოს თემაზე, რა უთხრა ნანკას დოდო გუგეშაშვილმა და მაღაზიებში ”სამარხვო მწვადი” ეძებოს.

მაგრამ როგორ შეიძლება პოლიტიკოსი იყო, ხმებისთვის იბრძოდე და შენი ხალხი არ გიყვარდეს? როგორ შეიძლება ხელისუფლება იყო და გსიამოვნებდეს შენივე საზოგაადოების მანიპულაცია? დასცინოდე მას?

ძმებო, თუკი ჩემსავით არ გიყვართ ”მასები”, დარწმუნებული ხართ, რომ მასებისგან სიკეთე არასდროს მოდის, რაღა გინდათ პოლიტიკაში?

გადაიღეთ ”ბოროტი ფილმები”, წერეთ ბოროტი რეცენზიები, ლექსები... ბორდელებს ესტუმრეთ... სადმე სხვაგან დაიკმაყოფილეთ მანიპულაციის ეს ვნება, ოღონდ დაანებეთ თავი ამ პოლიტიკას, ტელევიზიებს, ჟურნალისტებს, რომლებიც ვეღარ უწევენ წინააღმდეგობას ამ მანიპულაციებს.

* * *

აქ, ვიფიქრე, ისევ ”ავატარს” დავუბრუნდები და იმის მტკიცებას დავიწყებ, რომ ობამას ამერიკაში ვერ გაიმარჯვებდა ფილმი-სათამაშო, ფილმი-ატრაქციონი, რომელიც ”თანაარსებობის ეფექტზეა” აგებული და გარკვეულწილად ართმევს მაყურებელს საკუთარ სივრცეს (როგორც ბრეხტი იტყოდა)... მაგრამ ისევ 13 მარტის ამბავი, ჩემი საყვარელი დათო მელიქიშვილი და აქციაზე, კვერცხებმომარჯვებული ნინია კაკაბაძე გამახსენდა.

რა მოჰყვება 13 მარტის ამბებს?

დადებითი ის იქნება, რომ ხალხი ტელევიზორის გადართვას ისწვლის ინფორმაციის შესამოწმებლად. მეტი ყურადღებით შეხედავს იმას, რასაც ტვ სთავაზობს და ცოტა იუმორსა და ირონიასაც ”მოიშველიებს”... ანდა საერთოდ აღარ ჩართავს ტელევიზორს. მე თუ მკითხავთ, ეს მთავარი მიღწევა იქნება.

მაგრამ ამ ამბავს ცუდიც ბევრი მოჰყვება. მთავარი ისაა, რომ ის საფრთხე, რომელიც, ჩემი ღრმა რწმენით, მართლაც ემუქრება ქვეყანას, ”ვირტუალურ ხატად” გადაიქცევა უამრავი ქართველის თავში... სამგანზომილებიან კინოსახედ, უფრო სწორად, ტელესახედ...

ხელისუფლებას ეს არ უნდა აწყობდეს. ამიტომ აუცილებლად უნდა დაუჭიროს მხარი იმ ხალხს, ვინც ამ ცრუსასპენსის ავტორთა დასჯას მოითხოვს.

და თუ ეს არ მოხდა, თუკი ხელისუფლება იყო მართლაც გადაცემის ავტორი... მაშინ უკვე ძალიან ცუდად ყოფილა საქმე... ეს უკვე დისნეილენდის ატრაქციონი აღარ იქნება!

უჰ... მგონი, ”იანეთის” ფუნქციებში შევიჭერი. მაპატიე, ია!
ამ ამბიდან დაახლოებით 15 წელია გასული. ინგლისში ვიყავი. უფრო ზუსტად, ჩრდილოეთ ინგლისში, იორკშირის საგრაფოს დედაქალაქში - იორკში. ამას იმიტომ აღვნიშნავ, რომ რაც უფრო ჩრდილოეთით ცხოვრობენ ბრიტანელები, მით უფრო მძაფრად აქვთ განვითარებული საკუთარი თვითკმარობის გრძნობა. ისინი ქედმაღლურად უყურებენ ლონდონელებს და მათდამი ისეთი დამოკიდებულება აქვთ, როგორიც შიძლება ჰქონდეთ მაჩოებს ქალაჩუნებისადმი. ლონდონელები კი ჩრდილოელებს პროვინციელებად მიიჩნევენ და მათ მიმართ ანეგდოტებს არ იშურებენ. მაგალითად, საქართველოში მომუშავე ლონდონელები “თელასის” პირველ შეფზე მსუბუქი ღიმილით ამბობდნენ: “ააჰ... მაიკლ სკოული, - ეგ ხომ იორკშირელია, იცით, იქ ზამთარშიც კი ღია ფანჯრებით სძინავთ.”

მოკლედ, იორკის უნივერსიტეტის სტაჟირების ერთ-ერთი კურსის გამოსაშვებ ბანკეტზე ვარ. დიდ დარბაზში, 80-მდე ადამიანი 10 მაგიდაზე ვართ განაწილებული. მაგიდები და სკამები დანომრილია, ანუ უნდა დაჯდე იქ, სადაც განსაზღვრულია და არა იქ, სადაც მოგინდება.

არ ვიცი, რა კრიტერიუმებით ისარგებლეს ბანკეტის ორგანიზატორებმა, მაგრამ ადგილი, სადაც მოვხვდი, არანაირი მაჩვენებლით არ შემეფერებოდა: ჩემი კურსის 22 სტუდენტიდან არც ერთი არ მოხვდა ჩემ მაგიდაზე; ასევე, არც ერთი ლექტორი, რომლებთანაც ძალიან მეგობრული ურთიერთობა გვქონდა; არც ასაკობრივი შემადგენლობით გამიმართლა და არც სტატუსით: მაგიდის ყველა წევრი ჩემი მშობლების თაობას მიეკუთვნებოდა და უნივერსიტეტის ადმინისტრაციის მაღალჩინოსნებისა და მათი მეუღლეებისგან შედგებოდა.

ჩვენგან განსხვავებით, ყველა სხვა მაგიდა მხიარულობდა. იქიდან სიცილ-ხარხარი მესმოდა, ჩვენ კი ამინდზე ვსაუბრობდით. სხვა გზა არ მქონდა, დაახლოებით საათნახევარი უნდა გამეძლო, სანამ საღამოს ოფიციალური ნაწილი მორჩებოდა.
ვხელმძღვანელობდი რა მწერალ ჯორჯ მიკეშის პოპულარული გამოთქმით, რომლის მიხედვითაც კონტინენტზე კარგ სუფრას შლიან, ხოლო ბრიტანეთში სუფრაზე ქცევის მანერები აქვთ კარგი, დროდადრო ხელოვნური ღიმილით და ინტერესით ვერთვებოდი ჩემთვის არცთუ საინტერესო საუბარში. ნელ-ნელა გავარკვიე, რომ ტყუილად მეშინოდა და ეს არც ისე მოსაწყენი საზოგადოება ყოფილა. მალე ისიც აღმოვაჩინე, რომ მათი მეგობრული ხუმრობების მთავარი ობიექტი ჩემს გვერდით მჯდომი მოხუცი იყო, ხოლო ამ უწყინარი ხუმრობების მთავარი თემა - მისი შოტლანდიური წარმოშობა.

ბანკეტი დასასრულისკენ მიდიოდა, რომ გადავწყვიტე, გამომეჩინა ერთი უნარი, რომელსაც ინგლისელები ძალიან აფასებენ და რომელსაც მათ ენაზე to keep a conversation ჰქვია. აქ დაახლოებით ის იგულისხმება, რომ, საზოგადოებაში ყოფნისას, უნდა შეგეძლოს საუბარში აყოლა, სუფრაზე მოულოდნელად გამეფებული უხერხული დუმილის გაქარვება.

ბევრი რომ არ გავაგრძელო, მოხუც შოტლალნდიელს მივუბრუნდი და ისეთი რამ ვკითხე, რაც მის გარეშეც კარგად ვიცოდი, თუმცა ამით საშუალება მივეცი სუფრის წევრების გამორჩეული ყურადღება დაემსახურებინა.

ჩემმა შეკითხვამ - ორ დღეში სამშობლოში ვბრუნდები და მამაჩემს საჩუქრად რომელი ვისკი წავუღო-მეთქი - შოტლანდიელი ძალიან გაახარა. გაბადრულმა, უზომოდ ბევრი ილაპარაკა, ამიტომ აქ თეზისების სახით მოგაწვდით მის ნათქვამს: ძალიან სწორი გადაწყვეტილება მიიღე, რომ რჩევისათვის მე მომმართე, რადგან შოტლანდიელი ვარ, ვისკი კი შოტლანდიური სასმელია და მისი ყიდვა სადმე სხვაგან, განსაკუთრებით კი ინგლისში, დიდი სისულელეა; ის უნდა იყიდო შოტლანდიაში, თანაც არა მაღაზიაში, რადგან იქ გაყიდული, მთელ მსოფლიოში რეკლამირებული ბრენდები, ნამდვილი ვისკის სუროგატია; შოტლანდიაში კი, დაბა ობანთან არის ერთი სოფელი (სახელს ვერ ვიხსენებ), სადაც ჰაერი გაჟღენთილია ატლანტიკის, ხოლო მიწა - ტორფის სურნელით; ჰოდა, ნამდვილი ვისკი თუ გინდა, სწორედ იქ უნდა იყიდო ამა და ამ კაცისგან.

არც იმ კაცის სახელი მახსოვს, მაგრამ ჩემთვის მიხო დავარქვი, რადგან მოხუცი შოტლანდიელის მიამიტობამდე გულისამაჩუყებელი მონოლოგის დროს წარმოვიდგინე, თუ რა პასუხს გასცემდა კახელი გლეხი ინგლისელი ტურისტის შეკითხვას - აქ ღვინო სად ვიყიდოო. და, საერთოდ, იმ შოტლანდიელის სიტყვებში იყო რაღაც, ძალიან ქართული.

დაახლოებით ანალოგიური ემოციები გამიჩინა ამ ამბიდან მალე, უკვე თბილისში, პორტუგალიელი მეგობრის გულისტკივილმა. ჩემს ბინაში ორნი ვუსხედით სუფრას. ვსადილობდით, მსუბუქად ვსვამდით და ჩვენს ქვეყნებზე ვსაუბრობდით. საუბრის ტონი რომ წარმოიდგინოთ, ერთ ეპიზოდს გავიხსენებ: ჩემს სიტყვებზე - რა გაქვს სალაპარაკო, პორტუგალია ხომ დასავლეთ ევროპის ყველაზე ღარიბი ქვეყანაა-მეთქი, რამოშმა აუღელვებლად მიპასუხა - საქართველო კი უფრო ღარიბი რეგიონის, აღმოსავლეთ ევროპის ყველაზე ღარიბი ქვეყანააო. მერე ჩვენი დიდი მეზობლები, რუსეთი და ესპანეთი გავიხსენეთ.

ასეთი განწყობის ფონზე, რამოშმა მოულოდნელად მოიწყინა, ჩემკენ გადმოიხარა, ხმას დაუწია და მითხრა: “იცი, პორტუგალიის მთავარი პრობლემა რა არის? ყველა ჩვენი მთავარი მდინარე ესპანეთში იწყება და ესპანელები, სჭირდებათ ეს თუ არა, მაქსიმალურად აშენებენ ამ მდინარეებზე კაშხლებს და დამბებს, რომ ჩვენთან რაც შეიძლება ნაკლებმა წყალმა ჩამოაღწიოს.”

თავიდან ვიფიქრე, დათვრა-მეთქი, მაგრამ მერე გამახსენდა, რომ ისიც პატარა ქვეყნის შვილი იყო.

ჩამოტვირთე მეტი

ბლოგერები

ყველა ბლოგერი
XS
SM
MD
LG