ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის ხელისუფლებამ ბოლო დღეებში საქართველოს დაკავებული მოქალაქეების შესახებ ინფორმაციის ინტენსიური გავრცელება დაიწყო. დე ფაქტო უშიშროების კომიტეტი ზაზა გახელაძისა და ხვიჩა მღებრიშვილის შესახებ სისხლის სამართლის საქმეების აღძვრის შესახებ იუწყება. დე ფაქტო უშიშროების კომიტეტი გახსნილად აცხადებს დაკავებული საქართველოს მოქალაქის, ზაზა გახელაძის, საქმეს. განცხადებაში ნახსენებია რუსეთის სისხლის სამართლის კოდექსის ორი მუხლის დარღვევა -„საზღვრის უკანონო გადაკვეთა“ და „სამხედრო მოსამსახურის სიცოცხლის ხელყოფა“.
სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო ხელისუფლება მიიჩნევს, რომ მაქსიმალური აჟიოტაჟის გამოწვევის მიზნით საქართველოს მთავრობა ფარისევლურად იყენებს ზაზა გახელაძის ოჯახის წევრებს იმით, რომ მათ განცხადებებს პოლიტიზებულ კონტექსტში აქვეყნებს.
ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის ე.წ. სამხედრო პროკურორმა, ტიგრან კაბულოვმა, საქართველოს მოქალაქე ზაზა გახელაძის საქმეზე ოსურ მედიას ინტერვიუ მისცა. მისი განცხადების თანახმად, გახელაძემ ე.წ. მესაზღვრეებს ცეცხლი გაუხსნა.
„გახელაძემ უკანონოდ გადაკვეთა საზღვარი და თან ჰქონდა თოფი. მესაზღვრეებმა ის შენიშნეს და შეჩერება უბრძანეს, გახელაძემ კი მიმალვა სცადა. მან ასევე გამოიყენა ცეცხლსასროლი იარაღი და ერთ-ერთი მესაზღვრის მიმართულებით, სულ მცირე, ხუთჯერ გაისროლა. ამის შემდეგ მესაზღვრეებმა საპასუხო ცეცხლი გახსნეს და საქართველოს მოქალაქე ფეხში დაჭრეს. ზაზა გახელაძე დაკავებულია და კარანტინში იმყოფება. მის წინააღმდეგ საქმე სამხედროს სიცოცხლის ხელყოფის მცდელობისა და სახელმწიფო საზღვრის უკანონო გადაკვეთის ბრალდებით აღიძრა“, - განაცხადა ე.წ. სამხედრო პროკურორმა.
11 ივლისს დე ფაქტო კაგებეს მიერ გავრცელებულ განცხადებაში ზაზა გახელაძის მიერ 8 გასროლის შესახებ იყო საუბარი, რუსეთის საგარეო უწყებამ ორი გასროლაც დაამატა, ახლა დე ფაქტო პროკურატურა უკვე 5 გასროლაზე ლაპარაკობს. ქვემოჭალელები კი აცხადებენ, რომ ზაზა გამოცდილი მონადირეა და მას სროლა რომ დაეწყო, საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებს არ ააცილებდა. გარდა ამისა, იმ დღით ზაზასთან ერთად მისი მეგობარი კობა ფარესაშვილიც იმყოფებოდა, რომელიც გზაზე ოდნავ ჩამორჩა. ფარესაშვილმა ერთი გასროლის ხმა გაიგონა და იქიდან გამოქცევა მოახერხა. ქვემოჭალელების თქმით, საქართველოს ხელისუფლების მიერ კონტროლირებულ ტერიტორიაზე ჩასაფრებულმა ე.წ. მესაზღვრეებმა ზაზას ერთხელ ესროლეს და ფეხში დაჭრეს.
დე ფაქტო ცხინვალის მიერ გამოთქმულ ბრალდებებს ზაზა გახელაძის ოჯახი არ ეთანხმება და პოლიტიკაში ჩართულობას გამორიცხავს.
„არანაირი ინფორმაცია არ გვაქვს. თუ შემთხვევით გადაკვეთა საოკუპაციო ხაზი, 5 გასროლას ვინ აპატიებდა?! თუ ჩემი შვილია დაჭრილი, იმათ როგორ არაფერი ეტკინათ და არავინ დაზარალდა? არავის ვუჩივი - არც ამ მთავრობას, არც მათ, გამოუშვან ჩემი შვილი. მთავრობას ვთხოვ, დაგვიდგნენ გვერდში და დამიბრუნდეს ჩემი შვილი. ნურც პოლიტიკაში გაგვრევენ და ნურაფერს დაგვაბრალებენ. პოლიტიკაში არ ვერევით, ჩვენი შრომით ვცხოვრობთ და ვჭამთ ერთ ლუკმა პურს და დაანებონ ჩემს შვილს თავი. თუ გადაკვეთა და დაარღვია, ხომ ისჯება ამისთვის და გადავიხდით, გირაოა თუ ჯარიმა. გამოუშვან, სხვა არაფერი გვინდა“, - აცხადებს გატაცებული ზაზა გახელაძის დედა, ნანა ბუნტური.
გატაცებული ზაზა გახელაძის ცოლს, ირმა ბუთხუზს, არ სჯერა, რომ ზაზა ადამიანს იარაღიდან ესროდა.
„მე არ მგონია, რომ ზაზას ადამიანისთვის იარაღი მიეშვირა და ესროლა. როგორც გავიგეთ, ერთი გასროლა იყო და ისიც თავისი მეგობრის გასაფრთხილებლად გაისროლა. იცის, რომ ისინი შეიარაღებულები არიან; იცის, რომ არ შეუძლია მათ წინააღმდეგ იარაღის გამოყენება. ზაზა არაა პირველი, ვინც გაიტაცეს და იცის, გადმოცემით, როგორც არიან გატაცებულები. ეს ბრალდებები ჩვენთვის მიუღებელია. ვართ ჩვეულებრივი ადამიანები და ველოდებით ხელისუფლებისგან დახმარებას“, - განაცხადა გატაცებული ზაზა გახელაძის ცოლმა, ირმა ბუთხუზმა.
დე ფაქტო ცხინვალის მიერ ზაზა გახელაძის მიმართ წაყენებულ ბრალდებებს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში გამოეხმაურნენ. უწყების ინფორმაციით, ეს ბრალდებები ყოველგვარ საფუძველს მოკლებული და არალეგიტიმურია.
„საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლებმა ცხელი ხაზის საშუალებით გაგვიზიარეს ინფორმაცია ზაზა გახელაძის უკანონო ბრალდებებთან დაკავშირებით. აღნიშნული ბრალდებები არის არალეგიტიმური და ყოველგვარ საფუძველს მოკლებული. საქართველოს ცენტრალური ხელისუფლება ცხელი ხაზის მეშვეობით აგრძელებს აქტიურ კომუნიკაციას. ამოქმედებულია ყველა საერთაშორისო ბერკეტი. პროცესში ჩართული არიან ჟენევის დისკუსიების თანათავმჯდომარეები და ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია. მიმდინარეობს აქტიური მუშაობა „ინციდენტების პრევენციისა და მასთზე რეაგირების მექანიზმის“ (IPRM) შეხვედრის უახლოეს დღეებში გამართვის მიმართულებით“, - აცხადებენ სუსში.
ზაზა გახელაძის დაჭრისა და გატაცების ფაქტს საქართველოს პრემიერ-მინისტრი გამოეხმაურა. გიორგი გახარიას განცხადებით, საოკუპაციო ძალების მიერ დაკავებულ ზაზა გახელაძესთან დაკავშირებით სახელმწიფოს ხელთ არსებული ყველა ინსტრუმენტი ამოქმედებულია:
„ჩვენ სულ ცოტა ხნის წინ გვქონდა, სამწუხაროდ, ასეთი შემთხვევა და ყველამ კარგად ნახა, რომ ესეც ის საკითხია, რომელსაც ზოგ შემთხვევაში სიფრთხილით უნდა მოვეკიდოთ, რომ პროცესს ხელი არ შევუშალოთ. ყველას კარგად გვესმის, რომ ჩვენი მოქალაქე ჩვენი ყველაზე დიდი პასუხისმგებლობაა. ყველაზე დიდი პასუხისმგებლობაა მისი ჯანმრთელობა, სიცოცხლე და მისი სახლში დაბრუნება. ამიტომ, დღეის მდგომარეობით, ყველა ინსტრუმენტი, რომელიც სახელმწიფოს ხელთ არსებობს და, პირველ რიგში, ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების მხარდაჭერა, ამოქმედებულია“.
18 ივლისს ექიმი ვაჟა გაფრინდაშვილი სოფელ ქვემო ჭალაში ჩავიდა, სადაც საოკუპაციო რეჟიმის მიერ გატაცებულ ზაზა გახელაძის ოჯახში იმყოფებოდა.
ექიმი, რომელმაც ცხინვალის ციხეში 49 დღე გაატარა, გახელაძის ოჯახის წევრებს ცოლთან, თამილა ლაფანაშვილთან ერთად შეხვდა, მხარდაჭერა გამოუცხადა და სამართლებრივი მოქმედებების შესახებ საკუთარი გამოცდილება გაუზიარა.
„ჩამოვედით, რომ მხარი დავუჭიროთ ზაზა გახელაძის ოჯახს იმ მძიმე ვითარებაში, რომელშიც ისინი დღეს არიან. ჩემს ოჯახს გამოვლილი აქვს ეს მწვავე სიტუაცია და ვიცით, რა არის საჭირო, რომ სამართალმა იზეიმოს; აუცილებელია ყველას თანადგომა – პრეზიდენტის, მთავრობის, ხალხის, რომ ზაზამ თავი მარტოდ არ იგრძნოს. ეს თანადგომა სჭირდება ყველა დაკავებულს, მაგრამ ზაზას განსაკუთრებით, რადგან მსგავსი გაუგონარი შემთხვევა, მგონი, ბოლო ათი წელია, არ მომხდარა. ცხინვალი ურთიერთგამომრიცხავ განცხადებებს ავრცელებს – ზაზამ ხან ორჯერ, ხან რვაჯერ, ხან ათჯერ ისროლა. ახლა - ხუთჯერო. ხვიჩა მღებრიშვილს ღამურების კოლექცია ჰქონდაო. ვიღაცას შეიძლება პუტინზე თავდასხმის მცდელობა დააბრალონ. ახალი პრაქტიკა აქვთ, პირდაპირ სისხლის სამართლის საქმეს უკერავენ, მხოლოდ ე.წ. საზღვრის კვეთის ბრალდებით აღარ შემოიფარგლებიან. ამ ყველაფერს ჩვენი ერთიანობა და თანადგომა უნდა დავუპირისპიროთ“, – განაცხადა გაფრინდაშვილმა გახელაძის ოჯახთან შეხვედრის შემდეგ.
ზაზა გახელაძე რუსეთის საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა სხვილოს ციხის მიმდებარე ტერიტორიაზე 11 ივლისს დააკავეს. ის ფეხშია დაჭრილი და პირველი სამედიცინო დახმარება ახალგორის საავადმყოფოში აღმოუჩინეს, რის შემდეგაც ცხინვალის საავადმყოფოს საკარანტინო ზონაში გადაიყვანეს.