Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საოკუპაციო ძალების მიერ გატაცებულ ზაზა გახელაძეზე რუსეთი აქვეყნებს ოფიციალურ პოზიციას


რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო განცხადებას აქვეყნებს, მისი შეფასებით, საზღვრის დამრღვევი საქართველოს მოქალაქეების შესახებ. ტექსტის დიდი ნაწილი ეთმობა 11 ივლისს საოკუპაციო ძალების მიერ დაკავებულ ზაზა გახელაძეს. რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო დაკავების გარემოებებს აღწერს და თბილისს სპექტაკლის მოწყობაში ადანაშაულებენ.

ზაზა გახელაძის შესახებ რუსეთის ოფიციალური ვერსია ასეთია: „11 ივლისს საქართველოს 33 წლის მოქალაქე, რომელსაც ეცვა „კამუფლაჟი“ და შეიარაღებული იყო ნახევრად ავტომატური იარაღით, შევიდა სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკის ტერიტორიის სიღრმეში 300 მეტრით. ის გადაეყარა რუსეთის მესაზღვრეთა ჯგუფს, რომელიც მოქმედებს რუსეთსა და სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკას შორის გაფორმებული შეთანხმების ფარგლებში მოქმედებს და ითვალისწინებს ერთობლივი ძალებით სამხრეთ ოსეთის საზღვრის დაცვას 2009 წლის 30 აპრილიდან. მან დამალვა სცადა და რუსეთის სამხედრო მოსამსახურეების მისამართით დაახლოებით 10-ჯერ გაისროლა. საპასუხო ცეცხლის დროს ის მსუბუქად დაიჭრა. კანონდამრღვევს აღმოუჩინეს პირველადი სამედიცინო დახმარება, რის შემდეგაც ის მოათავსეს საავადმყოფოში და იქ იმყოფება დღემდე“.

რუსეთის საგარეო უწყება ყურადღებას ამახვილებს იმაზე, რომ გახელაძემ საკუთარ ჩვენებაში აღიარა ფაქტი და მიზანმიმართული გადაკვეთა სამხრეთ ოსეთის საზღვრის.

როგორც სამინისტრო აღნიშნავს, ზოგჯერ მიუხედავად საკმაოდ სერიოზული პროვოკაციული ხასიათის მსგავსი დარღევებისა და რუსული მხარის განწყობისა, რომ საკითხი გადაწყვიტოს მაქსიმალურად არაპოლიტიზებულად და მოქნილად, თბილისში სამწუხაროდ, მორიგ ჯერზე ცდილობენ აქედან მოაწყონ პოლიტიკური სპექტაკლი, იმით, რომ პასუხისმგებლობა სხვაზე გადაიტანონ“.

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო ცალკე გამოყოფს აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტისა და საქართველოში აშშ-ის საელჩოს შეფასებებს, რაც, ოფიციალური მოსკოვის შეფასებით, უკვე ტრადიციულ ამერიკულ მანერას წარმოადგენს.

ქვემო ჭალის მცხოვრები 33 წლის ზაზა გახელაძე 11 ივლისს, დილით ადრე, სამთავისელ მეგობართან ერთად სოკოს საკრეფად სხვილოს ციხისკენ წავიდა. მეგობარი გზაში ჩამორჩა, ზაზამ კი გზა ციხის გაღმა გააგრძელა. ციხიდან ოკუპირებულ სოფელ ახმაჯამდე დიდი მანძილია და ქვემოჭალელები იქ არაერთხელ ყოფილან. მოულოდნელად საოკუპაციო ძალების წარმომადგენლები გამოჩნდნენ და ზაზას მიმართულებით ცეცხლი გახსნეს. უკან ჩამორჩენილმა ზაზას მეგობარმა გამოქცევა მოახერხა, ზაზა კი ფეხში დაიჭრა და გადაადგილება ვეღარ შეძლო. ე.წ. მესაზღვრეებმა ის დააკავეს და ახალგორის მიმართულებით წაიყვანეს.

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო გმობს რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ საქართველოს მოქალაქის კასპის მუნიციპალიტეტში დაჭრასა და უკანონო დაკავებას. უწყება სახიფათო ქმედებას უწოდებს ამ ფაქტს და აღნიშნავს, რომ მიზანია პანდემიის დროს ვითარების დაძაბვა და დესტაბილიზაცია.

„ადგილობრივი მშვიდობიანი მოსახლეობის მისამართით საოკუპაციო ძალების მხრიდან ცეცხლის გახსნა წარმოადგენს რუსეთის ფედერაციის მიერ 2008 წლის 12 აგვისტოს ევროკავშირის შუამავლობით დადებული ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების უხეშად დარღვევის მორიგ მაგალითს", - ვკითხულობთ განცხადებაში.

ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერი მორგან ორტაგუსი რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ საქართველოს მოქალაქის, ზაზა გახელაძის დაჭრისა და დაკავების ფაქტს „ტვიტერის“ საკუთარ გვერდზე ეხმაურება. სოციალურ ქსელში იგი წერს, რომ ამერიკის შეერთებული შტატები გმობს მომხდარ ფაქტს და დაკავებული ზაზა გახელაძის დაუყოვნებელ გათავისუფლებას ითხოვს.

ფაქტს 12 ივლისს გამოეხმაურა ამერიკის შეერთებული შტატების საელჩო საქართველოში. საელჩომ საქართველოს მოქალაქისადმი სროლისა და მისი დაკავების ფაქტი შეაფასა, როგორც სიტუაციის გამწვავებისაკენ მიმართული პროვოკაციულ ქმედება და ზაზა გახელაძის დაუყოვნებელი გათავისუფლება მოითხოვა.

XS
SM
MD
LG