პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას განცხადებით, საოკუპაციო ძალების მიერ დაკავებულ ზაზა გახელაძესთან დაკავშირებით, სახელმწიფოს ხელთ არსებული ყველა ინსტრუმენტი ამოქმედებულია.
„ჩვენ სულ ცოტა ხნის წინ გვქონდა, სამწუხაროდ, ასეთი შემთხვევა და ყველამ კარგად ნახა, რომ ესეც ის საკითხია, რომელსაც ზოგ შემთხვევაში სიფრთხილით უნდა მოვეკიდოთ, რომ პროცესს ხელი არ შევუშალოთ. ყველას კარგად გვესმის, რომ ჩვენი მოქალაქე ჩვენი ყველაზე დიდი პასუხისმგებლობაა. ყველაზე დიდი პასუხისმგებლობაა მისი ჯანმრთელობა, სიცოცხლე და მისი სახლში დაბრუნება. ამიტომ, დღეის მდგომარეობით, ყველა ინსტრუმენტი, რომელიც სახელმწიფოს ხელთ არსებობს და, პირველ რიგში, ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების მხარდაჭერა, ამოქმედებულია“.
ზაზა გახელაძე რუსმა სამხედროებმა საოკუპაციო ხაზთან, სხვილოს ციხესთან, 11 ივლისს დააკავეს. ის ფეხშია დაჭრილი და პირველი სამედიცინო დახმარება ახალგორის საავადმყოფოში აღმოუჩინეს, რის შემდეგაც ცხინვალში გადაიყვანეს.