Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერი: ვითხოვთ საქართველოს მოქალაქის გათავისუფლებას


მორგან ორტაგუსი
მორგან ორტაგუსი

ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერი მორგან ორტაგუსი რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ საქართველოს მოქალაქის, ზაზა გახელაძის დაჭრისა და დაკავების ფაქტს „ტვიტერის“ საკუთარ გვერდზე ეხმაურება. სოციალურ ქსელში იგი წერს, რომ ამერიკის შეერთებული შტატები გმობს მომხდარ ფაქტს და დაკავებული ზაზა გახელაძის დაუყოვნებელ გათავისუფლებას ითხოვს:

„მკაცრად ვგმობთ, რუსეთის მართული ძალების მიერ საქართველოს მოქალაქის დაჭრასა და დაკავებას და მის დაუყოვნებელ გათავისუფლებას მოვითხოვთ. კიდევ ერთხელ, მოვითხოვთ რუსეთის მიერ 2008 წელს დადებული ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმების შესრულებას“, - აღნიშნავს მორგან ორტაგუსი „ტვიტერში“.

რუსეთის მიერ მართული ძალების მიერ საქართველოს მოქალაქის დაჭრისა და დაკავების ფაქტს 12 ივლისს გამოეხმაურა ამერიკის შეერთებული შტატების საელჩო საქართველოში. საელჩომ საქართველოს მოქალაქისადმი სროლისა და მისი დაკავების ფაქტი შეაფასა, როგორც სიტუაციის გამწვავებისაკენ მიმართული პროვოკაციულ ქმედება და ზაზა გახელაძის დაუყოვნებელი გათავისუფლება მოითხოვა.

11 ივნისს საოკუპაციო ძალებმა კასპის მუნიციპალიტეტში არსებული სხვილოს ციხის მიმდებარე ტერიტორიაზე, ესროლეს, დაჭრეს და დააკავეს კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვემო ჭალაში მცხოვრები ზაზა გახელაძე. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს თანახმად: "ადგილობრივი მშვიდობიანი მოსახლეობის მისამართით საოკუპაციო ძალების მხრიდან ცეცხლის გახსნა წარმოადგენს რუსეთის ფედერაციის მიერ 2008 წლის 12 აგვისტოს ევროკავშირის შუამავლობით დადებული ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების უხეშად დარღვევის მორიგ მაგალითს". საგარეო უწყება კატეგორიულად მოითხოვს დაჭრილი და უკანონოდ დაკავებული მოქალაქის დაუყოვნებლივ გადმოცემას ქართული მხარისათვის.

XS
SM
MD
LG