ერთ-ერთი კომპანიის - MOSCOW BUSINESS BROKERAGE-ის დამფუძნებელი და ამჟამად - აღმასრულებელი დირექტორია ბიზნესმენი რომან ბოკერია, პუტინთან დაახლოებული ბიზნესორგანიზაციის - „საქმიანი რუსეთის“ [Деловая Россия] გენერალური საბჭოს წევრი. ბოკერიამ, რომელმაც თავისი წვლილიც შეიტანა საქართველოსა და რუსეთს შორის პირდაპირი ავიარეისებისა და უვიზო მიმოსვლის აღდგენაში, ამისათვის 2023 წლის 26 მაისს მადლობა ვლადიმირ პუტინს პირადად და საჯაროდ გადაუხადა.
ფარცხალაძის რუსული ბიზნესებისა და ქართველი პარტნიორების შესახებ რადიო თავისუფლებამ ინფორმაცია ღია წყაროებში მოიძია.
კომპანიები ფარცხალაძის წილებით
საჯაროდ ხელმისაწვდომი რუსული ბიზნესბაზების თანახმად, აშშ-ის სანქცირების დოკუმენტში მოხვედრილი კომპანია MOSCOW BUSINESS BROKERAGE, 2022 წლის 15 თებერვალს, რუსეთის ქალაქ ჩელიაბინსკშია დარეგისტრირებული. იურიდიული მისამართი მოსკოვის ცენტრშია.
კომპანიის გენერალურ დირექტორად მითითებულია ვიქტორია ბოკერია, სავარაუდოდ - რომან ბოკერიას მეუღლე, რომელსაც ის, რუსეთის მედიასთან ერთ-ერთ ინტერვიუში, „ურალელ ლამაზმანად“ მოიხსენიებს, ხოლო თავის ოჯახს ქართულ-რუსული „ძმური, მეგობრული და ნათესაური“ ურთიერთობების ნათელ მაგალითად ასახელებს.
MOSCOW BUSINESS BROKERAGE-ის მეწილეებს შორის დასახელებულები არიან:
- ოთარ ანზორის ძე ფარცხალაძე - 50%
- ვიქტორია ბოკერია - 35%
- ნიკოლოზ კარტოზია - 15%
მეწილეთა ასეთივე შემადგენლობაა აშშ-ის მიერ სანქცირებული მეორე კომპანიის შემთხვევაშიც. 2022 წლის 10 ნოემბერს დარეგისტრირებულ INTERNATIONAL BUSINESS CORPORATION-ში 50%-ს ოთარ ფარცხალაძე ფლობს, 35%-ს - ვიქტორია ბოკერია, ხოლო 15%-ს - ნიკოლოზ კარტოზია. ამ კომპანიის გენერალურ დირექტორად ნიკოლოზ კარტოზიაა მითითებული.
თავად რომან ბოკერია ამ ორ კომპანიასთან დაკავშირებით რუსულ ბაზებში მოხსენიებული არ არის, თუმცა MOSCOW BUSINESS BROKERAGE-ის დამფუძნებლისა და აღმასრულებელი დირექტორის რანგში მას „დელოვაია როსიას“ ვებსაიტზე გამოქვეყნებულ ბიოგრაფიაში ვხვდებით.
არის კიდევ ერთი, მსგავსი სახელწოდების კომპანია, რომელიც საქართველოში რომან ბოკერიამ დაარეგისტრირა.
საქართველოს საჯარო რეესტრის თანახად, 2020 წლის 19 მაისს დარეგისტრირდა - "საქართველოს ბიზნეს ბროკერიჯი" [Georgian BUSINESS BROKERAGE], რომელიც, 2022 წელს, ქართული ავიაკომპანია Georgian Airways-ის გაყიდვას ცდილობდა.
Georgian BUSINESS BROKERAGE-ის დირექტორად რომან ბოკერიაა მითითებული, ხოლო წილები ასეა გადანაწილებული:
- რომან ბოკერია - 65%
- ბეჟან მაისურაძე - (ორმაგი მოქალაქე - საქართველო, რუსეთი) - 25%
- როლანდ ჯობავა - (ორმაგი მოქალაქე - საქართველო, რუსეთი) - 10.
ბეჟან მაისურაძე ე.წ. კარტოგრაფების საქმის ერთ-ერთი ძირითადი მოწმეა.
ბიზნესმენ დავით ხიდაშელის პირველი ჩვენებით, სწორედ მაისურაძემ სთხოვა მას, რომ - დახმარებოდა საქართველოს ხელისუფლებას დაკარგული რუკების მოძებნაში. ხიდაშელი მას მეგობრად და მეზობლად მოიხსენიებს. ხიდაშელის მეორე ჩვენებით - მას რუკების მოძიება „ქართული ოცნების“ დამფუძნებელმა, ბიძინა ივანიშვილმა სთხოვა.
კარტოგრაფების საქმე გახდა კამპანიის "გარეჯი საქართველოა" საბაბი 2020 წლის არჩევნების წინ.
ბეჟან მაისურაძე ხელისუფლებისთვის კარგად ცნობილი პირია. ხიდაშელთან ერთად, ის ესწრებოდა შეხვედრებს საგარეო საქმეთა სამინისტროში, თავდაცვის სამინისტროსა თუ საზღვრის დაცვის დეპარტამენტში. თავდაცვის მინისტრი იმ დროს ირაკლი ღარიბაშვილი იყო.
მაისურაძე იგორ გიორგაძესთან ერთად არის მოხსენიებული ფონდ „თანამემამულეების“ (СООТЕЧЕСТВЕННИКИ) თანადამფუძნებლად. დღემდე მოქმედი ფონდი ქართველი და რუსი ეროვნების მოქალაქეების სულიერ-ისტორიული და ნაციონალურ-კულტურული ტრადიციების აღორძინებას ისახავს მიზნად.
- ბეჟან მაისურაძე 2004 წლიდან მუშაობდა მოსკოვში, „მოსინმშენის“ N91 სამშენებლო სამმართველოს გენერალურ დირექტორად;
- 2003 წელს, ვარდების რევოლუციამდე, აირჩიეს საქართველოს პარლამენტის წევრად.
- დაბადებულია სოფელ არბოში, გორის რაიონი.
რას საქმიანობდა "საქართველოს ბიზნეს ბროკერიჯი"?
საჯარო წყაროებში იძებნება ურთიერთგაგების მემორანდუმი - „საქართველოს ბიზნეს ბროკერიჯსა“ და საქართველოს ეკონომიკის სამინისტროს შორის, რომელიც 2021 წლის 30 ივლისით თარიღდება.
„კომპანია გამოხატავს მზადყოფნას და სურვილი აქვს, საქართველოში არსებული და პერსპექტიული ბიზნეს საინვესტიციო პროექტების განხორციელებისთვის მოიზიდოს და უზრუნველყოს ინვესტიციები“, - წერია მემორანდუმის ტექსტში.
ამ ფოტოზე - რომან ბოკერია ეკონომიკის მაშინდელ მინისტრთან, ამჟამად სების პირველ ვიცე-პრეზიდენტ, ნათია თურნავასთან ერთად არის.
„საქართველოს ბიზნეს ბროკერიჯი (Georgian BUSINESS BROKERAGE) არის შეერთებული შტატების "ბიზნეს ბროკერიჯის" ქსელის წარმომადგენელი საქართველოში. "ბიზნეს ბროკერიჯი" ეს არის მზა ბიზნესების ყიდვა-გაყიდვის ინდუსტრია, რომელიც დასავლეთში კარგად არის ჩამოყალიბებული თავისი წესებით, რეგულაციებით, კანონებით. საქართველოში "ბიზნეს ბროკერიჯის" გახსნის იდეა წარმოიშვა, როდესაც ვსწავლობდი შეერთებული სტატების უნივერსიტეტში, შემდეგ მაიამიში ვმუშაობდი ბიზნეს ბროკერიჯის მიმართულებით. გახსნის იდეა წარმოიშვა, როდესაც ჩამოვედი საქართველოში“, - ამბობს ერთ-ერთ ინტერვიუში რომან ბოკერია.
ბოკერიას ბიოგრაფიის თანახმად, რომელიც „საქმიანი რუსეთის“ ვებსაიტზეა გამოქვეყნებული, აშშ-ში ორი წელიწადი სწავლობდა. მას დამთავრებული აქვს ასევე უმაღლესი სასწავლებლები რუსეთსა და საქართველოში.
რომან ბოკერიას მადლობა პუტინს
„ეს [პირდაპირი ფრენები და უვიზო რეჟიმი] არის გასაღები ამ ძმური, მეგობრული და ნათესაური ურთიერთობების აღსადგენად“, - ეუბნება რომან ბოკერია რუსეთის ტელევიზიას, 2023 წლის მაისში, როცა „დელოვაია როსიას“ წარმომადგენლები ვლადიმირ პუტინს ხვდებოდნენ. ამ კომენტარის შემცველი ვიდეო იუთუბზე თავად რომან ბოკერიას სახელით ქვეყნდება.
ამ შეხვედრაზე ბოკერიამ საგანგებოდ ითხოვა სიტყვა და იმ ქვეყნის პრეზიდენტს, რომელიც იმ დროისთვის უკრაინასთან დამპყრობლურ ომში უკვე წელიწადზე მეტი ხნის ჩართული იყო, გულითადი მადლობა გადაუხადა:
„დიდი მადლობა ამ შესაძლებლობისთვის, რომ „საქმიანი რუსეთის“ სახელით პირადად თქვენ [ვლადიმირ პუტინს] გადაგიხადოთ მადლობა... მადლობას გიხდით თქვენი გადაწყვეტილებისთვის - პირდაპირი ავიამიმოსვლის და უვიზო რეჟიმის განახლებისთვის რუსეთსა და საქართველოს შორის. მე, ალბათ, როგორც სხვას არავის, ესმის, რამდენად მნიშვნელოვანია რუსეთისა და საქართველოს მოქალაქეებისთვის პირდაპირი ფრენების შესაძლებლობა. ამიტომ კიდევ ერთხელ, უღრმესი მადლობა თქვენ“, - ამ სიტყვების წარმოთქმამდე, რომან ბოკერიამ საკუთარი თავი „საქმიანი რუსეთის“ გენერალური საბჭოს წევრად და საქართველოში „საქმიანი რუსეთის“ ბიზნესელჩად წარადგინა.
რომან ბოკერია აქტიურად იყო ჩართული რუსეთსა და საქართველოს შორის ფრენებისა და უვიზო რეჟიმის განახლების საქმეში - 2023 წლის დეკემბერსა თუ მარტში, როცა მოსკოვში იმართებოდა საგანგებო ფორუმები - „რუსეთსა და საქართველოს შორის ეკონომიკური ურთიერთობების პერსპექტივების“ შესახებ.
დეკემბრის ფორუმის შემდეგ, ბოკერიამ სხვადასხვა დროს აღნიშნა, რომ ფრენებისა და უვიზო რეჟიმის აღსადგენად სპეციალური თხოვნა გაეგზავნა რუსეთის ხელისუფლებას. სახალხო დიპლომატიას ის ყველაზე კარგ იარაღს უწოდებს.
ბიზნესფორუმების ორგანიზატორთა შორის რუსეთის სახელმწიფო სათათბიროც იყო. ამ ფორუმებს ესწრებოდა დსთ-ს, ევრაზიული ინტეგრაციისა და თანამემამულეებთან ურთიერთობის კომიტეტის ხელმძღვანელი ლეონიდ კალაშნიკოვი.
კალაშნიკოვი ერთ-ერთი პირველი გამოესარჩლა ოთარ ფარცხალაძეს, აშშ-ის მიერ მისთვის სანქციების დაწესების შემდეგ.
„რუსულ-ქართულ ეკონომიკურ ფორუმებზე“ ქართულ მხარეს მკაფიოდ პრორუსული განწყობის ორგანიზაციები წარმოადგენდნენ: „სოლიდარობა მშვიდობისთვის“, „პრიმაკოვის ფონდი“ და სხვა. შეხვედრები გამსჭვალული იყო ანტიდასავლური გზავნილებით - როგორც ქართველი, ასევე რუსი მონაწილეების მხრიდან.
აპრილში, „TV პირველის“ ეთერში გასული საგამოძიებო სიუჟეტის თანახმად, მარტის ბიზნესფორუმის შემდეგ, მოსკოვში სტუმრებს ოთარ ფარცხალაძემ უმასპინძლა.
ფარცხალაძე - "ქართველი-რუსი ოლიგარქი"?
მედიაში ჯერ კიდევ 2023 წელს, ზამთარში გავრცელდა ცნობა იმის შესახებ, რომ ფარცხალაძემ რუსეთის მოქალაქეობა მიიღო. ამ ინფორმაციას, საკუთარ წყაროებზე დაყრდნობით, ამჟამად „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოც“ ადასტურებს. ორგანიზაციის მიერ მოპოვებული დოკუმენტების მიხედვით, ფარცხალაძემ რუსეთის მოქალაქის პასპორტი 2021 წლის 24 თებერვალს მიიღო, ხოლო შემდეგ - „2 წლის განმავლობაში რუსეთში მნიშვნელოვანი ოდენობისა და ღირებულების უძრავი და მოძრავი ქონება შეიძინა“.
კანონმდებლობის თანახმად, როდესაც საქართველოს მოქალაქე სხვა ქვეყნის მოქალაქეობას იღებს, ძირითადად კარგავს საქართველოს მოქალაქეობას, რომელიც მან შესაძლოა შემდეგ დაიბრუნოს, საქართველოს პრეზიდენტის ჩართულობით.
ასევე, კანონის თანახმად - „სხვა ქვეყნის მოქალაქეობის მოპოვების შემთხვევაში საქართველოს მოქალაქე შეინარჩუნებს საქართველოს მოქალაქეობას, თუ იგი აღნიშნული ქვეყნის მოქალაქეობის მოპოვებამდე საქართველოს სახელმწიფოდან მიიღებს თანხმობას საქართველოს მოქალაქეობის შენარჩუნებაზე“.
პრეზიდენტის ადმინისტრაციამ ფარცხალაძის მოქალაქეობასთან დაკავშირებით რადიო თავისუფლების შესაბამის კითხვებს პირდაპირ არ უპასუხა, თუმცა 18 სექტემბერს, სალომე ზურაბიშვილმა საჯაროდ განაცხადა შემდეგი:
„რაღაც მოქალაქეობაზე [ფარცხალაძის] იყო აქცენტები, ჩვენთან არ მოსულა არც არანაირი ინფორმაცია და არც არანაირი მოთხოვნა მოქალაქეობის ჩამორთმევის შესახებ. აქ ისრების გადატანა არ გამოვა. ნათელი არის, სად არის პასუხისმგებლობა“.
- აშშ-ის მიერ დაწესებული სანქციების გამო საქართველოს ყოფილ მთავარ პროკურორს, ოთარ ფარცხალაძეს, „აქტივებზე წვდომა და ფინანსური ტრანზაქციების შესრულება“ შეეზღუდა. ინფორმაცია რადიო თავისუფლებას მიაწოდეს საქართველოს ეროვნულ ბანკში.
- „ქართულ ოცნებაში“ მიიჩნევენ, რომ ეროვნული ბანკის ეს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციას და უდანაშაულობის პრეზუმფციას.
- „ქართული ოცნება“ აცხადებს, რომ უკვე წლებია კავშირი აღარ აქვს ყოფილ გენერალურ პროკურორთან, რომელიც არაერთ სკანდალში იყო გახვეული.
- პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის განცხადებით, სუსი აშშ-ს მიმართავს, გადმოსცეს მტკიცებულებები, რომლის საფუძველზეც მიიღეს გადაწყვეტილება ოთარ ფარცხალაძის შესახებ.
- აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, ენტონი ბლინკენმა, 14 სექტემბერს, სანქციების ახალი პაკეტის შესახებ განცხადებაში, ცალკე გამოყო ოთარ ფარცხალაძის საკითხი და მას ქართველი-რუსი ოლიგარქი უწოდა.