Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ეროვნული ბანკი ოთარ ფარცხალაძის წინააღმდეგ - ვის მხარესაა კონსტიტუცია?


არის თუ არა ეროვნული ბანკის გადაწყვეტილება „არაკონსტიტუციური“?
არის თუ არა ეროვნული ბანკის გადაწყვეტილება „არაკონსტიტუციური“?

„ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე ირწმუნება, რომ ეროვნული ბანკის გადაწყვეტილება, გაავრცელოს აშშ-ის მიერ დაწესებული სანქციები ყოფილ მთავარ პროკურორ ოთარ ფარცხალაძეზე, როგორც საქართველოს მოქალაქეზე, არაკონსტიტუციურია და მისი უდანაშაულობის პრეზუმფციას არღვევს.

მმართველი პარტიის ლიდერის, - რომელიც ამავე დროს კონსტიტუციონალისტია, - მსჯელობაში, სულ მცირე, სამი რამ არის საკამათო - სანქციების არაკონსტიტუციურობა, უდანაშაულობის პრეზუმფციის დარღვევა და ფარცხალაძის მოქალაქეობა.

დამოუკიდებელი კონსტიტუციონალისტები ამბობენ, რომ საერთაშორისო ფინანსური სანქციები არ ეწინააღმდეგება ქვეყნის კონსტიტუციას და არც მათდამი დამორჩილებით ირღვევა უდანაშაულობის პრეზუმფცია.

საფინანსო და საბანკო საქმეთა ექსპერტები მიუთითებენ, რომ თუკი ეროვნული ბანკი სანქციებს არ აღასრულებდა, მთელი ქვეყნის ფინანსურ კეთილდღეობას შეუქმნიდა საფრთხეს.

საქართველოს პრეზიდენტი ამბობს, რომ მისთვის ფარცხალაძის მოქალაქეობის საკითხზე არავის მიუმართავს, რაც აჩენს ეჭვს, რომ ყოფილი მთავარი პროკურორი, რუსეთის მოქალაქეობის მიღების შემდეგ, საქართველოს მოქალაქეობას უკანონოდ ფლობს.

სანქციები „რუსეთის მანკიერი ზეგავლენის“ გამო

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა 18 სექტემბერს რადიო თავისუფლების კითხვაზე, რა ფორმით გავრცელდა აშშ-ის დაწესებული სანქციები ოთარ ფარცხალაძეზე საქართველოში, მოგვწერა, რომ:

„საქართველოს ფინანსურ სექტორს დაევალა … გაითვალისწინოს აშშ-ს ხაზინის უცხოური აქტივების კონტროლის ოფისის მიერ (OFAC) სანქციადაკისრებულ პირთა სიაში (SDN list) შეყვანილი პირების მიმართ დადგენილი მოთხოვნების აღსრულება, რაც გულისხმობს სანქცირებული პირების მიერ აქტივებზე წვდომისა და ფინანსური ტრანზაქციების შესრულების შეზღუდვას“.

„2022 წლის 26 თებერვლიდან, საქართველოს ეროვნული ბანკის მითითებით საქართველოს ფინანსური ინსტიტუტები სრულად მოქმედებენ აშშ-ის, ევროკავშირისა და დიდი ბრიტანეთის მიერ რუსეთის ფედერაციის მიმართ დაწესებული ფინანსური სანქციების შესაბამისად.. და სანქციათა რეჟიმებით გათვალისწინებული მოთხოვნების სრული დაცვით“, - განაცხადეს სებ-ში.

საქართველოს მთავრობა აცხადებს ხოლმე, რომ არ უერთდება სანქციებს რუსეთის მიმართ, თუმცა იქვე აზუსტებს, არავის აძლევს სანქციების გვერდის ავლის საშუალებას.

14 სექტემბერს შეერთებულმა შტატებმა უკრაინაში ომის გამო სანქციები გააფართოვა და, სხვა პირებთან ერთად, მათში მოაქცია ოთარ ფარცხალაძე, რომელსაც ქართველი-რუსი ოლიგარქი უწოდა.

აშშ-ის მთავრობის ცნობით, ფარცხალაძეს სანქციები დაუწესდა „საქართველოზე რუსეთის მანკიერი ზეგავლენის საპასუხოდ“.

სახელმწიფო და სახაზინო დეპარტამენტების თანახმად, ფარცხალაძე რუსულ კომპანიებში 50%-იან წილს ფლობს ალექსანდრ ონიშჩენკოსთან ერთად, - ეს უკანასკნელი კი, მათი ცნობითვე, რუსეთის უშიშროების ფედერალური სამსახურის (ФСБ-ს) ოფიცერია. ვაშინგტონის თანახმადვე, სავარაუდოდ, სწორედ ონიშჩენკო დაეხმარა ფარცხალაძეს რუსული პასპორტის და რუსეთის მოქალაქეობის მიღებაში.

ოთარ ფარცხალაძე, საქართველოს ყოფილი მთავარი პროკურორი
ოთარ ფარცხალაძე, საქართველოს ყოფილი მთავარი პროკურორი

„არაკონსტიტუციურია“ - ამბობს კობახიძე

ეროვნული ბანკის გადაწყვეტილებას ფარცხალაძის საქმეზე „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ „არაკონსტიტუციური“ უწოდა.

„პირდაპირ შემიძლია გითხრათ, რომ ეროვნული ბანკის ეს გადაწყვეტილება უხეშად ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციას ადამიანის უფლებების ნაწილში … კერძოდ, მის ერთ-ერთ ფუძემდებლურ პრინციპს, უდანაშაულობის პრეზუმფციას, როდესაც საქართველოს მოქალაქეზე არის საუბარი“, - განუცხადა მან პარტიის ოფისში შეკრებილ ჟურნალისტებს 18 სექტემბერს.

მისი არგუმენტაცია ასეთია: როცა ერთმანეთთან კონფლიქტში მოდის ეროვნული ბანკის შიდა რეგულაცია და ქვეყნის კონსტიტუცია, უპირატესობა ყოველთვის საქართველოს კონსტიტუციას ენიჭებაო.

  • „საქართველოს მოქალაქე განსაკუთრებულად არის დაცული საქართველოს კონსტიტუციით, ადამიანის ძირითადი უფლებებით, მათ შორის უდანაშაულობის პრეზუმფციით;
  • რა თქმა უნდა, უცხოელს შეიძლება შეუზღუდო კომერციული საქმიანობის ან რაიმე სხვა ტიპის საქმიანობის წარმოება, მაგრამ როდესაც საქართველოს მოქალაქეს ეხება საქმე, იქ სახელმწიფო მოქმედებს განსხვავებული პასუხისმგებლობით და ეს პასუხისმგებლობა მას პირველ რიგში საქართველოს კონსტიტუციით ეკისრება“, - თქვა კობახიძემ.

მისი თქმით, სტრასბურგის სასამართლოს პრაქტიკას თუ ავიღებთ, ეს სანქციები, თავისი არსით, არის სისხლისსამართლებრივი სანქციები: „შეიძლება, რომელიმე სანქციას ერქვას ადმინისტრაციული სახდელი, მაგრამ თუ თავისი შინაარსით, ხარისხით, არის მოჭარბებული მოცულობის, სტრასბურგის სასამართლოს პრაქტიკის მიხედვით, ეძლევა სისხლისსამართლებრივი სასჯელის კვალიფიკაცია. და [აქ სწორედ] ასეთ შემთხვევასთან გვაქვს საქმე“.

ირაკლი კობახიძე, „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე
ირაკლი კობახიძე, „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე

ასეთ დროს კი ნებისმიერს, - პირველ რიგში, საქართველოს მოქალაქეს, უდანაშაულობის პრეზუმფციის პრინციპი იცავს და ეს ოთარ ფარცხალაძეზეც, როგორც საქართველოს მოქალაქეზე, ვრცელდებაო, თქვა მმართველი პარტიის ლიდერმა.

ასეა?

კონსტიტუციონალისტის, „ქართული ოცნების“ კოალიციის ყოფილი წევრის, ყოფილი „რესპუბლიკელი“ ვახტანგ ხმალაძის შეფასებით, არა.

„ეროვნულმა ბანკმა იმოქმედა იმ საერთაშორისო ხელშეკრულებების ფარგლებში, რომლებიც ითვალისწინებს საერთაშორისო სანქციების აღსრულებას ფინანსური მიმართულებით. არგუმენტები, რომ დაირღვა ამით კონსტიტუციაო, თითიდან გამოწოვილია. რეალური არგუმენტები არა აქვთ. ამ დროს უარს ამბობენ პროფესიულ კეთილსინდისიერებაზეც კი“, - ეუბნება ის რადიო თავისუფლებას.

კონსტიტუციონალისტი ვახტანგ ხმალაძე
კონსტიტუციონალისტი ვახტანგ ხმალაძე

ხმალაძის განმარტებით, უდანაშაულობის პრეზუმფცია „პრაქტიკულად ყველა ქვეყანაში კონსტიტუციური ნორმაა“, რაც, მისი განმარტებით, ნიშნავს, რომ სასამართლოს გადაწყვეტილების გარეშე პირზე არ შეიძლება ითქვას, რომ ის დამნაშავეა, თუმცა ასევე ამბობს:

„მიუხედავად ამისა, ევროპის ლამის ყველა სახელმწიფომ, შეერთებულმა შტატებმა და კიდევ არაერთმა სახელმწიფომ, რუსეთის უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ არაერთ ფიზიკურ და იურიდიულ პირს დაუწესა ფინანსური სანქციები. ანგარიშების გაყინვა, უფრო მეტიც, ქონების ჩამორთმევა. და ეს ხდებოდა სასამართლოს გარეშე. ახლა ბატონ კობახიძეს რისი თქმა უნდა, რომ ყველა ამ სახელმწიფომ საკუთარი კონსტიტუცია დაარღვია?!“

არის კი ფარცხალაძე საქართველოს მოქალაქე კანონიერად?

ფარცხალაძის მიერ რუსული პასპორტის აღების შესახებ ცნობები ქართულ მედიაში 2022 წლის დასაწყისში გამოჩნდა. შეერთებული შტატების მთავრობა ადასტურებს, რომ ფარცხალაძეს აქვს როგორც საქართველოს, ასევე რუსეთის მოქალაქეობა; ვარაუდობს, რომ რუსული პასპორტის მიღებაში ბიზნესპარტნიორი, FSB-ს ოფიცერი ონიშჩენკო დაეხმარა.

ჩვეულებრივ, - მოქალაქეობის შესახებ საქართველოს კანონის პირველივე მუხლის თანახმად, - საქართველოს მოქალაქე არ შეიძლება იყოს სხვა სახელმწიფოს მოქალაქე, მაგრამ არსებობს „კონსტიტუციით დადგენილი გამონაკლისი შემთხვევები“.

მაგალითად, თუ მოქალაქემ წინასწარ აცნობა სახელმწიფოს, რომ გეგმავს, უცხო ქვეყნის მოქალაქეობა მიიღოს, და სთხოვს, შეუნარჩუნოს საქართველოს მოქალაქეობა. ასეთ შემთხვევაში თხოვნა იუსტიციის სამინისტროში, საჯარო რეესტრში რეგისტრირდება და საქართველოს პრეზიდენტის ხელში გადის.

პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ბოლო ორ დღეში ორჯერ განაცხადა, რომ ამ საკითხზე მასთან „არანაირი ინფორმაცია“ არ მისულა: „ჩვენთან არ მოსულა არც არანაირი ინფორმაცია და არც არანაირი მოთხოვნა მოქალაქეობის ჩამორთმევის შესახებ. აქ ისრების გადატანა არ გამოვა. ნათელი არის, სად არის პასუხისმგებლობა“, - თქვა მან 18 სექტემბერს ბრიფინგზე.

ვინ არის პასუხისმგებელი?

„ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე ადასტურებს, რომ „დღემდე ოთარ ფარცხალაძე არის საქართველოს მოქალაქე“.

კონსტიტუციონალისტი ვახტანგ ხმალაძე გვეუბნება, რომ „თუ მოქალაქემ არ მიმართა ხელისუფლებას [წინასწარი თანხმობისთვის], ან მიმართა და თანხმობა არ მიიღო, და ისე მიიღო რუსეთის მოქალაქეობა, მას უნდა შეუწყდეს საქართველოს მოქალაქეობა“.

და როგორც პრეზიდენტის განცხადებიდან ასკვნის კონსტიტუციონალისტი, ფარცხალაძეს ასეთი მიმართვა არ გაუკეთებია: „ხელისუფლება ვალდებული იყო, მიემართა პრეზიდენტისთვის, ფარცხალაძის მიმართ მოქალაქეობის დაკარგვის აქტის გამოცემის თაობაზე. დღეს ფარცხალაძე მოქალაქე არის კონსტიტუციისა და კანონის დარღვევით“, - ფიქრობს ის.

მოგვიანებით, 19 სექტემბერს, კობახიძემ განაცხადა, რომ „იუსტიციის სამინისტროს აქვს დაწყებული მოქალაქეობის [საკითხის] შესწავლა“, რასაც მან ცალკე თემა უწოდა და გაიმეორა, რომ „ვიდრე პირი არის საქართველოს მოქალაქე, მასზე ვერ გავრცელდება ის რეჟიმი, რაც შეიძლება გავრცელდეს არამოქალაქეზე“.

19 სექტემბერს სამოქალაქო რეესტრში ოთარ ფარცხალაძის მოქალაქეობასთან დაკავშირებულ კითხვაზე პასუხად რადიო თავისუფლებას უთხრეს, რომ რახან საკითხი პირად ინფორმაციას ეხება, ამ ინფორმაციას ვერ გასცემენ.

მოგვიანებით, კობახიძის განცხადების შემდეგ, რადიო თავისუფლება დაუკავშირდა იუსტიციის სამინისტროს პრესცენტრს ინფორმაციის დაზუსტებით მიზნით - შეუწყდება თუ არა ფარცხალაძეს საქართველოს მოქალაქეობა? უწყების პასუხი აქ მიღებისთანავე აისახება

ვახტანგ ხმალაძე ამბობს, რომ კობახიძის მიერ ხაზგასმა, რომ ფარცხალაძეზე, როგორც საქართველოს მოქალაქეზე, განსაკუთრებული დაცვის მექანიზმი ვრცელდებაო, მცდარია:

„საქართველოს კონსტიტუციაში წერია, რომ ადამიანის ძირითადი უფლებები - რომელსაც კონსტიტუციის მე-2 თავი ეხება, - ვრცელდება საქართველოში მყოფ ნებისმიერ პირზე. რომელი ქვეყნის მოქალაქეც გინდა იყოს. ასე რომ, ესეც არასწორია“.

„ეს იქნებოდა კოლაფსი“

რა მოხდებოდა, რომ საქართველოს ეროვნულ ბანკს ასეთი გადაწყვეტილება არ მიეღო?

ეროვნული ბანკის პრეზიდენტი 2007-09 წლებში, რომან გოცირიძე მიიჩნევს, რომ ეროვნული ბანკის სხვაგვარი ქმედება „ქვეყნის ფინანსური სისტემის ჩამოშლის რისკის ტოლფასი“ იქნებოდა:

„საქართველოს საბანკო სისტემა იქნებოდა იზოლირებული მთელი მსოფლიოსგან. ეროვნული ბანკის სანქცია იმიტომ კი არ დაედო, რომ აგენტია, იმიტომ დაედო, რომ იგი უკრაინაში შეჭრის გამო რუსეთისთვის დაწესებულ საერთაშორისო სანქციებში მოყვა. რა პრეზუმფციაზე ვსაუბრობთ?!“ - განაცხადა გოცირიძემ 19 სექტემბერს პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას.

რომან გოცირიძე, პარლამენტის წევრი
რომან გოცირიძე, პარლამენტის წევრი

მისი განმარტებით, ქართული ბიზნესი და ეკონომიკა „ჩამოიშლებოდა“:

  • „ვერცერთი მეწარმე ფულს ვერ გადარიცხავდა უცხოეთში;
  • საქართველოს ერთი მილიონი მოქალაქე, რომელიც უცხოეთში მუშაობს, ფულს საქართველოში ვერ გადმორიცხავდა;
  • ჩამოიშლებოდა ბიძინა ივანიშვილის „ქართუ ბანკიც“;
  • ჩამოიშლებოდა მისი პარტნიორის, ირაკლი რუხაძის „ლიბერთი ბანკიც“, სადაც ჩვენს ერთ მილიონ პენსიონერს ანგარიში აქვს გახსნილი“.

XS
SM
MD
LG