Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

„სრულიად შეიშალნენ თუ რა?" - პუტინი გამოეხმაურა საქართველოში გამოწვეულ რეაქციას სავიზო რეჟიმის გაუქმებაზე


რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი.
რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი.

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა განაცხადა, რომ გაკვირვებულია საქართველოს რეაქციით სავიზო რეჟიმის გაუქმებაზე.

„ჩემთვის იყო სრული მოულოდნელობა ის რეაქცია, რომელიც ამას მოჰყვა. მე ვფიქრობდი, რომ ყველა იტყოდა, აი, მადლობა, კარგია. არა, იქ რაღაც გაუგებარი ქარიშხალი წარმოიშვა ამ საკითხზე. ძალიან უცნაურია. და სიმართლე გითხრათ, მოულოდნელია. მე, როდესაც გვერდიდან ვუყურებ, [ვფიქრობ]: სრულიად შეიშალნენ თუ რა? გაუგებარია, რაც იქ მათთან ხდება“, - თქვა პუტინმა საზოგადოებრივ ორგანიზაცია „საქმიან რუსეთთან“ შეხვედრაზე.

„რია ნოვოსტის" ცნობით, პუტინმა დააზუსტა, რომ ასეთი გადაწყვეტილება მიიღო, მათ შორის, გამომდინარე იქიდან, რომ ახლოვდება შვებულების სეზონი. მან განმარტა, რომ სურდა მხარი დაეჭირა მათთვის, ვინც საქართველოში ცდილობს რუსეთთან ნორმალური ურთიერთობის აწყობას, ასევე, რუსული ბიზნესისა და მოქალაქეებისთვის, რომლებსაც უყვართ მეზობელი ქვეყანა.

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა 10 მაისს მოაწერა ხელი დოკუმენტს, რომლითაც გაუქმდა საქართველოსთან პირდაპირი ავიამიმოსვლის აკრძალვა, რომელიც 2019 წლის ზაფხულიდან მოქმედებდა. პუტინის ეს გადაწყვეტილება ძალაში ხელმოწერისთანავე შევიდა. იმავე დღეს გამოიცა პუტინის მეორე ბრძანებულებაც, რომლითაც საქართველოს მოქალაქეებს 15 მაისიდან მიეცათ შესაძლებლობა, უვიზოდ, 90 დღემდე ვადით ჩავიდნენ რუსეთში.

პუტინის გადაწყვეტილების შემდეგ თბილისში აქციები გაიმართა ორი მოთხოვნით - საქართველოს ხელისუფლებამ უარი უნდა თქვას რუსეთთან პირდაპირი ფრენების აღდგენაზე და შემოიღოს სავიზო რეჟიმი რუსეთის მოქალაქეებისთვის.

საქართველოს პარლამენტის ოპოზიციონერი დეპუტატების ნაწილმა საქართველოს ხელისუფლება რუსეთთან ფარული გარიგებებით გადაწყვეტილებების მიღებაში დაადანაშაულა.

რუსეთთან პირდაპირი ავიარეისების განახლებასთან ერთად საქართველოში საპროტესტო აქციები მოჰყვა გავრცელებულ ინფორმაციას, რომ კახეთში იმყოფებოდა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრ სერგეი ლავროვის ქალიშვილი, რომელიც დასავლეთის სახელმწიფოების მიერ სანქცირებულთა სიაშია.

ვლადიმირ პუტინის გადაწყვეტილება გააკრიტიკა საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა.

საქართველოს მთავრობაში აცხადებენ, რომ პირდაპირი ავიამიმოსვლა დადებითად აისახება რუსეთში მცხოვრებ „მილიონამდე თანამემამულეზე" და საქართველოს ეკონომიკაზეც და, რომ საქართველოს ბაზარზე არ დაიშვებიან უკრაინის წინააღმდეგ ომის გამო დასავლეთის მიერ სანქცირებული ავიაკომპანიები და მათი თვითმფრინავები.

XS
SM
MD
LG