საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ საზეიმო ცერემონიალზე, რომელიც თავისუფლების მოედანზე გაიმართა, სიტყვით გამოსვლისას ხელისუფლება რუსეთთან პოლიტიკის გამო გააკრიტიკა და თქვა, რომ საქართველოს მთავრობას მართებს უკეთ აკონტროლოს როგორც რუსეთიდან საქართველოში შემომსვლელი ადამიანები, ასევე ის რიტორიკა, რომელსაც იყენებს საერთაშორისო პარტნიორებთან და უკრაინასთან მიმართებაში.
სალომე ზურაბიშვილმა მთავრობა შეახსენა როგორც რუს დეპუტატ გავრილოვის ვიზიტი საქართველოში, ასევე რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, ლავროვის ქალიშვილის ჩამოსვლა - იგი გასულ კვირაში იმყოფებოდა საქართველოში, "ყვარლის ტბაზე" ქორწილში მონაწილეობისთვის.
"ხელისუფლებას ევალება ტერიტორიის დაცვა და საზღვრის მართვა. უნდა იცოდე, ვინ შემოდის და ვინ გადის ქვეყნიდან. ძნელი დასაჯერებელია, რომ ოკუპანტი ქვეყნის უმაღლესი პოლიტიკური წრის წევრები ქვეყანაში წინასწარი გაფრთხილებისა და უსაფრთხოების გარანტიების მიღების გარეშე შემოსულიყვნენ. მაშინ, როცა მუდმივად აპელირებენ მშვიდობაზე და სიფრთხილეზე, ნუთუ ამ დროს ხელისუფლებაში ვერავინ დაინახა ესკალაციის საფრთხე?! გავრილოვის მაგალითი მაინც არ გვქონდეს!
არ შეიძლება "ოკუპაციის კანონის" და პარტნიორების მიერ დაწესებული სანქციების გაუთვალისწინებლობა, რადგან ამან, ერთი მხრივ, შესაძლოა გამოიწვიოს ქვეყნის შიგნით პროტესტი და, მეორე მხრივ, უთანხმოება ჩვენს უახლოეს და სტრატეგიულ პარტნიორებთან.
ასევე გაუგებარი და შეურაცხმყოფელია, როცა შენივე ქვეყნის მმართველი ძალა ქსენოფობიას გაბრალებს. ჩვენს ისტორიას ასეთი ბრალდება არ ახსოვს. ბრალდება ქვეყნის მიმართ, რომელმაც საუკუნეების მანძილზე შემწყნარებლობით და სტუმართმოყვარეობით გაითქვა სახელი. ეს ყოველივე არა მხოლოდ წარსულითაა დამტკიცებული, ქართველ და ებრაელთა 26-საუკუნოვანი თანაცხოვრებით, არამედ დღესაც, როცა ოკუპანტი ქვეყნიდან უსიტყვოდ მივიღეთ და ვაცხოვრებთ 80 000-მდე იმიგრანტს და მთელი ამ დროის განმავლობაში არცერთი სერიოზული ინციდენტი არ ყოფილა. ეს ბრალდება ასევე სახიფათოა ქვეყნის უსაფრთხოებისთვის, რადგან ყველამ კარგად ვიცით და გვახსოვს, რომ რუსეთი მეზობლებზე თავდასხმებს რუსულენოვანი ხალხის დაცვით ამართლებს", - თქვა სალომე ზურაბიშვილმა.
პრეზიდენტმა ისაუბრა რუსეთიდან შემოსული მოქალაქეებისთვის სამართლებრივი ზომების დაწესების აუცილებლობაზე, განსაკუთრებით იმ შემთხვევებში, როცა ისინი საქართველოში ჯანდაცვისა და განათლების სფეროებში იწყებენ ბიზნესსაქმიანობას ან ყიდულობენ უძრავ ქონებას. სალომე ზურაბიშვილმა "გაუგებარი" უწოდა საქართველოს საგარეო პოლიტიკას და "შეურაცხმყოფელი" იმაზე მსჯელობას, რამდენ მილიონს მოუტანს ქვეყანას რუსეთთან პირდაპირი ფრენების აღდგენა.
"ყოველდღიური განცხადებები და ქმედებები კი ევროპისგან გვაშორებს და იზოლაციისკენ მივყავართ. ისმის კითხვა: სად გაქრა სიტყვები „ევროპა ჩვენი ცივილიზაციური არჩევანია“?
ჩვენ ვექიშპებით და ვლანძღავთ ჩვენს მეგობარ და პარტნიორ ქვეყნებს. ქვეყნებს, რომლებმაც 30 წლის მანძილზე დახმარების ხელი გამოგვიწოდეს, დაგვეხმარნენ სახელმწიფოს მშენებლობაში და ჩამოყალიბებაში. სამაგიეროდ კი მათ, ვინც ჩვენი ტერიტორიის ოკუპაციას ახდენს დღემდე, ვეგებებით და ვუფრთხილდებით.
ჩვენმა წინაპრებმა დიპლომატია, დაბალანსებული პოლიტიკა და სიფრთხილეც კარგად იცოდნენ, თუმცა ეს ღირსებას და პრინციპულობას მოკლებული არასოდეს ყოფილა. არ არსებობს ხალხი, რომელსაც ომის არ ეშინია. ომის სისასტიკე ჩვენსავით ცოტამ თუ იცის და ცოტას თუ ესმის, მაგრამ საკუთარ საზოგადოებაში შიშის გაღვივება (რაც ადვილია იმ ქვეყანაში, რომელსაც უამრავი შემოსევა და დაპყრობა ახსოვს) ან ამით მანიპულირება ვერ გახდება წარმატებული მართვის ფორმულა. ყველასთვის გასაგები რომ იყოს რასაც ვგულისხმობ, გავიხსენოთ "იმედზე" გასული ომის მოდელირებული ქრონიკა.
გაუგებარი და შეურაცხმყოფელია, როცა დღეს ვითვლით, თუ რამდენ მილიონს მოგვიტანს „ფრენების საჩუქარი.“ ნუთუ ჩვენი ღირსება 200 თუ 300 მილიონად იყიდება?!" - თქვა სალომე ზურაბიშვილმა.
პრეზიდენტმა რუსეთთან საქართველოს პოლიტიკაზე საუბრისას ბოდიში მოუხადა რუსეთის საოკუპაციო რეჟიმის მსხვერპლების, გიორგი ანწუხელიძის და გიგა ოთხოზორიას ოჯახებს და თქვა, რომ შეურაცხყოფა, რასაც ისინი გრძნობენ, მთელი ქვეყნისთვის შეურაცხმყოფელია.
რუსეთთან პირდაპირი ავიამიმოსვლის აღდგენის შემდეგ, პირველი რეისი თბილისში 19 მაისს შესრულდა. სწორედ ამ დღეს, 7 წლის წინათ, რუსეთის საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა გიგა ოთხოზორია მოკლეს. დედამისმა მედიას უთხრა, რომ რუსული თვითმფრინავების დაბრუნება საქართველოს ცაზე შეურაცხმყოფელი იყო მისთვისაც და საქართველოსთვისაც.
"ჩვენი ისტორიის მქონე ერმა როგორ უნდა დაიჯეროს, რომ რუსეთის პოლიტიკა შეიძლება ვინმეს კარგ ან ცუდ საქციელზე, ან რომელიმე განცხადებაზე იყოს დამოკიდებული, ყველაფერზე, გარდა საკუთარი ინტერესისა? რა იყო უკრაინაზე დამოკიდებული, როცა რუსეთმა ომი დაიწყო? ვინც ფიქრობს, რომ რუსეთი ტერიტორიებს დაგვიბრუნებს ჩვენი დათმობების სანაცვლოდ, მას ჩვენი ისტორიიდან არაფერი უსწავლია. ან კიდევ როგორ დავიჯეროთ, რომ ოკუპანტი შეიძლება ჩვენი თანამემამულეების კეთილდღეობაზე ზრუნავდეს? ნუთუ გვავიწყდება ჩვენს მოქალაქეებს აფხაზეთში, ცხინვალში ვინ ავიწროებს და ვინ იტაცებს?
კარგად ვხედავთ, დღეს ვინ ცდილობს უკრაინის ოკუპაციას და იმასაც ვხედავთ, რომ მსოფლიო იცვლება, რუსეთის უძლეველობის მითი დამსხვრეულია და ხვალინდელ გეოპოლიტიკურ სივრცეში აღარ უნდა არსებობდეს ოკუპირებული ტერიტორიები. დღეს 26 მაისია და ჩვენ უკრაინელ მეგობრებს მინდა ვუსურვო ქვეყნის გამარჯვება და გამთლიანება.
ამ ახალი მსოფლიო წესრიგის მოლოდინში დღეს ჩვენი საზოგადოება, როგორც ხელისუფლება, გზაგასაყარზეა. საზოგადოებამ თავისი სიტყვა თქვა და გამოხატა თავისი ნება - საქართველომ უნდა გააგრძელოს დამოუკიდებლობის გამყარების და გამთლიანების, ევროპული დემოკრატიის ჩამოყალიბების და ევროპულ ოჯახთან შეერთების გზა", - თქვა პრეზიდენტმა.
სალომე ზურაბიშვილის სიტყვით გამოსვლისას ორჯერ გაისმა ხმაური და შეძახილები.
პრეზიდენტის გამოსვლას დამოუკიდებლობის დღეზე წინ უსწრებდა ახალწვეულების ფიცის დადება.