Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

„არავინ არ სთხოვს ამერიკას, რომ კიდევ მეტი მტკიცებულებები მოგვაწოდონ" - ზურაბიშვილი ფარცხალაძის საქმეზე


სალომე ზურაბიშვილი, საქართველოს პრეზიდენტი
სალომე ზურაბიშვილი, საქართველოს პრეზიდენტი

პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი მიიჩნევს, რომ ყოფილი მთავარი პროკურორისთვის, ოთარ ფარცხალაძისთვის აშშ-ის მხრიდან სანქციების დაკისრების საქმეზე პასუხისმგებლობა ეკისრებათ საქართველოს შესაბამის უწყებებს. როგორც პრეზიდენტმა განაცხადა, საზოგადოებას პასუხი უნდა გაეცეს დეტალური გამოძიებით.

„ერთ-ერთმა, ბატონმა კახამ [კალაძემ], მე მგონი, თქვა, რომ ყველაზე დიდი უბედურება, თურმე, ჩემი ვიზიტები არის ევროპაში. არა, ბატონო კახა, ყველაზე დიდი უბედურება არის ის, როდესაც ქვეყანაში გენერალური პროკურორი ყოფილა „ეფესბეს“ თუ „კაგებეს“, თუ რა არის (ერთი და იგივე არის), აგენტი. ეს არის ყველაზე დიდი უბედურება და კიდევ უფრო დიდი უბედურება არის, როდესაც არ არის ისეთი ფორიაქი ყველა იმ უწყებაში, რომლებიც უნდა იძიებდნენ და პასუხისმგებლობა მათზე არის და მე მოვითხოვ აქა, თქვენ წინაშე, რომ საზოგადოებას პასუხი გაეცეს დეტალურად, დეტალური გამოძიებით. ეს არის არა თხოვნა, არამედ - მოთხოვნაა. ამაზე კიდევ ის უნდა დავამატო, რომ რაღაც მოქალაქეობაზე [ფარცხალაძის] იყო აქცენტები. ჩვენთან არ მოსულა არც არანაირი ინფორმაცია და არც არანაირი მოთხოვნა მოქალაქეობის ჩამორთმევის შესახებ. აქ ისრების გადატანა არ გამოვა. ნათელი არის, სად არის პასუხისმგებლობა", - თქვა პრეზიდენტმა.

ზურაბიშვილი მიიჩნევს, რომ ფარცხალაძის საკითხზე საჭირო არ არის დამატებითი მტკიცებულებების მიღება ამერიკის შეერთებული შტატებიდან.

„მე, სანამ წავიდოდი ბაზელში, შევხვდი ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს „შარჟეს, რომ გამეგო მათი მხრიდან რა მონაცემები არსებობდა და მე მგონი, კარგი იქნებოდა, რომ დროულად ის უწყებები, რომლებიც პასუხისმგებლები არიან ამ ყველაფერზე, დროულად გაგვცენ ჩვენ პასუხები. მონაცემები და მტკიცებულებები არსებობს და არავინ არ სთხოვს ამერიკას, რომ კიდევ მეტი მტკიცებულებები მოგვაწოდონ. მე მგონი, ყველაფერი ნათელი არის. აქ არის გამოძიება ჩასატარებელი და ის ანგარიშები გასაჩერებელი იმისთვის, რომ ამ ქვეყანამ საერთოდ თავისი სახე და რეპუტაცია არ დაკარგოს. ქვეყანამ კი არა - ვინც პასუხისმგებელი არის ამაზე", - აღნიშნა მან.

აშშ-ის მიერ დაწესებული სანქციების გამო საქართველოს ყოფილ მთავარ პროკურორს, ოთარ ფარცხალაძეს, "აქტივებზე წვდომა და ფინანსური ტრანზაქციების შესრულება" შეეზღუდა. ინფორმაცია რადიო თავისუფლებას მიაწოდეს საქართველოს ეროვნულ ბანკში.

პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის განცხადებით, სუსი აშშ-ს მიმართავს გადმოსცეს მტკიცებულებები, რომელთა საფუძველზეც მიიღეს გადაწყვეტილება ოთარ ფარცხალაძის შესახებ.

14 სექტემბერს ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის დოკუმენტის მიხედვით, ოთარ ფარცხალაძეს სანქციები დაუწესდა საქართველოზე რუსეთის მანკიერი ზეგავლენის საპასუხოდ.

ის რუსეთის ფედერაციის ეკონომიკის, მენეჯმენტის საკონსულტაციო სექტორში მუშაობისთვის ან საქმიანობისთვის მოხვდა სიაში და ფლობს საკონსულტაციო კომპანიებში, შპს MOSCOW BUSINESS BROKERAGE-სა და შპს INTERNATIONAL BUSINESS CORPORATION-ში, 50-პროცენტიან წილს ალექსანდრ ონიშჩენკოსთან ერთად. სახელმწიფო დეპარტამენტის თანახმად, ონიშჩენკო რუსეთის უშიშროების ფედერალური სამსახურის ოფიცერია.

დოკუმენტის მიხედვით, სავარაუდოდ, რუსეთის უშიშროების ფედერალური სამსახურის ოფიცერი ონიშჩენკო დაეხმარა "თანამოაზრე" ფარცხალაძეს რუსული პასპორტის და შესაძლოა, რუსეთის მოქალაქეობის მიღებაშიც. ფარცხალაძეს "სრულად აქვს მიღებული რუსული იდენტობა და რეგულარულად მგზავრობს რუსეთში". ონიშჩენკო და უშიშროების ფედერალური სამსახური ფარცხალაძეს "ქართულ საზოგადოებასა და პოლიტიკაზე რუსეთის საკეთილდღეო გავლენის მოხდენაში იყენებენ". დოკუმენტში წერია, რომ გავრცელებული ინფორმაციით, ფარცხალაძემ პირადი სარგებელი მიიღო ონიშჩენკოსა და ФСБ-სთან კავშირით.

აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა განცხადებაში ცალკე გამოყო ოთარ ფარცხალაძის საკითხი და მას ქართველი-რუსი ოლიგარქი უწოდა.

„სახელმწიფო დეპარტამენტი ასევე ასახელებს რუსეთის სადაზვერვო სამსახურის ერთ ოფიცერს და ერთ ქართველ-რუს ოლიგარქს, რომლებიც „ეფესბემ" გამოიყენა, რათა ზემოქმედება მოეხდინათ ქართულ საზოგადოებასა და პოლიტიკაზე რუსეთის სასარგებლოდ. გარდა ამისა, დეპარტამენტი განსაზღვრავს უამრავ სუბიექტს, რომლებიც აწარმოებენ და ასრულებენ რუსული იარაღის სისტემებს, მათ შორის კალიბრის საკრუიზო რაკეტას, რომელსაც რუსული ძალები იყენებენ ქალაქებისა და სამოქალაქო ინფრასტრუქტურის წინააღმდეგ უკრაინაში", - აღნიშნული იყო ენტონი ბლინკენის წერილში.

ოთარ ფარცხალაძე საქართველოს მთავარი პროკურორი იყო 2013 წლის ნოემბრიდან დეკემბრამდე.

2022 წლის სექტემბერში უკრაინამ ფარცხალაძე ქართულ პოლიტიკურ ელიტასთან ასოცირებული 15 ადამიანის სიაში დაამატა. უკრაინის კორუფციის პრევენციის ეროვნული სააგენტოს (NACP) მხარდაჭერილ ვებგვერდზე „ომი და სანქციები“ ეწერა, რომ ფარცხალაძე არის „საქართველოს სახელმწიფოს ოლიგარქიული მმართველობისა და ხელში ჩაგდების ერთ-ერთი მონაწილე“, მილიარდერის, ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ბიძინა ივანიშვილის "ნდობით აღჭურვილი პირი".

შალვა პაპუაშვილმა ოთარ ფარცხალაძისთვის ამერიკის შეერთებული შტატების მხრიდან სანქციების დაწესების საკითხზე 14 სექტემბერსაც ილაპარაკა ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში. მისი თქმით, ფარცხალაძე კერძო პირია და სახელმწიფო სტრუქტურებთან კავშირი არ აქვს. ამასთან, აღნიშნა, რომ საქართველოს შესაბამისი უწყებები ამ საკითხს შეისწავლიან.

ოთარ ფარცხალაძისთვის სანქციების დაწესებას ოპოზიციაში „ქართული ოცნების“ მხილება უწოდეს.

XS
SM
MD
LG