Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ოთარ ფარცხალაძე მისთვის დაწესებულ სანქციას წერილობით გამოეხმაურა


ოთარ ფარცხალაძე, საქართველოს ყოფილი მთავარი პროკურორი.
ოთარ ფარცხალაძე, საქართველოს ყოფილი მთავარი პროკურორი.

საქართველოს ყოფილმა მთავარმა პროკურორმა ოთარ ფარცხალაძემ, რომელსაც აშშ-მ სანქციები დაუწესა, საკუთარი პოზიცია სამაუწყებლო კომპანია „რუსთავი 2“-ს წერილობით მიაწოდა. როგორც ტელეარხი აღნიშნავს, მან ინტერვიუზე უარი განაცხადა.

ფარცხალაძე მის წინააღმდეგ აგორებულ „ბინძურ კამპანიაზე“ წერს და აღნიშნავს, რომ 10 წელია, რაც თანამდებობას აღარ იკავებს.

„ქართულმა საზოგადოებამ კარგად იცის, რომ უკვე 10 წელია, არათუ საჯარო სამსახურში თანამდებობას არ ვიკავებ, არამედ სახელმწიფო ინსტიტუტებთან არანაირი კავშირი არ მაქვს! მიუხედავად ამისა, ნაციონალურ მოძრაობასა და მის პროპაგანდისტულ მედიას, ჩემ წინააღმდეგ ტალახის სროლა და მიზანმიმართული დისკრედიტაციის მცდელობები, მთელი ამ დროის განმავლობაში ერთი წამითაც არ შეუწყვიტავს.

შეგახსენებთ, რომ სწორედ ცილისწამებისა და ჩემ მიმართ ტყუილების გავრცელების წინააღმდეგ ბრძოლის პროცესში, სამჯერ მაქვს მოგებული სასამართლო. მიუხედავად ამისა, ამ ადამიანებს, ერთი წამით არ უთქვამთ უარი ჩემ წინააღმდეგ აგორებული ბინძური კამპანიის შეწყვეტაზე, თანაც ეს იმ ფონზე, როდესაც არც ერთი ფაქტი არ წარმოუდგენიათ იმ მოგონილი ბრალდებების დასადასტურებლად, რომელსაც ავრცელებდნენ“, - ნათქვამია ოთარ ფარცხალაძის წერილში.

ყოფილი მთავარი პროკურორი აცხადებს, რომ მისთვის სანქციის დაწესების გადაწყვეტილება ვარაუდებზე დაყრდნობით არის მიღებული.

„მიმაჩნია, რომ ჩემ წინააღმდეგ დაწესებული სანქციები კონკრეტული ადამიანების ინსპირირებულია და ამ ათწლიანი დისკრედიტაციის კამპანიის დაგვირგვინებაა. მეორე მხრივ, ადგილობრივ დონეზე კონკრეტული პოლიტიკური ინტერესების მქონე სუბიექტების რეაქციებმა დამარწმუნა, რომ აქტიურად ცდილობენ ჩემი სახელის სახელმწიფო ინსტიტუტებთან ან ხელისუფლებასთან დაკავშირებას, რასაც, კიდევ ერთხელ ხაზგასმით ვაცხადებ, არანაირი საფუძველი არ აქვს, ხოლო რას ემსახურება აღნიშნული მცდელობები, დარწმუნებული ვარ, ქართული საზოგადოება ყველაზე უკეთ ხვდება.

ყველამ ვინც აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადება წაიკითხა, ნათლად დაინახა, რომ აღნიშნული გადაწყვეტილება მხოლოდ ვარაუდებზე დაყრდნობით არის მიღებული, რასაც გამოქვეყნებული ტექსტით, მისივე ავტორები ადასტურებენ:
„FSB ოფიცერი ონიშჩენკო, სავარაუდოდ, დაეხმარა თავის თანამოაზრე ფარცხალაძეს რუსული პასპორტისა და შესაძლოა რუსეთის მოქალაქეობის მიღებაში",“ - ვკითხულობთ ფარცხალაძის წერილში.

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის დოკუმენტის მიხედვით, ოთარ ფარცხალაძეს სანქციები უწესდება საქართველოზე რუსეთის მანკიერი ზეგავლენის საპასუხოდ.

ის რუსეთის ფედერაციის ეკონომიკის, მენეჯმენტის საკონსულტაციო სექტორში მუშაობისთვის ან საქმიანობისთვის მოხვდა სიაში და ფლობს საკონსულტაციო კომპანიებში, შპს MOSCOW BUSINESS BROKERAGE-სა და შპს INTERNATIONAL BUSINESS CORPORATION-ში, 50-პროცენტიან წილს ალექსანდრ ონიშჩენკოსთან ერთად. სახელმწიფო დეპარტამენტის თანახმად, ონიშჩენკო რუსეთის უშიშროების ფედერალური სამსახურის ოფიცერია.

დოკუმენტის მიხედვით, სავარაუდოდ, რუსეთის უშიშროების ფედერალური სამსახურის ოფიცერი ონიშჩენკო დაეხმარა "თანამოაზრე" ფარცხალაძეს რუსული პასპორტის და შესაძლოა, რუსეთის მოქალაქეობის მიღებაშიც. ფარცხალაძეს "სრულად აქვს მიღებული რუსული იდენტობა და რეგულარულად მგზავრობს რუსეთში". ონიშჩენკო და უშიშროების ფედერალური სამსახური ფარცხალაძეს "ქართულ საზოგადოებასა და პოლიტიკაზე რუსეთის საკეთილდღეო გავლენის მოხდენაში იყენებენ". დოკუმენტში წერია, რომ გავრცელებული ინფორმაციით, ფარცხალაძემ პირადი სარგებელი მიიღო ონიშჩენკოსა და ФСБ-სთან კავშირით.

ოთარ ფარცხალაძე საქართველოს მთავარი პროკურორი იყო 2013 წლის ნოემბრიდან დეკემბრამდე.

2022 წლის სექტემბერში უკრაინამ ფარცხალაძე ქართულ პოლიტიკურ ელიტასთან ასოცირებული 15 ადამიანის სიაში დაამატა. უკრაინის კორუფციის პრევენციის ეროვნული სააგენტოს (NACP) მხარდაჭერილ ვებგვერდზე „ომი და სანქციები“ ეწერა, რომ ფარცხალაძე არის „საქართველოს სახელმწიფოს ოლიგარქიული მმართველობისა და ხელში ჩაგდების ერთ-ერთი მონაწილე“, მილიარდერის, ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ბიძინა ივანიშვილის "ნდობით აღჭურვილი პირი".

გუშინ, 14 სექტემბერს, საქართველოს ყოფილი მთავარი პროკურორისთვის, ოთარ ფარცხალაძისთვის, ამერიკის შეერთებული შტატების მხრიდან სანქციების დაწესების საკითხზე ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში ილაპარაკა პარლამენტის თავჯდომარე შალვა პაპუაშვილმა. მისი თქმით, ფარცხალაძე კერძო პირია და სახელმწიფო სტრუქტურებთან კავშირი არ აქვს. ამასთან, აღნიშნა, რომ საქართველოს შესაბამისი უწყებები ამ საკითხს შეისწავლიან.

ოთარ ფარცხალაძისთვის სანქციების დაწესებას ოპოზიციაში „ქართული ოცნების“ მხილება უწოდეს.

XS
SM
MD
LG