Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რას მოასწავებს დოდონის პატიმრობიდან გათავისუფლება მოლდოვის პოლიტიკაში?


სახელმწიფო ღალატსა და კორუფციაში ეჭვმიტანილი იგორ დოდონი 26 მაისიდან შინაპატიმრობაში იმყოფებოდა.
სახელმწიფო ღალატსა და კორუფციაში ეჭვმიტანილი იგორ დოდონი 26 მაისიდან შინაპატიმრობაში იმყოფებოდა.

გასულ კვირაში მოლდოვის ყოფილი პრეზიდენტი, თავის დროზე კრემლთან ერთ-ერთი ყველაზე დაახლოებული პოლიტიკოსი იგორ დოდონი უმაღლესმა სასამართლომ გაათავისუფლა შინაპატიმრობიდან, რომელშიც სახელმწიფო ღალატსა და კორუფციაში ეჭვმიტანილი პოლიტიკოსი მიმდინარე წლის 26 მაისიდან იმყოფება.

მისი გათავისუფლების გადაწყვეტილების გამოცხადების შემდეგ, სასამართლოს წინ შეკრებილ თავის მომხრეებს იგორ დოდონი დაჰპირდა, რომ ახალი ძალით გააგრძელებს ქვეყანაში დაწყებულ საპროტესტო მოძრაობას ქვეყნის პრეზიდენტ მაია სანდუსა და პრემიერ-მინისტრ ნატალია გავრილიცას წინააღმდეგ.

„ეს ჩვენი პირველი გამარჯვებაა, მაგრამ ბრძოლა გრძელდება“, - განაცხადა იგორ დოდონმა, რომლის მიმართაც დაწყებული გამოძიება გრძელდება და მას 60 დღის განმავლობაში სასამართლოს ძალით აკრძალული აქვს ქვეყნის ტერიტორიის დატოვება.

ანალიტიკოსები ფიქრობენ, რომ ქვეყანაში შექმნილი ენერგეტიკული კრიზისისა და მზარდი ინფლაციის ფონზე, მსხვილი პოლიტიკური კორუფციონერის პატიმრობიდან გათავისუფლება სერიოზულ დარტყმას მიაყენებს მოლდოვის პროდასავლურ ხელისუფლებას, რომელიც არჩევნების დროს მოსახლეობას კორუფციის წინააღმდეგ შეურიგებელ ბრძოლას ჰპირდებოდა.

„ხელისუფლებას ხელიდან უსხლტებიან დიდი თევზები“

„ჩვენს ხალხს კვლავ უნდა დავაჯეროთ, რომ სახელმწიფო არსებობს და მუშაობს მათთვის, მოვახდინოთ ძლიერი ინსტიტუტების კონსოლიდაცია და დავიწყოთ იქიდან, რაც ყველაზე მეტად აწუხებს ხალხს - სამართლის უზენაესობა, ანტიკორუფციული ძალისხმევა. ჩვენ უნდა გავწმინდოთ სისტემა კორუმპირებული მოსამართლეებისგან, კორუმპირებული საჯარო მოხელეებისგან, სამომავლოდ ეს არის ჩვენი ძალისხმევა“, - აცხადებდა მოლდოვის პრეზიდენტი მაია სანდუ საპრეზიდენტო არჩევნებში თავის პრორუს მეტოქე, მოქმედ პრეზიდენტ იგორ დოდონზე დამაჯერებელი გამარჯვების შემდეგ.

კორუმპირებული მოხელეებისგან სასამართლო და აღმასრულებელი ხელისუფლების გაწმენდა იყო მთავარი დევიზი, რომელმაც მაია სანდუს „მოქმედებისა და სოლიდარობის ( PAS) პარტიას“ შარშანდელი ივლისის ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებში 101-ადგილიან პარლამენტში 63 მანდატი მოუტანა.

საპრეზიდენტო და საპარლამენტო ძალაუფლება პროდასავლელ მაია სანდუს აძლევდა საკმარის შესაძლებლობას იმისთვის, რომ ცხოვრებაში გაეტარებინა წინასაარჩევნო იდეალები - გაეწმინდა პროკურატურა და სასამართლო კორუმპირებული მოხელეებისგან და გზა გაეხსნა ქვეყანაში კანონის უზენაესობის დამკვიდრებისათვის.

ამ გზაზე სერიოზულ ნაბიჯად ჩაითვალა ქვეყნის ყოფილი პრეზიდენტის, იგორ დოდონის პასუხისგებაში მიცემის სამართლებრივი პროცედურის დაწყება.

სამართალდამცველებმა დოდონი 24 მაისს 72 საათით დააპატიმრეს. მანამდე ყოფილი პრეზიდენტის სახლში სასამართლოს გაცემული ორდერით ჩხრეკა ჩატარდა. 26 მაისს კი კიშინიოვის სასამართლომ მოლდოვის ყოფილ პრეზიდენტს 30 დღით საშინაო პატიმრობა მიუსაჯა, პასიური კორუფციის, დამნაშავეობრივი ორგანიზაციებისგან დაფინანსების მიღების, უკანონო გამდიდრებისა და სახელმწიფო ღალატის ბრალდებით.

„კორუფციასთან ბრძოლა იწყება ზემოთ, პოლიტიკურ კლასში, ოლიგარქებს შორის კორუფციასთან ბრძოლით“, - განაცხადა დოდონის ეჭვმიტანილად გამოცხადების შემდეგ რადიო თავისუფლებისათვის მიცემულ ინტერვიუში მოლდოვის საგარეო საქმეთა მინისტრმა ნიკი პოპესკუმ, რომელიც გამორიცხავდა ყოფილი პრეზიდენტის პოლიტიკურად მოტივირებულ დევნას.

ბრალდების თანახმად, დოდონმა ქრთამი აიღო მოლდაველი ოლიგარქის, ვლადიმირ პლაჰოტნიუკისგან. გამოძიების საბაბი გახდა ვიდეოჩანაწერები, რომლებიც 2019 წელსაა გაკეთებული. ფარული კამერით გადაღებულ ვიდეოზე პლაჰოტნიუკი ცდილობდა, შავი პაკეტი გადაეცა იგორ დოდონისთვის, რომელიც იმხანად მოქმედი პრეზიდენტი იყო. დოდონი მას არ მიეკარა, მაგრამ თქვა: „თქვენ კვლავ პარკით ხართ“, და სთხოვა, ვინმე „კოსტასთვის“ გადაეცა ის. ვიდეოში დოდონი და პლაჰოტნიუკი ასევე მსჯელობენ პარლამენტში კოალიციის შექმნაზე, რომელსაც საკონსტიტუციო უმრავლესობა ექნებოდა.

პლაჰოტნიუკი მოლდოვური პოლიტიკის „რუხ კარდინალად“ ითვლებოდა. მისი დემოკრატიული პარტია ერთ-ერთი წამყვანი პოლიტიკური ძალა იყო. რამდენიმე წლის წინ ის იძულებული გახდა, დაეტოვებინა ქვეყანა მას შემდეგ, რაც მის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე აღიძრა, მისმა მომხრეებმა კი გავლენა დაკარგეს.

მაგრამ პლაჰოტნიუკისა და დოდონის გავლენისგან ჯერ კიდევ არ არის გათავისუფლებული პროკურატურა და სასამართლო, - მიიჩნევს დამოუკიდებელი ჟურნალისტი ლინა გრაუ, რომელიც ვარაუდობს, რომ ქვეყნის უზენაესი სასამართლოს მიერ დოდონის შინაპატიმრობაში დატოვების შესახებ ანტიკორუფციული პროკურატურის შუამდგომლობაზე უარის თქმა, სერიოზულ დარტყმას აყენებს პროდასავლური ხელისუფლების ისედაც შელახულ იმიჯს.

„დიდი კორუფციის წინააღმდეგ დიდი ბრძოლის დაწყება ხელისუფლების უმთავრესი დაპირება იყო და ახლა გამოდის, რომ ხელისუფლებას ერთიმეორის მიყოლებით ხელიდან უსხლტებიან ის დიდი თევზები, რომლებსაც პროკურატურამ თვალი დაადგა. ხოლო იუსტიციის სისტემა ამ თვალსაზრისით მოქმედ ხელისუფლებას დიდად მაინცდამაინც არ ეხმარება, რადგან მართლმსაჯულების სისტემაში მუშაობს ბევრი ისეთი ადამიანი, რომლებსაც აქვთ ძველი კავშირები ოლიგარქებთან და, აქედან გამომდინარე, დასაკარგიც აქვთ. შესაბამისად, ხელისუფლება ყველა მხრიდან არის მოქცეული ალყაში, რაც შექმნილ სოციალურ-ეკონომიკურ ვითარებაში ასუსტებს პროდასავლური ძალების გავლენას“, - აცხადებს ლინა გრაუ.

მორიგი დარტყმა მთავრობის იმიჯზე

მოლდოვის მთავრობის წინააღმდეგ ბოლო კვირების განმავლობაში ათასობით დემონსტრანტი გამოდის კიშინიოვისა და სხვა ქალაქების ქუჩებში, ენერგეტიკული კრიზისის ესკალაციისა და ინფლაციის ზრდით გამოწვეული უკმაყოფილების გამო. სიტუაციას კიდევ უფრო ართულებს მთავრობის წევრებს შორის მომხდარი დაპირისპირება და სოციალურ ქსელებში მაღალი თანამდებობის პირების სკანდალური მიმოწერის გასაჯაროება.

სექტემბრის დასაწყისში თანამდებობა დატოვა მოლდოვის გარემოს დაცვის მინისტრმა, იულიანა კარტანაჯიუმ. როგორც გაირკვა, ერთ-ერთი მნიშვნელოვანი დარგის მინისტრმა არ შეასრულა პრემიერ-მინისტრის დავალება, 1 სექტემბრამდე შეექმნა სპეციალური საიტი, რომლითაც მოქალაქეები მიიღებდნენ ამომწურავ ინფორმაციას ზამთრისათვის შეშის შეძენის თაობაზე.

„ყველაზე გამაოგნებელი ის იყო, რომ როდესაც ჟურნალისტები ამ საიტის შესახებ მინისტრს შეეკითხნენ, მან ღიმილით განაცხადა, რომ ვერ ხედავს დიდ უბედურებას იმაში, რომ პრემიერ-მინისტრის ბრძანება არ შესრულდა“, - ამბობს ლინა გრაუ.

მინისტრის ფრაზამ საზოგადოების აღშფოთება გამოიწვია. სოციალური ქსელების მომხმარებლები კარტანაჯიუს თანამდებობიდან გადაყენებას ითხოვდნენ.

ამჯერად ხელისუფლების ოპონენტები და სოციალური ქსელები ასევე ითხოვენ იმ სკანდალის გამოძიებას, რომელშიც აღმოჩნდნენ იუსტიციის მინისტრი სერჯიუ ლიტვინენკო, პრეზიდენტ მაია სანდუს მრჩეველი უსაფრთხოების საკითხებში დორინ რეჩანი და პოლიციის უფროსი ვიორელა ჩერნეუცანუ.

როგორც რადიო თავისუფლების მოლდოვური სამსახური წერს, ნოემბრის შუა რიცხვებში საიტ Moldova-leaks-ზე გამოქვეყნდა ჩატი სახელწოდებით „CSP“, რომელშიც იუსტიციის მინისტრი და მოლდოვის პრეზიდენტის წარმომადგენელი თითქოსდა განიხილავენ ანტიკორუფციულ პროკურატურაში გამართულ კონკურსს, რომელშიც ვიორიკა დრაგალინმა გაიმარჯვა.

ამ გაჟონილ ჩანაწერზე დაყრდნობით მოლდოვის საპარლამენტო ოპოზიციის წარმომადგენლები აცხადებენ, რომ კონკურსი ფალსიფიცირებული იყო.

ლიტვინენკომ თავდაპირველად უარყო მესიჯის ნამდვილობა, შემდეგ კი განაცხადა, რომ ის „კონტექსტიდან არის ამოგლეჯილი“.

დრაგალინმა უარი თქვა ინფორმაციის კომენტარებაზე და ამის მიზეზად ის დაასახელა, რომ გამოქვეყნებული მიმოწერა „კონფიდენციალურობის სერიოზული დარღვევაა“.

  • 16x9 Image

    კობა ლიკლიკაძე

    ჟურნალისტი. მუშაობს საერთაშორისო სამხედრო თანამშრომლობის, შეიარაღებული კონფლიქტების, ნატოს და ევროკავშირის სამეზობლოს სამხედრო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2001 წლიდან.

XS
SM
MD
LG