Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ამაყი მოლდოველები, ქალები კორუფციასთან ბრძოლაში და პრაგმატული “შერიფი” ჩემპიონთა ლიგაში 


მოლდოვის პრეზიდენტი, ჰარვარდის კურსდამთავრებული, მაია სანდუ, დასავლური სამყაროს ლიდერების უპირობო მხარდაჭერით სარგებლობს.
მოლდოვის პრეზიდენტი, ჰარვარდის კურსდამთავრებული, მაია სანდუ, დასავლური სამყაროს ლიდერების უპირობო მხარდაჭერით სარგებლობს.

მოლდოვამ ბოლო არჩევნების შემდეგ ნაბიჯ-ნაბიჯ მოიტოვა უკან  აღმოსავლეთ პარტნიორობის სხვა ქვეყნები, მათ შორის ჯგუფის ლიდერი - საქართველო.

ამაყი მოლდოველების ამბავი სექტემბრის ბოლოს, გაეროს ტრიბუნიდანაც მოისმინეს მსოფლიოს ლიდერებმა.

"ავტორიტარიზმი მსოფლიოში შეიძლება ცდილობდეს დემოკრატიის ხანა დასრულებულად გამოაცხადოს, მაგრამ ისინი ცდებიან. სიმართლე ისაა, რომ დემოკრატიული სამყარო ყველგანაა. ის არის ანტიკორუფციულ აქტივისტებში, უფლებადამცველებში, ჟურნალისტებსა და მშვიდობიან დემონსტრანტებში; ...ის არის ამაყ მოლდოველებში, რომლებმაც უზარმაზარი გამარჯვება მოუტანეს დემოკრატიის ძალებს და მისცეს მანდატი პოლიტიკურ კორუფციასთან საბრძოლველად და უფრო ინკლუზიური ეკონომიკის შესაქმნელად", - თქვა აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა გაეროს გენერალური ასამბლეის 76-ე სესიაზე.

მანდატი პოლიტიკურ კორუფციასთან საბრძოლველად მოლდოვის პროდასავლურ ძალებს - პრეზიდენტ მაია სანდუსა „მოქმედებისა და სოლიდარობის“ პარტიას - ამომრჩეველმა, რიგგარეშე არჩევნებზე, ივლისში მისცა. თუმცა სანდუს და პრემიერ-მინისტრ ნატალია გავრილიცას ტანდემს ბრძოლა უწევს შიდა უწყებრივი წინააღმდეგობის გადასალახად კორუმპირებული სახელმწიფო სტრუქტურების - იუსტიციისა და პროკურატურის რეფორმირების პროცესში.

სანდუ არ წავიდა რეფორმების სააკაშვილისეული მოდელით

მოლდოვის პრეზიდენტი, ჰარვარდის კურსდამთავრებული, მაია სანდუ, დასავლური სამყაროს ლიდერების უპირობო მხარდაჭერით სარგებლობს, რაც 29 სექტემბერს კიშინიოვში გერმანიის პრეზიდენტის, ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერის ვიზიტმაც ცხადყო.

გერმანიის ლიდერმა კიშინიოვს შესთავაზა დახმარების პაკეტი, რომელმაც ზურგი უნდა გაუმაგროს პრეზიდენტ სანდუს მიერ დაწყებულ რეფორმებს.

„მე ჩამოვიტანე მცირე, დაახლოებით 10 მილიონი ევროს პაკეტი, რომლის წყალობითაც ჩვენ მოგაწვდით ექსპერტულ ცოდნას, რადგან, როგორც ცნობილია, როდესაც საქმე სახელმწიფო სექტორის რეფორმებს შეეხება, ამისთვის საჭირო გამოცდილება“, - განაცხადა 29 სექტემბერს ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერმა.

ექსპერტული ცოდნა, გამოცდილი და მოტივირებული კადრები ეს ისა, რაც ახლა ყველაზე უფრო მეტად ესაჭიროება გზაგასაყარზე მდგარ მოლდოვას და მის ლიდერს, პრეზიდენტ მაია სანდუს, რომელმაც თავის მიზნად დაისახა მოლდოვის აღმასრულებელი ხელისუფლების, პროკურატურისა და იუსტიციის კორუფციისგან გაწმენდა.

„ჩვენს ხალხს კვლავ უნდა დავაჯეროთ, რომ სახელმწიფო არსებობს და მუშაობს მათთვის, მოვახდინოთ ძლიერი ინსტიტუტების კონსოლიდაცია და დავიწყოთ იქიდან, რაც ყველაზე მეტად აწუხებს ხალხს - კანონის უზენაესობა, ანტიკორუფციული ძალისხმევა. ჩვენ უნდა გავწმინდოთ სისტემა კორუმპირებული მოსამართლეებისგან, კორუმპირებული საჯარო მოხელეებისგან, სამომავლოდ ეს არის ჩვენი ძალისხმევა. აქამდე მუშაობდა სქემები კერძო ფინანსური ინტერესების გათვალისწინებით, ეს უნდა ჩაბარდეს წარსულს. ნაკლები ვისაუბროთ, მეტი ვაკეთოთ“, - ამბობს მოლდოვის პრეზიდენტი.

სწორედ სისტემური კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლა იყო ის მთავარი დევიზი, რითაც 2020 წელს საპრეზიდენტო არჩევნებში გაიმარჯვა მაია სანდუმ, პროდასავლელმა პოლიტიკოსმა ქალმა, რომელმაც დამაჯერებლად სძლია კრემლის ფავორიტ მოქმედ პრეზიდენტ, იგორ დოდონს.

მოგვიანებით, 11 ივლისის ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებში პროსაპრეზიდენტო „მოქმედებისა და სოლიდარობის“ პარტიამ 101-მანდატიან პარლამენტში 63 მანდატი მოიპოვა, რითაც მაია სანდუ ფაქტობრივად საკანონმდებლო ხელისუფლებასაც აკონტროლებს და აღმასრულებელსაც, სადაც პრემიერად მისი თანამებრძოლი, ასევე ჰარვარდის უმაღლესი სკოლის კურსდამთავრებული, ნატალია გავრილიცაა.

მალე ერთი წელიწადი შესრულდება მაია სანდუს პრეზიდენტად არჩევიდან და თუ მხედველობაში არ მივიღებთ უპრეცედენტო საგარეო მხარდაჭერას და წარმატებულ ვიზიტებს, მოსახლეობა ჯერ კიდევ ელოდება სისტემური კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის ხელშესახებ შედეგებს.

„ჯერჯერობით მაინც ნაადრევია იმედგაცრუებაზე საუბარი, თუმცა საექსპერტო წრეებში არსებობს მოსაზრება, რომ სასურველია, ქვეყნის შიდა პოლიტიკაში გარკვეული ცვლილებები უფრო სწრაფად და, რაც მთავარია, უკეთესად ტარდებოდეს. პირველ ყოვლისა ეს შეეხება იუსტიციის სისტემისა და პროკურატურის რეფორმირებას. მმართველ პარტიას სურდა ამ რეფორმების სწრაფად და მტკიცედ გატარება. ბევრი სხვათა შორის, ლაპარაკობდა მიხეილ სააკაშვილზე, რომელმაც რკინის ხელით გაატარა მსგავსი რეფორმები და დიდად არ ითვალისწინებდა საზოგადოების წარმომადგენლებისა თუ ექსპერტების მოსაზრებებს. სწორედ ასე სურდა რეფორმების გატარება მმართველ პარტიას კიშინიოვში. მაგრამ ისეთი შთაბეჭდილება იქმნებოდა, რომ საკითხი არ იყო მომზადებული, რის გამოც სისტემამ [რომელიც ჩაფიქრებული რეფორმის სამიზნე იყო] ძალიან მკაცრად უპასუხა“, - ამბობს ლინა გრაუ რადიო თავისუფლების კიშინიოვის ბიუროს ჟურნალისტი.

ანუ, მოლდოვის ხელისუფლებას არ გასჭირვებია უწყების პირველ პირების, მინისტრებსა და მოადგილეების შეცვლა, მაგრამ საკმაოდ რთული საქმე აღმოჩნდა ქვედა რგოლის თანამშრომლების ახალი კადრებით ჩანაცვლება იუსტიციის სამინისტროსა და პროკურატურაში.

თან ამ ყველაფერს ახლდა უკანონოდ გათავისუფლების შესახებ საჩივრები შესაბამისი უწყების თანამშრომელთა მხრიდან, რომლებიც იოლად იგებენ საქმეებს კორუმპირებულ სასამართლოებში. ამასობაში მოლდოვის მმართველ პარტიას ოპოზიცია უკვე ადანაშაულებს საუწყებო კონკურსების ფორმალურად ჩატარებასა და ყველა თანამდებობაზე ხელისუფლებასთან დაახლოებული პირების დანიშვნაში, რასაც კატეგორიულად უარყოფს მაია სანდუ და მისი გუნდი, რომელსაც საზოგადოების მეორე ნაწილი რეფორმების პროცესში ზედმეტ გაუბედაობას საყვედურობს. და ეს საყვედური არ არის საფუძველს მოკლებული.

„მაია სანდუ თავს ძლიერ ლიდერად წარმოაჩენს, მაგრამ ჯერჯერობით ის არ წავიდა ისეთ პირდაპირ და ღია კონფრონტაციაზე, როგორზეც მიდიოდა მიხეილ სააკაშვილი“, - დასძენს ლინა გრაუ.

დნესტრისპირეთის გაყინული კონფლიქტი და დამოკიდებულება რუსეთთან

მაია სანდუ პრინციპულია დნესტრისპირეთში რუსეთის სამხედრო ძალის უკანონო ყოფნის მიმართ, მაგრამ საჯარო გამოსვლებში რუსეთს არ მოიხსენიებს „აგრესორად“ და გაურბის მოსკოვთან ღია კონფრონტაციას.

შარშან, მოლდოვის საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვებულმა, მაია სანდუმ, რომელიც ევროკავშირის მომხრეა, პირობა დადო, რომ რუსეთთან და დასავლეთთან გაწონასწორებული ურთიერთობა ექნებოდა.

„მე მინდა კვლავ გავიმეორო, რომ ჩვენი პოზიცია დნესტრისპირეთიდან რუსეთის ჯარების სრული და უსიტყვო გაყვანის თაობაზე, უცვლელი რჩება“, - განაცხადა 22 სექტემბერს გაეროს გენერალურ ასამბლეაზე სიტყვით გამოსვლის დროს, მოლდოვის პრეზიდენტმა მაია სანდუმ.

კიშინიოვის თანახმად, დაახლოებით 1400 რუსი სამხედრო მოსამსახურე ჯერ ისევ იმყოფება დნესტრისპირეთში, რომელმაც 1990-იან წლებში მოლდოვისგან გამოყოფა გადაწყვიტა. დნესტრისპირეთი 1992 წელს მოკლევადიან საბრძოლო მოქმედებაში ჩაერთო კიშინიოვთან იმის შიშით, რომ საბჭოთა კავშირიდან დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ მოლდოვა მეზობელ რუმინეთთან შეერთებას შეეცდებოდა.

დნესტრისპირეთში საბჭოთა პერიოდიდან დისლოცირებულმა რუსეთის არმიამ კი სეპარატისტებს დაუჭირა მხარი შეიარაღებულ კონფლიქტში, რომელიც მალე ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებაზე ხელმოწერით დასრულდა.

ეუთოს ეგიდით გამართული სამშვიდობო მოლაპარაკების რამდენიმე რაუნდის მიუხედავად, რომელშიც აშშ-ი და ევროკავშირიც იღებდნენ მონაწილეობას შუამავლების სახით, ვერ მოხერხდა დნესტრისპირეთის კონფლიქტის მოწესრიგება.

მაია სანდუმ არაერთხელ მოუწოდა რუსეთს დნესტრისპირეთიდან ჯარების გაყვანისკენ, და გამოვიდა წინადადებით, რეგიონში ეუთოს ეგიდით მოქმედი სამოქალაქო დამკვირვებლების განთავსების შესახებ, რაც რუსეთმა უარყო.

მიუხედავად მოსკოვის ასეთი ხისტი პოზიციისა, მოლდოვა ცდილობს „უფრო მსუბუქი აქცენტების შენარჩუნებას“ რუსეთთან ურთიერთობაში.

„ეს პოზიცია სწორია, რადგან ჩვენ არ შეგვიძლია გამოვიდეთ და პირდაპირ ვუწოდოთ რუსეთს აგრესორი სახელმწიფო, როგორც ამას ზოგიერთი კომენტატორი აკეთებს მოლდოვაში. ცხადია, რომ როდესაც გაგზავნილ შეტყობინებას აქვს მკვეთრი კონოტაცია, ეს წარმოშობს იმის ალბათობას, რომ მეორე მხარისაგან ამას მოჰყვება ახალი გამოწვევები უსაფრთხოებისა და პოლიტიკური დიალოგის თვალსაზრისით. მით უფრო, რომ ეს პრობლემები, რომლებიც თავს ირჩენენ რუსეთის ფედერაციასთან ურთიერთობაში, იოლად შეუძლიათ გამოიყენონ გარკვეულმა ძალებმა კიშინიოვში, პარტიებმა, რომლებიც წარსულში რუსეთისგან საზრდოობდნენ და როგორც ჩანს კვლავაც საზრდოობენ რუსეთის ფედერაციაში მცხოვრები გარკვეული პოლიტიკოსების საბანკო ანგარიშებიდან. ამიტომ მე ვფიქრობ, რომ მიდგომა, რომელიც მთავრობას აქვს, მცდელობა, რომ აწარმოოს რუსეთთან დიალოგი სოციალურ, ენერგეტიკულ და ეკონომიკურ საკითხების გარშემო, სწორია“, - უთხრა რადიო თავისუფლებას მიხაი მოგილდიამ, კიშინიოვში მდებარე ევროპული პოლიტიკისა და რეფორმების ინსტიტუტის ანალიტიკოსმა, რომელიც დარწმუნებულია, რომ მალე დადგება დრო, როდესაც მოლდოვამ უნდა შეიმუშაოს უფრო მკაფიო, ნორმატიული ხედვა ამ კონფლიქტთან მიმართებით.

როდის დადგება ეს დრო და რა იქნება ამ „ნორმატიული ხედვის“ არსი თუ შედეგი, - ჯერჯერობით ძნელი სათქმელია, მაგრამ მოლდოვის პრეზიდენტმა გასულ კვირაში გაეროს ტრიბუნიდან რუსეთს კვლავ მოუწოდა დნესტრისპირეთის დატოვებისკენ.

„ეს [პოზიცია] გულისხმობს ასევე გატანას ან განადგურებას კობასნის (ჩრდილოეთ დნესტრისპირეთში) იარაღის საცავში არსებული საბრძოლო მასალისა, რომელიც სახიფათოა გარემომცველი ბუნებისათვის და საფრთხეს უქმნის როგორც მოლდოვას, ისე მთელ რეგიონსა“, - თქვა გაეროს ტრიბუნიდან მაია სანდუმ.

მოსკოვის მტკიცებით, რუსი სამხედროები უკანონო ყოფნის ოფიციალურ სარჩულს წარმოადგენს დნესტრისპირეთის ტერიტორიაზე საბჭოთა პერიოდიდან დაგროვებული იარაღის საწყობების დაცვა.

ტირასპოლის „შერიფის“ პოლიტიკური ფენომენი

ვიდრე კიშინიოვი დასავლეთთან და რუსეთთან გაწონასწორებულ ურთიერთობას ინარჩუნებს, ვითარება მშვიდია დნესტრისპირეთში, რომელზეც, არ ვრცელდება მოლდოვის იურისდიქცია, თუმცა არის გამონაკლისი - ერთი სფერო - სპორტი, კერძოდ კი ფეხბურთი.

სეპარატისტული დნესტრისპირეთის წამყვანი საფეხბურთო კლუბი „შერიფი“ მოლდოვის იურისდიქციის ქვეშაა და რეგულარულად მონაწილეობს მოლდოვის საფეხბურთო ჩემპიონატში. ასეთი „ლოიალობა“ პრაგმატულია - დნესტრისპირეთის გუნდს გზა აქვს გახსნილი საერთაშორისო ასპარეზობებისკენ, სადაც „შერიფი“, უეფას წესების თანახმად, მოლდოვური, სამფეროვანი დროშით, მონაწილეობს და მოიხსენიება კიდეც მოლდოვურ და არა - დნესტრისპირეთის საფეხბურთო კლუბად.

სწორედ ამ მოლდოვურმა კლუბმა სრული ფურორი მოახდინა, როდესაც 28 სექტემბერს უეფას ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ შეხვედრაზე, მადრიდის „რეალს“, მადრიდში მოუგო ანგარიშით 1:2.

“შერიფის" გამარჯვებამ აალაპარაკა მთელი მსოფლიო და პირველ რიგში მოლდოვა, სადაც კლუბის მიმართ აზრი ორად არის გაყოფილი.

ერთია, რომ საამაყოა საკუთარი ქვეყნის სახელით ნებისმიერი გუნდის წარმატება, მაგრამ მეორე მხრივ საფეხბურთო კლუბი „შერიფი“ შექმნილია და ფინანსდება ტირასპოლში არსებული ამავე სახელწოდების და არცთუ სუფთა ისტორიის მქონე, ბიზნესკონგლომერატის მიერ, რომელიც მთლიანად სეპარატისტული ხელისუფლების ნაწილს წარმოადგენს.

„შერიფის“ მიერ მოპოვებულმა ისტორიულმა გამარჯვებამ არ უნდა დაგვავიწყოს ის უსიამოვნო ფაქტი, რომ ამ გუნდის ფეხბურთელებმა 2 სექტემბერს დნესტრისპირეთის რესპუბლიკას დამოუკიდებლობის 30-ე წლისთავი მიულოცეს“, - ამბობს ჟურნალისტი ლინა გრაუ.

მომდევნო მატჩს ტირასპოლის „შერიფი“ 19 ოქტომბერს მილანში. სტადიონ სან-სიროზე სახელგანთქმულ მილანის „ინტერთან“ გამართავს.

  • 16x9 Image

    კობა ლიკლიკაძე

    ჟურნალისტი. მუშაობს საერთაშორისო სამხედრო თანამშრომლობის, შეიარაღებული კონფლიქტების, ნატოს და ევროკავშირის სამეზობლოს სამხედრო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2001 წლიდან.

XS
SM
MD
LG