Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბაიდენი გაეროს გენერალურ ასამბლეაზე: "ვიწყებთ შეუპოვარი დიპლომატიის ერას"


აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა დაიცვა ავღანეთიდან ჯარების გაყვანა გაეროში თავის პირველ გამოსვლაში და თქვა, რომ მსოფლიოში მრავალრიცხოვანი გამოწვევების გადასაჭრელად მისი მთავრობა ცდილობს დიპლომატიაზე იყოს ფოკუსირებული.

„ჩვენ დავასრულეთ ავღანეთში 20-წლიანი კონფლიქტი და მას შემდეგ, რაც დავხურეთ შეუპოვარი ომის ერა, ვიწყებთ შეუპოვარი დიპლომატიის ერას,“ თქვა ბაიდენმა 21 სექტემბერს გაეროს გენერალურ ასამბლეაზე გამოსვლისას.

მან გაიმეორა, რომ აშშ-ის შეიარაღებული ძალები „არ უნდა გამოიყენებოდეს პასუხად ყველა პრობლემაზე, რასაც კი ვხედავთ მსოფლიოს მასშტაბით.“

„მისია ნათელი და მისი მიღწევა შესაძლებელი უნდა იყოს, უნდა ხორციელდებოდეს ამერიკელი ხალხის თანხმობით და, როცა კი შესაძლებელია, ჩვენს მოკავშირეებთან პარტნიორობით,“ თქვა ბაიდენმა.

მისი თქმით, „წარსულის ომების გაგრძელების ნაცვლად ჩვენი მზერა მიმართულია“ სხვა გლობალურ პრობლემებზე, როგორიცაა COVID-19-ის პანდემია, კლიმატური ცვლილებები და ადამიანის უფლებების დარღვევები.

ბაიდენის თქმით, მსოფლიო „გარდატეხის ეტაპზე“ დგას უამრავი კრიზისის პირობებში და გამოწვევებზე რეაგირება „დამოკიდებული იქნება ჩვენს უარზე, აღვიქვათ ჩვენი საერთო ადამიანობა.“

ბაიდენის თქმით, "ავტორიტარიზმი მსოფლიოში შეიძლება ცდილობდეს დემოკრატიის ხანა დასრულებულად გამოაცხადოს, მაგრამ ისინი ცდებიან. სიმართლე ისაა, რომ დემოკრატიული სამყარო ყველგანაა.

ის არის ანტიკორუფციულ აქტივისტებში, უფლებადამცველებში, ჟურნალისტებსა და მშვიდობიან დემონსტრანტებში; ფრონტის წინა ხაზზე მისთვის ბრძოლაში - ბელარუსში, ბირმაში, სირიაში, კუბაში, ვენესუელაში და ბევრგან, მათ შორის;

ის არის ამაყ მოლდოველებში, რომლებმაც უზარმაზარი გამარჯვება მოუტანეს დემოკრატიის ძალებს და მისცეს მანდატი პოლიტიკურ კორუფციასთან საბრძოლველად და უფრო ინკლუზიური ეკონომიკის შესაქმნელად", - თქვა ბაიდენმა გაეროს ტრიბუნიდან.

მან ასევე თქვა, რომ მსოფლიოს სჭირდება „გლობალური ძალების დინამიკის“ მშვიდობიანი მართვა.

მას არ უხსენებია ჩინეთი, მაგრამ მიანიშნა დაძაბულობაზე ვაშინგტონსა და პეკინს შორის. აქვე მან დასძინა, რომ აშშ-ს არ სურს „ახალი ცივი ომი ან მსოფლიოს დაყოფა მყარად ქცეულ ბლოკებად.“

XS
SM
MD
LG