ისრაელი-"ჰამასის" ომში ჩართვისგან ჯერჯერობით თავს იკავებს ლიბანის ტერიტორიაზე მოქმედი რადიკალური ისლამისტური ორგანიზაცია "ჰეზბოლა". მეტწილად მის გადაწყვეტილებაზეცაა დამოკიდებული ახლო აღმოსავლეთში სამხედრო დაპირისპირების არეალის გაფართოება.
7 ოქტომბერს, მას შემდეგ რაც რადიკალური დაჯგუფება "ჰამასი" თავს დაესხა ისრაელს, 1400-ზე მეტი ადამიანი სასტიკად დახოცა და 200-ზე მეტი გაიტაცა, ისრაელს თანაგრძნობა ბევრმა ქვეყანამ გამოუცხადა. ღაზის სექტორში "ჰამასზე" დაუნდობელი სამხედრო პასუხის გამო კი, რასაც სამოქალაქო პირების, მათ შორის - ბავშვების მსხვერპლი სდევს თან, ისრაელის კრიტიკოსთა რაოდენობა იზრდება.
ისრაელი შეჩერებას არ აპირებს, "ჰამასის" საბოლოო განადგურებამდე და ღაზის სექტორში სახმელეთო ოპერაციას აფართოებს.
- რომელი ქვეყნები მტრობენ, ეწინააღმდეგებიან თუ ემხრობიან ისრაელს?
რადიო თავისუფლებამ გადახედა ამ დროისთვის არსებულ ძალთა ბალანსს.
ირანი
ირანი - "ჰამასის" მთავარი მოკავშირე და მფარველია, მკაფიოდ უპირისპირდება ისრაელის სახელმწიფოს არსებობის უფლებას და გამოხატავს მზადყოფნას, საჭიროების შემთხვევაში, სამხედრო ძალაც გამოიყენოს - მათ შორის, ისრაელის სტრატეგიული მოკავშირის - აშშ-ის წინააღმდეგ.
ექსპერტებისთვის ნათელია, რომ ირანს აშშ-ის წინააღმდეგ ომის ძალა არ შესწევს.
ირანი აქტიურად აწარმოებს მოლაპარაკებებს სხვა ქვეყნებთან და მათ შორის - თურქეთთან. საგარეო საქმეთა მინისტრმა - ჰოსეინ ამირ-აბდოლაჰიანმა, რომელიც თურქეთში ჩავიდა, 1 ნოემბერს X-ზე [ყოფილი ტვიტერი] თურქეთის პრეზიდენტთან, რეჯეპ ტაიპ ერდოანთან ერთად გადაღებული ფოტო გამოაქვეყნა.
„თურქეთის პრეზიდენტ ერდოანისა და ფიდანის [საგარეო საქმეთა მინისტრი] მიერ ახლახან გამოხატული პოზიციის გათვალისწინებით, ჩვენ განვიხილეთ ღაზის სექტორში შექმნილი ვითარება, რათა შევაჩეროთ სიონისტების დანაშაული “, - ჰოსეინ ამირ-აბდოლაჰიანი წერს, რომ ღაზის სექტორში პალესტინელებს ისრაელი გენოციდს უწყობს და პროცესის შესაჩერებლად უკიდურესად აუცილებელია, რომ „ისლამური და არაბული ქვეყნების ოფიციალურმა პირებმა დაიკავონ მკაფიო პოზიცია“.
- "ჰამასის" დაფინანსებასა და შეიარაღებაში ირანს უმთავრეს დამნაშავედ თვლის აშშ.
- ისრაელი აცხადებს, რომ "ჰამასის" მოკავშირე ირანს „ხელები სისხლში აქვს გასვრილი“.
ირანის ოფიციალური პირები თავიანთ მოკავშირეებს რეგიონში უწოდებენ „წინააღმდეგობის ღერძს“, რომელიც აერთიანებს პროირანულ დაჯგუფებებს როგორც პალესტინის ტერიტორიაზე, ასევე ლიბანში, სირიაში, ერაყსა და იემენში.
ლიბანი
ლიბანი შიიტური გასამხედროებული ორგანიზაციის - "ჰეზბოლას" სამშობლოა. "ჰეზბოლა" კარგად შეიარაღებულ, მრისხანე ძალად მიიჩნევა, რომელსაც რეგიონში ირანი უმაგრებს ზურგს. მის გადაწყვეტილებას ექსპერტები დიდ მნიშვნელობას ანიჭებენ - ახლო აღმოსავლეთში კონფლიქტის გაფართოების პროგნოზირებისას.
"ჰეზბოლას" ლიდერმა, ჰასან ნასრალამ პირველი კომენტარი 3 ნოემბერს გააკეთა. მართალია, ახლო აღმოსავლეთში კონფლიქტის გაფართოებას რეალისტური უწოდა, მაგრამ მკაფიოდ მიანიშნა, რომ "ჰეზბოლა" ისრაელის წინააღმდეგ ომში ჩაბმას არ გეგმავს. "ჰეზბოლა" აცხადებს, რომ "7 ოქტომბერს დაჯგუფება "ჰამასის" ოპერაცია ისრაელის წინააღმდეგ "100%-ით პალესტინური" იყო" და ამ პროცესში თავად არ მონაწილეობდა.
„თუკი ჰეზბოლა ომში ჩაერთვება, ეს იქნება მისი ყველაზე დიდი შეცდომა. ისეთი ძალით დავარტყამთ, რაც არ წარმოუდგენიათ. შედეგი დამანგრეველი იქნება მათთვის და ლიბანის სახელმწიფოსთვის“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა ბენიამინ ნეთანიაჰუმ 22 ოქტომბერს, როცა მან ლიბანის საზღვართან სამხედროები მოინახულა.
ისრაელსა და "ჰამასს" შორის ომის დაწყების შემდეგ, ვითარება დაიძაბა ისრაელი-ლიბანის საზღვარზე, ორმხრივი ცეცხლი არაერთხელ გაიხსნა - თუმცა დაპირისპირებას ფართომასშტაბიანი სახე არ მიუღია.
"ჰეზბოლას" მეომრების წინააღმდეგ ისრაელმა გამაფრთხილებელი ცეცხლი 8 ოქტომბერს გახსნა, მას შემდეგ, რაც "ჰეზბოლამ" ნაღმსატყორცნებით ცეცხლი გაუხსნა ისრაელს - „პალესტინელი ხალხის მიმართ სოლიდარობის ნიშნად“.
მოგვიანებით, ისრაელმა გაავრცელა ცნობები საპასუხო დარტყმების შესახებ "ჰეზბოლას" სამეთაურო შტაბებზე.
სირია
ისრაელი ბრალს სდებს სირიას, რომ ის უშუალოდ არის ჩართული მის წინააღმდეგ სამხედრო დაპირისპირების პროცესში. ისრაელის არმიის მიერ ოქტომბრის მიწურულს გამოქვეყნებულ ცნობაში წერია, რომ სირიის ტერიტორიაზე, სამხედრო ინფრასტრუქტურა სირიიდან სარაკეტო შეტევის საპასუხოდ დაბომბეს.
26 ოქტომბერს, ამერიკელმა სამხედროებმა იერიში მიიტანეს სირიის აღმოსავლეთში მდებარე ორ ობიექტზე.
შეერთებული შტატების თავდაცვის მინისტრმა ლოიდ ოსტინმა განაცხადა, რომ თავდაცვის მიზნით განხორციელებული დარტყმების სამიზნე იყო ობიექტები, რომლებსაც იყენებდნენ ირანის „ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსი“ და მასთან დაკავშირებული დაჯგუფებები.
ოსტინის შეფასებით, მაღალი სიზუსტის დარტყმები იყო პასუხი სირიასა და ერაყში მყოფ ამერიკულ სამხედრო კონტინგენტზე 17 ოქტომბრიდან დაწყებულ თავდასხმებზე, რომლებმაც დასახულ მიზანს ძირითადად ვერ მიაღწია.
7 ოქტომბერს, როცა "ჰამასი" თავს დაესხა ისრაელის ტერიტორიას და მშვიდობიანი ადამიანები დახოცა, სირიის პრეზიდენტ ბაშარ ალ-ასადის ფეისბუკის ოფიციალურ გვერდზე პალესტინური ჯგუფების მხარდამჭერი პოსტი გამოქვეყნდა.
ეგვიპტე
ღაზის სექტორს, ისრაელის გარდა, ეგვიპტეც ესაზღვრება. ბოლო დღეებში ქვეყანა აქტიურად ცდილობს - რომ წვლილი შეიტანოს ღაზის სექტორისთვის ჰუმანიტარული ტვირთის მიწოდებაში.
ხუთშაბათს კი, საკონტროლო პუნქტ რაფაჰის გავლით, ღაზიდან ეგვიპტის ტერიტორიაზე გადაიყვანეს ორმაგი მოქალაქეობის მქონე რამდენიმე ასეული პირი; მათ შორის - დაჭრილები.
იტყობინებიან, რომ ჰუმანიტარული დერეფნის უზრუნველყოფა შესაძლებელი გახდა აშშ-ის, ეგვიპტის, ისრაელისა და კატარის შეთანხმებით. კატარი "ჰამასთან" შუამდგომლობდა.
აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა 2 ნოემბერს ჟურნალისტებს უთხრა, რომ ღაზის სექტორი დატოვა 74-მა პირმა, რომლებსაც ორმაგი მოქალაქეობა აქვთ, მათ შორის - აშშ-ისაც.
უკვე რამდენიმე დღეა, პირველადი დანიშნულების სურსათი თუ მედიკამენტები ეგვიპტის ტერიტორიის გავლით, სატვირთო მანქანებით გადააქვთ. როგორც იუწყებიან, საერთაშორისო ჰუმანიტარული ტვირთის შეტანაზე 18 ოქტომბერს შეთანხმდნენ აშშ, ისრაელი, ეგვიპტე და გაეროს სტრუქტურები.
ეგვიპტე მხარს უჭერს პალესტინის სახელმწიფოს შექმნას, მაგრამ "ჰამასის" მოკავშირე არ არის. ეგვიპტე ისრაელის სტრატეგიული პარტნიორია.
რუსეთი
რუსეთი მიიჩნევს, რომ ისრაელს თავდაცვის უფლება არა აქვს; ხოლო ყველაფერი, რაც ახლა ისრაელისა და "ჰამასის" ომის ფარგლებში ხდება, კრემლის შეფასებით, აშშ-ის ინსპირირებული და მხარდაჭერილია - საკუთარი როლის განმტკიცების გამო.
რუსეთის მუდმივმა წარმომადგენელმა გაეროში ვასილი ნებენზიამ, ნიუ-იორკში, გაეროს გენერალური ასამბლეის სპეციალურ სესიაზე, 1 ნოემბერს, განაცხადა, რომ ისრაელი ოკუპანტია და მას თავდაცვის უფლება არ აქვს. თავად რუსეთს ოკუპირებული აქვს საქართველოსა და უკრაინის ტერიტორიები.
- გასულ კვირაში, მოსკოვში, პალესტინელთა რადიკალური მოძრაობა "ჰამასის" დელეგაციას უმასპინძლეს. ვიზიტი რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს მიწვევით შედგა.
- ისრაელმა რუსეთის გადაწყვეტილებას უწოდა "გასაკიცხი ნაბიჯი, რომელიც მხარს უჭერს ტერორიზმს და ახდენს ჰამასის ტერორისტების შემზარავი აქტების ლეგიტიმაციას".
რუსეთის პოზიციაა, რომ სასწრაფოდ უნდა შეწყდეს ცეცხლი და მხარეებმა დაიწყონ მოლაპარაკებები პალესტინის სახელმწიფოს შექმნის თემატიკაზე.
აშშ რუსეთის პრეზიდენტს, ვლადიმირ პუტინს ბრალს სდებს, რომ მას ისრაელსა და "ჰამასს" შორის ომის სათავისოდ გამოყენება სურს. „პუტინი ძალიან ცდილობს ისრაელზე „ჰამასის“ თავდასხმით ისარგებლოს იმ იმედით, რომ ჩვენი ყურადღება იქით გადავა და ამას მოჰყვება აშშ-ის მხრიდან რესურსების შემცირება [უკრაინის მიმართულებით]", - განაცხადა ბლინკენმა აშშ-ის საკანონმდებლო ორგანოში გამოსვლისას, სადაც უკრაინისა და ისრაელისთვის მასშტაბური დახმარების საკითხი განიხილებოდა.
თურქეთი
თურქეთის ხელისუფლება ისრაელის მოწინააღმდეგეთა რიგებშია.
პრეზიდენტმა ერდოანმა, რამდენიმე დღის წინ, პარლამენტში გამოსვლისას, "ჰამასს" - „მოჰაჯედების განმათავისუფლებელი ჯგუფი“ უწოდა; ხოლო სტამბოლში, პალესტინელთა მხარდამჭერ აქციაზე - ისრაელი „ომის დამნაშავედ“ მოიხსენია.
დასავლეთთან დაახლოების მსურველი ერდოანისგან, როგორც მას ექსპერტები ახასიათებდნენ, ასეთი ხმამაღალი განცხადება ბევრისთვის მოულოდნელი აღმოჩნდა. თუმცა, მეორე მხრივ, თურქეთი არასოდეს მალავდა, რომ - პალესტინელთა უფლებებს იცავდა და სწორედ პალესტინელების ინტერესების გამო, 2018 წელს ქვეყანა დაატოვებინა ისრაელის ელჩს. ურთიერთობების აღდგენა 2022 წლის ბოლოს გახდა შესაძლებელი.
- რეჯეპ ტაიპ ერდოანმა გააუქმა თავისი ვიზიტი ისრაელში, რომელმაც, მისი თქმით, ანკარის კეთილგანწყობა ბოროტად გამოიყენა.
- ერდოანმა თქვა, რომ თურქეთი მზად არის, გახდეს პალესტინის გარანტორი - ისრაელთან კონფლიქტის მოგვარების პროცესში.
ჩინეთი
უკრაინა-რუსეთის ომის მსგავსად, ჩინეთი ისრაელი-"ჰამასის" ომშიც მოლაპარაკებების დაწყების მომხრეა.
25 ოქტომბერს, გაეროს უშიშროების საბჭოში, ჩინეთმა, რუსეთთან ერთად დაბლოკა აშშ-ის მიერ ინიციირებული რეზოლუცია, რომელიც აღიარებდა ისრაელის თავდაცვის უფლებას და ღაზის სექტორში ტვირთის შესატანად „ჰუმანიტარულ პაუზას“ ითვალისწინებდა.
28 ოქტომბერს კი, გაეროს საპარლამენტო ასამბლეის სესიაზე, ჩინეთმა მხარი დაუჭირა იორდანიის მიერ ინიციირებულ რეზოლუციას - საომარი მოქმედებების „მტკიცედ და მდგრადად“ შეწყვეტის შესახებ. ამ რეზოლუციას მხარი დაუჭირა რუსეთმაც. წინააღმდეგი იყო 14 ქვეყანა, მათ შორის - აშშ.
რეზოლუციას, რომელმაც ისრაელის მწვავე უკმაყოფილება გამოიწვია, მხარი დაუჭირეს ასევე აზერბაიჯანმა და სომხეთმა. საქართველო იმ 45 ქვეყნის ჩამონათვალშია, რომელმაც კენჭისყრისას თავი შეიკავა.
აშშ, ევროპის ქვეყნები
ამერიკის შეერთებული შტატები ისრაელის ყველაზე დიდი მოკავშირეა და მისი ინტერესების შესაბამისად მოქმედებს ყველა საერთაშორისო პლატფორმაზე. ვაშინგტონის პოზიციით, ისრაელს თავდაცვის უფლება აქვს, როცა მას ტერორისტები ესხმიან თავს.
აშშ-ის მიერ "ჰამასი" ტერორისტულ ორგანიზაციად არის გამოცხადებული.
ოქტომბრის ბოლოს აშშ-მა ახალი სანქციები დააწესა „ჰამასთან“ დაკავშირებული საწარმოებისა თუ ფიზიკური პირებისთვის. ეს მეორე პაკეტია, 18 ოქტომბერს გამოცხადებულის შემდეგ.
2 ნოემბერს პრეზიდენტმა ბაიდენმაგანაცხადა, რომ ისრაელისა და "ჰამასის" ომში საჭიროა ჰუმანიტარული „პაუზა“, "ჰამასის" მიერ დატყვევებულთა გასათავისუფლებლად.
ომის ორივე მხარეს მშვიდობიანი მოქალაქეების დაღუპვის გამო, მწუხარება გამოხატა ენტონი ბლინკენმაც. მისი თქმით, თანაბრად საზარელია, როცა ისრაელელი და პალესტინელი ბავშვები იხოცებიან.
აშშ, ისრაელის პოზიციის შესაბამისად, მხარს არ უჭერს ბოლო პერიოდში მზარდ მოთხოვნას - ისრაელის მიერ ომის სრულად შეწყვეტის შესახებ. აშშ მზად არის, ისრაელის პოზიციას ბოლომდე უერთგულოს.
დასავლეთის სახელმწიფოები და საერთაშორისო ორგანიზაციები ადასტურებენ, რომ ისრაელს თავდაცვის უფლება აქვს, თუმცა მისგან მოითხოვენ ასევე საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლის დაცვას.
ევროკომისიის პრეზიდენტმა ურზულა ფონ დერ ლაიენმა ღაზის სექტორში შექმნილ კრიზისზე მთელი პასუხისმგებლობა "ჰამასს" დააკისრა. მან თქვა, რომ თავისი ტერორისტული საქმიანობით, "ჰამასი" საკუთარ ხალხსაც ვნებს.
ევროკავშირი ღაზის სექტორში ჰუმანიტარული ტვირთის უწყვეტად შეტანის მომხრეა.
გერმანიამ აკრძალა ყველანაირი საქმიანობა დაკავშირებული "ჰამასთან", იქნება ეს მიტინგების გამართვა თუ პროპაგანდის გავრცელება. ლაპარაკია სისხლის სამართლის წესით დასჯაზე.
დიპლომატიური ბრძოლა ისრაელთან
ისრაელს ურთიერთობები დაეძაბა სამხრეთ ამერიკის ქვეყნებთან.
ჩილემ ისრაელიდან ელჩი გამოიწვია, ღაზის სექტორში მიმდინარე მოვლენების გამო. კონსულტაციებითვის ელჩი გაიხმო კოლუმბიამაც.
ბოლივიამ სამშაბათს გამოაცხადა, რომ წყვეტს დიპლომატიურ ურთიერთობებს ისრაელთან, მის მიერ ღაზის სექტორში გამოყენებული „არაპროპორციული ძალის“ გამო. სამი ქვეყანა ცეცხლის შეწყვეტასა და ღაზის სექტორში ჰუმანიტარული ტვირთის შეტანას ითხოვს.
ისრაელის ელჩს ქვეყნის ტერიტორიის დატოვება მოსთხოვა იორდანიამაც.
ისრაელსა და "ჰამასს" შორის ცეცხლის შეწყვეტას ითხოვენ მექსიკა და ბრაზილია.
ისრაელისთვის მიუღებელია მოწოდებები ცეცხლის შეწყვეტის და „არაპროპორციული ძალის“ გამოყენების შესახებ. ისრაელი თვლის, რომ მხოლოდ თავს იცავს და მიზნად აქვს ჰამასის განადგურება, რათა აღარ დაუშვას 7 ოქტომბრის მსგავსი მოვლენების განმეორება ღაზის სექტორიდან.
- 7 ოქტომბერს რადიკალურმა ისლამისტურმა მოძრაობა "ჰამასმა" ისრაელის ქალაქებზე მასირებული სარაკეტო შეტევა მიიტანა, ხოლო შეიარაღებული ჯგუფები ისრაელის სამხრეთში მდებარე დასახლებებში შეიჭრნენ - ასეულობით ადამიანი დახოცეს და მძევლად აიყვანეს.
- ისრაელის ინფორმაციით, 7 ოქტომბრიდან ისრაელში დაიღუპა 1400-ზე მეტი ადამიანი. პალესტინელთა ინფორმაციით კი - 9000-ზე მეტი.
- გაეროს თანახმად, საომარი მოქმედებების დაწყების შემდეგ, ღაზის სექტორი მილიონზე მეტმა ადამიანმა დატოვა.