Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ისრაელის ცნობით, მისი ჯარები ქალაქ ღაზის ცენტრში ებრძვიან "ჰამასს"


საილუსტრაციო ფოტო: ღაზის სექტორი, 31 ოქტომბერი, 2023.
საილუსტრაციო ფოტო: ღაზის სექტორი, 31 ოქტომბერი, 2023.

ქალაქ ღაზის ალყაში მოქცევის შემდეგ ისრაელის თავდაცვის ძალები დასახლებაში შევიდნენ პალესტინელთა რადიკალური დაჯგუფება „ჰამასის“ წინააღმდეგ სამხედრო ოპერაციის ჩასატარებლად. ამის შესახებ ისრაელის არმიის წარმომადგენელმა დანიელ ჰაგარიმ განაცხადა.

ჰაგარის თქმით, ქალაქში გამნაღმველები მუშაობენ. ისინი ნაღმებსა და აუფეთქებელ ჭურვებს უვნებელყოფენ, რათა ჯარები უფრო თავისუფლად გადაადგილდნენ ქალაქში.

არმიის შტაბის ცნობით, ისრაელის ჯარისკაცები უკვე იმყოფებიან ღაზის ცენტრში და ებრძვიან „ჰამასის“ მებრძოლებს.

ისრაელმა ხუთშაბათს, 2 ნოემბერს გამოაცხადა, რომ ალყაში მოაქცია ქალაქი ღაზა, სადაც საომარი მოქმედებების დაწყებისას ცხოვრობდა 640 ათასი ადამიანი - სექტორის მთლიანი მოსახლეობის დაახლოებით 35%. ისრაელის მხარე აცხადებს, რომ ქალაქი „ჰამასის“ საქმიანობის ცენტრად იქცა. დაჯგუფებამ იქ ააგო ინფრასტრუქტურის რთული ქსელი, მათ შორის მიწისქვეშა გვირაბები.

დღეს ღაზის სექტორიდან უნდა გაგრძელდეს უცხოელების, ორმაგი მოქალაქეობის მქონე პალესტინელების და დაჭრილების ევაკუაცია. იმ პირთა სიაში, რომელთაც 3 ნოემბერს ღაზის სექტორიდან გასვლის უფლება აქვთ ეგვიპტის საზღვარზე მოქმედი რაფაჰის ერთადერთი საკონტროლო-გამშვები პუნქტით, 600-ზე მეტი ადამიანია. ესენი არიან მექსიკის, აშშ-ის, დიდი ბრიტანეთის, გერმანიის, იტალიის, ინდონეზიისა და საფრანგეთის მოქალაქეები.

გუშინ ღაზა საერთო ჯამში 402-მა ადამიანმა დატოვა. უცხოელთა პირველი ჯგუფი - დაახლოებით 350 მოსახლე - ღაზიდან 1 ნოემბერს გავიდა. მაშინვე გადაიყვანეს ეგვიპტეში 80-ზე მეტი დაჭრილი პალესტინელი. ისინი რაფაჰის მახლობლად მდებარე საველე ჰოსპიტალში არიან მოთავსებული.

XS
SM
MD
LG