Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მიშელი, მაკრონი და შოლცი ყარაბაღის მოლაპარაკებებში - რა შეცვალა მოლდოვის სამიტმა?


ხუთი ქვეყნის ლიდერი 1 ივნისს მოლდოვაში შეხვდა ერთმანეთს
ხუთი ქვეყნის ლიდერი 1 ივნისს მოლდოვაში შეხვდა ერთმანეთს

სომხეთ-აზერბაიჯანს შორის სამშვიდობო მოლაპარაკებები, სირთულეებისა და გამუდმებული კამათის მიუხედავად, გრძელდება.

1 ივნისს, „ევროპული პოლიტიკური გაერთიანების“ (EPC) გადატვირთული დღის წესრიგის მქონე სამიტზე ბაქო-ერევნის სამშვიდობო მოლაპარაკებები ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული საკითხი იყო.

საუბარი არაფორმალურ გარემოში

მოლდოვის დედაქალაქ კიშინიოვთან, სოფელ ბულბოაკაში, მიმის სასახლეში გამართულ სამშვიდობო მოლაპარაკებებში, ნიკოლ ფაშინიანსა და ილჰამ ალიევთან ერთად, ამჯერად მონაწილეობდნენ:

  • ევროპული საბჭოს პრეზიდენტი შარლ მიშელი;
  • საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი;
  • გერმანიის კანცლერი ოლაფ შოლცი.

მრავალმხრივი შეხვედრა არაფორმალურ გარემოში, კაფეტერიაში გაიმართა.

საუბრები სამმხრივ ფორმატში დაიწყო - ალიევს, ფაშინიანსა და მიშელს შორის, - 10 წუთში კი მათ გერმანიისა და საფრანგეთის პირველი პირები შეუერთდნენ.

მოლაპარაკებები დაახლოებით საათ-ნახევარი გაგრძელდა.

შარლ მიშელმა შეხვედრას „ძალიან შედეგიანი“ უწოდა.

მისი თქმით, ერევანი და ბაქო შეთანხმდნენ, რომ 21 ივლისს ბრიუსელში კვლავ შეხვდებიან ერთმანეთს.

დღეს განხილულ საკითხებს შორის მან დაასახელა „უსაფრთხოების საკითხები, საზღვრის დელიმიტაცია და სამშვიდობო შეთანხმება“.

„ეს იყო კარგი მოსამზადებელი შეხვედრა 21 ივლისის შეხვედრისათვის... ჩვენ ბეჯითად ვმუშაობთ [სამშვიდობო შეთანხმებისათვის] და ვაპირებთ, მხარი დავუჭიროთ ყველა დადებით ნაბიჯს ურთიერთობების ნორმალიზებისათვის“, - თქვა მან.

სხვებს მედიასთან კომენტარი არ გაუკეთებიათ.

მოლაპარაკებები, იმედები და ბრალდებები

ბოლო პერიოდში, ერთი მხრივ, 2020 წლის ომის, მეორე მხრივ კი, მედიაციის პროცესში ბრიუსელისა და ვაშინგტონის როლების გაძლიერების შემდეგ, გაჩნდა შესაძლებლობა, რომ მხარეებმა მიაღწიონ სამშვიდობო შეთანხმებას.

მოლაპარაკებების შინაარსს ყარაბაღის მეორე ომის შედეგები, კერძოდ, აზერბაიჯანის სამხედრო წარმატება განაპირობებს. სომხეთი რთულ ვითარებაშია.

მოლაპარაკებები მიმდინარეობს არა მხოლოდ რუსეთში, არამედ ბრიუსელში, ვაშინგტონსა და სხვა დასავლურ დედაქალაქებში.

დროში გაწელილ პროცესს თან სდევს შეიარაღებული დაპირისპირებები როგორც ყარაბაღის სიახლოვეს, ისე მისგან მოშორებით, ორი ქვეყნის საზღვრის გაყოლებაზე, რასაც სომხეთი ზეწოლად აღიქვამს.

ასე მოხდა მოლდოვის შეხვედრის პარალელურადაც. აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტრომ 1 ივნისს განაცხადა, რომ დილის საათებში:

  1. სომხეთის არმიის ნაწილებმა თოვუზის რეგიონში, ჩინარლის დასახლებაში ცეცხლი გაუხსნეს აზერბაიჯანის არმიის წარმომადგენლებს;
  2. „უკანონო სომხური სამხედრო ფორმირების წევრებმა“ ცეცხლი გახსნეს აზერბაიჯაინის არმიის პოზიციების მიმართულებით შუშის რეგიონში, რუსეთის სამშვიდობოების განთავსების ადგილას, რასაც აზერბაიჯანის „საპასუხო რეაქცია“ მოჰყვა;

სომხეთის თავდაცვის სამინისტრომ ეს ინფორმაცია უარყო და „ჩვეული დეზინფორმაცია“ უწოდა.

საუბრები „უშედეგოდ“?

პირველი ივნისის შეხვედრა შეთანხმების გაფორმების გარეშე დასრულდა.

სომხეთის მთავრობას წინასწარ ჰქონდა გამოცხადებული, რომ მოლდოვის მოლაპარაკებების დღის წესრიგში არ იდგა ახალი შეთანხმების გაფორმება.

ხელშეკრულების გაუფორმებლად დასრულდა წინა მაღალი დონის შეხვედრა მოსკოვშიც. მოლაპარაკებების წინა რაუნდი კიშინიოვის შეხვედრამდე ზუსტად ერთი კვირით ადრე, 25 მაისს შედგა.

რუსულმა გამოცემა „კომერსანტმა“ ამ შეხვედრის წინმსწრებად გაავრცელა ცნობა, რომ მხარეები გეგმავდნენ ორი დოკუმენტის ხელმოწერას, რომელთაგან ერთ-ერთი „ტრანსპორტირების გზების განბლოკვას“ შეეხებოდა.

ვლადიმირ პუტინის, ნიკოლ ფაშინიანისა და ილჰამ ალიევის შეხვედრა მოსკოვში. 2023 წლის 25 მაისი
ვლადიმირ პუტინის, ნიკოლ ფაშინიანისა და ილჰამ ალიევის შეხვედრა მოსკოვში. 2023 წლის 25 მაისი

ეს მოლოდინი გააჩინა პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანის რამდენიმე დღით ადრე გაკეთებულმა მოულოდნელმა განცხადებამ. ფაშინიანმა თქვა, რომ ყარაბაღის სომეხი მოსახლეობის უფლებების დაცვის გარანტიის სანაცვლოდ, სომხეთი მზად არის აზერბაიჯანის სუვერენიტეტი და ტერიტორიული მთლიანობა აღიაროს.

25 მაისს მოსკოვში სამ სხვადასხვა ფორმატში გაიმართა შეხვედრები:

  • სამი ქვეყნის ლიდერები ჯერ ევრაზიის ეკონომიკური კავშირის წევრების თანდასწრებით შეხვდნენ ერთმანეთს;
  • მოგვიანებით ვლადიმერ პუტინი ცალ-ცალკე შეხვდა სომხეთის პრემიერ-მინისტრსა და აზერბაიჯანის პრეზიდენტს;
  • სულ ბოლოს კი ლიდერებმა სამმხრივი შეხვედრა გამართეს.

გაფართოებული ფორმატის შეხვედრიდანვე ცხადი გახდა, რომ იმ დღეს სამშვიდობო შეთანხმება ვერ გაფორმდებოდა. ალიევმა და ფაშინიანმა არ დაარღვიეს ტრადიცია და სხვა ქვეყნების ლიდერების, მათ შორის ვლადიმირ პუტინის თანდასწრებით იკამათეს.

ფაშინიანი, ალიევი, მაკრონი და მიშელი პრაღაში. 2022 წლის 6 ოქტომბერი
ფაშინიანი, ალიევი, მაკრონი და მიშელი პრაღაში. 2022 წლის 6 ოქტომბერი

შეუთანხმებლობა სიტყვა „დერეფანზე“

ევრაზიის ეკონომიკური კავშირის წევრების შეხვედრაზე სომხეთის პრემიერ-მინისტრი აზერბაიჯანის პრეზიდენტის ნათქვამმა სიტყვათშეთანხმებებმა, „ზანგეზურის დერეფანმა“ და „ლაჩინის გზამ“ გააღიზიანა.

2020 წლის ცეცხლის შეწყვეტის სამმხრივი დეკლარაციის ერთ-ერთი საკვანძო პუნქტი ეხება სატრანსპორტო კვანძების გახსნას - რაც ახლა მოლაპარაკებების მთავარი საკითხია. სომხეთი მიუთითებს, რომ:

  • სიტყვა „დერეფანი“ ამ ხელშეკრულებაში მხოლოდ ლაჩინის დერეფნის კონტექსტშია ნახსენები;
  • იგი არა რომელიმე მხარის, არამედ რუსი სამშვიდობოების კონტროლის ქვეშ უნდა იყოს;
  • რამდენიმე კვირის წინ აზერბაიჯანმა იქ, რუსი სამშვიდობოების კონტინგენტის განთავსების ადგილიდან ოციოდე მეტრში, გამშვები პუნქტი აღმართა, რასაც სომხეთი შეთანხმების დარღვევად მიიჩნევს.

სწორედ ეს გარემოებები შეახსენა ფაშინიანმა ალიევს და სიტყვები შეუსწორა, სწორი ფორმულირები პირიქითაა: „ლაჩინის დერეფანი“ და „ზანგეზურის გზაო“.

ალიევმა უპასუხოდ არ დატოვა ფაშინიანის რეპლიკა: „აზერბაიჯანმა ინიციირება მოახდინა ზანგეზურის დერეფნისა, რაც ჩვენი უფლებაა“, - თქვა მან. ალიევის თქმითვე, რუსეთის ფედერაცია მხარს უჭერს ამ ინიციატივას. ფაშინიანმა გაიკვირვა, ამ იდეისადმი რუსეთის მხარდაჭერა ჩემთვის სიახლეაო.

რატომაა ასე მნიშვნელოვანი სიტყვები?

ფაშინიანის შეშფოთებას იწვევს ის, რომ ალიევის ინიციირებული „ზანგეზურის დერეფანი“ გადის სომხეთის სუვერენულ ტერიტორიაზე.

ეს არის მარშრუტი, რომელიც, ბაქოს წარმოდგენაში, ანკლავ ნახიჩევანიდან აზერბაიჯანის დანარჩენ ტერიტორიას უნდა დაუკავშირდეს სომხეთის ტერიტორიის გავლით, რაც პერსპექტივაში თურქეთსა და ცენტრალურ აზიასაც დააკავშირებს ერთმანეთთან.

ზანგეზურის დერეფანი თურქული წყაროების მიხედვით
ზანგეზურის დერეფანი თურქული წყაროების მიხედვით

ერევანი ამბობს, რომ თანახმაა სატრანსპორტო კვანძების გახსნაზე, თუმცა სომხეთის სუვერენიტეტის პატივისცემის აუცილებლობაზე მიუთითებს; პრემიერ-მინისტრი ამბობს, რომ თუკი ამ გზაზე აზერბაიჯანული ტრანსპორტი გაივლის, მოძრაობა სომხეთის საზღვრის კვეთისას სომეხმა მესაზღვრეებმა უნდა აკონტროლონ.

სიტყვა „დერეფნის“ გამოყენება მიანიშნებს, რომ ეს „ზეტერიტორიული“ წარმონაქმნი იქნება - და, სომხეთის თანახმად, აზერბაიჯანის სურვილია, იქ მოძრაობა თავად აკონტროლოს.

ერევანი შიშობს, რომ თუკი ამ მარშრუტს სომეხი მესაზღვრეები ვერ გააკონტროლებენ, თურქეთი და აზერბაიჯანი შეძლებენ სამხედრო ტექნიკის გადატანას, რაც სომხეთის უსაფრთხოებისთვის დამატებით რისკებს წარმოშობს.

„ზანგეზურის დერეფნის“ იდეას, სომხეთთან ერთად, ეწინააღმდეგება ირანის ისლამური რესპუბლიკა.

ალიევისა და ფაშინიანის დაახლოებით 20-წუთიანი კამათი ვლადიმირ პუტინმა განმუხტა და საკამათო საკითხებს „მეორეხარისხოვანი“ უწოდა.

„გაცილებით მნიშვნელოვანია ის, რაც თქვით, - პრინციპულ საკითხზე, ტერიტორიულ მთლიანობაზე შეთანხმება არსებობს. და ეს ნამდვილად არის ბაზა საიმისოდ, რომ სხვა, მეორეხარისხოვან საკითხებზე მოხდეს შეთანხმება“, - თქვა რუსეთის პრეზიდენტმა.

„სლოვაკეთში უნგრელების მაგალითი“

ფაშინიანი ხაზს უსვამს, რომ აზერბაიჯანის ტერიტორიული მთლიანობის აღიარებას იმ შემთხვევაში დათანხმდება, თუკი იარსებებს ყარაბაღში მცხოვრები სომეხი მოსახლეობის უფლებებისა და უსაფრთხოების დაცვის გარანტიები.

ამ საკითხზე მოლაპარაკებების ფორმატია „ბაქო-სტეფანაკერტის ფორმატი“, - გაზაფხულზე ამ მხარეებს შორის რამდენიმე შეხვედრა გაიმართა, თუმცა ჯერჯერობით ნაკლებად წარმატებულად.

სომხეთისა და აზერბაიჯანის წარმომადგენლები ერთმანეთს შეხვდნენ 30 მაისსაც ბრატისლავაში, გლობალური უსაფრთხოების ფორუმის (GLOBSEC) ფარგლებში.

სომხეთს უშიშროების საბჭოს მდივანი არმენ გრიგორიანი წარმოადგენდა, აზერბაიჯანს კი ჰიკმეტ ჰაკიევი, პრეზიდენტის ადმინისტრაციის საგარეო პოლიტიკის დეპარტამენტის ხელმძღვანელი და ალიევის მრჩეველი საგარეო ურთიერთობებში.

არმენ გრიგორიანი (მარცხნივ) და ჰიკმეტ ჰაჯიევი GLOBSEC-ზე. 2023 წლის 30 მაისი.
არმენ გრიგორიანი (მარცხნივ) და ჰიკმეტ ჰაჯიევი GLOBSEC-ზე. 2023 წლის 30 მაისი.

ჰიკმეტ ჰაჯიევმა გაახმოვანა აზერბაიჯანის შეთავაზება სომეხი მოსახლეობის უფლებების დაცვის შესახებ - აზერბაიჯანის მთავრობა მოწადინებულია, დაიცვას აზერბაიჯანში მცხოვრები სომხების უფლებები და უსაფრთხოებაო.

ჰაჯიევმა „კარგ მაგალითად“ მოიყვანა სლოვაკეთში მცხოვრები უნგრელი უმცირესობის უფლებები - და ეს მაგალითი იმ შეხვედრაზე საჯაროდ პირველად დასახელდა.

უნგრელები სლოვაკეთში უდიდეს ეთნიკურ უმცირესობას წარმოადგენენ - მოსახლეობის დაახლოებით 8.5%-ს (იქ 450 000-ზე მეტი უნგრელი ცხოვრობს). ისინი ძირითადად ქვეყნის სამხრეთში, უნგრეთის საზღვართან სახლობენ.

სლოვაკეთში უმცირესობების უფლებები დაცულია როგორც საერთაშორისო, ისე ადგილობრივი კანონმდებლობით - ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციითა და სლოვაკეთის კონსტიტუციით. სლოვაკეთის კონსტიტუციის პრეამბულაში ხაზგასმულია, რომ კონსტიტუცია მიღებულია „სლოვაკეთის რესპუბლიკის ტერიტორიაზე მცხოვრებ ეროვნული უმცირესობებისა და ეთნიკური ჯგუფების წევრებთან ერთად“.

დამატებითი განმარტებები ამ საკითხზე საჯაროდ ჯერ არ გაკეთებულა.

ხედვა სტეფანაკერტიდან

ყარაბაღის დე ფაქტო დედაქალაქ სტეფანაკერტში კი დაძაბულობა მატულობს. ამის ერთ-ერთი მიზეზია მოლაპარაკებების ფონზე პრეზიდენტ ალიევის მუქარა.

29 მაისს პრეზიდენტმა ალიევმა ყარაბაღის დე ფაქტო ხელისუფლებას, მათ შორის პრეზიდენტს, მოუწოდა, „დანებდნენ“.

პრეაზიდენტი ილჰამ ალიევი. 2023 წლის 28 მაისი.
პრეაზიდენტი ილჰამ ალიევი. 2023 წლის 28 მაისი.

მისი მოთხოვნებია:

  • „ე.წ პარლამენტი უნდა იქნეს დათხოვნილი“;
  • „ელემენტი, რომელიც საკუთარ თავს „პრეზიდენტს“ უწოდებს [არაიკ არუთუნიანი], უნდა ჩაგვბარდეს“;
  • „ყველა „მინისტრმა“, „დეპუტატმა“ და სხვა [„თანამდებობის პირმა“] პოსტები უნდა დატოვოს“.
„მხოლოდ ამ შემთხვევაში შეიძლება საუბარი რაიმე ამნისტიაზე“, - განაცხადა მან.

სომხეთის მთავრობამ და ყარაბაღის დე ფაქტო ხელისუფლებამ მისი ეს განცხადებები დაგმეს და „ეთნიკური წმენდის მუქარად“ მიიღეს.

დაძაბულობის მიუხედავად, ვაშინგტონმა 31 მაისს განაცხადა, რომ კვლავ ელის პროდუქტიულ ნაბიჯებს სამშვიდობო მოლაპარაკებებში.

ალიევი და ფაშინიანი მოლაპარაკებებს აგრძელებენ. მომდევნო შეხვედრა ბრიუსელშია დაგეგმილი 21 ივლისს, შემდეგი კი 5 ოქტომბერს, ესპანეთის ქალაქ გრანადაში, კვლავ შარლ მიშელის მონაწილეობით.

XS
SM
MD
LG