Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სომხეთ-აზერბაიჯანი მორიგი ომის ზღვარზე


სომეხი ჯარისკაცები ქალბაჯარის მისადგომებთან. 2020 წლის 25 ნოემბერი.
სომეხი ჯარისკაცები ქალბაჯარის მისადგომებთან. 2020 წლის 25 ნოემბერი.

აზერბაიჯანის პრეზიდენტმა სომხეთს, - რომელსაც იგი 2020 წლის შეთანხმების შეუსრულებლობაში ადანაშაულებს, - ულტიმატუმი წაუყენა, აღიარეთ მთიანი ყარაბაღი აზერბაიჯანის სუვერენულ ტერიტორიად, თორემ კომფორტულად ვერ იცხოვრებთო.

ბოლოდროინდელი განცხადებებისა და მოვლენების ფონზე, ექსპერტები კონფლიქტის ესკალაციის რისკზე მიუთითებენ.

ამ სტატიაში აგიხსნით:

  • რა განაპირობებს ამ მოლოდინს;
  • რა ინტერესები აქვთ მხარეებს;
  • ვინ რა ნაბიჯებს დგამს.

ალიევის ულტიმატუმი

აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა ნოვრუზ ბაირამის მისალოც მიმართვაში კიდევ ერთხელ მკაცრად გაიმეორა თავისი პირობები სომხეთთან მოლაპარაკებებისთვის:

  • „სომხეთმა ოფიციალურად [უნდა] აღიაროს ყარაბაღი აზერბაიჯანის ტერიტორიად“ და
  • „განახორციელოს საზღვრის დელიმიტაციის სამუშაოები ჩვენი პირობებით“.

„მხოლოდ ამ პირობების დაკმაყოფილების შემთხვევაში შეუძლიათ [სომხებს] კომფორტულად იცხოვრონ თავიანთ 29 000 კვადრატულ კილომეტრზე“, - განაცხადა მან.

ილჰამ ალიევის მიმართვა თალიშიდან, 18 მარტი, 2023
ილჰამ ალიევის მიმართვა თალიშიდან, 18 მარტი, 2023

პრეზიდენტმა ალიევმა ეს ვიდეომიმართვა ჩაწერა ყარაბაღში, სოფელ თალიშში, რომელზე კონტროლიც 2020 წლის ომის შედეგად დაიბრუნა აზერბაიჯანმა. უკვე მესამე წელია, რაც იგი ნოვრუზს დაბრუნებული ტერიტორიებიდან ულოცავს მოსახლეობას, რასაც სიმბოლური დატვირთვა აქვს. სიმბოლურია ცეცხლიც, რომლის ფონზეც დგას და საუბრობს ილჰამ ალიევი - იგი „მარად უქრობი ცეცხლის ქვეყანას“, მის მარადიულობას განასახიერებს.

„თუ სომხეთი არ აღიარებს ჩვენს ტერიტორიულ მთლიანობას, არც ჩვენ ვაღიარებთ მათ ტერიტორიულ მთლიანობას“, - აცხადებს სიმბოლოებით გარშემორტყმული ილჰამ ალიევი.

ამავე მიმართვაში აზერბაიჯანის ლიდერმა, - რომელიც ქვეყანას 2003 წლიდან, მამის, ჰეიდარ ალიევის გარდაცვალების შემდეგ მართავს, - კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი აზერბაიჯანის წარმატებას 2020 წელს ყარაბაღის მეორე ომში და განაცხადა:

„სომხეთი, რომელიც ადრე ამბობდა, „ყარაბაღი სომხეთია, წერტილიო“ და ახალი ომით გვემუქრებოდა, დღეს რას აღარ აკეთებს, რომ ახალი პატრონი გაიჩინოს… ისინი ახალ მფლობელს ეძებენ. არ იციან, ვის ჩაუვარდნენ ფეხებში“.

საკუთარი ქვეყანა და პოზიცია ალიევმა ასე დაახასიათა: „ჩვენ გაგვაჩნია ძალა, გვყავს მეგობრები, გვაქვს ძლიერი პოზიცია მსოფლიოში და ვართ მოტივირებულები, რაც ვაჩვენეთ ომის დროსაც და ომის შემდგომ პერიოდშიც“.

რეაქციები ერევანსა და სტეფანაკერტში

სომხეთმა ალიევის ეს მიმართვა აზერბაიჯანის მიერ საომარი სამზადისის ნაწილად და მუქარად მიიღო.

„აზერბაიჯანი, თავისი აგრესიული დისკურსითა და ქმედებებით, ემზადება მთიან ყარაბაღში მცხოვრები სომხების გენოციდისათვის და სომხეთის წინააღმდეგ ახალი აგრესიისთვის“, - წერს 18 მარტის საპასუხო განცხადებაში სომხეთის საგარეო უწყება.

სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრი არარატ მირზოიანი
სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრი არარატ მირზოიანი

21 მარტს ყარაბაღის დე ფაქტო საგარეო საქმეთა სამინისტრომ განაცხადა, რომ აზერბაიჯანის მიზანია „არცახის [ასე უწოდებენ სომხები ყარაბაღს - რ.თ] ხალხის განადგურება“.

ბოლო პერიოდია, სომხეთის სახელმწიფო უწყებები და თანამდებობის პირები, ასევე, ექსპერტები სომხეთიდან, აზერბაიჯანის მხრიდან სამხედრო ესკალაციის რისკზე საუბრობენ. ამაზე მიანიშნებენ აზერბაიჯანშიც.

დაძაბულობა მწვავდება

ხუთი ადამიანის სიკვდილით დასრულდა შეიარაღებული ინციდენტი 5 მარტს - დაიღუპა ყარაბაღის დე ფაქტო რესპუბლიკის პოლიციის სამი ოფიცერი და ორი აზერბაიჯანელი ჯარისკაცი.

ბაქომ მოწინააღმდეგეს „პროვოკაციაში“ დასდო ბრალი, სტეფანაკერტმა და ერევანმა კი აზერბაიჯანი „დივერსიაში“ დაადანაშაულეს.

მოგვიანებით აზერბაიჯანულმა მედიამ გაავრცელა კადრები, რაც, მათ თანახმად, ასახავს სომხური ტექნიკის რუსი სამშვიდობოების ესკორტით გადაადგილებას - „უკანონო გადაადგილებას“.

15 მარტს ყარაბაღის დე ფაქტო პოლიციამ განაცხადა, რომ სამ სამოქალაქო პირს, საკუთარ ვენახში გადაადგილებისას, ცეცხლი გაუხსნეს აზერბაიჯანული პოზიციებიდან.

სომხური გამოცემა „მიკროსკოპის“ 13 მარტს გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, აზერბაიჯანული ტელევიზიები „ამზადებენ პრეტექსტს ყარაბაღში მორიგი დაპირისპირებისათვის“.

გამოცემის ცნობით, აზერბაიჯანულ ტელევიზიებში გადასცემენ ინფორმაციას, რომ „მოსალოდნელია პროვოკაცია სომხეთის მხრიდან, რის პასუხადაც აზერბაიჯანი ანტიტერორისტულ ოპერაციას ჩაატარებს“.

შემაშფოთებელი ცნობებისა და დაძაბულობის ფონზე, შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანმა, ენტონი ბლინკენმა ჯერ პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანს, შემდეგ კი პრეზიდენტ ალიევს დაურეკა.

მათთან საუბრის შემდეგ ბლინკენმა დაწერა, რომ დიპლომატია და პირდაპირი საუბრები არის „ერთადერთი გზა განგრძობადი მშვიდობის დასამყარებლად“ და შეერთებული შტატები მოწადინებულია, ორ ქვეყანას ამაში დაეხმაროს.

სამმხრივი შეხვედრა ნიკოლ ფაშინიანს, ილჰამ ალიევსა და ენტონი ბლინკენს შორის. მიუნხენი, გერმანია. 18 თებერვალი, 2023.
სამმხრივი შეხვედრა ნიკოლ ფაშინიანს, ილჰამ ალიევსა და ენტონი ბლინკენს შორის. მიუნხენი, გერმანია. 18 თებერვალი, 2023.

სახელმწიფო მდივანმა პრეზიდენტ ალიევთან საუბრის შემდეგ ასევე კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი ლაჩინის დერეფნის კომერციული და კერძო ავტომობილებისათვის გახსნის საჭიროებას. ლაჩინის დერეფანი, რომელიც ყარაბაღის დე ფაქტო დედაქალაქ სტეფანაკერტს სომხეთის ტერიტორიას უკავშირებს, უკვე 100 დღეა, ბლოკირებულია, რაც ჰუმანიტარულ კრიზისს ქმნის რეგიონში.

„პრეტექსტი ომისათვის“?

პირდაპირი საუბრები, რისკენაც საერთაშორისო აქტორები მოუწოდებენ მხარეებს, რამდენიმე კვირის წინ დაიწყო, - ერთი შეხედვით, სამშვიდობო პროცესი დაიძრა.

მას შემდეგ, რაც თებერვლის მეორე ნახევარში ყარაბაღის დე ფაქტო პრემიერის პოსტიდან დაითხოვეს მილიარდერი რუბენ ვარდანიანი, - რომელთან საუბარსაც ალიევი დაუშვებლად მიიჩნევდა, - 2023 წლის 1 მარტს შედგა პირველი ოფიციალური შეხვედრა ყარაბაღის მოსახლეობისა და აზერბაიჯანის ხელისუფლების წარმომადგენლებს შორის.

13 მარტს აზერბაიჯანის პრეზიდენტის ადმინისტრაციამ ყარაბაღელი სომხების წარმომადგენლები ბაქოში მიიწვია, რათა „გაგრძელდეს კონტაქტი რეინტეგრაციასთან დაკავშირებით და ყარაბაღში ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელება იქნეს განხილული“.

თუმცა ყარაბაღის დე ფაქტო საგარეო საქმეთა სამინისტრომ ამ მიწვევაზე უარი განაცხადა, მიუთითა რა, რომ „ასეთი შეხვედრა შეიძლება გაიმართოს მხოლოდ რუსეთის მშვიდობისმყოფელების კონტინგენტის მედიაციით“, როგორც ეს პირველ მარტს გაიმართა.

ანალიტიკოსმა ფარიდ შაფიევმა, აზერბაიჯანის „საერთაშორისო ურთიერთობების ანალიზის ცენტრის“ თავმჯდომარემ, ტვიტერზე დაწერა, რომ ეს უარი „დაძაბულობის მაღალ მოლოდინს ქმნის“.

ტიგრან გრიგორიანმა, ანალიტიკოსმა ყარაბაღიდან, რომელიც ამჟამად ერევანში ცხოვრობს, კი დაწერა, რომ „ყარაბაღის მთავრობის ბაქოში მიწვევით, აზერბაიჯანს სურდა, შეექმნა პრეტექსტი ახალი ესკალაციისათვის, და ამაში ყარაბაღი დაედანაშაულებინა, რადგან კარგად უწყოდა, რომ ასეთ „მიწვევაზე“ უარს მიიღებდა“.

პარალელურად, აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტრო აგრძელებს რუსი სამშვიდობო ძალების დადანაშაულებას ყარაბაღში სომეხი სამხედროების უკანონოდ ტრანსპორტირებაში სომხეთიდან სტეფანაკერტის მიმართულებით, ლაჩინის დერეფნის გვერდის ავლით, ალტერნატიული, გრუნტის გზის გამოყენებით.

აზერბაიჯანული მედია ავრცელებს კადრებს, რაც, მათი თქმით, სტეფანაკერტისკენ „სომხურ-რუსული კოლონის უკანონო გადაადგილებას“ აჩვენებს
აზერბაიჯანული მედია ავრცელებს კადრებს, რაც, მათი თქმით, სტეფანაკერტისკენ „სომხურ-რუსული კოლონის უკანონო გადაადგილებას“ აჩვენებს

ბოლო ასეთ განცხადებაში, რომელიც 21 მარტით თარიღდება, წერია: „სრული პასუხისმგებლობა ნებისმიერ დაძაბულობაზე, რაც შეიძლება გამოწვეულ იქნეს რეგიონში, ეკისრება სომხეთის სამხედრო-პოლიტიკურ ლიდერებს“.

სწორედ ასეთი განცხადებების ფონზე შიშობენ სომხეთსა და სტეფანაკერტში, რომ უახლოეს პერიოდში შესაძლოა კვლავ დაიწყოს შეიარაღებული დაპირისპირება.

ფუად შაჰბაზი, ანალიტიკოსი ბაქოდან, ვარაუდობს, იმის ფონზე, რომ აზერბაიჯანის სომხეთიდან ყარაბაღისკენ ტექნიკის გადაადგილების კადრებს გამუდმებით აქვეყნებს, აზერბაიჯანი დრონის თავდასხმას გამოიყენებს პრევენციული მიზნებისთვისო. „ჩემი აზრით, ახალი დაპირისპირება მოსალოდნელია აპრილში, და არა მარტში“, - წერს იგი.

სომხეთში ასევე არ გამორიცხავენ, რომ სამხედრო მოქმედებები დაიწყოს არა მხოლოდ ყარაბაღში, არამედ სხვა ტერიტორიაზეც. ჰოვ ნაზარეთიანი, სომხური გამოცემა EVN Report-ის ანალიტიკოსი, ვარაუდობს, რომ აზერბაიჯანი შეტევას მიიტანს ყარაბაღზე ან/და სიუნიქის პროვინციაზე, - ირანის საზღვართან (სიუნიქს აზერბაიჯანელები ზანგეზურად მოიხსენიებენ). ამ ვარაუდს რამდენიმე გარემოება განაპირობებს:

  • მე-20 საუკუნეში, დამოუკიდებლობის პერიოდში, სომხეთსა და აზერბაიჯანს, სხვა რეგიონებთან ერთად, ამ ტერიტორიაზეც ჰქონდათ კონფლიქტი;
  • ილჰამ ალიევმა 16 მარტს განაცხადა, რომ „საბჭოთა მთავრობის 1920 წლის ნოემბრის გადაწყვეტილებით, გამოეყო დასავლეთ ზანგეზური, ჩვენი ისტორიული მიწა, აზერბაიჯანისგან და გადაეცა სომხეთისათვის, თურქული სამყარო გეოგრაფიულად გაიყო“;
  • 2022 წლის სექტემბრის შეტაკებები, - რაც 2020 წლის ომის შემდეგ ყველაზე მწვავე იყო, - მოხდა არა ყარაბაღში, ასე ვთქვათ, ტრადიციულ ბრძოლის ველზე, არამედ რეგიონისგან საკმაოდ შორს, სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვრის გაყოლებაზე - რამაც ქვეყნებს შორის საზღვრის დელიმიტაციასთან დაკავშირებული უთანხმოებები მწვავედ წარმოაჩინა. ორივე მხრიდან საერთო ჯამში 300-მდე სამხედრო დაიღუპა.
მეხანძრეები სომხურ დასახლება სოტკში, აზერბაიჯანის საჰაერო შეტევის შედეგად დანგრეულ შენობაში. 14 სექტემბერი, 2022.
მეხანძრეები სომხურ დასახლება სოტკში, აზერბაიჯანის საჰაერო შეტევის შედეგად დანგრეულ შენობაში. 14 სექტემბერი, 2022.

რა განაპირობებს ამ ვითარებას?

მხარეთა ამჟამინდელ ამოცანებს განაპირობებს 2020 წლის ომის შედეგები, 10 ნოემბრის სამმხრივი შეთანხმება ცეცხლის შეწყვეტის შესახებ და შემდგომში განვითარებული მოვლენები.

10 ნოემბრის შეთანხმების გაფორმებისას ბაქომ, - რომელმაც, თურქული და ისრაელური იარაღით გაძლიერებულმა, მაღალი სამხედრო მომზადება აჩვენა, - ანგარიში გაუწია მოსკოვს, რომელმაც, ერთი მხრივ, დასაჯა ნიკოლ ფაშინიანი დემოკრატიული რეფორმებისაა და დასავლეთისკენ გადადგმული (არცთუ დიდი) ნაბიჯებისათვის, მეორე მხრივ კი, წითელი ხაზი გაავლო ალიევისათვის.

შეთანხმების გაფორმებისთანავე ლაჩინის დერეფანში 2000-მდე რუსი ჯარისკაცი ჩადგა მშვიდობისმყოფელი მისიით. რუსეთმა, რომელსაც სომხეთში სამხედრო ბაზა უკვე ჰქონდა, ამ გზით უფრო გაიმყარა პოზიციები რეგიონში.

„ნუ იქნებით გულგრილები“ - სომეხი აქტივისტები რუსი სამშვიდობოების პოსტთან აქციას მართავენ ლაჩინის დერეფნის ბლოკადის წინააღმდეგ. 2022 წლის 24 დეკემბერი.
„ნუ იქნებით გულგრილები“ - სომეხი აქტივისტები რუსი სამშვიდობოების პოსტთან აქციას მართავენ ლაჩინის დერეფნის ბლოკადის წინააღმდეგ. 2022 წლის 24 დეკემბერი.

ბაქოს მიერ ხელშეკრულების გაფორმების ერთ-ერთი მიზანი იყო მოსკოვის ზეწოლით ერევნის იძულება, რომ სომხეთის ტერიტორიის გამოყენებით გაეჭრა დერეფანი ანკლავ ზანგეზურიდან თავის დანარჩენ ტერიტორიამდე, რაც თურქეთსა და ცენტრალურ აზიასაც დააკავშირებდა. თუმცა ერევანი ამ საკითხს სხვანაირად უყურებს, ეწინააღმდეგება „ექსტრატერიტორიული დერეფნის“ იდეას და უარს აცხადებს.

ზანგეზურის დერეფანი თურქული წყაროების მიხედვით
ზანგეზურის დერეფანი თურქული წყაროების მიხედვით

დერეფანმა, ბაქოს გეგმით, უნდა გაიაროს სწორედ სიუნიქში. სიუნიქის პროვინციას, რომელსაც სომხეთის ხერხემალს უწოდებენ, დასავლეთით ესაზღვრება აზერბაიჯანის ექსკლავი ნახიჩევანი, სამხრეთით კი - ირანი.

ზანგეზურის დერეფნის ამოქმედების შემთხვევაში ირანი დაკარგავს აზერბაიჯანისთვის ნახიჩევანთან დამაკავშირებელი რგოლის ფუნქციას. იგი 2020 წლის შემდეგ სიუნიქის გარშემო განვითარებულ მოვლენებს ეჭვით აკვირდება.

ჯერ 2021 წლის ოქტომბერში, შემდეგ კი 2022 წლის ნოემბერში მან ფართომასშტაბიანი სამხედრო წვრთნები ჩაატარა აზერბაიჯანის საზღვართან. ირანის უზენაესმა ლიდერმა, აიათოლა ალი ხამენეიმ 2022 წლის ივლისში თურქეთის პრეზიდენტ რეჯეპ ტაიპ ერდოანთან შეხვედრისას განაცხადა, რომ ირანი არ დაუშვებს სომხეთთან საზღვრის ჩაკეტვას. ირანსა და აზერბაიჯანს შორის ურთიერთობები ასევე ძალიან დაძაბულია.

სომხეთი-რუსეთი

სომხეთს რუსეთთან, - რომელიც მისი სტრატეგიული პარტნიორია, - უთანხმოებები აქვს. ეს, თავის მხრივ, ერთგვარ გაუცხოებას იწვევს ყარაბაღისა და ერევნის პოლიტიკურ ელიტებს შორის - ყარაბაღელების გადმოსახედიდან, სწორედ ის 2000-მდე რუსი ჯარისკაცია ერთადერთი ფარი აზერბაიჯანის შეტევისაგან დასაცავად, ამიტომ რუსეთის კრიტიკა ერევნის მხრიდან მიუღებელია.

მეორე მხრივ, ერევანი შეშფოთებულია 2022 წლის შემოდგომაზე, სომხეთის სუვერენულ ტერიტორიაზე აზერბაიჯანის თავდასხმის მიუხედავად, რუსეთის უარით, მის გარშემო შეკრული ალიანსის, „კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციის“, პროცესში ჩართვაზე.

სომხეთის წყენა კარგად გამოჩნდა ფაშინიანის ბოლო საახალწლო მიმართვაში, როდესაც მან თქვა, რომ „სომხეთის სუვერენული ტერიტორიის წინააღმდეგ აგრესია ორმაგად მტკივნეული იყო, რადგან ჩვენმა მოკავშირეებმა უშიშროების საკითხებში მიგვატოვეს“.

ნიკოლ ფაშინიანი ილჰამ ალიევსა და ირაკლი ღარიბაშვილთან ერთად. 2023 წლის 18 თებერვალი
ნიკოლ ფაშინიანი ილჰამ ალიევსა და ირაკლი ღარიბაშვილთან ერთად. 2023 წლის 18 თებერვალი

ურთიერთობების გაფუჭებაზე სხვა დეტალებიც მეტყველებს. ერთი კვირის წინ ფაშინიანმა დაადასტურა, რომ სომხეთში შესვლა აეკრძალათ რუსეთის პროპაგანდისტული ტელეარხის, Russia Today-ს მთავარ რედაქტორს, მარგარიტა სიმონიანსა და Ньюс Медиа ჰოლდინგის დამფუძნებელს, არამ გაბრელიანოვს.

რუსეთთან ურთიერთობების დაძაბვის ფონზე, სომხეთმა შესაძლო ალტერნატივების ძებნა გააძლიერა - მათ შორის დასავლეთში.

ფაშინიანმა 21 მარტს, ნოვრუზის მილოცვისას, ირანის უზენაეს ლიდერს, აიათოლა ხამენეის მიმართა, რომ იმედს იქონიებს, „უახლოეს მომავალში მოხდება ჩვენი ორმხრივი, მრავალშრიანი დღის წესრიგის გაფართოება“.

ირანის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ალი ბაღერი ქანი იმავე დღეს ერევანში ჩავიდა და უსაფრთხოების საბჭოს მდივანთან, არმენ გრიგორიანთან შეხვედრისას, - სადაც გრიგორიანმა საზღვარზე არსებული მდგომარეობა გააცნო, - ისაუბრა „რეგიონული უშიშროების, სტაბილურობისა და მშვიდობის“ საკითხზე.

მზერა დასავლეთისკენ

14-17 მარტს სომხეთს სტუმრობდა ანდერს ფოგ რასმუსენი, ნატოს ყოფილი გენერალური მდივანი, რომელიც ამ პოსტს 2009-14 წლებში იკავებდა. ევროკომისიის გამჭვირვალობის რეესტრის თანახმად, რასმუსენი სომხეთის მთავრობას ჰყავს კონსულტანტად დაქირავებული.

რასმუსენი შეხვდა ფაშინიანს, სხვა მაღალჩინოსნებს, ჩავიდა ლაჩინის დერეფანთან და აზერბაიჯანს ბლოკადის შეწყვეტისკენ მოუწოდა; რაც ყველაზე მთავარია, იგი გამოვიდა ინიციატივით, დასავლეთმა სომხეთს იარაღი და უსაფრთხოების გარანტიები მიაწოდოს.

„ევროკავშირს აქვს სპეციალური ფონდი, „ევროპული მშვიდობის ფონდი“, EPF, რომელიც ძირითადად უკრაინის დასახმარებლად გამოიყენება, მაგრამ შეიძლება სომხეთის დასახმარებლადაც ვიფიქროთ მისი გამოყენება“, - სომხური მედიის ცნობით, თქვა ნატოს ყოფილმა გენერალურმა მდივანმა.

სომხური გამოცემა Civilnet-ის ცნობით, რასმუსენის ხედვაა, რომ ყარაბაღი იყო აზერბაიჯანის შემადგენლობაში, თუმცა ჰქონდეს „სპეციალური სტატუსი“, რასაც საერთაშორისო შეიარაღებული სამშვიდობო მისია დაიცავს. იდეალურ შემთხვევაში, მისი თქმითვე, სამშვიდობო მისია კოორდინირებული იქნება გაეროს მიერ, რუსეთის თანხმობითა და შეერთებული შტატების მონაწილეობით.

ალიევი და ფაშინიანი ერთმანეთს ბოლოს 18 თებერვალს შეხვდნენ მიუნხენის უსაფრთხოების სამიტის ფარგლებში, აშშ-ის სახელმწიფო მდივნის, ენტონი ბლინკენის მედიაციით. მოგვიანებით შტატებმა განაცხადა, რომ ევროკავშირის პრეზიდენტმა, შარლ მიშელმა უნდა უმასპინძლოს მომდევნო სომხურ-აზერბაიჯანულ სამიტს, თუმცა ეს თარიღი ჯერ არ ჩანიშნულა.

სერგეი ლავროვისა და არარატ მირზოიანის შეხვედრა. 2023 წლის 20 მარტი
სერგეი ლავროვისა და არარატ მირზოიანის შეხვედრა. 2023 წლის 20 მარტი

21 მარტს, მოსკოვში სომეხი კოლეგის, არარატ მირზოიანის ვიზიტისას, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა განაცხადა, რომ „დასავლეთი ცდილობს რუსეთისა და სომხეთის დაყოფას“, სურს რუსეთის დისკრედიტაცია სამშვიდობო პროცესში და „რეგიონული უსაფრთხოების არქიტექტურისთვის ძირის გამოთხრა“.

ეს კომენტარი კიდევ ერთხელ მიანიშნებს, რომ რუსეთი არ აპირებს დაუშვას მისი გვერდის ავლით სომხეთ-აზერბაიჯანის/ყარაბაღის საკითხის გადაწყვეტა.

XS
SM
MD
LG