Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მინისტრი დარჩიაშვილი პარლამენტში: რა ჰკითხეს და რა უპასუხა


საგარეო საქმეთა მინისტრი, ილია დარჩიაშვილი
საგარეო საქმეთა მინისტრი, ილია დარჩიაშვილი

ოთხი თვით ადრე, მანამ, სანამ ევროკომისია საბოლოოდ გადაწყვეტს, გასცეს თუ არა რეკომენდაცია საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებაზე, პარლამენტში მისული საგარეო საქმეთა მინისტრი ოპოზიციას ქვეყნის იმიჯის დაზიანების მცდელობასა და ყალბი ნარატივების გავრცელებაში ადანაშაულებს.

16 ივნისს პარლამენტში დეპუტატებმა ილია დარჩიაშვილს მოუსმინეს.

ოპოზიციის შეკითხვები არა მხოლოდ ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის პერსპექტივას, არამედ რუსეთთან ურთიერთობასა და ხელისუფლების მხრიდან ანტიდასავლურ რიტორიკას ეხებოდა.

ოპოზიციონერი დეპუტატების კითხვები მინისტრს

ანა წითლიძე, "ერთიანი ნაციონალური მოძრაობა": "დააზიანებს თუ არა კანდიდატის სტატუსის მინიჭების პროცესს ის ქმედებები, რასაც ხელისუფლება აკეთებს, მაგალითად, ფრენების აღდგენა? ხელს უშლის თუ ხელს უწყობს ანტიდასავლური რიტორიკა "ხალხის ძალის" მხრიდან, პრემიერ-მინისტრის მხრიდან, პარტიის თავმჯდომარისა და პარლამენტის თავმჯდომარის მხრიდან [სტატუსის მიღების პროცესს]? განცხადებები მეორე ფრონტზე? კონკრეტულად გვიპასუხეთ, ვის გულისხმობენ ქართული ოცნების ლიდერები გლობალური ომის პარტიაში?

სალომე სამადაშვილი, "ლელო": "ითხოვს თუ არა ევროკავშირი ერთნაირსქესიანთა ქორწინების დაკანონებას, ან სქესის გადაკეთების დაკანონებას იმისათვის, რომ ქვეყანას კანდიდატის სტატუსი მიენიჭოს? კი, თუ არა?"

თეონა აქუბრდია, დეპუტატი: "[ივლისში დაგეგმილ] ვილნიუსის სამიტზე რაიმე მოითხოვეთ? ან რაიმეზე იმუშავეთ ნატოსთან, რომ საქართველო არათუ დაესწროს თქვენი მეშვეობით, არამედ რაღაც პროგრესი ჰქონდეს ნატოში, როცა პრემიერი არ იქნება და თქვენ იქნებით?".

თინა ბოკუჩავა, "ნაციონალური მოძრაობა": - დეპუტატმა პარლამენტის სესიაზე ყველას გასაგონად ჩართო ბრატისლავაში გამართულ "გლობსეკის" კონფერენციაზე ირაკლი ღარიბაშვილისთვის დასმული კითხვა და პრემიერის პასუხი, უკრაინაში ომის დაწყების მიზეზებზე. "ეთანხმებით თუ არა ირაკლი ღარიბაშვილს?" - იკითხა მან.

დავით ხაჯიშვილი, "ნაციონალური მოძრაობა": "რატომ არ ჩახვედით ოფიციალური ვიზიტით უკრაინაში ამ წელიწად-ნახევრის განმავლობაში? რატომ არ აკეთებთ არცერთ განცხადებას უკრაინაში მიმდინარე მოვლენებზე, თუნდაც კახოვკაზე და ბავშვების გატაცებაზე?"

გიორგი ვაშაძე, "სტრატეგია აღმაშენებელი": "ვინმემ თუ მოგიწონათ ევროკავშირში ბოლო ვიზიტისას დეოლიგარქიზაციის კანონი? დაასახელეთ ერთი მაღალი რანგის თანამდებობის პირი, ვინც მოგიწონათ და გითხრათ, ყოჩაღ, 12 პუნქტი შესრულებულია. თუ საქართველომ ვერ მიიღო კანდიდატის სტატუსი, იღებთ თუ არა თქვენს გუნდთან ერთად პასუხისმგებლობას?"

მინისტრ დარჩიაშვილს კითხვები დაუსვეს უმრავლესობის დეპუტატებმაც, თუმცა მათმა ნაწილმა კითხვის დასმის ნაცვლად ან მინისტრი აქო, ან ოპოზიცია გააკრიტიკა.

უმრავლესობის დეპუტატების კითხვები მინისტრს

მაკა ბოჭორიშვილი, "ქართული ოცნება": "კითხვების დასმის პროცესით გამოჩნდა, რამდენი არასახელმწიფოებრივად მოაზროვნე ზის საქართველოს პარლამენტში. შეიძლება, დაუძინებელმა მტერმა ვერ მიაყენოს ქვეყანას იმხელა ზიანი, რაც 1 საათში კითხვების დასმისას გააკეთეთ დეპუტატებმა ოპოზიციიდან.

ხომ არ ფიქრობთ, რომ შესაძლებელია უფრო აქტიურად გამოვიყენოთ თანამშრომლობის ის ინსტიტუტები, რაც გვაქვს - უსაფრთხოების დიალოგის ფორმატები, სხვა ინსტიტუტები, რათა ევროკავშირის მხრიდან მსგავსი განცხადებების მოსმენის პრევენცია მოვახდინოთ?"

ეკა სეფაშვილი, "ხალხის ძალა": "რამდენად აზიანებს ევროინტეგრაციის პროცესს, ის ყალბი ნარატივი და დეზინფორმაცია, ასევე ის პოზიციები, რასაც დესტრუქციული ოპოზიცია უხვად აჟღერებს ევროპელ პარტნიორებთან?"

ლადო კახაძე, "ქართული ოცნება": "პატარა ბავშვმაც იცის, "ზოგჯერ თქმა სჯობს არათქმასა, ზოგჯერ თქმითაც დაშავდების!" მოგესალმებით, ბატონო მინისტრო, დადებითად ვაფასებ თქვენს ღვაწლს პირად გუნდთან ერთად და მხარს გიჭერთ. რასაც თქვენ ლაპარაკობთ, სწორს ლაპარაკობთ, მაგრამ ბევრის კითხვის შინაარსში დევს ავი ზრახვა, რომლის თქმა არ ვარგა, მაგრამ რა ვქნა, იმას აქვს პოლიტიკური ნება, რომ ეს თქვას...".

ალუდა ღუდუშაური, "ქართული ოცნება": "მგონია, რომ დღეს ჩვენი ქვეყნის მომავლისთვის ყველაფერს უნდა დავარქვათ სახელი და მკაფიოდ და მტკიცედ ვთქვათ, სად არის საქართველო, რას აკეთებს ხელისუფლება, "ქართული ოცნება" და რას აკეთებენ ეს რადიკალები, რომლებიც თავს იწონებენ, განსაკუთრებით ის ადამიანები, რომლებიც ოდესღაც დიპლომატიაში იყვნენ... მე მაინტერესებს, რა კეთდებოდა მათ დროს და რა კეთდება ჩვენ დროს? თითქოს მანტია აქვთ მოსხმული, რომ ესენი არიან ევროპული ღირებულებების მატარებლები, ერთ ხელში ხელკეტი ეჭირათ და იმით აუპატიურებდნენ ჩვენი ქვეყნის მოქალაქეებს, მეორე ხელში ცოცხი და ამით პატივს ყრიდნენ ჩვენს მოქალაქეებს, ესაა ევროპული ღირებულება?"

ნიკოლოზ სამხარაძე, "ქართული ოცნება": "ამ ბოლო დროს ძალიან ხშირად ვისმენთ პრეტენზიებს იმაზე, რომ საქართველოს დაბალი პროცენტული მაჩვენებელი აქვს ევროკავშირის საგარეო დეკლარაციებთან მიერთების. მინდა გთხოვოთ, საზოგადოებას აუხსნათ, რატომ არ უერთდება ხოლმე საქართველო დეკლარაციებს ისეთ ქვეყნებზე, როგორიცაა ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკა, მალი ან მიანმარი?"

მინისტრის პასუხები

ილია დარჩიაშვილმა ოპონენტების კითხვების ნაწილს გასცა პასუხი და მოკლედ თქვა, რომ "გლობალური ომის წარმომადგენლად შეუძლია, თავი მიიჩნიოს ყველამ, ვისი განცხადებებიც საფრთხეს უქმნის ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებას, ევროპულ ინტეგრაციას და საგარეო-პოლიტიკურ პრიორიტეტებს". მან დაზუსტების მიუხედავადაც არ უპასუხა კითხვას, მიიჩნევს თუ არა "გლობალური ომის წარმომადგენლად" რომელიმე სტრატეგიულ პარტნიორს.

კითხვაზე პასუხად, რამდენად დააზიანებს რუსეთთან ფრენების აღდგენა კანდიდატის სტატუსის მინიჭების პროცესს? მინისტრმა ხელისუფლების "თანმიმდევრულ" პოლიტიკაზე ისაუბრა და ოპონენტს, ანა წითლიძეს ისევ წინა ხელისუფლების ქმედება გაახსენა: "თუ რამემ დააზიანა ეს ქვეყანა, დააზიანა მაშინდელმა ხელისუფლების გადაწყვეტილებამ ვიზების გაუქმების შესახებ რუსეთის მოქალაქეებისთვის. შესაბამისად, არ გამოვა, ის სხვას დააბრალოთ, რაც თქვენ გააკეთეთ".

კითხვის კიდევ ერთხელ დაზუსტების შემდეგ დარჩიაშვილმა დეპუტატ წითლიძეს უთხრა: "რა უშლის ხელს კანდიდატის სტატუსის მიღებას? თქვენი შეფასებები, თქვენი დამოკიდებულება, თქვენი ამ პროცესში არმონაწილეობა, თქვენი საფუძველს მოკლებული ბრალდებები, თქვენი სკეპტიციზმი და ნიჰილიზმი ამ ქვეყნის ევროპულ მომავალზე".

მინისტრმა არც თავდაპირველად და არც დაზუსტების შემდეგ არ უპასუხა "ლელოს" წევრის, დეპუტატ სალომე სამადაშვილის კითხვას, ითხოვს თუ არა ევროკავშირი ერთნაირსქესიანთა ქორწინების დაკანონებას, რათა საქართველოს მიენიჭოს კანდიდატის სტატუსი.

დარჩიაშვილმა დეპუტატ გიორგი ვაშაძეს საკუთარი პასუხისმგებლობა შეახსენა კანდიდატის სტატუსის შესაძლო არმიღებასთან დაკავშირებით:

"მოდი, ყველამ თავის პასუხისმგებლობას მიხედოს ყოველდღიური საქმიანობის განხორციელებისას. მოგიწოდებთ, კონცენტრირდეთ და თითოეულმა ოპონენტმა თავისი აგური დადოს ევროინტეგრაციის მიმართულებით".

მინისტრმა ივლისში დაგეგმილ ნატოს ვილნისუსის სამიტზეც ისაუბრა, თუმცა საქართველოს გეგმებზე სხვა ვერაფერი თქვა გარდა იმისა, რომ ქვეყანა ნატოს კომუნიკეში "სათანადოდ იქნება წარმოჩენილი":

"ჩვენ ვაგრძელებთ მუშაობას, რომ საქართველო სათანადოდ იყოს წარმოდგენილი ვილნიუსის სამიტზე. წელს უკრაინაში მიმდინარე ომის გათვალისწინებით, ნატოს წევრი ქვეყნების შეკრების ფორმატი არასტანდარტულია. ვმუშაობთ, ის კომუნიკე, რომელიც გამოიცემა, შესაბამისობაში იყოს ჩვენს ინტერესებთან".

მინისტრმა "პრემიერის ნათქვამის ინტერპრეტირება" უწოდა ოპონენტების კრიტიკას უკრაინაში ომის დაწყების მიზეზებზე ირაკლი ღარიბაშვილის "ხმაურიან" განცხადებაზე. ბრატისლავაში გამართულ "გლობსეკის" კონფერენციაზე ღარიბაშვილმა მაშინ თქვა, რომ უკრაინაში რუსეთის შეჭრის ერთ-ერთი მიზეზი ქვეყნის ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში, NATO-ში, გაწევრიანების სურვილი იყო.

"ის, რაც პრემიერმა თქვა, შეგიძლიათ მსგავსი განცხადებები მოისმინოთ სხვა ლიდერების მხრიდან. თუ კითხვა არის - ვეთანხმები თუ არა, არა თქვენი ინტერპრეტაციით, პრემიერმა თქვა ის, რაც ახალი არაა", - აღნიშნა დარჩიაშვილმა.

უკრაინაში მისი ოფიციალური ვიზიტების არქონა დარჩიაშვილმა პირდაპირ არ ახსნა და ახსენა "ზოგიერთი უკრაინელი პოლიტიკოსის მხრიდან უსაფუძვლო და დამაზიანებელი განცხადებები, რომელიც ეწინააღმდეგება ჩვენი ქვეყნის ინტერესებს...". დარჩიაშვილის თქმით, საქართველოს ხელისუფლება ომში მყოფი ქვეყნის მისამართით ყოველთვის დაბალანსებული პოზიციით გამოირჩევა: "ვცდილობთ, არ გამოვხატოთ პოზიცია, მიუხედავად იმისა, რომ გვაქვს ხედვა. მხარს ვუჭერთ უკრაინის ტერიტორიულ მთლიანობასა და სუვერენიტეტს".

უმრავლესობის დეპუტატების კითხვებზე პასუხისას დარჩიაშვილმა უმეტესად მათი პოზიციები გაიზიარა და დეპუტატ მაკა ბოჭორიშვილს მიმართა, რომ პარტნიორებთან კომუნიკაციისას, მათი მხრიდან "საფუძველმოკლებული აღქმები" ყველაზე დიდი პრობლემაა:

"როდესაც საკითხი ეხება ჩვენი ქვეყნის ევროპულ მომავალს, კეთილდღეობას, მაქსიმალურად გვერდზე უნდა იყოს გადადებული ვიწრო პოლიტიკური ინტერესი".

დარჩიაშვილის თქმით, ყალბი ნარატივით, დეზინფორმაციით საქართველოს იმიჯის დაზიანება არის ყველაზე დიდი გამოწვევა, რაც აზიანებს და ხელს უშლის ევროინტეგრაციის პროცესს.

მინისტრმა, ასევე ნიკოლოზ სამხარაძის კითხვის პასუხად, ახსნა, რატომ აქვს საქართველოს ევროკავშირის განცხადებებთან/დეკლარაციებთან მიმართებით შემცირებული სტატისტიკა:

"ამას აქვს კონკრეტული მიზეზი - ჩვენ პასუხისმგებლიანი ხელისუფლება ვართ, გვაქვს წარმატებული არაღიარების პოლიტიკა და ნებისმიერი გადაწყვეტილება, რომელიც სტატისტიკის ნაწილში ახდენს ნეგატიურ გავლენას, სწორედ აქედან გამომდინარეობს. ჩვენ არ გვაქვს უფლება, ემოციებით ვიხელმძღვანელოთ. გავაგრძელებთ პარტნიორებთან ახსნას და კომუნიკაციას, თუ ზოგიერთ შემთხვევაში რატომ არის საქართველოს პოზიცია განცხადებებთან მიმართებაში ისეთი, როგორიც არის".

მინისტრის საათის შეჯამებისას ილია დარჩიაშვილმა ისევ ოპოზიცია დაადანაშაულა ქვეყნის ინტერესების დაზიანებაში და უთხრა, რომ "დაუძველდათ" "პრორუსული პოლიტიკის ძახილი" მაშინ, როდესაც საქართველოს აქვს "ძალიან ხელშესახები შედეგები ევროინტეგრაციის მიმართულებით".

"მე დარწმუნებული ვარ, ყველაფერი კარგად იქნება. ერთი მინდა, ცალსახად აღვნიშნო, რომ ხალხი ბრძენია, ხალხი ხედავს ვინ რას აკეთებს, როგორია ჩვენი დამოკიდებულება, როგორ ვქმნით ევროპულ მომავალს. ხალხი ხედავს ჩვენს ოპონენტებსაც, როგორ მავნებლურად აზიანებენ ჩვენი ქვეყნის ინტერესებს. სულ მინიმუმ, დაანებეთ ამ ქვეყნის საგარეო პოლიტიკაზე საუბარს თავი, ჩვენ თვითონ მოვახერხებთ და შევძლებთ იმას, რომ დავუახლოვოთ ევროკავშირს".

საქართველომ ევროკავშირის წევრობის განაცხადი 2022 წლის 3 მარტს წარადგინა. ამის შემდეგ ქვეყნის მთავრობამ შეავსო ევროკომისიისგან მიღებული კითხვარი. 2022 წლის ივნისში ევროკავშირმა, საქართველოსგან განსხვავებით, წევრობის კანდიდატის სტატუსი მიანიჭა უკრაინასა და მოლდოვას, რომლებმაც წევრობის განაცხადები 2022 წლის თებერვალსა და მარტში წარადგინეს. საქართველომ მიიღო მხოლოდ ევროპული პერსპექტივა. ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მისაღებად მან 12 პირობა უნდა შეასრულოს.
  • 16x9 Image

    გვანცა ნემსაძე

    რადიო თავისუფლების ჟურნალისტი 2022 წლიდან. მუშაობს საქართველოს შიდა პოლიტიკის, ადამიანის უფლებებისა და სოციალურ საკითხებზე.

XS
SM
MD
LG