16 ივნისს საგარეო საქმეთა მინისტრს, ილია დარჩიაშვილს პარლამენტში დეპუტატები მინისტრის საათის ფორმატში მოუსმენენ. მოხსენებაში, რომლის ტექსტი პარლამენტის ვებგვერდზე გამოქვეყნდა, მინისტრი საგარეო პოლიტიკის ყველა მიმართულებას მიმოიხილავს და მისი უწყების საქმიანობას აჯამებს.
ილია დარჩიაშვილი მოხსენებას ევროინტეგრაციის თემით, კერძოდ საქართველოსთვის ევროპული პერსპექტივის მინიჭების მნიშვნელობასა და 12 პრიორიტეტზე საუბრით იწყებს. თუმცა იგი ცალ-ცალკე არ მიმოიხილავს თითოეული პუნქტის შესრულების დონეს, იმას, თუ რა რეფორმა გატარდა ამისათვის დღემდე და რა დარჩა შესასრულებელი დეკემბრამდე.
მის მოხსენებაში აღნიშნულია, რომ პრიორიტეტებზე მუშაობის პროცესი ინკლუზიურ ფორმატში წარიმართა და ახლა "დასკვნით ეტაპზეა":
"საქართველოს პარლამენტის ინიციატივითა და კოორდინაციით, სახელმწიფო უწყებებისა და არასამთავრობო სექტორის ჩართულობით, პრიორიტეტებზე მუშაობის პროცესი წარიმართა ინკლუზიურობისა და გამჭვირვალეობის პრინციპების სრული დაცვით.
შედეგად, მოცემულ ეტაპზე, საქართველო 12 პრიორიტეტის შესრულების დასკვნით ფაზაზეა. ველით, რომ ევროკომისია სამართლიანად და დამსახურების პრინციპის საფუძველზე შეაფასებს საქართველოს პროგრესს 12 პრიორიტეტის შესრულების კუთხით და შემოდგომაზე გაფართოების პაკეტის შეფასებისას გასცემს რეკომენდაციას ქვეყნისთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭების შესახებ".
მინისტრი შენიშნავს, რომ საქართველოსთვის, კანდიდატის სტატუსის მინიჭება, "რომელსაც ჩვენი ქვეყანა შარშანაც იმსახურებდა", იქნება კიდევ ერთი ისტორიული გადაწყვეტილება, რომელიც ფორმალურად გაამყარებს საქართველოს პოზიციონირებას ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე, ხელს შეუწყობს დეპოლარიზაციას ქვეყნის შიგნით და იქნება მნიშვნელოვანი განმსაზღვრელი ფაქტორი მშვიდობისა და სტაბილურობის განმტკიცების კუთხით: "ხაზგასასმელია, რომ ამის რეალური საფუძველი არსებობს".
დარჩიაშვილი ირწმუნება, რომ საქართველო ბოლო ათწლეულის განმავლობაში იყო და დღესაც ინარჩუნებს წამყვანი რეფორმატორი ქვეყნის სტატუსს ევროკავშირის აღმოსავლეთ სამეზობლო რეგიონში და "მნიშვნელოვნად წინაა ევროკაშირის მოთხოვნებთან, როგორც საკანონმდებლო, ასევე ინსტიტუციური დაახლოვების ხარისხით".
მინისტრი აღნიშნავს იმასაც, რომ საქართველოს, ასოცირების შეთანხმების მხრივ შესრულებული აქვს ვალდებულებების, დაახლოებით, 50%, ხოლო DCFTA-ის ვალდებულებების 60%-ზე მეტი.
ილია დარჩიაშვილი ჩრდილოატლანტიკურ ალიანსთან დაახლოების კუთხით, მოხსენებაში წერს, რომ ქართულმა მხარემ "ქმედითი ნაბიჯები" გადადგა სხვადასხვა მიმართულებით: "გაიმართა მაღალი დონის ვიზიტები, როგორც ნატოს შტაბ-ბინაში, ისე საქართველოში, რომლის დროსაც მოკავშირეებთან ერთად განიხილებოდა ნატო-საქართველოს თანამშრომლობის ყველა აქტუალური საკითხი და სამომავლო პერსპექტივები".
ტექსტში, იგი მიმოიხილავს თითოეულ ვიზიტს და მის შედეგს, მათ შორის, აღნიშნავს, რომ პრემიერ-მინისტრისა და ნატოს გენერალურ მდივნის, იენს სტოლტენბერგის შეხვედრას და საქართველოში კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში ნატოს გენერალური მდივნის სპეციალური წარმომადგენლის, ხავიერ კოლომინას ორჯერ ვიზიტს;
მინისტრი აღნიშნავს, რომ საქართველო ეფექტიანად იყენებდა ნატო-ში ინტეგრაციის ყველა ინსტრუმენტს: ნატო-საქართველოს კომისიას (NGC), წლიურ ეროვნულ პროგრამასა (ANP) და ნატო-საქართველოს არსებით პაკეტს (SNGP).
სამომავლო გეგმებზე საუბრისას დარჩიაშვილი შეეხება ივლისში დაგეგმილ ვილნიუსის სამიტს და ამბობს, რომ ქართული მხარე "აქტიურად გააგრძელებს მუშაობას საქართველოს სათანადოდ წარმოსაჩენად".
ასევე, საგარეო საქმეთა მინისტრის გეგმით, გაგრძელდება მუშაობა არსებული პოლიტიკური და პრაქტიკული ინსტრუმენტების, ნატო-საქართველო კომისიის, წლიური ეროვნული პროგრამის და გაძლიერებული ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის გამოყენებით.
რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციის თემის კონტექსტში მინისტრი საუბრობს მისი სამინისტროს მიერ გადადგმულ ნაბიჯებზე:
- "დიპლომატიური თუ სამართლებრივი ინსტრუმენტის გამოყენება საერთაშორისო მხარდაჭერის მობილიზების უზრუნველყოფისთვის;
- საერთაშორისო სასამართლოებში, კერძოდ, ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოსა და სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოში, საქართველოს წარმატებები;
- მნიშვნელოვან ინსტრუმენტად რჩება ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებები, რომელიც ერთადერთი ფორმატია ევროკავშირის შუამავლობით დადებული 2008 წლის 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების შესრულების საკითხზე;
- ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიასთან თანამშრომლობა;
- გრძელდებოდა მუშაობა არაღიარების პოლიტიკის განმტკიცების მიმართულებით".
მინისტრი ერთ-ერთ პრიორიტეტულ მიმართულებად ასახელებს საერთაშორისო ძალისხმევის მობილიზებას რუსეთ-საქართველოს კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების პროცესში. კერძოდ, გაგრძელდება აქტიური თანამშრომლობა როგორც სხვადასხვა ქვეყანასთან, ასევე შესაბამის საერთაშორისო ორგანიზაციებთან, რათა საერთაშორისო საზოგადოების დღის წესრიგში და ყველა შესაბამის ფორმატში აქტიურად იდგეს რუსეთ-საქართველოს კონფლიქტის მშვიდობიან მოგვარებასთან დაკავშირებული პრიორიტეტული საკითხები:
- "რუსეთის ფედერაციის მიერ ნაკისრი საერთაშორისო ვალდებულებების, პირველ რიგში კი, ევროკავშირის შუამავლობით 2008 წლის 12 აგვისტოს დადებული ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმების სრულად შესრულება;
- იძულებით გადაადგილებულ პირთა და ლტოლვილთა საკუთარ სახლებში უსაფრთხოდ და ღირსეულად დაბრუნება;
- საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში ადამიანის უფლებების დაცვის უზრუნველყოფა;
- ოკუპირებულ ტერიტორიებზე უსაფრთხოების საერთაშორისო მექანიზმების შექმნა და ადამიანის უფლებათა მონიტორების დაშვება".
მინისტრი დარჩიაშვილი მოსენებაში აცხადებს, რომ საქართველოს მთავარ სტრატეგიულ მოკავშირესთან, აშშ-სთან დინამიურად ვითარდებოდა თანამშრომლობა, როგორც აღმასრულებელ, ისე საკანონმდებლო დონეზე.
"შეერთებული შტატები აქტიურად უჭერს მხარს ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტისა და უსაფრთხოების განმტკიცებას, ნატოში ინტეგრაციას, ასევე დემოკრატიული რეფორმების განხორციელების და ეკონომიკური თანამშრომლობის გაღრმავების მიმართულებებს".
მინისტრი გამოყოფს აშშ-ის მიერ რუსეთისა და ბელარუსის წინააღმდეგ ამოქმედებულ სანქციებისა და შეზღუდვების შესრულების საკითხს და აცხადებს, რომ ამ მხრივ, მაგალითად იშველიებს აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის 2022 წლის 29 ივლისის „საქართველოში საინვესტიციო კლიმატის“ თაობაზე მოხსენებას, რომლის თანახმადაც, "საქართველო სრულფასოვნად იცავს ფინანსური სანქციების რეჟიმს და იღებს შესაბამის ზომებს, რათა ქვეყნის ტერიტორია არ იქნეს გამოყენებული სანქციებისა და შეზღუდვების გვერდის ავლისთვის. ამასთან, ამერიკული მხარე ფორმალურ თუ პირად საუბრებში, ცალსახად დადებითად აფასებს საქართველოს მიერ სანქციების რეჟიმის დაცვას".
ილია დარჩიაშვილი აღნიშნავს იმასაც, რომ უმაღლეს ნიშნულზეა აშშ-თან თანამშრომლობა თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროში.