Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

კოლომინა: შეშფოთება გამოვთქვი საქართველოში რეფორმების განხორციელების დონისა და ტემპის გამო


NATO-ს გენერალური მდივნის სპეციალური წარმომადგენელი ხავიერ კოლომინა
NATO-ს გენერალური მდივნის სპეციალური წარმომადგენელი ხავიერ კოლომინა

NATO-ს გენერალური მდივნის სპეციალური წარმომადგენლის, ხავიერ კოლომინას განცხადებით, თბილისში ვიზიტისას და შეხვედრების დროს შეშფოთება გამოთქვა რეფორმების განხორციელების ტემპის, დონისა და ზოგიერთი მათგანის შინაარსის გამოც. ამის შესახებ მან NATO-ს სამეკავშირეო ოფისში, მედიასთან ისაუბრა.

"მე გადავეცი შეშფოთება რეფორმების ტემპის და არა მხოლოდ ტემპის, არამედ ზოგიერთი რეფორმის შინაარსის გამოც. ასევე ძალიან ნათლად გავაჟღერე შეშფოთება "უცხოეთის აგენტების შესახებ კანონის" გამო. ჩვენი აზრით, ეს კანონი დემოკრატიულ სტანდარტებს ეწინააღმდეგებოდა, რაც ჩვენს პარტნიორებს, როგორიც საქართველოა, უნდა გააჩნდეთ.

მე გამოვთქვი შეშფოთება რეფორმების განხორციელების დონის გამო. ეს, განსაკუთრებით, მართლმსაჯულებისა და ცესკოსთან დაკავშირებით, საარჩევნო რეფორმებს ეხება. ასევე, დეპოლარიზაციასთან დაკავშირებით რეფორმები შეშფოთების საგანს წარმოადგენს ჩვენთვის".

კოლომინას თქმით, შეხვედრების დროს ასევე გააჟღერა უკრაინის მიმართ მხარდაჭერა, "რაც უმაღლესი პრიორიტეტია". მისივე ცნობით, ეს თემა იქნება პრიორიტეტი ვილნიუსის სამიტისთვის, რომელიც 11-12 ივლისს გაიმართება.

"ჩვენ პარტნიორებისგან, ძალიან ღირებული პარტნიორებისგან, როგორცაა საქართველო, ველით, რომ ისინი ყველაფერს გააკეთებენ უკრაინის მხარდასაჭერად", - თქვა მან.

პრესკონფერენციაზე ხავიერ კოლომინამ ასევე აღნიშნა, რომ რუსეთიდან საქართველოში ფრენების აღდგენაზე [საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლების] რეაქცია "შემაშფოთებელი" იყო.

ჩრდილოატლანტიკური ალიანსის გენერალური მდივნის სპეციალური წარმომადგენელი ხავიერ კოლომინა მეორე დღეა საქართველოში შეხვედრებს მართავს. ის საქართველოში რეგიონული ვიზიტის ფარგლებში ჩამოვიდა.

XS
SM
MD
LG