როგორც ჟურნალისტი რადიო თავისუფლებას უამბობს, არის საზოგადოებრივი მაუწყებლის დილის გადაცემის შტატიანი თანამშრომელი, - და კონტრაქტი დღემდე არ გაუწყვეტიათ მასთან, თუმცა ეთერს ჩამოაშორეს ისე, რომ მიზეზი არ განუმარტავთ.
მისი მონათხრობის თანახმად, დილის გადაცემა რამდენიმე თვის წინ დაიხურა, რის საფუძვლადაც სახელდებოდა ტელევიზიის ახალ შენობაში გადასვლა, ხოლო ის და მისი თანამშრომლები ხელშეკრულების დანართის საფუძველზე გადაიყვანეს რადიოში:
„რადიოში, სიუჟეტებთან ერთად, დამიტოვეს ჩემი რუბრიკა ცხოველებზე, რაც დილის გადაცემაში მქონდა. რამდენიმე თვე ვიყავი ამ რადიოში. თუმცა შემდეგ თანამშრომლებმა ისე დაიწყეს დილის გადაცემის დასაგეგმად შეკრებები, ისე დაიწყო საუბრები, რომ „დილა“ უნდა გავიდეს ეთერში, რომ ჩემთვის არც უთქვამთ“, - ამბობს ჟურნალისტი.
ანი ჯობავას თქმით, დაახლოებით თებერვლის შუა რიცხვებში შემთხვევით შეიტყო, რომ მსგავსი თათბირები იმართებოდა: „ერთ დღეს, სულ შემთხვევით, ჩემი კოლეგისგან, რომელიც ასევე დილის გადაცემის ჟურნალისტი იყო, უბრალოდ მომივიდა „მესიჯი“, დღეს თათბირზე არ მოდიხარო? მე არც ვიცოდი, რომ ეს თათბირი იმართებოდა საერთოდ“.
როგორც ჟურნალისტი რადიო თავისუფლებას ეუბნება, ამის შემდეგ სცადა გარკვევა, თუ რატომ არ ეძახოდნენ თათბირებზე, რატომ არ გეგმავდნენ გადაცემას მასთან ერთადაც.
„ამ ამბების მერე მოხდა ისე, რომ აი, „ორ-სამ დღეში გავარკვევ რა მოხდება“, მივიღე უფროსისგან პასუხი. ორი-სამი დღე გავიდა. როგორც მახსოვს, 26 თებერვალს, ვიკითხე მეორედ, გაირკვა თუ არა რამე. მითხრეს, რომ ახლაც ვარკვევთო. თუმცა პარალელურად ისევ მიდის თათბირები, მიდის დაგეგმვა ეთერის. აი, დღეს-ხვალ უკვე ეთერშიც გავლენ“.
ჟურნალისტის თქმით, ოფიციალური წერილითაც მისწერა გენერალურ დირექტორს, რომელმაც გადაამისამართა მიმართულების ხელმძღვანელთან, რომელსაც ასევე მიმართა წერილით, თუმცა პასუხი არ მიუღია: „რა თქმა უნდა, დუმილია და აი, ამ ეტაპზე ვარ ახლა“.
როგორც ის ამბობს, რომ ფორმალურად ჯერ კონტრაქტი არ შეუწყვიტავთ, თუმცა „აქ მთავარი ამბავი ის არის, რომ ჩამხსნეს, მაგრამ რატომ და რის გამო, ამას არავინ არ მეუბნება“.
ანი ჯობავა ამ გადაწყვეტილებას პოლიტიკურ მოტივებს უკავშირებს თავისი საზოგადოებრივი პოზიციების გამო:
- ფეისბუკზე საჯარო პოსტებში ღიად უჭერს მხარს პატიმრობაში მყოფ მედიამენეჯერს, „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ დამფუძნებელ მზია ამაღლობელს, რომელსაც უფლებადამცველები, ევროკავშირი და მისი წევრი არაერთი ქვეყნის მთავრობა პოლიტპატიმრად მიიჩნევენ;
- მხარს უჭერს ტელეწამყვან ვასილ ივანოვ-ჩიქოვანს, რომელიც მაუწყებლის „ქართული ოცნებისადმი“ ლოიალურ სარედაქციო პოლიტიკას აკრიტიკებდა და რის გამოც ეთერიდან მოხსნეს, 21 მარტს კი ბორდის წევრებმა საქმის „პროკურატურისათვის გადაცემა“ მოითხოვეს;
- არის „საზოგადოებრივი მაუწყებლის მცველების“ მხარდამჭერი და განცხადებების ხელმომწერი.
„თავიდან რომ დავიწყე შეკითხვების დასმა [ამ ყველაფერს ხომ არ უკავშირდებოდა], მაშინ მითხრეს, რომ „რა სისულელეა“, „ეს არაფერ შუაში არ არის“ და ასეთი პასუხები მივიღე, მაგრამ თქვენც და მეც ძალიან კარგად ვიცით, რაშიც არის საქმე“, - ამბობს ის.
რადიო თავისუფლება ცდილობს მაუწყებლის მენეჯმენტთან დაკავშირებას. ჩვენ დავუკავშირდით მაუწყებლის მედიის ბლოკის ხელმძღვანელს, თუმცა ტელეფონს არ უპასუხა და შეტყობინება ავტომოპასუხეს დავუტოვეთ. პასუხი მიღების შემთხვევაში აქვე აისახება.
21 მარტს გაიმართა საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს სხდომა, სადაც არხის „ქართული ოცნებისა“ და მაუწყებლის სარედაქციო პოლიტიკის მიმართ კრიტიკულად განწყობილი თანამშრომლების საკითხის „პროკურატურისათვის გადაცემა“ გადაწყვიტეს.
საბჭოს სხდომაზე საბჭოს წევრებმა განაცხადეს, არხის თანამშრომლები, რომლებიც ხელმძღვანელობას დაუპირისპირდნენ, მათ „ცილს სწამებენ“ ისე, რომ არანაირ „მყარ მტკიცებულებებს“ არ წარმოადგენდნენ, რის გამოც, სამეურვეო საბჭოს წევრები ამბობენ, რომ აღნიშნული ჟურნალისტები გარკვეული მიზნებით მოქმედებდნენ და ამიტომ ეს საკითხი პროკურატურამ უნდა გამოიძიოს.
„ზუსტად ასე გამოიყურებოდა საბჭოთა დროს „თანამდებობის პირების“ აუღელვებელი მსჯელობა იმის შესახებ, თუ ვისი საქმე გადაეცათ პარტიას, ვინ დაესმინათ, დაებრალებინათ მოღალატეობა. ეს კი სხვა არაფერია“ - ასე გამოეხმაურა მეხუთე პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილი ბორდის წევრების მსჯელობას.
ფორუმი