NATO-ს გენერალური მდივნის სპეციალური წარმომადგენელი კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში, ხავიერ კოლომინა თბილისში ვიზიტისას რუსეთის მხრიდან საქართველოსთან ფრენების აღდგენას გამოეხმაურა და თქვა, რომ "შეშფოთებულია" ის რეაქციები, რომლებიც ამ თემაზე საქართველოს ხელისუფლების მხრიდან მოისმინა. ამის შესახებ მან თბილისში, ნატოს სამეკავშირეო ოფისში, გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
"ზოგიერთი რეაქცია, რომელსაც ვხედავდით ბოლო დღეებში, მას შემდეგ, რაც ცალმხრივი გადაწყვეტილება იყო მიღებული რუსეთის მხრიდან, აღდგენილიყო ფრენები საქართველოსთან, შემაშფოთებელი იყო ჩვენთვის. მე გადავეცი გზავნილი თქვენს ხელისუფლებას".
კოლომინამ განმარტა, რომ მათი შეშფოთება უფრო ეხება იმ რეაგირებას, რომელიც ზოგიერთი პარლამენტის წევრისა და მთავრობის წევრის მხრიდან მოისმინეს:
"ჩვენ არ მოგვწონს მოსკოვის მხრიდან ეს გადაწყვეტილება, მაგრამ ეს არის ცალმხრივი გადაწყვეტილება. ჩვენი შეშფოთება უფრო ეხება იმ რეაგირებას, რაც მოვისმინეთ ზოგიერთი პარლამენტის წევრის მხრიდან და მთავრობის წევრის მხრიდან. უკრაინისთვის დახმარების გაგრძელება ყველა ჩვენგანის პრიორიტეტია, მაგრამ აგრეთვე ეს რუსეთის მხრიდან სანქციებისთვის პოტენციურად თავის არიდების სივრცეს ქმნის.
ჩვენ ვსაუბრობთ თქვენს ხელისუფლებასთან სანქციების თავიდან არიდების სამუშაოებზე. ძალიან კარგი სამუშაო ჩატარდა მრავალი ასპექტით, მაგრამ ესაა ის რეაქცია, რაც ვნახეთ - ეს ჩრდილს აყენებს რუსეთის პოტენციალს, რათა აქ იპოვოს სივრცე სანქციებისთვის თავის ასარიდებლად. ჩვენ ნათლად ვაცხადებთ, რომ ასე არ უნდა მოხდეს და მოვუწოდებ თქვენს ხელისუფლებას, შესაბამისი ზომები მიიღოს ამის თავიდან ასარიდებლად".
მანვე აღნიშნა, რომ არსებობს რეფორმები, რომლებიც უნდა განახორციელოს საქართველომ და არსებობს ასევე შეშფოთება რეფორმების ხარისხის, რიტმისა და ზოგჯერ შინაარსის მიმართაც. ამ კონტექსტში მან გაიხსენა საქართველოს პარლამენტში პირველი მოსმენით მიღებული უცხოური გავლენის აგენტების შესახებ კანონპროექტი, რომელსაც მმართველი პარტია უჭერდა მხარს. ეს კანონპროექტი, მარტში გამართული ფართომასშტაბიანი საპროტესტო აქციების შემდეგ, პარლამენტმა უკან გაიწვია.
ჩრდილოატლანტიკური ალიანსის გენერალური მდივნის სპეციალური წარმომადგენელი ხავიერ კოლომინა მეორე დღეა, საქართველოში შეხვედრებს მართავს. ის საქართველოში რეგიონული ვიზიტის ფარგლებში ჩამოვიდა.