კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში ჩრდილოატლანტიკური ალიანსის გენერალური მდივნის სპეციალური წარმომადგენელი ხავიერ კოლომინა მეორე დღეა საქართველოში შეხვედრებს მართავს. ის საქართველოში რეგიონული ვიზიტის ფარგლებში ჩამოვიდა. კოლომინა ორბელიანების სასახლეში შეხვდა საქართველოს პრეზიდენტს, სალომე ზურაბიშვილს.
ხავიერ კოლომინას შეხვედრა ჰქონდა ასევე საქართველოს თავდაცვის მინისტრ ჯუანშერ ბურჭულაძესთან. როგორც სამინისტრო იუწყება, მინისტრმა მას მადლობა გადაუხადა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის ურყევი მხარდაჭერისთვის. შეხვედრაზე მხარეებმა რეგიონში არსებულ უსაფრთხოების გარემოსა და გამოწვევებზე ისაუბრეს.
„უკრაინაში განვითარებული მოვლენებისა და უსაფრთხოების მზარდი გამოწვევების ფონზე, თავდაცვის მინისტრმა ყურადღება საქართველოს თავდაცვისუნარიანობის, მდგრადობის, კიბერთავდაცვითი შესაძლებლობების, NATO-სთან თავსებადობის გაზრდაზე გაამახვილა და ამ პროცესში ალიანსის პოლიტიკური და პრაქტიკული თანამშრომლობის გაღრმავების აუცილებლობაზე ისაუბრა. ჯუანშერ ბურჭულაძემ ალიანსის წარმომადგენელს NATO-საქართველოს არსებითი პაკეტით (SNGP) გათვალისწინებული ინიციატივების ფარგლებში მიღწეული წარმატებები და განხორციელებული აქტივობები გააცნო.
განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო მადრიდის სამიტზე მინიჭებულ „საქართველოზე მორგებული მხარდაჭერის დოკუმენტს“, რაც ქვეყნის თავდაცვისუნარიანობის განმტკიცებას, არსებითი პაკეტის გაძლიერებასა და მოკავშირეთა მხრიდან ქმედითი ღონისძიებების გატარებას ითვალისწინებს. ქართული მხარის წარმომადგენლებმა იმედი გამოთქვეს, რომ NATO-ს მომავალ სამიტზე, ქალაქ ვილნიუსში ალიანსი საქართველოს გაწევრიანების მიმართ მხარდაჭერას დაადასტურებს და პრაქტიკული თანამშრომლობის სპექტრს გააფართოებს", - ნათქვამია თავდაცვის სამინისტროს ცნობაში.
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის პირველმა მოადგილემ ლაშა დარსალიამ კოლომინასთან შეხვედრაზე განიხილა მიმდინარე წლის ივლისში დაგეგმილი NATO-ს ვილნიუსის სამიტისთვის მზადების პროცესი. როგორც საგარეო უწყება აღნიშნავს, საუბარი შეეხო რეგიონში არსებულ უსაფრთხოების გარემოს. ალიანსის მხრიდან კიდევ ერთხელ დაფიქსირდა საქართველოს სუვერენიტეტის და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერა.
კოლომინა შეხვდა ასევე საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს, შალვა პაპუაშვილს. ოფიციალური ცნობით, მათ ილაპარაკეს საქართველოს უსაფრთხოების გამოწვევებზე და აღნიშნა, რომ არსებული გეოპოლიტიკური ვითარების ფონზე, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია საქართველოს პროგრესი NATO-ში გაწევრიანების გზაზე.
ხავიერ კოლომინა NATO-ს სამეკავშირეო ოფისში შეხვდა ოპოზიციური პარტიების, კერძოდ, „ნაციონალური მოძრაობის”, პარტია „საქართველოსთვის“, „ლელო - საქართველოსთვის“ და „სტრატეგია აღმაშენებლის“ წარმომადგენლებს.
შეხვედრის შემდეგ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრმა გიორგი ბარამიძემ განაცხადა: „ჩვენი მეგობრებისთვის, როგორც NATO-ს, ისე ევროკავშირის წევრებისთვის, ძალიან კარგად არის ცნობილი, თუ რა ხდება ჩვენს ქვეყანაში. ის, რომ საქართველო რუს ოლიგარქს აქვს მიტაცებული, ის, რომ საქართველოს მთავრობაში რუსეთის მაფიის ქართული ფილიალი მოქმედებს, რომელსაც ტყვეობაში ჰყავს პუტინის ტყვე მიხეილ სააკაშვილი, რომელიც ამ ქვეყნის თანამედროვე სახელმწიფოებრიობის შემქმნელია, საქართველოს მყარად დამყენებელი NATO-სა და ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე. ამ ოლიგარქს ჯიბეში აქვს ჩადებული საქართველოს მთავრობა, პარლამენტი, ებრძვის თავისუფალ მედიას და ყველაფერს აკეთებს, რომ არჩევნებით არ იყოს შესაძლებელი საქართველოში ხელისუფლების შეცვლა".
„სტრატეგია აღმაშენებლის" ლიდერის გიორგი ვაშაძის განცხადებით, საქართველოსთვის NATO-ს კარი ღიაა.
„ჩვენ ვართ ძალიან მძიმე ვითარებაში „ქართული ოცნების“ გამო. საქართველოსთვის, ისე როგორც არასდროს, NATO-სა და ევროკავშირის კარი არის ღია. ამ შანსის გამოყენებას უნდა ერთი რამ, ერთი თავი უნდა მოძვრეს, ეს არის ბიძინა ივანიშვილის თავი. როგორც კი ბიძინა ივანიშვილი არ იქნება ამ ქვეყნის ბატონ-პატრონი, მერწმუნეთ, ჩვენ NATO-შიც და ევროკავშირშიც შევალთ. თავიც, შუაც, პრობლემაც, ყველაფერიც არის ეს ადამიანი. მისი მძევალი გახდა ეს ქვეყანა", - თქვა ვაშაძემ.