ევროკომისიის მიერ საქართველოსთვის გაცემული 12 პირობის შესრულების მონიტორინგის განახლებული ანგარიშის მიხედვით, მხოლოდ ერთი რეკომენდაციაა "შესრულებული", ორი - "მეტწილად შესრულებული", ოთხი - "ნაწილობრივ შესრულებული", ხოლო ხუთი ისევ "შესასრულებელია".
ანგარიშის თანახმად, შესრულებულია პირობა ევროსასამართლოს გადაწყვეტილებების პროაქტიულ გათვალისწინებაზე, მეტწილად შესრულდა რეკომენდაციები ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლასა და გენდერულ თანასწორობასა და ქალთა მიმართ ძალადობაზე. ნაწილობრივ შესრულებულად მიიჩნიეს პუნქტები საარჩევნო და ინსტიტუციურ რეფორმებზე, ანტიკორუფციულ ზომებზე, მოწყვლად ჯგუფებსა და დამოუკიდებელ სახალხო დამცველზე. შესასრულებელი პირობებია დეპოლარიზაცია, დამოუკიდებელი სასამართლო, დეოლიგარქიზაცია, მედიის თავისუფლება, სამოქალაქო საზოგადოების ჩართულობა.
შეფასების დოკუმენტი - სტატუსმეტრი - 8 საზოგადოებრივმა ორგანიზაციამ მოამზადა. იგი ქვეყნის ხელისუფლების მიერ 2023 წლის 15 იანვრიდან 30 აპრილამდე პერიოდში ამ მიმართულებით მიღწეულ პროგრესს, არსებულ მდგომარეობასა და სამომავლოდ განსაზღვრულ ნაბიჯებს ასახავს. იგი ევროკავშირის ინსტიტუტების, წევრი ქვეყნების, სამოქალაქო საზოგადოებისა და პოლიტიკური ჯგუფების მოლოდინებს აერთიანებს.
ორგანიზაციების შეფასებით, 12 რეკომენდაციის შესრულების კუთხით, 2023 წლის 31 მარტიდან 30 აპრილამდე საგრძნობი პროგრესი არ შეიმჩნევა. პროგრესს 2023 წლის ოქტომბერში შეაფასებს ევროკომისია, შესაბამისად, დაახლოებით ოთხი თვე რჩება რეკომენდაციების შესასრულებლად.
"ღია საზოგადოების ფონდის" ევროინტეგრაციის პროგრამების ხელმძღვანელის, ვანო ჩხიკვაძის თქმით, ანგარიში შედგენილია 30 აპრილის მდგომარეობით. შესაბამისად, მასში არ ასახულა ბოლო მოვლენები, თუმცა მოხვდა აშშ-ის მიერ მოსამართლეების სანქცირების საკითხი. "თუკი ზოგად შეფასებებს შევხედავთ, სამწუხაროდ, ეს შეფასებები უცვლელია. ერთი თვე გავიდა იმაში, რომ პუნქტებში კარდინალურად არაფერი შეცვლილა", - აღნიშნავს ვანო ჩხიკვაძე.
მისივე თქმით, ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის საქართველოსთვის მინიჭება არა მხოლოდ პოლიტიკური, არამედ ტექნიკური გადაწყვეტილებაცაა. შესაბამისად, ევროკავშირი მნიშვნელოვან ყურადღებას მიაქცევს 12-ვე პრიორიტეტის შესრულებას:
"ეს არაა ისეთი რამ, რასაც ევროკავშირი გაძლევს და ივიწყებს. ეს არაა გართობა უბრალოდ ევროკავშირის მხრიდან. ესაა სერიოზული რამ, რაც ქვეყანას ეხმარება, წინ წავიდეს და მოხდეს ქვეყნის დემოკრატიზაცია".
"საქართველოს რეფორმების ასოციაციის" (GRASS) დირექტორი პაატა გაფრინდაშვილი, რომელიც დეპოლარიზაციისა და დეოლიგარქიზაციის პუნქტის შესრულების შეფასებაზე მუშაობდა, ამბობს, რომ დეპოლარიზაციის დაძლევის კუთხით რეალური წინააღმდეგობებია, თუმცა "ყველაფრის გამოსწორება მაინც შეიძლება, დრო საკმარისზე მეტია."
"როგორ იწყება საერთოდ 12 პრიორიტეტი? ევროკავშირი ეუბნება საქართველოს, რომ გაითვალისწინოს 19 აპრილის, ე.წ. შარლ მიშელის შეთანხმების, სულისკვეთება, რაც არის პოლიტიკურ ძალებს შორის თანამშრომლობის სინონიმი. სამწუხაროდ, ჩვენ ასეთი თანამშრომლობა არ გვაქვს. "ქართული ოცნება" ამბობს, რომ მან თითქმის ყველა პრიორიტეტი შეასრულა და ესაა ერთადერთი პრიორიტეტი, სადაც ამბობს, ვერ შესრულდებაო, ესაა დეპოლარიზაცია - "ქართული ოცნება" ამბობს, ამ მხრივ ოპოზიცია ნაბიჯებს არ დგამსო... უპირველეს ყოვლისა, საჭიროა, შეჩერდეს და შენელდეს ერთმანეთის დემონიზაციის რიტორიკა", - აღნიშნავს ის.
8 ორგანიზაციის დასკვნას რეკომენდაციების არშესრულებაზე პარლამენტში გამოეხმაურა მმართველი პარტიის, "ქართული ოცნების" თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე და კიდევ ერთხელ გაიმეორა, რომ ვანო ჩხიკვაძე და "სოროსის ფონდი" საქართველოს ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მიღების წინააღმდეგ წარმოებულ კამპანიაში არიან ჩართული.
"ჩვენი მოქალაქეები ელოდებოდნენ კანდიდატის სტატუსს და ქართველი, იგივე სერგო ორჯონიკიძე თანამედროვეობის, წერდა, რომ კანდიდატის სტატუსი არ ეკუთვნის საქართველოს.
ახლაც აკეთებენ იგივეს. ეს დასკვნა, რომელიც არის დადებული მათი მხრიდან, კიდევ ერთხელ მოწმობს, რომ "სოროსის ფონდი" პირდაპირ არის ჩართული კანდიდატის სტატუსის წინააღმდეგ წარმოებულ კამპანიაში, როდესაც ისინი ავრცელებენ ტყუილებს იმასთან დაკავშირებით, რომ თითქოს არ სრულდება რეკომენდაციები. ეს ნიშნავს იმ კამპანიის გაგრძელებას, რომელიც წარმოებს რადიკალური ოპოზიციის მიერ კანდიდატის სტატუსის წინააღმდეგ და თქვენ იცით, რომ პირდაპირი კავშირია რადიკალურ ოპოზიციასა და "სოროსის ფონდს" შორის", - უთხრა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს.
სტატუსმეტრის წინა ანგარიში აპრილში გამოქვეყნდა - მდგომარეობა ევროკომისიის რეკომენდაციების შესრულების კუთხით მაშინაც იგივე იყო.
ევროკავშირის ელჩის, პაველ ჰერჩინსკის ცნობით, ევროკომისიის დასკვნა გამოქვეყნდება მიმდინარე წლის ოქტომბერში. ამის შემდეგ, წლის ბოლომდე, ევროკავშირის ლიდერები, ევროპული საბჭო შეაფასებს საქართველოსა და სხვა ქვეყნების პროგრესს.
საქართველომ ევროკავშირის წევრობის განაცხადი 2022 წლის 3 მარტს წარადგინა. ამის შემდეგ ქვეყნის მთავრობამ შეავსო ევროკომისიისგან მიღებული კითხვარი. 2022 წლის ივნისში ევროკავშირმა, საქართველოსგან განსხვავებით, წევრობის კანდიდატის სტატუსი მიანიჭა უკრაინასა და მოლდოვას, რომლებმაც წევრობის განაცხადები 2022 წლის თებერვალსა და მარტში წარადგინეს. საქართველომ მიიღო მხოლოდ ევროპული პერსპექტივა. ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მისაღებად საქართველომ 12 პირობა უნდა შეასრულოს.