Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

როგორ აპირებს "ოცნება" მრავალი თაობის ევროპული ოცნების ასრულებას? - დაპირებები ბრიუსელში, განცხადებები თბილისში


ევროინტეგრაციის მოთხოვნით გამართული აქცია თბილისში. 3 ივლისი, 2022 წელი
ევროინტეგრაციის მოთხოვნით გამართული აქცია თბილისში. 3 ივლისი, 2022 წელი

პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ბრიუსელში მაღალჩინოსნებს უთხრა, რომ ხელისუფლება გააკეთებს ყველაფერს „ქართველების მრავალი თაობის ოცნების“ ასასრულებლად და ევროკავშირში გასაწევრიანებლად. თბილისში მისი პარტია - „ქართული ოცნება“ ისევ დაჟინებით ეწინააღმდეგება ევროკავშირის პოზიციასა და შეფასებებს.

ვითარება თითქმის ჩიხშია შესული ევროკომისიის 12 რეკომენდაციის მეხუთე პუნქტთან - დეოლიგარქიზაციასთან - დაკავშირებით.

„ოცნება“, რომელსაც მთავარი გასაღები დღემდე გაუშიფრავი „გლობალური ომის პარტიის ხელში“ ეგულება, ევროკავშირს ულტიმატუმის ენით ელაპარაკება. უცვლელია ევროკავშირის პოზიციაც - აუცილებელია 12 პუნქტის შესრულება იმისათვის, რომ, წლის ბოლოს, საქართველომ მიიღოს კანდიდატის სტატუსი.

პირობების დაჩქარებული ტემპით შესრულება იყო მთავარი მოწოდება ბრიუსელში, როცა საქართველოს პრემიერ-მინისტრს ევროკავშირის წარმომადგენლები ხვდებოდნენ.

„ლისაბონიდან თბილისამდე“

14 ივნისს, ბრიუსელში, საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი და კულტურის საერთაშორისო ფესტივალ „ევროპალიის“ დაწყებისადმი მიძღვნილ საზეიმო მიღებაზე, ბელგიის საგარეო და ევროპული ურთიერთობების საქმეთა მინისტრმა, ჰაჯა ლაჰიბმა განაცხადა, რომ „საქართველო ევროპული ოჯახის ნაწილია“, „ბელგია მხარს უჭერს საქართველოს ევროპულ მისწრაფებებს“ და შესაბამისად იმოქმედებს - „აყვავებული ევროპის ინტერესებში ლისაბონიდან თბილისამდე“.

„ლისაბონიდან თბილისამდე უსაფრთხოების ზონა უნდა შეიქმნას“, - უთხრა ჟურნალისტებს პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გია ვოლსკიმ და დასძინა, რომ საერთაშორისო პარტნიორების დახმარებას საქართველოც უსაფრთხოების კონტექსტში ითხოვს.

„არავინ არ იცის, როგორ დამთავრდება ეს სიტუაცია [რუსეთის ომი უკრაინაში], მით უმეტეს, რომ ბელორუსიაში უკვე მიდის განლაგება ბირთვული შეიარაღების. მსოფლიო მასშტაბით არსებული ვითარება იმ დონემდე მივიდა, როდესაც საჭიროა მობილიზება, თანადგომა, სოლიდარობა და ამ სოლიდარობას ვითხოვთ ჩვენ ევროპელი პარტნიორებისგან“, - ამბობს ვოლსკი.

„ლისაბონიდან თბილისამდე და მის მიღმა“ - ევროკავშირის გაფართოებასთან დაკავშირებული ეს ფრაზა - საქართველოს მოქალაქეებმა მანამდე - გერმანიის კანცლერისგან, ოლაფ შოლცისგან მოისმინეს, 2022 წლის ოქტომბერში, როცა ბერლინში ევროპელი სოციალისტების პარტიის (PES) კონგრესი იმართებოდა.

„ჩვენ ვართ ევროპის ხალხი და ჩვენი ხმა მთელ ევროპაში უნდა ისმოდეს, ხმელთაშუა ზღვიდან ჩრდილოეთის ზღვამდე, ლისაბონიდან თბილისამდე და მის მიღმა“, - ოლაფ შოლცის მიერ ტრიბუნიდან ნათქვამ ამ სიტყვებს, დარბაზში, „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე - ირაკლი კობახიძეც ისმენდა. „ეს გზავნილი ჩვენთვის განსაკუთრებით სასიამოვნო და საინტერესო იყო“, - უთხრა მან მაშინ ჟურნალისტებს.

იმ დროს „ქართული ოცნება“ ევროპელი სოციალისტების პარტიაში დამკვირვებლის სტატუსით იყო წარმოდგენილი. 2023 წლის მაისში კი ის ამ დიდ პოლიტიკურ ოჯახს გაემიჯნა.

უთანხმოების მიზეზს წარმოადგენდა პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი, კერძოდ კი - მისი მონაწილეობა უნგრეთში გამართულ ულტრაკონსერვატორების კონფერენციაში (CPAC) დევიზით „ლიბერალების კოშმარი: ეროვნული ძალების საერთაშორისო შერწყმა“. კონფერენციის ბევრი მონაწილე რუსეთ-უკრაინის ომში ღიად პრორუსული პოზიციიით და იზოლაციონისტური, ქსენოფობიური, ჰომოფობიური მესიჯებით არის ცნობილი. შეკრებას ღარიბაშვილი დაესწრო და სიტყვით გამოვიდა ევროპელი სოციალისტების პარტიის (PES) წინასწარი გაფრთხილების მიუხედავად.
მაისის დასაწყისში PES-მა გააკეთა განცხადება, რომ გადახედავდა პარტიაში „ქართული ოცნების“ დამკვირვებლის სტატუსს; თუმცა „ოცნებამ“ ევროპელ პარტნიორებს დაასწრო და გაერთიანებას გამოეთიშა.

2023 წლის 9 ივნისს, საქართველოს პრემიერ-მინისტრი გერმანიის კანცლერს, ოლაფ შოლცს ბერლინში შეხვდა. 2022 წლის სექტემბრის შეხვედრისგან განსხვავებით, ამ შეხვედრის შემდეგ - არც ერთობლივი პრესკონფერენცია გამართულა და არც ერთობლივი საჯარო განცხადებები გაკეთებულა.

ამჯერად, ღარიბაშვილთან საუბრის შესახებ, შოლცს განცხადება არც ტვიტერზე გამოუქვეყნებია. ოფიციალურ ვებსაიტზე გამოქვეყნებული ტექსტის თანახმად კი, გერმანიის კანცლერმა მოუწოდა საქართველოს მთავრობას, რომ „[ევროკომისიის რეკომენდაციებიდან] გამომდინარე აუცილებელი ზომები დროულად და მაქსიმალური სიმტკიცით მიიღოს მომავალ კვირებში“.

რეფორმების გაგრძელებისა და რეკომენდაციების შესრულების აუცილებლობა, ხელისუფლებას 14 ივნისს, ბრიუსელშიც არაერთ შეხვედრაზე შეახსენეს და მათ შორის - ბელგიელმა მინისტრმა ჰაჯა ლაჰიბმაც, საქართველოს მიმართ კეთილგანწყობილი ემოციებით აღსავსე საზეიმო საღამოზე.

მხარდაჭერასთან ერთად, ასევე რეფორმების გაგრძელებაზე გაამახვილა ყურადღება ოლივერ ვარჰეიმაც - ევროკომისარმა ევროპული სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების საკითხებში.

მანამდე, პირისპირ შეხვედრის შემდეგ, ევროკომისარმა ვარჰეიმ ირაკლი ღარიბაშვილს ტვიტერის საშუალებითაც მოუწოდა - ევროკავშირის საბჭოს მიერ დამტკიცებული „12 პრიორიტეტის იმპლემენტაციის დაჩქარებისკენ“, „რათა საქართველომ შეძლოს წინ წაწევა, ევროკავშირის გზაზე“.

დიდი დრო აღარ რჩება. საქართველოს მიერ 12 რეკომენდაციის შესრულების პროგრესს ევროკომისია ივნისის ბოლომდე შეაფასებს და წინასწარ დასკვნას გამოაქვეყნებს. საბოლოო გადაწყვეტილებას წლის ბოლოს მიიღებენ.

14 ივნისს, საზეიმო მიღებაზე სიტყვით გამოსვლისას, ირაკლი ღარიბაშვილმა პირობა დადო, რომ გაკეთდება ყველაფერი „ქართველების მრავალი თაობის ოცნების“ ასასრულებლად და ევროკავშირში გასაწევრიანებლად.

„ჩვენ ძალ-ღონეს არ ვიშურებთ, წლის ბოლომდე ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მიღებისთვის და საქართველოს დასავლური ინტეგრაციის სრულიად ახალი ეტაპის დაწყებისთვის.

სრული პასუხისმგებლობით მინდა კიდევ ერთხელ დავადასტურო ჩვენი ვალდებულება, განვახორციელოთ ევროკომისიის ყველა პრიორიტეტული რეკომენდაცია და მოვიპოვოთ კანდიდატის სტატუსი.

ჩვენ არასოდეს გადაგვიხვევია არჩეული გზიდან და უზრუნველვყოფთ, რომ საქართველოს დემოკრატიულ, ევროპულ და აყვავებულ მომავალს წინ არაფერი დაუდგეს“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა და აღნიშნა, რომ მათი „მთელი ძალისხმევა მიმართულია ევროკავშირში გაწევრიანებისკენ“.

ამ დროს თბილისში

„ქართული ოცნების“ წარმომადგენლები ხშირად იმეორებენ, რომ კანდიდატის სტატუსს საქართველო არათუ ახლა, არამედ - გასული წლის ივნისშიც იმსახურებდა; მაგრამ ის, უკრაინისა და მოლდოვისგან განსხვავებით, უსამართლოდ დასაჯეს.

მმართველი პარტიის თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე კვლავ ამბობს, რომ კანდიდატის სტატუსის მონიჭების საკითხი დამოკიდებულია არა 12 პუნქტის შესრულებაზე, არამედ - „გლობალური ომის პარტიის“ გეგმაზე, რომელსაც შეუძლია, რომ ევროკავშირის ნებისმიერ წევრ ქვეყანას დააბლოკინოს ეს საკითხი და „გლობალური ომის პარტია“ თავის განზრახვაზე მაშინ აიღებს ხელს, თუკი მიხვდება, რომ მაინც ვერ მიაღწევენ - „ხელისუფლების აყირავებასა და მეორე ფრონტს“.

„მთავარია, ჩვენ - ხელისუფლებამ და საზოგადოებამ - გამოვიჩინოთ სიმყარე“, - თქვა კობახიძემ „პირველი არხის“ ეთერში, 14 ივნისს. ის არც ამჯერად ასახელებს - რა ძალები ან ვინ შედის „გლობალური ომის პარტიაში“. „ვერ დავასახელებ, იმიტომ, რომ უხერხულობები არ მინდა შევქმნა“, - თქვა მან და „გლობალური ომის პარტიის“ განზრახვებზე ლაპარაკი 15 ივნისს, ჟურნალისტებთანაც განაგრძო.

ევროკავშირზე, როგორც „გლობალური ომის პარტიის“ ტყვეობაში მყოფზე, ლაპარაკობენ „ქართული ოცნებისგან“ გამოყოფილი დეპუტატების მიერ დაარსებულ „ხალხის ძალაშიც“. „ოცნება“ და „ხალხის ძალა“ საპარლამენტო უმრავლესობას ერთად ქმნიან.

დეოლიგარქიზაციის ჩიხი

ბრიუსელში პრემიერ-მინისტრის ვიზიტის ფონზე, 13 ივნისს, „ქართულმა ოცნებამ“ პარლამენტში [მეორე მოსმენით] სწორედ ის კანონპროექტი დაამტკიცა, რომელზე უარის თქმაც ევროსაბჭოს ვენეციის კომისიამ რამდენიმე საათით ადრე ურჩია და რასაც იზიარებს ევროკავშირი.

ვენეციის კომისიის მიერ 13 ივნისს გამოქვეყნებულ დასკვნაში აღნიშნულია, რომ დეოლიგარქიზაციის შესახებ „ქართული ოცნების“ მიერ ინიციირებული და უკრაინულიდან თარგმნილი კანონპროექტი - პოლიტიკურ ოპონენტებთან ანგარიშსწორებისა და დემოკრატიული პრინციპების დაზიანების რეალურ საფრთხეებს შეიცავს. ამასთან, უკრაინის მაგალითი არ გამოადგება საქართველოს.

ვენეციის კომისიის პოზიციას სრულად ვიზიარებო - ევროკავშირის წარმომადგენლობამ წერილობითი განცხადებაც გამოაქვეყნა და ელჩმა პაველ ჰერჩინსკიმ ზეპირ განცხადებებშიც გაუსვა ხაზი, რომ ოლიგარქიასთან ბრძოლაში, ვენეციის კომისიის მსგავსად, ისინიც „სისტემურ მიდგომას“ ანიჭებენ უპირატესობას.

„ქართული ოცნება" დაჟინებით მოითხოვს ევროკომისიის რეკომენდაციების 12 პუნქტიდან დეოლიგარქიზაციის საკითხის ამოღებას - თუკი ევროპელ პარტნიორებს სურთ, რომ დეოლიგარქიზაციის შესახებ კანონი არ ამოქმედდეს.

„თუ ჰერჩინსკის სიტყვები გამართლდება და არ იქნება ამოღებული მოთხოვნებიდან [დეოლიგარქიზაცია] - დარჩება [დეოლიგარქიზაციის კანონი] და შევა ძალაში“, - გადაჭრით თქვა ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე მამუკა მდინარაძემ, 15 ივნისს.

მანამდე, ევროკავშირის ელჩმა, პაველ ჰერჩინსკიმ ჟურნალისტებს უთხრა, რომ რეკომენდაციების 12 პუნქტიდან დეოლიგარქიზაციის საკითხის ამოღებას არავინ გეგმავს და ევროკავშირის 27 წევრი ქვეყანა ახლა საქართველოს პოლიტიკურ და საზოგადოებრივ ცხოვრებაში „კერძო ინტერესების გადაჭარბებული გავლენის საკითხის მოგვარებას“ ელოდება.

„ეს არა მხოლოდ საქართველოს, არამედ სხვა ბევრი ქვეყნის, განსაკუთრებით ყოფილი საბჭოთა კავშირის ქვეყნების პრობლემაა“, - თქვა ელჩმა ჰერჩინსკიმ.

ევროპარლამენტის რეზოლუციებში, საქართველოს ერთადერთ ოლიგარქად „ქართული ოცნების“ დამფუძნებელი, ბიძინა ივანიშვილია მოხსენიებული.
დეოლიგარქიაზე ლაპარაკისას „ქართული ოცნების“ წარმომადგენლები მხოლოდ ოპონენტებს ასახელებენ. „პირველი არხის“ ეთერში, 14 ივნისს, ირაკლი კობახიძემ კვლავ დავით კეზერაშვილი, მამუკა ხაზარაძე, ჭუტა [ავთანდილ წერეთელი] და მიხეილ სააკაშვილი დაასახელა.

ბოლო დღეებში, ოპოზიციაში ხშირად აღნიშნავენ, რომ დეოლიგარქიზაციის შესახებ კანონის საბოლოო დამტკიცებით, „ქართული ოცნება“ ქვეყანას კანდიდატის სტატუსის მიღების შანსს წაართმევს და შესაძლოა, ეს „საბოტაჟიც“ იყოს.

„საერთაშორისო პარტნიორებმა მკაფიოდ თქვეს, რომ დეოლიგარქიზაციის გარეშე შეუძლებელი იქნება ევროინტეგრაციის გზაზე შემდგომი ნაბიჯების გადადგმა. "ოცნების" მიზანი არ არის რეალური რეფორმების გატარება, მათი მიზანია ძალაუფლების შენარჩუნება“, - აცხადებს ოპოზიციონერი დეპუტატი, პარტიის „საქართველოსთვის“ წარმომადგენელი მიხეილ დაუშვილი.

2022 წლის ივნისში განსაზღვრულ 12 პუნქტში, რომელთა შესრულებაც საქართველოსთვის აუცილებელია - ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მისაღებად, ევროკომისიას საერთოდ არ მოუთხოვია დეოლიგარქიზაციის შესახებ კანონის დამტკიცება.

„ქართული ოცნების“ ულტიმატუმის ენას დამაზიანებლად თვლიან პროცესებში გარკვეული ექსპერტები, რომლებიც კარგად იცნობენ ევროპელი პარტნიორების პოზიციასა და შეფასებებს. როგორც „დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტის“ ხელმძღვანელმა, თამარ ხიდაშელმა უთხრა რადიო თავისუფლებას, ბრიუსელში შესანიშნავად იციან ყველა იმ განცხადების შესახებ, რაც თბილისში კეთდება და „ქართული ოცნების“ „რიტორიკა ასევე დამაზიანებელია“.

ქართველი ექსპერტები არ მოელიან, რომ ევროკავშირი თვალს დახუჭავს და კომპრომისზე წავა საქართველოს ხელისუფლებასთან, როდესაც საკითხი ევროპის ფუნდამენტურ ფასეულობებს შეეხება.

  • 16x9 Image

    ლელა კუნჭულია

    რადიო თავისუფლების ჟურნალისტი. ძირითადად მუშაობს შიდა და საგარეო პოლიტიკის საკითხებზე, ასევე აშუქებს ეკონომიკისა და ადამიანის უფლებების თემებს. მუშაობდა პრაღაში, რადიო თავისუფლების სათავო ოფისში. სხვადასხვა დროს მიჰყავდა გადაცემები. მიღებული აქვს ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში დოკუმენტური ფილმისთვის "პანკისის სტიგმა".  რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2000 წლიდან.

XS
SM
MD
LG