Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

"შესანიშნავი" - შოლცისა და ღარიბაშვილის შეხვედრა ხმაურიანი ამბების შემდეგ


ოლაფ შოლცისა და ირაკლი ღარიბაშვილის შეხვედრა ბერლინში. 9 ივნისი, 2023 წელი.
ოლაფ შოლცისა და ირაკლი ღარიბაშვილის შეხვედრა ბერლინში. 9 ივნისი, 2023 წელი.

გერმანიის კანცლერ ოლაფ შოლცისა და საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის, 9 ივნისს, ბერლინში გამართული შეხვედრის შემდეგ - არც ერთობლივი პრესკონფერენცია გამართულა და არც ერთობლივი საჯარო განცხადებები გაკეთებულა.

რჩება არაერთი უპასუხო შეკითხვა და ვარაუდი, თუ რაზე ისაუბრეს საქართველოსა და გერმანიის უმაღლესმა პირებმა ბოლო პერიოდის ხმაურიანი მოვლენებისა და თბილისის მიმართ საერთაშორისო პარტნიორების მკაცრი კრიტიკის ფონზე.

ბევრი რამ შეიცვალა მას შემდეგ, რაც 2022 წლის სექტემბერში, შოლცი და ღარიბაშვილი ასევე ბერლინში შეხვდნენ ერთმანეთს: საერთაშორისო პარტნიორებისთვის უფრო სადავო გახდა „ოცნების“ წარმომადგენლებისა და თავად ირაკლი ღარიბაშვილის რიტორიკა, იყო „აგენტების კანონის“ დამტკიცების სკანდალური მცდელობა, აღდგა პირდაპირი ავიამიმოსვლა რუსეთთან, „ქართულმა ოცნებამ“ დატოვა ევროპის პოლიტიკური ოჯახი, რომლის წარმომადგენელი თავად ოლაფ შოლცია.

ცნობები ბერლინიდან

„შეხვედრაზე ირაკლი ღარიბაშვილმა ოლაფ შოლცს საქართველოს მიერ ევროინტეგრაციის გზაზე გადადგმული ნაბიჯები, განხორციელებული რეფორმები და ევროკომისიის 12 რეკომენდაციის შესრულების კუთხით არსებული მნიშვნელოვანი პროგრესი გააცნო“, - წერია საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის მიერ შეხვედრის შემდეგ გავრცელებულ მოკლე, ფორმალურ განცხადებაში. იქვე აღნიშნულია, რომ პრემიერმა ასევე ისაუბრა „საქართველოსთვის ევროკავშირის წევრი ქვეყნის სტატუსის მინიჭების მნიშვნელობაზე“, „აღნიშნა, რომ საქართველო წლის ბოლოს კანდიდატის სტატუსის მოლოდინშია“ და ახლა საქართველოსთვის „კრიტიკულად მნიშვნელოვანია“ ევროკავშირის წევრი ქვეყნების მხარდაჭერა.

ოლაფ შოლცთან გამართულ საუბარს ირაკლი ღარიბაშვილი „შესანიშნავს“ უწოდებს ტვიტერზე გამოქვეყნებულ პოსტში, სადაც ის ასევე მადლობას უხდის გერმანიას „ევროკავშირში ინტეგრაციის გზაზე საქართველოს მტკიცე მხარდაჭერისთვის“ და გამოთქვამს იმედს, რომ „ეს [მხარდაჭერა] კიდევ უფრო განმტკიცდება“ საქართველოს მიერ მიღწეული „მნიშვნელოვანი პროგრესის“ გათვალისწინებით.

გერმანიის კანცლერის ოფიციალურ ვებსაიტზე გამოქვეყნებული განცხადების თანახმად, საუბარი შეეხო ორი ქვეყნის ურთიერთობების გაფართოებას, უსაფრთხოებისა და ევროპული პოლიტიკის საკითხებსა და ასევე, უკრაინაში რუსეთის აგრესიული ომის შორს მიმავალ შედეგებს.

ტექსტის თანახმად, გერმანიის კანცლერმა აღნიშნა საქართველოს მხარდაჭერა ევროინტეგრაციის პროცესში და მოუწოდა საქართველოს მთავრობას, „გადადგას აუცილებელი ნაბიჯები რეფორმების გზაზე“; ხოლო კანდიდატის სტატუსის მიღების გზა ევროკომისიის რეკომენდაციებშია ასახული.

„მან [კანცლერმა] მოუწოდა საქართველოს მთავრობას, რომ აქედან [ევროკომისიის რეკომენდაციებიდან] გამომდინარე აუცილებელი ზომები დროულად და მაქსიმალური სიმტკიცით მიიღოს მომავალ კვირებში“, - წერია ოფიციალურ განცხადებაში.

აქვე აღნიშნულია, რომ გერმანია უცვლელად უჭერს მხარს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას, საერთაშორისო დონეზე აღიარებულ საზღვრებში.

განცხადების თანახმად, გერმანიის კანცლერი და საქართველოს პრემიერ-მინისტრი შეთანხმდნენ, რომ მჭიდრო კონტაქტის პირობებში განაგრძონ აზრთა გაცვლის „ღია და შედეგზე ორიენტირებული“ პრაქტიკა.

შეხვედრის შემდეგ არ გამოჩენილა განცხადება ოლაფ შოლცის ტვიტერის ოფიციალურ გვერდზე.

ერთობლივი პრესკონფერენცია რომ არ გაიმართებოდა, ეს წინასწარვე იყო მითითებული გერმანიის მთავრობის ოფიციალურ ვებსაიტზე, შეხვედრის წინ გამოქვეყნებულ განცხადებაში.

2022 წლის სექტემბერში, ირაკლი ღარიბაშვილის ოფიციალური ვიზიტის დროს, ბერლინში ერთობლივი პრესკონფერენციაც გაიმართა.

ირაკლი ღარიბაშვილისა და ოლაფ შოლცის შეხვედრის წინ - გერმანულმა გამოცემა „დოიჩე ველემ“, 8 ივნისს დაწერა, რომ „საქართველო არ არის ბერლინის საგარეო პოლიტიკის ფოკუსში“ და, მაგალითად, კანცლერის ოფიციალურმა წარმომადგენელმა ზოგადი პასუხიც ვერ გასცა შეკითხვას - საქართველოსა და გერმანიის ურთიერთობების ამჟამინდელი მდგომარეობის შესახებ; თუმცა „არსებობს განსახილველი საკითხები“.

ასეთ საკითხთა შორის, ევროინტეგრაციის გარდა, „დოიჩე ველე“ ასახელებს - გერმანიაში თავშესაფრის მოთხოვნის პრობლემას.

„ბოლო წლებში საქართველო დამაჯერებლად შედის იმ ქვეყნების ათეულში, რომელთა მოქალაქეებიც ყველაზე ხშირად ითხოვენ თავშესაფარს გერმანიაში. გასულ წელს საქართველოს მოქალაქეების რიცხვი ამ მხრივ აღემატებოდა ირანიდან, სომალიდან და ერითრეადან ჩამოსულთა რიცხვს“, - აღნიშნავს „დოიჩე ველე“ და ამატებს, რომ მაისში 4310 მსურველიდან თავშესაფარი ვერცერთმა ვერ მიიღო.

აქვე გამოცემა მიუთითებს ეჭვებზე, რომ „საქართველო მონაწილეობს ევროკავშირის მიერ უკრაინის წინააღმდეგ აგრესიისთვის რუსეთისთვის დაწესებული სანქციების გვერდის ავლის სქემაში“ და ამ კონტექსტში გამოყოფს საქართველოში გერმანული ავტომობილების ექსპორტის მნიშვნელოვან ზრდას (92.1%-იანი ზრდა 2022 წლის პირველ კვარტალთან შედარებით). იგივე ხდება ყირგიზეთის, სომხეთისა და ტაჯიკეთის შემთხვევაში.

მსგავს ბრალდებებს ყოველ ჯერზე კატეგორიულად უარყოფს თბილისი და უსაფუძვლოს უწოდებს.

„დოიჩე ველე“ წერს, რომ ღარიბაშვილისა და შოლცის ბოლო შეხვედრის შემდეგ - ბევრი რამ შეიცვალა და, მაგალითად - საქართველომ პირდაპირი ავიამიმოსვლა განაახლა რუსეთთან; მარტში საქართველოს ხელისუფლება ცდილობდა მიეღო რუსეთის მსგავსი ე.წ. უცხოელი აგენტების კანონი – „რომელზე უარის თქმაც მასობრივი პროტესტის გამო მოუწიათ“.

ამავე ჩამონათვალშია ირაკლი ღარიბაშვილის მიერ ბრატისლავაში, გლობალური უსაფრთხოების ფორუმზე (GLOBSEC) გამართული დისკუსიის დროს გაკეთებული განცხადება, რომ - უკრაინაში რუსეთის შეჭრის ერთ-ერთ მთავარ მიზეზს ნატოს გაფართოება და ალიანსისკენ კიევის სწრაფვა წარმოადგენდა.

სტუდენტების აქცია ბერლინში
სტუდენტების აქცია ბერლინში

როგორც ბერლინიდან რადიო თავისუფლებას შეატყობინეს, ქართველმა სტუდენტებმა ირაკლი ღარიბაშვილის ვიზიტი გააპროტესტეს.

„ქართველების სირცხვილი ხართ, ირაკლი“, „ამ პერსონას [ღარიბაშვილს] მართავს პუტინი“, „ის არ გამოხატავს ქართველი ხალხის აზრს“, „ჩვენ არ გვინდა თვითმფრინავები რუსეთიდან საქართველოსკენ“ - ამ შინაარსის პლაკატებით, როგორც თავად ამბობენ, სტუდენტებმა საქართველოს პრემიერ-მინისტრის სადავო, ხმაურიანი განცხადებები და რუსეთთან განახლებული ავიამიმოსვლა გააპროტესტეს - ბერლინში, კანცლერის ადმინისტრაციის შენობის წინ, სადაც შეხვედრა იმართებოდა.

სტუდენტების აქცია ბერლინში
სტუდენტების აქცია ბერლინში

საქართველოს ევროინტეგრაციის გზას გერმანია დიდი ხანია უჭერს მხარს და ასევე დიდი ხანია, საქართველოს რეფორმების გატარებისკენ მოუწოდებს.

ყველაფერი საქართველოს რეფორმების პროგრესზე იქნება დამოკიდებული - ეს მესიჯი თბილისში, ჯერ კიდევ მარტში ჩამოიტანა გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ანალენა ბერბოკმა.

ხმაურიანი გამიჯვნის ფონზე

გერმანიის კანცლერი და საქართველოს პრემიერ-მინისტრი, ბერლინში, 2022 წლის სექტემბერშიც შეხვდნენ ერთმანეთს.

მაშინ ოლაფ შოლცი და ირაკლი ღარიბაშვილი ერთი ევროპული პოლიტიკური ოჯახის - ევროპელი სოციალისტების პარტიის (PES) წარმომადგენლები იყვნენ. თუმცა მაისში, „ქართული ოცნება“ ევროპულ პარტიას გაემიჯნა.

დაპირისპირების საგანი საქართველოს პრემიერ-მინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი იყო - კერძოდ კი, მისი მონაწილეობა უნგრეთში გამართულ ულტრაკონსერვატორების კონფერენციაში, რომელიც ჰომოფობიური მესიჯებით გამოირჩეოდა.

ეს ნაბიჯი ღარიბაშვილმა მაინც გადადგა, ევროპელი სოციალისტების პარტიის (PES) წინასწარი გაფრთხილების მიუხედავად.

მაისის დასაწყისში PES-მა გააკეთა განცხადება, რომ გადახედავდა პარტიაში დამკვირვებლის სტატუსით წარმოდგენილი „ქართული ოცნების“ საკითხს; თუმცა „ოცნებამ“ ევროპელ პარტნიორებს დაასწრო და გაერთიანებას გამოეთიშა.

ირაკლი ღარიბაშვილმა მაშინ თქვა, რომ - „ევროპელი სოციალისტების პარტიასთან" პირველი ბზარი გააჩინა ევროპარლამენტში დამტკიცებულმა რეზოლუციებმა, რომლებშიც „ქართული ოცნების“ დამფუძნებელი, ბიძინა ივანიშვილი [ოლიგარქად და კრემლთან დაკავშირებულად] იყო მოხსენიებული.

„["ევროპელი სოციალისტების პარტიაში"​] დაგმეს ჩემი მონაწილეობა, ორი განცხადება მიუძღვნეს, როგორ გავბედე თურმე. თქვეს, რომ ანტი-ლგბტ რაღაც ფრაზები გამოიყენაო და ამ ეროვნულ-კონსერვატიულ კონფერენციაში მივიღე მონაწილეობა. უკაცრავად, მეგობრებო, ჩვენ ვართ ასეთები, ასეთი საქართველო გვინდა, ასეთი ხალხი ვართ, კონსერვატიული, ეროვნული, ოჯახური ფასეულობების დამცველი. თუ მათ ამის გამო უნდათ, რომ ჩვენ აღარ ვიყოთ, კარგად იყვნენ. წარმატებას ვუსურვებთ“, - უთხრა ღარიბაშვილმა ჟურნალისტებს 11 მაისს, „ქართული ოცნების“ მიერ „ევროპელი სოციალისტების პარტიის“ (PES) დატოვების გადაწყვეტილების შესახებ.
„ყველაფერი, რაც შეურაცხმყოფელია ჩვენთვის და ჩვენი ხალხისთვის და ვისაც უნდა ჩვენი ხალხის დაჩაგვრა და ასეთი დამოკიდებულება, ჩვენ ათმაგად მივუზღავთ მათ“, - ესეც მისი სიტყვებია.

ირაკლი ღარიბაშვილის მიერ გაკეთებული განცხადებები, როგორც ანტიდასავლური - 8 ივნისს ევროკავშირ-საქართველოს საპარლამენტო ასოცირების კომიტეტის (PAC) მე-12 სხდომაზე, ესტონელმა ევროდეპუტატმა მარინა კალიურანდმა წაიკითხა.

კალიურანდი ევროპარლამენტში „სოციალისტებისა და დემოკრატების პროგრესული ალიანსის“ (S&D) წარმომადგენელია; ხოლო ეს პოლიტიკური ჯგუფი ევროპარლამენტში „ევროპელი სოციალისტების პარტიას" (PES) წარმოადგენს.

მარინა კალიურანდმა 8 ივნისს ასევე თქვა, რომ - „ევროპარლამენტის წევრები, კოლეგები ევროკავშირის სხვა ინსტიტუტებიდან და სხვა დასავლელი პარტნიორები დაიღალნენ თანამდებობის პირების და მმართველი პარტიის წევრების მხრიდან განცხადებების მოსმენით, რომ ჩვენ ვცდილობთ, ჩავითრიოთ საქართველო ე.წ. მეორე ფრონტის გახსნაში რუსეთის წინააღმდეგ“.

8 ივნისს, ამ სხდომაზე გამოჩნდა, რომ ევროპარლამენტარები საეჭვოდ თვლიან „ქართული ოცნების“ ხელისუფლების წარმომადგენელთა განცხადებებს, რომ საქართველომ უკვე შეასრულა ევროკომისიის 12-პუნქტიანი პირობების უდიდესი ნაწილი.

ევროპარლამენტში PES-ის წარმომადგენელია პოლიტიკური ჯგუფი - „სოციალისტებისა და დემოკრატების პროგრესული ალიანსი“ (S&D), 26 ქვეყნის 144 დეპუტატით და სიდიდით მხოლოდ ევროპის სახალხო პარტიას (EPP) ჩამოუვარდება (176 დეპუტატი).

7 ივნისს, გერმანიის ბუნდესტაგის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარემ მიხაელ როთმა რადიო თავისუფლებასთან ინტერვიუში ილაპარაკა ირაკლი ღარიბაშვილის მიერ ბოლო პერიოდში გაკეთებულ სადავო განცხადებებზე და ასევე თქვა, რომ რომ ე.წ. აგენტების შესახებ კანონის ინიციირება „ძალიან-ძალიან-ძალიან იმედგამაცრუებელი“ იყო საერთაშორისო პარტნიორებისთვის.

მიხაელ როთი ამბობს, რომ საქართველოს წინაშეა - ევროკავშირში გაწევრიანების რეალური, უნიკალური შანსი და „ძალიან კარგი იქნება, თუკი საქართველოს მთავრობა, საქართველოს პარლამენტი ცოტათი გაუიოლებენ სახელმწიფოებისა და მთავრობების მეთაურებს, რომლებიც ამ წლის დეკემბერში ევროპულ საბჭოზე შეიკრიბებიან, კანდიდატის სტატუსზე გადაწყვეტილების მიღებას“.

რაც შეეხება ნატოში საქართველოს გაწევრიანების პერსპექტივას, გერმანიის ბუნდესტაგის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე რადიო თავისუფლებას ეუბნება, რომ უკრაინის მსგავსი ძლიერი სურვილის არსებობის შემთხვევაში - საჭიროა, რომ საქართველომაც იაქტიუროს და უფრო მკაფიოდ განაცხადოს გაწევრიანების განზრახვის შესახებ.

„საუბარი ასევე შეეხო საქართველოს ევროატლანტიკურ ინტეგრაციას [ნატოში გაწევრიანება] და ბოლო წლებში მიღწეულ პროგრესს“, - ასეთია ბოლო წინადადება საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის მიერ 9 ივნისს, ირაკლი ღარიბაშვილისა და ოლაფ შოლცის ბერლინში შეხვედრის შემდეგ გამოქვეყნებულ განცხადებაში.

  • 16x9 Image

    ლელა კუნჭულია

    რადიო თავისუფლების ჟურნალისტი. ძირითადად მუშაობს შიდა და საგარეო პოლიტიკის საკითხებზე, ასევე აშუქებს ეკონომიკისა და ადამიანის უფლებების თემებს. მუშაობდა პრაღაში, რადიო თავისუფლების სათავო ოფისში. სხვადასხვა დროს მიჰყავდა გადაცემები. მიღებული აქვს ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში დოკუმენტური ფილმისთვის "პანკისის სტიგმა".  რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2000 წლიდან.

XS
SM
MD
LG