„ქართული ოცნების" მიერ „ევროპელი სოციალისტების პარტიის" (PES) დატოვების გადაწყვეტილების შესახებ მედიასთან ილაპარაკა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა. მისი შეფასებით, პირველი ბზარი გაჩნდა მაშინ, როდესაც „ევროპელი სოციალისტების პარტიის" წევრთა ნაწილმა ევროპარლამენტში მხარი დაუჭირა რეზოლუციას, რომელიც „ქართული ოცნების" დამფუძნებელს, ბიძინა ივანიშვილს ეხებოდა.
„რაც შეეხება ჩვენს გადაწყვეტილებას, რომელიც პოლიტსაბჭოს ფორმატში მივიღეთ, ეს პოლიტიკური გაერთიანება, „ევროპელი სოციალისტების“ გაერთიანება, რომელშიც 2015 წლიდან ჩვენ ვართ არა წევრის, არამედ დამკვირვებლის სტატუსით. ჯერ დამკვირვებელი რვა წელი რა უბედურებაა, მაგრამ, კარგი, გვერდზე გადავდოთ ეს საკითხი. ეს პარტია, გაერთიანება ნელ-ნელა ტრანსფორმირდა და ჩვენი გზები გაიყო - იგივე იდეოლოგიურ ნაწილში, მათ პოლიტიკაში, მათ განცხადებებში, მხარდაჭერაში. ნული მხარდაჭერა. რეზოლუციები რომ მიიღო ევროპარლამენტმა სამარცხვინო და უსამართლო, ჩაგვიწერეს, რომ თურმე ჩვენი პარტიის თავმჯდომარე ბატონი ბიძინა ივანიშვილი პრობლემას წარმოადგენს ქვეყნისთვის. კაცმა, რომელმაც ეს მშვიდობა მოიტანა და ქვეყანა გადაარჩინა. კაცი, რომელმაც ოკუპაცია მოუტანა ქვეყანას, რუსის ჯარი დააბრუნა, 20% [ტერიტორიების] ჩააბარა, ათასი უბედურება დამართა ქართველ ხალხს - აწამა, გააუპატიურა და დატანჯა - თურმე [მისი პატიმრობა] ეს არის უსამართლობა. ასეთ უმსგავსო რეზოლუციას დაუჭირა მხარი დიდმა ნაწილმა, 30%-მა ამ პარტიის. მაშინ გაჩნდა პირველი ბზარი და მანამდეც უკვე დაწყებული იყო. მერე მეორე, ჩაწერეს იქვე გვარამია, კეზერაშვილი, მძარცველი, რომელმაც მთელი ევროპა გაუძარცვა, პენსიონერები გაძარცვა, ისევ კეზერაშვილს იცავენ.
კიდევ ერთი ფაქტი მინდა მოგიყვანოთ - ვინ იყო ინიციატორი ანტიქართული რეზოლუციის, EPP ანუ „ნაციონალური მოძრაობის“ პარტია. ანუ მაშინ, როდესაც ევროპას უნდა მიეღო ისტორიული გადაწყვეტილება, ჩვენთვის უნდა მიენიჭებინათ კანდიდატის სტატუსი, რეალურად საწინააღმდეგო განცხადებას და რეზოლუციას დაუჭირეს მხარი", - განაცხადა ღარიბაშვილმა.
პრემიერ-მინისტრმა უარყოფითად შეაფასა უნგრეთში, კონსერვატიული პოლიტიკური მოქმედების(CPAC) კონფერენციაში მისი მონაწილეობის საკითხზე „ევროპელი სოციალისტების პარტიის" პოზიცია.
„მე წავედი ამერიკის რესპუბლიკური პარტიის შეკრებაზე უნგრეთში, CPAC-ზე, სადაც ამერიკის პრეზიდენტები და კონგრესმენები, გამოჩენილი პოლიტიკოსები დადიან. [„ევროპელი სოციალისტების პარტიაში"] დაგმეს ჩემი მონაწილეობა, ორი განცხადება მიუძღვნეს, როგორ გავბედე თურმე. თქვეს, რომ ანტი-ლგბტ რაღაც ფრაზები გამოიყენაო და ამ ეროვნულ-კონსერვატიულ კონფერენციაში მივიღე მონაწილეობა. უკაცრავად, მეგობრებო, ჩვენ ვართ ასეთები, ასეთი საქართველო გვინდა, ასეთი ხალხი ვართ, კონსერვატიული, ეროვნული, ოჯახური ფასეულობების დამცველი. თუ მათ ამის გამო უნდათ, რომ ჩვენ აღარ ვიყოთ, კარგად იყვნენ. წარმატებას ვუსურვებთ, - თქვა ირაკლი ღარიბაშვილმა და განაგრძო, - დღეს პარტიის თავმჯდომარემ [ირაკლი კობახიძემ] განმარტა, რომ ჩვენ სხვა პარტიებთან გვექნება კონსულტაციები. დავაკვირდებით. არსებობს კონსერვატიული გაერთიანება, სხვებიც არსებობენ და სხვა პარტიებთან დავპარტნიორდებით, ასე ვთქვათ. ასე რომ, აქ არაფერი არ ხდება. მე მგონი მომწიფდა ეს სიტუაცია. ისინი ამზადებდნენ ივნისში... დააანონსეს. ჯერ როგორ შეიძლება, შეურაცხმყოფელია ეს დამოკიდებულება. თუ პარტნიორები ვართ, კოლეგიალობაზეა საუბარი, გავისაუბროთ, ვილაპარაკოთ, მხარი დაგვიჭირეთ, აგვიხსენით. ამიტომ ეს იყო მიუღებელი. ყველაფერი, რაც შეურაცხმყოფელია ჩვენთვის და ჩვენი ხალხისთვის და ვისაც უნდა ჩვენი ხალხის დაჩაგვრა და ასეთი დამოკიდებულება, ჩვენ ათმაგად მივუზღავთ მათ".
„ქართულმა ოცნებამ" „ევროპელი სოციალისტების პარტიის" დატოვების გადაწყვეტილება 11 მაისს მიიღო.
ამ გადაწყვეტილებას წინ უსწრებდა საქართველოს პრემიერ-მინისტრის ვიზიტი ბუდაპეშტში, რის გამოც მმართველმა პარტიამ კრიტიკა დაიმსახურა.
პრემიერი ირაკლი ღარიბაშვილი 4 მაისს გამოვიდა სიტყვით ამერიკელი ულტრაკონსერვატორების კონფერენციაზე, რომელსაც ბუდაპეშტი მასპინძლობდა. თავის გამოსვლაში მან განაცხადა, რომ მტრული ძალები საქართველოში „ოჯახური ღირებულებების განადგურებას ცდილობენ“ და რომ ის დაიცავს კონსერვატიულ უმრავლესობას „უმცირესობის ძალადობისგან“.
"ევროპელი სოციალისტების პარტიამ", რომლის დამკვირვებელი წევრიცაა საქართველოს მმართველი პარტია „ქართული ოცნება“, დაგმო საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის გადაწყვეტილება, მონაწილეობა მიეღო უნგრეთში გამართულ კონსერვატიული პოლიტიკური მოქმედების კონფერენციაში.