Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ევროპელი სოციალისტების პარტიამ დაგმო ირაკლი ღარიბაშვილი ბუდაპეშტში CPAC-ზე გამოსვლისთვის


საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი CPAC-ის კონფერენციაზე სიტყვით გამოსვლისას. ბუდაპეშტი, 4 მაისი, 2023.
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი CPAC-ის კონფერენციაზე სიტყვით გამოსვლისას. ბუდაპეშტი, 4 მაისი, 2023.

ევროპელი სოციალისტების პარტიამ, რომლის დამკვირვებელი წევრიცაა საქართველოს მმართველი პარტია „ქართული ოცნება“, დაგმო საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის გადაწყვეტილება, მონაწილეობა მიეღო მიმდინარე კვირაში უნგრეთში მიმდინარე კონსერვატიული პოლიტიკური მოქმედების კონფერენციაში (CPAC).

CPAC, რომელიც აერთიანებს კონსერვატიულ, პოპულისტურ და ულტრამემარჯვენე მოღვაწეებს მთელი მსოფლიოდან, ბუდაპეშტში ტარდება უნგრეთის პოპულისტი პრემიერ-მინისტრის, ვიქტორ ორბანის მხარდაჭერით.

ევროპელი სოციალისტების პარტიამ აღშფოთება გამოხატა იმის გამო, რომ ღარიბაშვილმა ამ ფორუმზე ორბანს „რეკლამა გაუწია“ და დღეს ბუდაპეშტში სიტყვით გამოსვლისას უნგრეთის პრემიერ-მინისტრს ევროპის ჭეშმარიტი დამცველი უწოდა.

„პრემიერ ღარიბაშვილის ქმედება მიუღებელია და ამით ის ჩვენი პოლიტიკური ოჯახის ღირებულებებს მიღმა აქცევს. PES-მა უკვე მიიღო გადაწყვეტილება, ხელმძღვანელობის მომავალ სხდომაზე შეაფასოს „ქართული ოცნების“ სტატუსი პარტიაში. როგორც ცხადი გახდა, ეს აუცილებელი ნაბიჯია ღარიბაშვილის დღევანდელი ინტერვენციის შემდეგ“, - განაცხადა PES-ის ვიცე-პრეზიდენტმა კეტი პირიმ.

ირაკლი ღარიბაშვილი 4 მაისს გამოვიდა სიტყვით ამერიკელი ულტრაკონსერვატორების კონფერენციაზე, რომელსაც ბუდაპეშტი მასპინძლობს. თავის გამოსვლაში მან განაცხადა, რომ მტრული ძალები საქართველოში „ოჯახური ღირებულებების განადგურებას ცდილობენ“ და რომ ის დაიცავს კონსერვატიულ უმრავლესობას „უმცირესობის ძალადობისგან“.

თავის 20-წუთიან გამოსვლაში ღარიბაშვილმა თქვა, რომ „საქართველო ფლობს სუპერძალას“ და დასძინა, რომ ეს სუპერძალა არის “რწმენა, ჩვენი ოჯახები, ტრადიციები, მარადიული და უნივერსალური ფასეულობები… სწორედ ამ ძალთა გაერთიანებით ჩვენ შევძლებთ დავუპირისპირდეთ ყალბი თავისუფლების და ყალბი სიმართლის სახელით მოსულ ბოროტებას”.

ამავე დროს მან დაგმო „ლგბტქ+ პროპაგანდა“ და „თავსმოხვეული ინოვაციები“, „ბავშვებისთვის გენდერის შეცვლის პროცედურის დაკანონება“. ისინი საქართველოს პრემიერის თქმით, ცდილობენ, დაავიწყებინონ ხალხს „ოჯახი და რწმენა“, რადგან „ფესვების არმქონე ადამიანის გაკონტროლება უფრო მარტივია“.

XS
SM
MD
LG