მან ასევე ქათიანურები გაცვალა უნგრელ ავტოკრატ კოლეგასთან, ვიქტორ ორბანთან.
“საქართველო ფლობს სუპერძალას”, - თქვა ღარიბაშვილმა კონფერენციაზე CPAC (კონსერვატიული პოლიტიკური მოქმედების კოალიცია).
ეს სუპერძალა არის “რწმენა, ჩვენი ოჯახები, ტრადიციები, მარადიული და უნივერსალური ფასეულობები… სწორედ ამ ძალთა გაერთიანებით ჩვენ შევძლებთ დავუპირისპირდეთ ყალბი თავისუფლების და ყალბი სიმართლის სახელით მოსულ ბოროტებას”.
ბოროტება რაღაა?
“ლბტქ+ პროპაგანდა” და “თავსმოხვეული ინოვაციები”, “ბავშვებისთვის გენდერის შეცვლის პროცედურის დაკანონება”. ის ცდილობს, დაავიწყებინოს ხალხს “ოჯახი და რწმენა”, რადგან “ფესვების არმქონე ადამიანის გაკონტროლება უფრო მარტივია”.
ეს შეთქმულების თეორია პრემიერ-მინისტრმა 20-წუთიან გამოსვლაში ჩაატია.
კიდევ რა თქვა?
ის, რომ საქართველოს მოსახლეობის სრული უმრავლესობა კონსერვატორია. “ქართულმა ოცნებამ” 2014 წელს ანტიდისკრიმინაციული კანონი მიიღო და უმცირესობებს კი იცავს, მაგრამ უმრავლესობასაც დაიცავს “უმცირესობის ძალადობისგან”.
მას კი აუცილებლად სჭირდება ხელისუფლების დაცვა, რადგან მცირე ჯგუფი ცდილობს, “აგრესიული პროპაგანდით შეცვალოს ღირებულებები, რომელსაც ჩვენი მოსახლეობის უმრავლესობა განიხილავს, როგორც ღვთისგან ბოძებულს”.
ღარიბაშვილმა ისიც გაიხსენა, რომ 2017 წელს საქართველოს კონსტიტუციაში ქორწინება განისაზღვრა, როგორც “კაცისა და ქალის ერთობა” და ეს სწორედ მისი ინიციატივა იყო.
რა არის CPAC?
CPAC 1974 წლიდან მოყოლებული იმართება. თავდაპირველად, ის მხოლოდ აშშ-ში ტარდებოდა, და მასში მონაწილეობდნენ როგორც რესპუბლიკური, ისე დემოკრატიული პარტიის წევრებიც. თუმცა ბოლო წლებში, მას, ძირითადად, რესპუბლიკელები ესწრებიან. ბევრი სპიკერი ცნობილია ჰომოფობიური, ქსონოფობიური და ანტისემიტური განცხადებებით.
2022 წელს, კონფერენცია პირველად გაიმართა უნგრეთში. მისი სლოგანი იყო: “ღმერთი, სამშობლო, ოჯახი”. ერთ-ერთი სპიკერი, უნგრელი ჟსოლტ ბაიერი, ბოშებს ადრე “ცხოველებად” მოიხსენიებდა.
წლევანდელი კონფერენციის სლოგანია “ძალა ერთობაშია”. მისი ერთ-ერთ მთავარი თემა ე.წ. გენდერული პროპაგანდაა. ასე მოიხსენიებენ ულტრამემარჯვენეები ამერიკაში, უნგრეთში, რუსეთსა და სხვა ქვეყნებში ლიბერალურ კანონმდებლობებს, რომლებიც იცავს ლგბტქ+ ადამიანების უფლებებს. ამ უფლებებს შორისაა თვითგამორკვევა, ქორწინება და შვილების აყვანა.
სამშვიდობო მოლაპარაკებები უკრაინისთვის
დღეს საქართველოში მშვიდობაა და ეს ხელისუფლების დამსახურებაა, - თქვა ღარიბაშვილმა. “არაერთი პროვოკაციისა და დესტაბილიზაციის მცდელობის მიუხედავად, შევძელით ჩვენს ქვეყანაში მშვიდობის დაცვა”.
მშვიდობა უკრაინასაც სჭირდება. ამიტომ მის “მხარდაჭერასთან ერთად, მეტი უნდა ვქნათ, რათა უზრუნველვყოთ სამშვიდობო მოლაპარაკებები”.
საქართველო კი განაგრძობს განვითარებას, რეფორმებს და ახლა უკვე უპირობოდ იმსახურებს ევროკავშირის კანდიდატის სტატუსს, - ღარიბაშვილის ამ სიტყვებს დარბაზში ტაში მოჰყვა.
პრემიერმა არც კონფერენციის მასპინძელი, უნგრეთის პრემიერ-მინისტრი ვიქტორ ორბანი დაივიწყა. “უნგრელ ხალხს ძალიან გაუმართლა, რომ ამ რთულ ეპოქაში ასეთი ბრძენი და შორსმჭვრეტელი ეროვნული ლიდერი ჰყავს”, - თქვა მან და კოლეგას “სამაგალითო პოლიტიკოსი” უწოდა.
ორბანი რომელსაც ოპონენტები დამოუკიდებელი სასამართლოსა და მედიის მოგუდვაში ადანაშაულებენ, ვალში არ დარჩენია. მისი თქმით, ღარიბაშვილისგან ბევრი რამის სწავლა შეუძლია.
“როგორ უნდა მოახერხოს პატარა ქვეყანამ რუსეთის ჩრდილში ცხოვრება ისე, რომ შეინარჩუნოს საკუთარი ქვეყნის ღირებულებები”, - თქვა უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა.
ორბანიც და ღარიბაშვილიც სიტყვით CPAC-ის გახსნაზე გამოვიდნენ. 50 სპიკერს შორის, მხოლოდ ისინი არიან სახელმწიფოს მეთაურები.