Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

კალიურანდი: შესაძლებლობის ფანჯარა ჯერ ღიაა, ის შეიძლება დაიხუროს


მარინა კალიურანდი, ევროპარლამენტარი
მარინა კალიურანდი, ევროპარლამენტარი

ევროპარლამენტის დეპუტატმა მარინა კალიურანდმა ბრიუსელში, ევროკავშირ-საქართველოს საპარლამენტო ასოცირების კომიტეტის (PAC) მე-12 სხდომაზე განაცხადა, რომ დასამალი არაა ის, რომ საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლებსა და დასავლელ პარტნიორებს შორის, და განსაკუთრებით კი ევროპარლამენტთან, ურთიერთობა გასული წლის განმავლობაში "მშფოთვარე და ქაოსური" იყო.

მან იმედი გამოთქვა, რომ კომიტეტის სხდომაზე ღია და გულწრფელი საუბარი შედგებოდა რთულ საკითხებზე და ლაპარაკი დადებითის გამოყოფით დაიწყო - აღნიშნა საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI) მიერ აპრილში ჩატარებული გამოკითხვა, რომლის თანახმად, საქართველოს მოქალაქეების 89% ქვეყნის ევროკავშირში გაწევრიანების მომხრეა.

საქართველოს მთავრობამ და საპარლამენტო უმრავლესობამ ახლა უნდა შეასრულონ დაპირებები არა ჩვენთვის, არამედ პირველ ყოვლისა და უპირველეს ყოვლისა თავიანთი მოქალაქეებისთვის, რომლებიც ნამდვილად ისწრაფვიან ევროკავშირში გაწევრიანებისკენ“.

კალიურანდის თქმით, ეს არის „შესაძლებლობის უნიკალური ფანჯარა და არ ვიცით, როდემდე იქნება ის ღია, ის შეიძლება მალე დაიხუროს. ამიტომ, ეს ისტორიული შანსი უნდა იქნეს გამოყენებული“.

მარინა კალიურანდმა, როგორც თავად თქვა, შემდეგ ლაპარაკი აუცილებლად სათქმელ უსიამოვნო საკითხებზე დაიწყო და განაცხადა, რომ საუბრობს როგორც მეგობარი, პარტნიორი და თანასწორი. ის შეეხო ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მისაღებად საქართველოსთვის ევროკომისიის მიერ შესასრულებლად მიცემული 12 რეკომენდაციის შესრულების საკითხს.

რამდენიმე დღის წინ წავიკითხე საქართველოს პარლამენტის სპიკერის, შალვა პაპუაშვილის განცხადება, რომ კომისიის მიერ გაცემული 12 რეკომენდაციიდან 80% უკვე შესრულებულია და ევროპელი პარტნიორებისგან სამართლიან შეფასებას ელოდება შემოდგომაზე. ვწუხვარ, მაგრამ უნდა ვთქვა, რომ ეს მოსაზრება კითხვებს აჩენს იმ შეფასებების და ცნობების გათვალისწინებით, რომლებსაც ვიღებთ საქართველოს სამოქალაქო საზოგადოების, ასევე კომისიის და დასავლელი პარტნიორებისგან.

წლების წინ საქართველო ლიდერი იყო აღმოსავლელ პარტნიორებს შორის. ფაქტია, რომ 12 პრიორიტეტთან დაკავშირებით პროგრესი დაუსრულებელია, ნაკლოვანი და ზედაპირული. ასევე უნდა ითქვას, რომ საქართველო ჩამორჩება უკრაინას და მოლდოვას რამდენიმე საკვანძო სფეროში. რასაც შემდეგ შენიშვნამდე მივყავარ - ევროპარლამენტის წევრები, კოლეგები ევროკავშირის სხვა ინსტიტუტებიდან და სხვა დასავლელი პარტნიორები დაიღალნენ თანამდებობის პირების და მმართველი პარტიის წევრების მხრიდან განცხადებების მოსმენით, რომ ჩვენ ვცდილობთ, ჩავითრიოთ საქართველო ე.წ. მეორე ფრონტის გახსნაში რუსეთის წინააღმდეგ. ეს კრემლის პროპაგანდის სახელმძღვანელოდანაა. ეს არ არის სიმართლე. ჩვენ არ გვსურს ეს საქართველოსთვის და საქართველოს მოქალაქეებისთვის. არცერთ ჩვენს მეგობარს არასდროს უსურვებია, ჩაერთეთ კიდევ ერთ სისხლიან ომში. ჩვენ გვახსოვს 2008 წლის ომი. საქართველო უკრაინას და მოლდოვას იმიტომ კი არ ჩამორჩება, რომ უკან არ ახევინებს რუსეთის არმიას სოხუმიდან, ის ჩამორჩება პოლიტიკური მართლმსაჯულების და სასამართლოს დამოუკიდებლობის ნაკლებობის გამო; დამოუკიდებელი ჟურნალისტების დაშინების და მათზე ძალადობის გამო; დასავლელი დიპლომატების, ევროპარლამენტის წევრების და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლების წინააღმდეგ სიძულვილის ენის გამო; პოლიციის სისასტიკის გამო იმ ადამიანების მიმართ, რომლებიც მშვიდობიანად ცდილობენ წინააღმდეგობის გაწევას უცხოელი აგენტების შესახებ სკანდალური კანონპროექტის მიმართ; პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის ბუდაპეშტში გაკეთებული განცხადების გამო, რომ ლგბტქი უფლებების ხელშეწყობა არის - ვციტირებ - ტოლფასი უმცირესობის ძალადობისა უმრავლესობაზე; საქართველო მთავრობისა და მმართველი პარტიის ბუნდოვანი პოზიციის გამო რუსეთის მიმართ, რასაც ადასტურებს მთავრობის გამუდმებული უარი, თანხვედრაში იყოს ევროკავშირის მიერ დაწესებულ სანქციებთან; ასევე რუსეთს და საქართველოს შორის ბოლო დროს პირდაპირი ფრენების აღდგენის გამო“, - განაცხადა მარინა კალიურანდმა.

მისი თქმით, საქართველო ახლა იმყოფება გზაჯვარედინზე, შესაძლებლობების ფანჯარა კვლავ ღიაა და ქვეყნის მთავრობამ და მმართველმა პარტიამ არჩევანი უნდა გააკეთონ ორ მიმართულებას შორის: "ერთი მიდის მომავალში, ევროკავშირში, მეორე მიდის უკან, წარსულში. არჩევანი თქვენზეა".

„მესმის, რომ რუსეთთან ბიზნესი კარგია და გასულ წელს საქართველოს მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდა შთამბეჭდავი იყო, მაგრამ ევროკავშირის წევრობა ნიშნავს საერთო ღირებულებებს, ვალდებულებებს და არა მხოლოდ მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდას“, - განაცხადა მარია კალიურანდმა.

ის ასევე შეეხო ოპოზიციის პასუხისმგებლობის საკითხს.

ბევრჯერ მითქვამს, რომ მათ უზარმაზარი შეცდომა დაუშვეს, რომ არ შევიდნენ პარლამენტში 2019 წელს, არ შეუერთდნენ მედიაციას. მათი მონაწილეობა საპარლამენტო საქმიანობაში და კონსტრუქციული მონაწილეობა 12 პრიორიტეტის შესრულებაში კვლავ არსებითია”.

მარინა კალიურანდის თქმით, საქართველოს ევროპარლამენტში ბევრი მეგობარი ჰყავს და ევროპარლამენტი მზადაა, დაეხმაროს მას პოლიტიკური პოლარიზაციის დაძლევაში, ინკლუზიური და რეფორმისტული დღის წესრიგის განხორციელებაში.

ბრიუსელში, ევროკავშირ-საქართველოს საპარლამენტო ასოცირების კომიტეტის (PAC) სხდომაზე, საქართველოსა და ევროკავშირს შორის თანამშრომლობის დღის წესრიგი, ევროკომისიის მიერ გაცემული 12 რეკომენდაციის შესრულების პროგრესი, საქართველო-ევროკავშირის ასოცირების შესახებ შეთანხმების, მათ შორის ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შეთანხმების განხორციელების მიმდინარეობა შეაფასეს. განიხილეს ასევე დემოკრატიული რეფორმების განხორციელებისკენ მიმართული ძალისხმევა, ადამიანის უფლებებისა და კანონის უზენაესობის თვალსაზრისით არსებული მდგომარეობა.

სხდომას უძღვებოდნენ თანათავმჯდომარეები, ევროპარლამენტარი მარინა კალიურანდი და საქართველოს პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე მაკა ბოჭორიშვილი.

საქართველომ ასოცირების შესახებ ხელშეკრულება ევროკავშირთან 2014 წელს გააფორმა.

გასულ წელს ევროკავშირმა უკრაინასა და მოლდოვას ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი, საქართველოს კი ევროპული პერსპექტივა მიანიჭა და კანდიდატის სტატუსის მისაღებად 12-პუნქტიანი წინაპირობა დაუწესა.

XS
SM
MD
LG