საქართველოს პარლამენტის ევროინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე მაკა ბოჭორიშვილმა საქართველო-ევროკავშირის ასოცირების საპარლამენტო კომიტეტის მე-12 შეხვედრის გახსნაზე თქვა, რომ ევროპარლამენტში საქართველოსთან დაკავშირებით მიღებული რეზოლუციები სერიოზულ უზუსტობებს შეიცავდა და მათ უარყოფითი როლი ითამაშეს ევროკავშირსა და საქართველოს ურთიერთობებზე.
"ძნელია გასულ წელს ევროპარლამენტის მიერ მიღებული სამი რეზოლუციის უგულებელყოფა, რომლებმაც აშკარად უარყოფითი როლი ითამაშეს ევროკავშირ-საქართველოს ურთიერთობებში და ხელი შეუწყვეს საქართველოზე მცდარი წარმოდგენების შექმნას. ევროპარლამენტის მიერ მიღებული დოკუმენტები შეიცავდა ძალიან სერიოზულ უზუსტობებს, რაც დაეხმარა მხოლოდ მათ, ვინც დაინტერესებულია ევროკავშირისა და საქართველოს დაშორებით", - თქვა მაკა ბოჭორიშვილმა, რომელიც ამავდროულად მმართველ პარტიას წარმოადგენს.
მან ასევე აღნიშნა, რომ საქართველოს აქვს ახალი გეოპოლიტიკური შესაძლებლობების გახსნისა და ევროპის უსაფრთხოებასა და კეთილდღეობაში წვლილის შეტანის პოტენციალი.
"ვაცნობიერებთ ევროკავშირის წევრობისკენ მიმავალი გზის სიგრძეს. ვიცით, რომ კიდევ ბევრი რჩება გასაკეთებელი ხელისუფლებისა და ასევე საზოგადოების მიერ, მაგრამ არაფრის მიღწევა შეგვიძლია მარტოს, ნდობაზე დაფუძნებული პარტნიორობისა და ევროკავშირთან და მის ინსტიტუტებთან, მათ შორის ევროპარლამენტთან თანამშრომლობის გარეშე...
ჩვენ ველით, რომ ევროკავშირი წელს გადადგამს გადამწყვეტ ნაბიჯს სამართლიანი შეფასებების საფუძველზე და მიანიჭებს კანდიდატის სტატუსს და წაახალისებს საქართველოს წინსვლას ევროპულ გზაზე, სხვა კანდიდატ ქვეყნებთან ერთად. იმედი მაქვს, ევროპარლამენტი ხელს შეუწყობს ამ გადაწყვეტილებას და ჩვენი კომიტეტის დღევანდელი მუშაობა საფუძველს ჩაუყრის ამ პოზიტიურ დინამიკას", - აღნიშნა მაკა ბოჭორიშვილმა.
საქართველოს პარლამენტის ევროინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ თავისი მიმართვის პირველი ნაწილი ქვეყნის გამოწვევებზე საუბარს დაუთმო. მისი თქმით, ამის მიუხედავად, ქვეყანა არის ომში მყოფი უკრაინის მიმართ სოლიდარული და მხარდამჭერი.
"უნდა გვახსოვდეს, რომ საქართველოს ტერიტორიის 20 პროცენტი რჩება რუსეთის მიერ ოკუპირებული და ჩვენ კვლავ ვაწყდებით რუსეთის უკანონო სამხედრო წარმომადგენლობას საქართველოს ორ რეგიონში.
ეს არის რეალობა, რომელიც საქართველოს უნიკალურ მდგომარეობაში აყენებს ევროპაში - არ არსებობს სხვა სახელმწიფო, რომელიც არ არის დაცული კოლექტიური უსაფრთხოებისა და ეკონომიკური სოლიდარობის ქოლგით, აქვს ოკუპირებული ტერიტორიები და ჰყავს მეზობელი სახელმწიფოს უკანონო სამხედრო წარმომადგენლები თავის ტერიტორიაზე", - თქვა საქართველო-ევროკავშირის ასოცირების საპარლამენტო კომიტეტის მე-12 შეხვედრის გახსნაზე ბოჭორიშვილმა.
გასულ წელს ევროკავშირმა უკრაინასა და მოლდოვას ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი, საქართველოს კი ევროპული პერსპექტივა მიანიჭა და კანდიდატის სტატუსის მისაღებად 12-პუნქტიანი წინაპირობა დაუწესა. ევროკავშირის წევრობის განაცხადის შეტანის შემდეგ ევროპარლამენტმა საქართველოსთან დაკავშირებით მიიღო სამი რეზოლუცია, რომლებშიც ქვეყნის მოქმედი ხელისუფლების გადადგმულ ნაბიჯებს უარყოფითად წარმოაჩენდა.