Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გენერალი „ჩიპ“ ჩაპმანი: „საბოლოოდ უკრაინას ATACMS-ებსაც მივცემთ და თვითმფრინავებსაც“


გენერალი „ჩიპ“ ჩაპმანი
გენერალი „ჩიპ“ ჩაპმანი

გენერალ-მაიორი კლაივ “ჩიპ” ჩაპმანი ჯერ კიდევ უკრაინაში სრულმასშტაბიან შეჭრამდე დიდი სიზუსტით წინასწარმეტყველებდა რუსეთის მოსალოდნელ ტაქტიკას. რადიო თავისუფლებასთან ინტერვიუში ის აფასებს ომის ერთი წლის თავზე ფრონტის ხაზებზე შექმნილ ვითარებას, განმარტავს, რა გავლენა ექნება ახალ, “ჭკვიან” ჭურვებს საბრძოლო მოქმედებებზე, რა შეიძლება გახდეს ომში გარდამტეხი უკრაინელებისთვის და რომელი მანევრი მოაგებინებს კიევს ომს.

ვაჟა თავბერიძემ ბრიტანელ გენერალთან საუბარი გასული წლის 14 თებერვალს მის მიერ გამოთქმული ვარაუდების შესახებ შეკითხვით დაიწყო.

რადიო თავისუფლება: გასული წლის 14 თებერვალს თქვენ ზედმიწევნით სწორად ივარაუდეთ, თუ რის გაკეთებას ეცდებოდნენ რუსები, თუ უკრაინაში შეიჭრებოდნენ. თქვენ თქვით: „პირველ რიგში, ისინი ეცდებიან საჰაერო კონტროლის მოპოვებას - მიზანში ამოიღებენ უკრაინის აეროდრომებს, რათა უკრაინის ცაზე იბატონონ. მეორე და მესამე, რასაც ეცდებიან, არის მოულოდნელობის ეფექტი ანუ ელვისებური შეტევა და საზღვრისპირა რუსულენოვანი მოსახლეობის გადაბირება“. რუსებმა ეს ყველაფერი სცადეს, მაგრამ ფაქტია, წარუმატებლად. ახლა, როდესაც ვრცელდება ხმები, რომ დღე-დღეზე რუსების ახალ, მასშტაბურ შეტევას ვიხილავთ - როგორ ფიქრობთ, რას ეცდებიან ისინი ამჯერად, რას უნდა ველოდოთ?

გენერალი კლაივ „ჩიპ“ ჩაპმანი: ვფიქრობ, ისინი ისევ გააგრძელებენ დონბასისა და ლუგანსკის „კარზე ბრახუნს“, ეს იქნება ომი გამძლეობაზე, სადაც რუსებს იმედი აქვთ, რომ უკრაინელებს თუ არა, დასავლეთს მაინც დაღლიან და აიძულებენ დათმობაზე წასვლას, რათა აღმოვჩნდეთ ცეცხლის შეწყვეტის ან ზავის მსგავს ვითარებაში, რაც ცხადია, არ იმუშავებს და რასაც წინ უნდა აღვუდგეთ, რადგან - „წაიღეთ მიწა მშვიდობის სანაცვლოდ“ ცნება ისეთი მომავლის საწინდარია, რომელშიც რუსები იმავე ტაქტიკით იმოქმედებენ - თანაც ისე, რომ ადგილსა და დროს თავად შეარჩევენ. ეს შეიძლება ორ წლის შემდეგ მოხდეს, შეიძლება ხუთის, მაგრამ ჩვენ ამ ყველაფერს გრძელვადიანი პერსპექტივით უნდა შევხედოთ - და სამომავლოდაც დავეხმაროთ უკრაინას, რამდენადაც შევძლებთ.

ეს არის მანევრი, რომელმაც შესაძლოა, უკრაინას ომი მოაგებინოს.

რადიო თავისუფლება: რაც შეეხება ამ, როგორც ჩანს, გარდაუვალ რუსულ იერიშს - რა ამოძრავებთ რუსებს? სიმბოლიზმი - რათა 24 თებერვლისთვის რამე მოასწრონ, რასაც გამარჯვებად გაასაღებენ თუ ცდილობენ, ასე ვთქვათ, დასწრებაზე ითამაშონ, სანამ უკრაინაში დასავლეთის ტანკები ჩააღწევენ?

გენ. ჩაპმანი: ვფიქრობ, ერთი მოტივი მეორეს არ გამორიცხავს და ორივე რეალურია. მაგრამ მე არ მგონია, რომ რუსების მასირებულ შეტევას 24 თებერვლამდე ვნახავთ. ერთ-ერთი მთავარი განმსაზღვრელი ფაქტორი ამ მხრივ ამინდია. ამინდის პროგნოზის მიხედვით, უახლოესი კვირის განმავლობაში, უკრაინაში ტემპერატურის ცვლილებას მხოლოდ +-2 გრადუსით ელოდებიან. ეს ნიშნავს, რომ ნიადაგი ისევ არ იქნება მზად კომბინირებული სამხედრო ოპერაციის ჩასატარებლად, ასე რომ, ვფიქრობ, ამ შეტევას მინიმუმ თვის ბოლომდე ვერ ვიხილავთ. კი, შესაძლოა, რამეს ეცადონ 24-ში, მაგრამ მეტწილად გააგრძელებენ თავიანთ ფრონტისმიღმა ბრძოლის ტაქტიკას, ე.წ. ღრმა ბრძოლას, და აი, რას ვგულისხმობ - თუ ომის თეატრს შევხედავთ, გვაქვს კონტაქტის ხაზები, სადაც უშუალოდ მიდის ბრძოლები, როგორც, მაგალითად, ბახმუტსა და უგლედარში. მაგრამ, ამავდროულად, ომი გრძელდება ფრონტის ხაზს მიღმა - რუსები ცდილობენ უკრაინელი ხალხის ნებისყოფის გატეხვას ქალაქების დაბომბვით, ენერგო- და სხვა ინფრასტრუქტურების მიზანში ამოღებით. შედეგს არც ეს აძლევთ, რადგან თითოეული ასეთი დაბომბვის შემდეგ, გამოკითხვების მიხედვით, უკრაინელების მზადყოფნა, არაფერი დათმონ და კომპრომისზე არ წავიდნენ, მათ შორის ყირიმის ხარჯზე, მატულობს, მათ შორის რუსულად მოსაუბრე უკრაინელებშიც. ასე რომ, რუსეთისთვის ეს კონტრპროდუქტიულია, მაგრამ სულაც არ ნიშნავს, რომ ისინი ამაზე ხელს აიღებენ - ამგვარი ტაქტიკა მათი სამხედრო სტრატეგიის ნაწილია.

რადიო თავისუფლება: ე.წ. რიცხვების ომზე მინდა გკითხოთ, რუსების საყვარელ ტაქტიკაზე - როდესაც სიმრავლე შენს მხარეზეა და ცდილობ, მტერი რიცხოვნობის ხარჯზე დაამარცხო. ის, რომ რუსები საკუთარი ჯარისკაცების სიცოცხლეს არად აგდებენ, ის, რომ მათ უდავო რიცხობრივი უპირატესობა აქვთ - როგორ ფიქრობთ, შეძლებენ ისინი ამის ხარჯზე გამარჯვების მოპოვებას?

გენ. ჩაპმანი: საბოლოო ჯამში, ვფიქრობ, რომ ვერა. ამერიკული დაზვერვის ინფორმაციის თანახმად, ისინი, ვინც რეგულარულ რუსულ არმიაში აჰყავთ - განსხვავებით დაჯგუფება „ვაგნერისაგან“ - ცუდად აღჭურვილები და უხეიროდ მომზადებულნი არიან იმისთვის, რასაც დღეს ფრონტზე ვხედავთ. ასიათასობით ადამიანის მობილიზაცია არ ნიშნავს ავტომატურად ბრძოლისუნარიანი არმიის მიღებას. ბრძოლისუნარიანობას იძლევა წვრთნების, აღჭურვილობის, მორალისა და ლოგისტიკის კომბინაცია. და როდესაც ათიათასობით ჯარისკაცს კარგავ, და მათი ჩანაცვლება გიწევს იმით, რაც ხელში მოგხვდება, ეს არ უდრის ბრძოლისუნარიანობას.

რადიო თავისუფლება: როგორც ამბობენ, პუტინმა რუსულ სარდლობას მარტამდე მისცა ვადა დონბასისა და ლუგანსკის მთლიანად ხელში ჩასაგდებად. როგორ ფიქრობთ, მოახერხებენ რუსები ამას?

გენ. ჩაპმანი: თეორიულად, დაზვერვის ტერმინოლოგია რომ გამოვიყენოთ, ვიტყოდი, რომ ამის ალბათობა დაბალია - ვფიქრობ, საბრძოლო მოქმედებების ტემპი არ მოიმატებს. და ვფიქრობ, რომ გარკვეულ ეტაპზე ისინი მიაღწევენ „კულმინაციას“ - სამხედრო ჟარგონით, ეს არის მომენტი, როდესაც ჯარს შეტევითი პოტენციალი და რესურსი ეწურება, და რუსების შემთხვევაში ეს მოხდება დასახული მიზნის მიღწევამდე - ანუ დონბასისა და ლუგანსკის მთლიანად დაპყრობამდე, განსაკუთრებით, თუ ვადა მარტის ბოლომდე აქვთ. მთელი ამ სამხედრო კამპანიის განმავლობაში რუსები ვერასოდეს ახერხებდნენ დასახული გეგმის დათქმულ ვადებში შესრულებას და ვფიქრობ, არც ეს ეპიზოდი იქნება გამონაკლისი. ამავდროულად, უკრაინელები ეცდებიან ჭკვიანურად ითამაშონ - ისინი შეარჩევენ, სად ღირს ბრძოლა და სად არა, ნაცვლად იმისა რომ ათიათასობით ჯარისკაცი საზარბაზნე ხორცად გაგზავნონ, როგორც ამას რუსები აკეთებენ. ასე რომ, უკრაინელების კონტრშეტევა, რომელიც გაჰკვეთს ზაპოროჟიეს და ხერსონში მყოფ რუსულ ჯარებს დონეცკისა და ლუგანსკისკენ უკანდასახევ გზას მოუჭრის, პოტენციურად ომის მომგები მანევრი შეიძლება გახდეს უკრაინელებისთვის. რუსების „მიბმა” (fix) დონბასთან და პარალელურად, მაქსიმალურად ეფექტური და ძლიერი იერიშის მიტანა ზაპოროჟიეს მიმართულებით, შესაძლოა იყოს კვანძის გახსნის ტოლფასი ამ ომში.

ვფიქრობ, [ბახმუტი] გადამწყვეტი არ არის.

რადიო თავისუფლება: თქვენ ასევე წერთ, რომ ბახმუტის ბოლომდე, უკანასკნელ ჯარისკაცამდე დაცვის სტრატეგიულ საჭიროებას ვერ ხედავთ.

გენ. ჩაპმანი: უკრაინელები აქ ორმაგი დილემის წინაშე დგანან: ერთი, რომ მუდმივად თავდაცვით რეჟიმში ყოფნით, შეტევაზე გადაუსვლელად, უკვე ოკუპირებულ ტერიტორიებს ვერ გაათავისუფლებ. მეორე - რთულია მოლაპარაკება იმ ტერიტორიებზე, რომელსაც ვერ აკონტროლებენ, რადგან პუტინის ფსიქოლოგიაში არ ჯდება სცენარი, სადაც ის რაიმეს დათმობს, რაც ბრძოლის ველზე არ დაკარგა. საბოლოო ჯამში, ბახმუტი - ეს ტაქტიკური ბრძოლაა, ტაქტიკური ბრძოლები კი სტრატეგიული მიზნების მიღწევაში უნდა გეხმარებოდეს, და არ გაბრკოლებდეს. ასე რომ, დიახ, ვფიქრობ, [ბახმუტი] გადამწყვეტი არ არის. და იქ მარადიულად ბრძოლის საჭიროებას ვერ ვხედავ, თუ ამის აუცილებლობა არ დგას.

რადიო თავისუფლება: დასავლეთის ახალ სამხედრო დახმარებაზე გადავიდეთ, რომელშიც ვიხილავთ მცირე დიამეტრის ჭკვიანი ბომბების დებიუტს - როგორი იქნება მათი გავლენა ბრძოლის ველზე?

გენ. ჩაპმანი: ერთობ სერიოზული გავლენა ექნებათ, როგორც გეოგრაფიულად, ასევე ლოგისტიკის მხრივ. პირველ რიგში, ეს ნიშნავს იმას, რომ უკრაინელებს ახლა შეუძლიათ აღმოსავლეთ უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე რუსების ნებისმიერი ხუხულა ამოიღონ მიზანში - ჭურვის მანძილი 150 კილომეტრია. მეორე - ეს მანძილი ფარავს ყირიმის ნაწილსაც, ასე რომ, შეუძლიათ ყირიმში რუსების ინფრასტრუქტურა და ლოგისტიკა „თამაშიდან გამოიყვანონ". და მესამე - რომელსაც პირველი ორი გამოიწვევს - რუსებს მოუწევთ საკუთარი ლოგისტიკა უკან, ზურგის სიღრმეში გადაისროლონ. შესაბამისად, მეტი მანძილი, მეტი ტრანსპორტი და მეტი პრობლემა, რათა ჯარი და ჯავშანტექნიკა დანიშნულების ადგილამდე მივიდეს. ეს ანელებს რუსების ოპერაციულ ტემპს, ართულებს მომარაგებასა და ხელშეწყობას, არტილერიის მუშაობას და ა.შ. ასე რომ, ვფიქრობ, რომ ეს ჭურვები, კლიშეებს თუ არ მოვერიდებით, „თამაშის წესებს შეცვლის“.

რადიო თავისუფლება: ძალიან კარგი - როგორც იქნა, რაღაცას „game changer“-ი უწოდეს ამ ომში. კიდევ რას უნდა ველოდოთ? მაგალითად, როდის ვნახავთ, ან საერთოდ ვნახავთ თუ არა ATACMS-ებს [300 კილომეტრის მანძილზე მოქმედების რაკეტები]?

გენ. ჩაპმანი: ვფიქრობ, რომ ვნახავთ, გარკვეულ ეტაპზე. ყველა ეს შეიარაღება - უფრო სწორად, მათი უკრაინისთვის მიწოდების პროცესი - გადის 4-ფაზიან ციკლს, რომელიც ძალიან კარგად აღწერა უკრაინის თავდაცვის მინისტრმა: ნებისმიერ შეიარაღებაზე ჯერ გვესმის - არა, მეორე ფაზაა - დავფიქრდებით, რამდენადაა ეს შესაძლებელი ტექნიკურად, მესამე ფაზა - მოდით, დავიწყოთ [უკრაინელების] წვრთნები და მეოთხე და ბოლო ფაზა - მოდით, მივცეთ უკრაინელებს, რასაც გვთხოვენ. ასე რომ, ვფიქრობ, საბოლოოდ უკრაინაში ATACMS-ებსაც ვიხილავთ და თვითმფრინავებსაც. მე-20 საუკუნის საომარ მოქმედებებში, სახმელეთო ოპერაციებში წარმატებას 4 ფაქტორი განაპირობებდა: პირველი - ჰაერის კონტროლი, ანუ საჰაერო თავდაცვა, რომელიც შესაძლებლობას გაძლევს, შენი კომბინირებული სახმელეთო ოპერაცია წარმართო - ტანკებით, სახმელეთო ჯარებითა და არტილერიით. ჰაერში მნიშვნელოვანია პარიტეტი მაინც, თუ არა უპირატესობა, როდესაც უკრაინელებს გადაწყვეტენ კონტრშეტევის წამოწყებას იმ დროს და იმ ადგილას, რომელსაც თავად შეარჩევენ.

  • 16x9 Image

    ვაჟა თავბერიძე

    ვაჟა თავბერიძე არის რადიო თავისუფლების ჟურნალისტი 2022 წლიდან. მისი ინტერვიუები მსოფლიოს პოლიტიკოსებთან, მოქმედ თუ გადამდგარ სამხედროებთან, ექსპერტებთან შეგიძლიათ ნახოთ აქ.

XS
SM
MD
LG