თუ უკრაინა დამარცხდება, რუსეთი საქართველოს ძალიან მალევე დაიპყრობს და წინააღმდეგობის გაწევის შემთხვევაში ეს დაპყრობა იქნება ყოვლად სასტიკი”, - უთხრა რადიო თავისუფლებას გეოპოლიტიკის ამერიკელმა ანალიტიკოსმა, Stratfor-ის ყოფილმა ვიცე-პრეზიდენტმა პიტერ ზაიენმა. ზაიენი იყო ერთ-ერთი საერთაშორისო პოლიტიკის იმ მკვლევრებისგან, ვინც რუსეთის უკრაინაში შეჭრას დიდი ხნის წინ წინასწარმეტყველებდა. ვაჟა თავბერიძესთან ვრცელ ინტერვიუში, სხვა საკითხებთან ერთად, ის დეტალურად განიხილავს - რატომ იყო გარდაუვალი დიდი ომი, რატომ ცდებიან ისინი, ვინც გამოსავალს რუსებისთვის დათმობაში ხედავს, და რა სჭირდება უკრაინას წარმატებული კონტრიერიშისთვის?
ცდება, ვინც ამბობს, რომ რუსებს უნდა დავუთმოთ, რაც უნდათ უკრაინაში - მივცეთ, და მოგვეშვებიან. უნდა გვახსოვდეს, რომ ეს არის მერვე სამხედრო კონფლიქტი, რომელიც რუსებმა წამოიწყეს 1992 წლიდან მოყოლებული, რათა აქამდე მოსულიყვნენ და წარმატება რუსებისთვის მინიმუმ 100 მილიონი ადამიანის დაპყრობა-დამორჩილების ტოლფასია.
რადიო თავისუფლება - უკრაინაში [სრულმასშტაბიანი] ომის დაწყებიდან სულ მალე ერთი წელი გავა - რა ვისწავლეთ? და სად ვართ ახლა?
პიტერ ზაიენი: რაც ნამდვილად ვისწავლეთ, არის ის, რომ გეოგრაფია არ მომკვდარა, როგორც საერთაშორისო ურთიერთობების განმსაზღვრელი ფაქტორი. განსაკუთრებით მაშინ, თუ რუსეთზე ვსაუბრობთ - რუსეთის სტრატეგია, საუკუნეების მანძილზე, იყო გაფართოება მანამ, სანამ რაიმე ბუნებრივ ბარიერს არ წააწყდებოდნენ, რომელიც მათ გარესამყაროსგან დაიცავდა, როგორიცაა, მაგალითად, კარპატების მთები, კავკასია და ბალტიის ზღვა. ამ ბარიერების მიღმა იქმნებოდა ე.წ. შესასვლელი პუნქტები, სადაც იდგა ჯარი, მნიშვნელობა არ აქვს, რამდენად კარგად გაწვრთნილ-მომზადებული - აქცენტი ყოველთვის რიცხოვნობაზე კეთდებოდა.
საბჭოთა პერიოდში, რუსები ყველა ამ შესასვლელ პუნქტებს აკონტროლებდნენ - ეს იყო პერიოდი, როდესაც რუსები ისტორიის მანძილზე ყველაზე დაცულებად გრძნობდნენ თავს. საბჭოთა კავშირის დამხობის შემდეგ, მათ ამ პუნქტებზე კონტროლი დაკარგეს. და რასაც პუტინი ბოლო 23 წელიწადია აკეთებს, სხვა არაფერია, თუ არა მცდელობა, რუსეთმა ეს პოზიციები დაიბრუნოს. უკრაინა კი, საუბედუროდ, ამ ზოგიერთი პოზიციის “არასწორ” მხარესაა და რუსების გადმოსახედიდან, მათ არა მხოლოდ უკრაინა უნდა დაიპყრონ, თანაც თითოეული გოჯი, არამედ ამის შემდეგ ომი უნდა გაგრძელდეს, და ის უნდა გაგრძელდეს ჩრდილო-დასავლეთის მიმართულებით.
არასწორი და თავის მოტყუებაა იმის ფიქრი, თითქოსდა პუტინმა რაიმე ვერ გათვალა, შეცდომაა ამ ომის აღქმა ისე, თითქოს პუტინმა ომი დაიწყო მხოლოდ იმიტომ, რომ შეეძლო. პირიქით - სასწორზე [მისთვის] რუსი ეთნოსის გადარჩენა დევს, ეს ჭეშმარიტად „ან ჩვენ, ან ისინი“ მომენტია. ცდებიან ისინიც, ვინც ამბობს, რომ რუსებს უნდა დავუთმოთ: რაც უნდათ უკრაინაში - მივცეთ, და მოგვეშვებიან. უნდა გვახსოვდეს, რომ ეს არის მერვე სამხედრო კონფლიქტი, რომელიც მათ წამოიწყეს 1992 წლიდან მოყოლებული, რათა აქამდე მოსულიყვნენ, და წარმატება რუსებისთვის მინიმუმ 100 მილიონი ადამიანის დაპყრობა-დამორჩილების ტოლფასია. ასე რომ, ეს - მცირედით დაკმაყოფილების ვარიანტი - არც კი განიხილებოდა. საბოლოოდ, ეს ომი გარდაუვალი იყო. და მის დასასრულთან ჯერ ახლოსაც კი არ ვართ. ვნახოთ, რა მოხდება მაის-ივნისში, როდესაც ვიხილავთ დიდ ბრძოლებს და არა იმას, რასაც დღეს ბახმუტთან ვხედავთ. უკრაინელები ბრძოლის ველზე დაბრუნდებიან 60 000 ნატოს მიერ გაწვრთნილი ჯარისკაცით, უკეთესი შეიარაღებით, საბრძოლო ტანკებიც, როგორც იქნა, ჩამოაღწევენ. მაგრამ რუსებს კიდევ ნახევარი მილიონი კაცი ეყოლებათ ომის თეატრში შემოსაყვანად, რაც საბოლოოდ რუსული ჯარების რაოდენობას ამ ომში 750 ათასამდე აიყვანს.
რადიო თავისუფლება: რა მოხდება, ამას აუცილებლად გამოგკითხავთ დეტალურად, მაგრამ მანამდე ცოტა კიდევ ვიქექოთ წარსულში: იმ თითზე ჩამოსათვლელ ექსპერტებს შორის იყავით, ვინც ამ ომის დაწყებას წინასწარმეტყველებდა. და ეს არ იყო 2021 წლის დეკემბერში გამოთქმული ვარაუდი - 2014 წელს, რვა წლის წინ განაცხადეთ, რომ რუსეთი უკრაინაში შემდეგი რვა წლის განმავლობაში შეიჭრებოდა. როგორ მიხვედით ამ პროგნოზამდე, რა ლოგიკით ხელმძღვანელობდით?
პიტერ ზაიენი: ვიცოდი, რომ ეს გარდაუვალი იყო, რადგან სხვა შემთხვევაში, რუსები შემდეგი რამდენიმე ათწლეულის განმავლობაში გადაშენდებოდნენ.
რადიო თავისუფლება: რას ნიშნავს, გადაშენდებოდნენ? როგორც ერი?
პიტერ ზაიენი: დიახ. როგორც ერი, მოკვდებოდნენ, აღარ იარსებებდნენ. რუსებს, რუსეთის ფედერაციის ფარგლებში, არ აქვთ ხელშეუხებელი ტერიტორიული მთლიანობა. რუსეთის ფედერაციის დღევანდელი საზღვრების დაცვა ყოვლად შეუძლებელია. არ აქვს მნიშვნელობა, ვისი საკბილო გახდებოდნენ საბოლოოდ, ისინი წინააღმდეგობას ვერ გაუწევდნენ რეალურ იერიშს ვერცერთ ფრონტზე - იქნებოდა ეს სამხედრო, სტრატეგიული, ეკონომიკური თუ კულტურული იერიში. ასე რომ, სხვისი ტერიტორიების ხარჯზე შექმნილი მოძრავი საზღვრები ერთადერთი გზა იყო მეტი დროის საყიდლად. და რატომ სჭირდებოდათ ასე დრო? ამ გამოცანის გასაღები დემოგრაფიაშია. ზოგადად, ერს მეტი ბავშვები ჰყავს, ვიდრე თინეიჯერები, მეტი თინეიჯერები, ვიდრე 20 წელს გადაცილებულები და მეტი 30 წლისანი, ვიდრე 30-ის ზემოთ და ასე შემდეგ. მაგრამ მსოფლიო ომმა, საბჭოთა კავშირის დროს არასწორმა მართვამ და ცივი ომის შემდეგ კოლაფსმა ეთნიკურად რუსი მოსახლეობის დემოგრაფია უკუღმა დაატრიალა. მათ უფრო მეტი მოხუცი ჰყავთ, ვიდრე შუახნისა, უფრო მეტი ახალგაზრდა, ვიდრე თინეიჯერი და ა.შ. და 2022 იყო ხაზი, რომელიც მე ქვიშაში გავავლე - რადგან ამ მიჯნის მიღმა, თუ ისინი ახალ, დიდ ომს წამოიწყებდნენ, მათ უბრალოდ არ ეყოლებოდათ საკმარისი ჯარისკაცი ომის მოსაგებად. და დღესაც კი, მათ უკვე 100 000-დან 200 000-მდე მსხვერპლი ჰყავთ... რუსებს მხოლოდ 8 მილიონი ახალგაზრდა მამაკაცი ჰყავთ (30 წლამდე) და ამ რვიდან ერთი მილიონი უკვე გაიქცა ქვეყნიდან. ეს უძვირფასესი რესურსია, რომელსაც ვერ ჩაანაცვლებ, არაა საკმარისი რუსი, ეთნიკური ხაზი ხანგრძლივად რომ განაგრძონ. და იმის მიხედვით, თუ როგორ წავა ეს ომი, თუ მსხვერპლის შეფარდება გაიზრდება - ყოველ ჯერზე, როდესაც უკრაინელები დამატებით მძიმე შეიარაღებას იღებენ, რუსების სიკვდილიანობის კოეფიციენტი იზრდება - სავსებით შესაძლებელია, რომ მილიონამდე რუსი მკვდარი ჯარისკაცი წლის ბოლომდე ვიხილოთ. დემოგრაფიული გადმოსახედიდან, ეს იქნებოდა სრული კატასტროფა. აი, ამიტომ ვთვლიდი, რომ ეს ომი გარდაუვალი იყო და დაიწყებოდა დაახლოებით მაშინ, როდესაც დაიწყო. და ეს გარდაუვლად იქნებოდა რუსების ბოლო დიდი სამხედრო კამპანია, რადგან ამის მიღმა ადამიანური რესურსი უბრალოდ აღარ ეყოლებათ.
2022 იყო მიჯნა, რომლის მიღმა, თუ რუსები ახალ, დიდ ომს წამოიწყებდნენ, მათ უბრალოდ არ ეყოლებოდათ საკმარისი ჯარისკაცი ომის მოსაგებად.
რადიო თავისუფლება: ამ მოსალოდნელ დემოგრაფიულ კატასტროფას, რომელზეც თქვენ ლაპარაკობთ, სავარაუდოდ, კიდევ უფრო გაამწვავებს რუსების საყვარელი ტაქტიკა - რაოდენობრივი უპირატესობა გამოიყენონ პრობლემების გადასაჭრელად.
პიტერ ზაიენი: ცალსახად. წარსულში ეს [ტაქტიკა] ყოველთვის მუშაობდა, მაგრამ საბჭოთა კავშირის ჩამოშლის შემდეგ, მათ მნიშვნელოვანი რეგრესი განიცადეს საზოგადოებრივი ჯანდაცვის მიმართულებით, რომელიც ყველა ასაკობრივ ჯგუფს შეეხო. ამას ემატება ნარკოდამოკიდებულება, ტუბერკულოზი, შიდსი და ალკოჰოლიზმი. შედეგად, რუსი მოსახლეობა, მიუხედავად იმისა, რომ ყოფილ საბჭოთა კავშირის ერებს შორის ჯერ კიდევ ყველაზე მრავალრიცხოვანია, დაღმასვლის გზაზეა და ეს დაღმასვლა არ არის არც ნელი, არც გაჭიანურებული პროცესი - ერთ-ერთი ყველაზე სწრაფია მსოფლიოში. და ამიტომაც სცადეს - სანამ ჯერ კიდევ აქვთ შანსი, ამ ტაქტიკით ფონს გავიდნენ და გაიმარჯვონ - თუ ვერ გაიმარჯვებენ, ამჯერად ზურგს არ უმაგრებთ „სათადარიგო“ მომავალი თაობა, რომლითაც დანაკლისებს შეივსებენ. ასე რომ, თუ „რიცხვების ომს“ იომებენ - და ახლა სწორედ ამას აკეთებენ - უზარმაზარი მსხვერპლი იქნება, თუნდაც გაიმარჯვონ. და ისინი ვერ შეძლებენ ამის კიდევ ერთხელ გამეორებას. ოღონდ მხედველობაში მიიღეთ, რომ როდესაც მე ვამბობ - „ამის გამეორებას“ - ეს არ მოიცავს მხოლოდ უკრაინის ომს, რადგან რუსების გადმოსახედიდან, ეს მხოლოდ დასაწყისია, ამ ომს უნდა ჰქონდეს შემდეგი ფაზა, რომელშიც რუსები პოლონეთსა და რუმინეთს მიადგებიან.
რადიო თავისუფლება: მანამდე, ალბათ, მოლდოვას?
პიტერ ზაიენი: დიახ, ისევე როგორც ბალტიის ქვეყნებს. ამ გადმოსახედიდან, დასავლეთის მიერ დასახული მიზანი ასეთია: თუ ისინი საკმარის შეიარაღებას მისცემენ უკრაინელებს, რათა ამ უკანასკნელებმა რუსეთის ეს ბოლო, აგონიისწინა გაბრძოლება უკრაინაშივე დაასრულონ - ეს რუსეთის, როგორც სტრატეგიული ძალის აღსასრულიც იქნება. რუსეთს აღარ ეყოლება 30 წლის ქვემოთ საკმარისი მამაკაცები, თუნდაც თეორიულადაც რომ შეძლოს მომავალში ახალი, დიდი ომის წამოწყება. მიზანი ესაა, მაგრამ ეს სულაც არ ნიშნავს, რომ ყველაფერი ასე აეწყობა.
ამერიკელები მოამარაგებენ უკრაინას ნებისმიერი სისტემით, რომლის მართვასაც უკრაინელები წარმატებით და კომპეტენტურად შეძლებენ - აბრამსებით საქმე არ დამთავრდება.
რადიო თავისუფლება: როგორ ითარგმნება ეს ყველაფერი რეალპოლიტიკის ენაზე? რომ დასავლეთის ინტერესშია ომი იყოს ხანგრძლივი, მიუხედავად უკრაინის დანაკარგებისა და ტანჯვისა, რომელიც, ამასთანავე, უკრაინის საზღვრებს არ გაცდება, რათა რუსეთი საბოლოოდ გამოიფიტოს?
პიტერ ზაიენი: ისტორიულ პარალელს თუ გავავლებთ, ამის საუკეთესო მაგალითი იქნებოდა ოსმალეთის მცდელობა, დუნაის ზემოთ აჰყოლოდნენ და ავსტრია ჩაეგდოთ ხელში. როდესაც მიაღწიეს უნგრეთს, პანონიის დაბლობს, მიადგნენ გაშლილ, ღია ტერიტორიას და ევროპულმა სახელმწიფოებმა დღევანდელი უნგრეთის ტერიტორიაზე ოსმალეთს ე.წ. killbox-ი მოუწყვეს - და ამას მოჰყვა ოსმალეთის როგორც სამხედრო, ასევე დემოგრაფიული გაჩანაგება, თანაც ისე, რომ ეს მათი უკანასკნელი დიდი სამხედრო კამპანია აღმოჩნდა, თავად ოსმალეთის იმპერიამ კი გრძელვადიანი დაღმასვლა დაიწყო.
დღევანდელი რუსეთის შემთხვევაში ეს დაღმასვლა ბევრად უფრო დრამატული იქნება. ეს არ ნიშნავს იმას, რომ ევროპელები განზრახ ახანგრძლივებენ ომს, მაგრამ მგონია, რომ მათ გაიაზრეს - რუსეთის სამხედრო ხერხემალი უნდა გატყდეს საბოლოოდ და გაუმთელებლად. წინააღმდეგ შემთხვევაში იმავეს გაკეთება უკვე პოლონეთის ტერიტორიაზე მოუწევთ, თანაც ძალიან მალე. ასე რომ, რასაც ახლა უკრაინელებისგან ველით, ეს [რუსულ ჯარში] მასობრივი სიკვდილიანობის გამომწვევი მოვლენაა, რაც მათ საშუალებას მისცემდა რუსების რიცხობრივი უპირატესობა გაანეიტრალონ. ვფიქრობ, ორი გზა არსებობს ამისთვის, ორი სცენარი. პირველი - ტანკებია. რადგან „რიცხვების ომში“ უკრაინა ვერასოდეს გაიმარჯვებს, მათ ფსონი მობილურობაზე უნდა დადონ. მაგრამ ე.წ. ტალახის სეზონი უკრაინაში, როგორც ჩანს, ზამთრის ბოლომდე გასტანს, არ იქნება ისეთი ყინვები, რაც უკრაინას ჯავშანტექნიკით მანევრირების საშუალებას მისცემდა. ამიტომაც ვხედავთ ამ „ტალახიან ომს“ ბახმუტსა და მის მისადგომებში, სადაც, მიუხედავად იმისა, რომ მსხვერპლის შეფარდება 1:3-ზეა, ეს მაინც არ არის საკმარისი უკრაინელებისთვის, ეს კოეფიციენტი სულ მცირე 1:8-ზე მაინც უნდა ავიდეს და ჯერ ამისგან შორს ვართ.
მეორე სცენარი: თვალი ადევნეთ ყირიმის არხს - ეს ნახევარკუნძულისთვის წყლის მთავარი რესურსია, იქ წარმოებული საკვები პროდუქტების 80 პროცენტი სწორედ ამ წყალზეა დამოკიდებული. და ახლა უკრაინელები ხერსონში, დამბაზე ამ არხის ჩამკეტ კარს აკონტროლებენ და არ გახსნიან ამ გაზაფხულზე, რაც ნიშნავს იმას, რომ ყირიმში ვერ მოახერხებენ საკვები პროდუქტების 80 პროცენტის წარმოებას. დაუმატეთ ამას კიდევ რამდენიმე დარტყმა ქერჩის ხიდზე და რუსები ვერ მოახერხებენ ყირიმის მოსახლეობის საკვებით მომარაგებას. მათი საუკეთესო, ელიტური დანაყოფები კი ამჟამად სწორედ ყირიმში იმყოფებიან. ასე რომ, თუ [უკრაინელები] ჰუმანიტარულ კატასტროფას გამოიწვევენ ყირიმში, ეს მათ მისცემდა იმ რაოდენობის მსხვერპლს, შექმნიდა ისეთ დილემას, რის წინაშეც რუსებმა შესაძლოა უკან დაიხიონ. უნდა გვახსოვდეს, რომ არც ერთ ომში რუსები სამშვიდობო მოლაპარაკებებზე არ მიდიოდნენ, თუ ხედავდნენ, რომ ბრძოლის გაგრძელება კიდევ შეეძლოთ. და იქამდე - როდესაც რუსები გატყდებიან, ვეღარ იბრძოლებენ - ჯერ არ მივსულვართ.
რადიო თავისუფლება: ანალოგიურად, თითქმის არც ერთ ომში რუსის ჯარს თავი არ გამოუჩენია პირველი წლის განმავლობაში.
პიტერ ზაიენი: აბსოლუტურ სიმართლეს ბრძანებთ.
რადიო თავისუფლება: ისინი ყოველთვის ცუდად იწყებენ და მერე საქმე უკეთ მისდით ხოლმე, ასე არაა?
პიტერ ზაიენი: დიახ, და არა იმიტომ, რომ მათი ლოგისტიკა ხდება უკეთესი, ან უკეთესად წვრთნიან. უბრალოდ არ ნებდებიან და მრავალრიცხოვნების ხარჯზე ცდილობენ პრობლემის გადაჭრას, ან უფრო - გადათელვას. ასე რომ, დიახ, ჯერ არაფერი გვინახავს ამ ომში, რაც ნორმაში არ ჯდება, ისტორიის გადმოსახედიდან. რუსულ დანაყოფებს ცუდად უძღვებიან, ცუდად აჭმევენ, მორალი დაბალია, აღჭურვილობა არ უვარგათ, არ უვარგათ ლოგისტიკაც - ეს ნორმალურია, ტრადიციული ნორმაა. ერთადერთი, რაც ნორმალური არაა, არის ის, თუ რა მცირე რაოდენობით არიან ისინი ჩაბმული ამ კონფლიქტში - და ესეც ძალიან სწრაფად იცვლება.
არც ერთ ომში რუსები სამშვიდობო მოლაპარაკებებზე არ მიდიოდნენ, თუ ხედავდნენ, რომ ბრძოლის გაგრძელება კიდევ შეეძლოთ.
რადიო თავისუფლება: სწორედ ეს მინდოდა მეთხოვა - უფრო დეტალურად რომ გავშალოთ მოსალოდნელი კონტრშეტევის თემა, ორივე მხარის გადმოსახედიდან. თქვენ ვარაუდობთ, რომ მაისი ამ მხრივ გადამწყვეტი პერიოდი იქნება. რას უნდა ველოდოთ - განსაკუთრებით იმის გათვალისწინებით, რომ ამ დროისთვის რუსებს ალბათ სამჯერ იმაზე მეტი რაოდენობის ჯარი ეყოლებათ, რითაც ომი დაიწყეს?
პიტერ ზაიენი: ოჰ, ბევრად მეტი ეყოლებათ. რუსებით დავიწყოთ - ომი დაახლოებით 150 000 ჯარისკაცით დაიწყეს, მაისისთვის დაახლოებით 750-800 000 ეყოლებათ. სავარაუდოდ, ვნახავთ ფართომასშტაბიან, რამდენიმე მიმართულებიან წინსვლას დონბასიდან, რომლის მიზანი იქნება უკრაინელები აიძულონ, თავიანთი ძალები დაანაწევრონ. თუ ამას მოახერხებენ, გამოვა, რომ უკრაინელებს თავიანთი თამაში მოახვიეს თავს, ნაცვლად მობილური ომისა, რაც უკრაინელებს სურთ. რუსები ეცდებიან ბელარუსის მხრიდან შეტევასაც, მაგრამ ეს არ იქნება სტრატეგიულად გადამწყვეტი ფრონტი, მიზანი იგივე იქნება - უკრაინის ძალების დაქსაქსვა. ასეთია რუსების გეგმა. უკრაინელების მიზანია, თავიანთი ძალები - სატანკო ბრიგადები და არტილერია - ერთ, ძლევამოსილ რკინის მუშტად აქციონ, რომლითაც ზაპოროჟიედან დაბლა, პირდაპირ აზოვის ზღვისკენ გაიწევენ, რადგან თუ მოახერხებენ რუსების ლოგისტიკური ხერხემლის გაწყვეტას - რომელიც დონბასიდან აზოვის ზღვის გასწვრივ სამხრეთის ფრონტზეა გადაჭიმული, მაშინ ყირიმი პოტენციური კარიბჭიდან რუსებისთვის დაუცველ, სტრატეგიულად მოწყვლად ადგილად გადაიქცევა. ისინი ვეღარ მოახერხებენ ფრონტის ყირიმიდან მომარაგებას. თუ უკრაინელები აზოვის ზღვამდე ჩააღწევენ, მაშინ დიდი ალბათობით ყირიმის ხიდსაც ააფეთქებენ, უფრო სწორად, მის ნარჩენებს. და თუ მოახერხებენ აზოვის ზღვის ჩრდილოეთით დერეფნის გადაკეტვას მელიტოპოლისა ან მარიუპოლისკენ, მაშინ ეს ტერიტორიები სრულიად მოწყვეტილი იქნება რუსეთის დანარჩენ ძალებს და იქ უკვე შეგიძლია პერიმეტრი ჩაკეტო და მასობრივ მსხვერპლზე „იმუშაო“, თანაც ეს არ იქნება უბრალოდ დახოცილი რუსი ჯარისკაცები, საუბარია რუსული ჯარის ელიტურ დანაყოფებზე. თუ ამას მოახერხებენ, შემდეგ დონბასის გაწმენდაზე დაფიქრდებიან.
შემოდგომის მიწურულს, არსებობდა იმედი, რომ ეს უკრაინული კონტრიერიში ზამთრის განმავლობაში მოხდებოდა, ელოდნენ, რომ მიწა მოიყინებოდა, რაც კოზირი იქნებოდა უკრაინელების ბევრად უფრო მობილური არმიისთვის - ისინი იერიშისას თავიანთი მძიმე ჯავშანტექნიკის ეფექტიანად გამოყენებას მოახერხებდნენ. მაგრამ ამის ნაცვლად ხელში შერჩათ ტალახიანი ზამთარი, ამიტომ მოუწიათ „ტალახის ომში“ ჩაბმა აღმოსავლეთით, ბახმუტთან. ასე რომ, დრო აქ ცალსახად რუსებზე მუშაობს.
რადიო თავისუფლება: რა სჭირდება უკრაინას იმისთვის, რომ მისი ეს კონტრიერიში წარმატებული გამოდგეს?
პიტერ ზაიენი: ამინდი.
რადიო თავისუფლება: მხოლოდ ამინდი?
პიტერ ზაიენი: ცივი ამინდი სჭირდებათ, ან ძალიან მშრალი გაზაფხული, წინააღმდეგ შემთხვევაში მოუწევთ მაისს დაელოდნონ, და მაისისთვის ტალახის სეზონი დამთავრდება, მაგრამ ამ დროისთვის რუსებიც მზად იქნებიან.
რადიო თავისუფლება: და რა ხდება მაშინ, თუ ორივე მხარე მზადაა წინსვლისთვის?
პიტერ ზაიენი: თუ ორივე მხარეს მაისამდე მოცდა უწევს? ვშიშობ, ეს რუსებს აძლევს ხელს, თანაც ძალიან. რადგან ამ დროისათვის სულ მცირე 400 000 ჯარისკაცით მეტი ეყოლებათ ყველა ფრონტზე, მაშინ როცა ახლა 250 000 ჰყავთ.
რადიო თავისუფლება: და რაც შეეხება შეიარაღებას - მიიღეს ის, რაც სჭირდებოდათ წარმატებული კონტრშეტევისთვის?
პიტერ ზაიენი: უკრაინელები არასოდეს იტყვიან, რომ უკვე აქვთ, რაც სჭირდებათ და მე სავსებით მესმის მათი, არ ვამტყუნებ. მაგრამ ამ დროისათვის ეყოლებათ საბრძოლო ტანკები, ექნებათ უფრო შორსმსროლელი არტილერია, ვიდრე ახლა აქვთ. ეს ყველაფერი ძალიან გამოსადეგი და გარდაუვლად აუცილებელია. მცირე დიამეტრის, შორი მანძილის ჭურვები (GLSDB), რომლებსაც მალე მიიღებენ, კრიტიკულად მნიშვნელოვანი იქნება რუსული ლოგისტიკის ხაზების მწყობრიდან გამოყვანისთვის. და მაინც - ჩვენ ვსაუბრობთ თუნდაც გაუწვრთნელი ჯარების მასობრივ ძალაზე, კოლოსალურ სიმრავლეზე, რომელსაც შეუძლია ცეცხლის შეწოვა ბრძოლის ველზე, ლოგისტიკური გზებიც რომ მოუჭრა, რაოდენობის ხარჯზე შესაძლოა მაინც გაიტანონ თავისი. უკრაინელებს გამარჯვებისთვის რუსული ფორმირებების არევა დასჭირდებათ. საბედნიეროდ, საკმარისი მობილობა და სტრატეგიული სიღრმე აქვთ ამისთვის, თანაც რუსები ძალიან ნელა მოძრაობენ. თუ მაისამდე არაფერი შეიცვალა, მაშინ ვივარაუდებდი, რომ უკრაინელებს მოუწევთ აღმოსავლეთის ფრონტი საერთოდ მიატოვონ და ელვისებური შეტევა წამოიწყონ სამხრეთისკენ, მელიტოპოლის ან მარიუპოლის მიმართულებით, რათა ყირიმის იზოლირება შეძლონ. და მერე ჩვენ მოწმე გავხდებით ამ უცნაური მანევრების დუელისა, როდესაც რუსები მოხოხავენ, მოცოცავენ დასავლეთის მიმართულებით, ყოველდღე ცოტათი წინ მოიწევენ, უკრაინელები კი სხვადასხვა ადგილზე სწრაფი თავდასხმებით ცდილობენ ფრონტის სიღრმეში ლოგისტიკის მოშლას და ეს ყველაფერი ძალიან დაემსგავსება მეორე მსოფლიო ომს.
აბრამსების გამოჩენა კი ნიშნავს, რომ ჯავშანტექნიკის მხრივ, ნებისმიერი ტაბუ უკვე მოხსნილია - ვეღარაფერს გამოვრიცხავთ.
რადიო თავისუფლება: ამ მომენტისთვის, დასავლეთის სამხედრო დახმარების მხრივ, კიდევ რის შემოსვლას უნდა ველოდოთ ფრონტზე?
პიტერ ზაიენი: აუცილებლად ვნახავთ უფრო შორი მანძილის არტილერიასა და სისტემებს. მცირე დიამეტრის (GLSDB) ჭურვების დებიუტი უკრაინის ომში მოასწავებს იმას, რომ ამერიკელები უკვე განიხილავენ, რამდენად შორს და რა სიგრძეზე არის დარტყმები შესაძლებელი. „აბრამსების“ გამოჩენა კი ნიშნავს, რომ ჯავშანტექნიკის მხრივ, ნებისმიერი ტაბუ უკვე მოხსნილია - ვეღარაფერს გამოვრიცხავთ. ვიხილავთ დიდი რაოდენობის „ლეოპარდებს“ - ვისაც ისინი ჰყავს, საწყობიდან გამოიყვანენ, მტვერს გადაწმენდენ და უკრაინაში გააგზავნიან - დაახლოებით ასი ალბათ ივნისამდე ჩავა უკრაინაში, კიდევ ერთ ასეულს მაინც წლის ბოლომდე უნდა ველოდოთ. გადამწყვეტი, ვფიქრობ, მაინც არტილერია იქნება.
რადიო თავისუფლება: და რაც შეეხება საბრძოლო თვითმფრინავებს?
პიტერ ზაიენი: ალბათ იქნება ცალკეული შემთხვევები. ცენტრალური ევროპის ქვეყნებიდან ბევრმა უკვე გადასცა ისინი უკრაინას და ვფიქრობ, ეს ტენდენცია გაგრძელდება. მაგრამ ფაქტია, რომ სხვა შეიარაღებისგან განსხვავებით, თვითმფრინავების მარაგი შეზღუდულია - თანაც დიდი დრო სჭირდება უკრაინელების გადამზადებას იმ ტიპის თვითმფრინავებისთვის, რომლითაც ფრენის, და მით უმეტეს ბრძოლის გამოცდილება მათ არ აქვთ. მე არ ვამბობ, რომ ისინი ვერ ისწავლიან, უბრალოდ გაუჭირდებათ 3 თვეში სპეციალისტები გახდნენ. ამერიკაში F-16-ის, რომელიც უკვე საკმაოდ ხანდაზმული ვერსიაა, სასწავლო პროგრამა 2 წელიწადს გრძელდება. ასე რომ, გვრჩება MIG-ებისა და Sukhoi-ს ფლოტები და ვფიქრობ, რომ ნატოს ქვეყნების არსენალში არსებული ამ თვითმფრინავების ნახევარი მაინც საბოლოოდ უკრაინაში ჩავა. და ეს ძალიან კარგია, მაგრამ არ მაქვს მოლოდინი, რომ ეს გადამწყვეტს როლს ითამაშებს. სამაგიეროდ, ერთ-ერთ გადამწყვეტ როლს ითამაშებს აღჭურვილობა - უკრაინელებს არ აკლიათ ამუნიცია, მაგრამ ფრონტის ხაზის შესაცვლელად, დიდი შეტევის დასაწყებად და ამავე დროს თავდაცვისთვის საკმარისი, სავარაუდოდ, მაინც არაა და მათ არჩევანის გაკეთება მოუწევთ, და ასეთი არჩევანი ცვლის ხოლმე ომის ბედს.
ეს იქნება კატასტროფული უკანდახევა - გაძევებული რუსეთის კივილს ყველგან გაიგონებენ. და ეს უკანდახევა არ გაჩერდება რუსეთის საზღვრებთან - ამას მოჰყვება აჯანყებები მინიმუმ თათრეთსა და ჩეჩნეთში, და საბოლოოდ ეს იქნება რუსეთის ფედერაციის დასასრული.
რადიო თავისუფლება: მოდით, განვიხილოთ ამ ომის გავლენა რუსეთის სამეზობლოზე, უფრო ზუსტად კი, იმ არეალზე, რასაც თავად რუსები „ახლო საზღვარგარეთს“ ეძახიან.
პიტერ ზაიენი: ვიტყოდი, რომ სრულიად „ახლო საზღვარგარეთი“ სუნთქვაშეკრული უნდა ადევნებდეს თვალს იმას, რაც დღეს უკრაინაში ხდება.
რადიო თავისუფლება: დავიწყოთ მოლდოვით - იმის გათვალისწინებით, რომ ლავროვმა ახლახან განაცხადა - „დასავლეთი ცდილობს, მოლდოვა მეორე უკრაინად გადააქციოსო“.
პიტერ ზაიენი: ეს ის იშვიათი შემთხვევაა, როდესაც ლავროვს ვერ შეედავები. როგორც წესი, მისი განცხადებები სრული მონაჩმახია, მაგრამ ამ შემთხვევაში მართალია. მაგრამ სანამ მოლდოვაზე გადავიდოდეთ, მოდით, დიდ სურათს შევავლოთ თვალი. თუ უკრაინა გაიმარჯვებს, რუსეთს მოუწევს არა მხოლოდ „ახლო საზღვარგარეთიდან“ აიბარგოს - გადაიხედება საერთოდ ის ფაქტი, რა როლი და პოზიცია ეკუთვნის რუსეთს გლობალურ სამყაროში, რადგან ყველა, ვისაც რუსეთი გულზე არ ეხატება და მასთან რაიმე პრეტენზია აქვს, მოსკოვს აუმხედრდება. ეს იქნება კატასტროფული უკანდახევა - გაძევებული რუსეთის კივილს ყველგან გაიგონებენ. და ეს უკანდახევა არ გაჩერდება რუსეთის საზღვრებთან - ამას მოჰყვება აჯანყებები მინიმუმ თათრეთსა და ჩეჩნეთში, და საბოლოოდ ეს იქნება რუსეთის ფედერაციის დასასრული, რასაც ერთი ან ორი ათწლეული დასჭირდება, მაგრამ ეს ჭეშმარიტი აღსასრული იქნება. თუ პირიქით, რუსეთი გაიმარჯვებს, ყველას მოუწევს სიფრთხილე, რადგან რუსეთი ამით არ დაკმაყოფილდება, დასავლეთით განაგრძობს სვლას და გაორმაგებული ძალით ეცდება, რომ ყველა ხვრელი ამოავსოს, იქნება ეს თურქმენეთი, ყაზახეთი, საქართველო, თუ აზერბაიჯანიც კი, და ვნახავთ უკრაინის ტაქტიკის გამეორებას ყველგან, სადაც მათ არ დაემორჩილებიან. რაც შეეხება უშუალოდ მოლდოვას - თუ უკრაინა გაიმარჯვებს, მოლდოვის არა მხოლოდ ევროკავშირში, არამედ ნატოშიც შესვლაც რეალური გახდება. თუ უკრაინა დამარცხდება, სწორედ მოლდოვა იქნება შემდეგი ქვეყანა, რომელსაც რუსები დაიპყრობენ. ასე მარტივადაა ყველაფერი.
რადიო თავისუფლება: და კავკასია?
პიტერ ზაიენი: რაც შეეხება კავკასიას - რუსებს ბევრად უფრო ნაკლები სენტიმენტები და მეგობრული გრძნობები ამოძრავებთ კავკასიის ხალხების მიმართ, ვიდრე უკრაინელების მიმართ ამოძრავებდათ. და მე შეძრწუნებული ვიქნებოდი ნგრევის იმ მასშტაბებით, რომელიც საქართველოს დაატყდება თავს, თუ უკრაინა დამარცხდება და ქართველები რუსებს ხელგაშლილი არ შეეგებებიან. თუ უკრაინა დამარცხდება, საქართველოს ძალიან მალევე დაიპყრობენ და წინააღმდეგობის გაწევის შემთხვევაში ეს დაპყრობა იქნება ყოვლად ბრუტალური. აზერბაიჯანში ალბათ ნაკლებ სიხისტეს უნდა ველოდოთ რუსებისგან, მაგრამ ბაქოც თბილისის ბედს გაიზიარებდა ძალიან მალევე. მეორე მხრივ, თუ უკრაინა გაიმარჯვებს, ახალი აფხაზეთისა და ოსეთის მომსწრენი გავხდებით, რადგან ქართველები შეეცდებიან რუსული ჯარის ნარჩენების განდევნას და სხვა ქვეყნები მათ ამაში დაეხმარებიან.
რადიო თავისუფლება: მომიტევეთ, მაგრამ ძალიან შავ-თეთრი სურათი დახატეთ. თუ ერთი მოიგებს, ეს მოხდება, თუ მეორე - ეს. რატომ გამორიცხავთ სცენარს, სადაც ყველაფერი კომპრომისით, მოლაპარაკებით მთავრდება?
პიტერ ზაიენი: იმიტომ, რომ მე ასეთ ვარიანტს ვერ ვხედავ. რუსებს დემოგრაფიის მათრახი მიერეკება წინ, მათ იციან, რომ ეს მათი უკანასკნელი შანსია. და ამიტომ, ნებისმიერი ცეცხლის შეწყვეტა სხვა არაფერია, თუ არა დროებითი პაუზა, ტაიმაუტი, რომლის განმავლობაშიც რუსები ძალებს მოიკრებენ და შემდეგი იერიშისთვის მოემზადებიან. ეს ომი ზავით არ დასრულდება, რადგან ეს ზავი დიდხანს არ გასტანს.
ამერიკელებმა ცალსახად მიანიშნეს რუსებს, რომ იმდენად ღრმად არიან შეღწეული კრემლის კომუნიკაციებში, რომ იციან, ნებისმიერ მომენტში ფიზიკურად სად იმყოფება პუტინი.
რადიო თავისუფლება: და იმ შემთხვევაში, თუ რუსეთი დამარცხების საფრთხის წინაშე დადგება, ხომ არ გაექცევა „იმ კაცს კრემლში“ თითი ე.წ. წითელი ღილაკისაკენ?
პიტერ ზაიენი: მე იმ ადამიანთა რიცხვს მივეკუთვნები, ვისაც ამ მომენტისთვის ბირთვული ომის პერსპექტივა რეალურად არ მიაჩნია. ამერიკელებმა ცალსახად მიანიშნეს რუსებს, რომ იმდენად ღრმად არიან შეღწეული კრემლის კომუნიკაციებში, რომ იციან, ნებისმიერ მომენტში ფიზიკურად სად იმყოფება პუტინი. ასე რომ, მან იცის, რომ თუ ამერიკას ამოიღებს მიზანში, არ იარსებებს ისტორიის არც ერთი ვერსია, სადაც ის არ ჩაიწერება, როგორც კაცი, რომელმაც თავისი ხელით დაასამარა რუსეთის ფედერაცია. და ისიც იცის, რომ უშუალოდ თავად შეწყვეტს ფიზიკურ არსებობას ამ გადაწყვეტილებიდან რამდენიმე წუთში. ამიტომ ვფიქრობ, რომ რუსები ამ ეტაპზე ბირთვულ ვარიანტს სერიოზულად არ განიხილავენ. ერთადერთი სცენარი, სადაც ეს შეიძლება მოხდეს, არის მომენტი, როდესაც ერთი ან მეორე მხარის ტოტალური მარცხი გარდაუვალია. ანუ, თუ რუსები გაიმარჯვებენ, ისინი შემდეგ მიაშურებენ პოლონეთის საზღვარს. მათ უკვე ცხადად უწყიან, რომ ტრადიციულ დაპირისპირებაში ნატოს ჯარებთან შანსი არ აქვთ. შესაბამისად, მათი ერთადერთი შანსია დარეკონ ლონდონში, სტოკჰოლმში, ბერლინსა და პარიზში და თქვან: „ჰეი, თუ არ გინდათ ხვალ ნაშუადღევისთვის ბირთვული ბომბი გესროლოთ, პოლონეთის ყოველგვარ სამხედრო ან პოლიტიკურ მხარდაჭერაზე უარი უნდა თქვათ. თუ იტყვით, აღარ გესვრით და უბრალოდ პოლონეთს წავიღებთ, მერე კი ისევ ვიმეგობრებთ“.
რადიო თავისუფლება: და როგორ მოიქცევიან, როგორ ფიქრობთ?
პიტერ ზაიენი: ვფიქრობ, ჯერ აქამდე არ მივსულვართ. მაგრამ ეს იქნებოდა მომენტი, როდესაც დასავლეთს ძალიან რთული გადაწყვეტილების მიღება მოუწევს, რადგან რუსებმა იციან, რომ პოლონეთსა და რუმინეთს სხვანაირად ვერ დაიპყრობენ, შანსი არ აქვთ, უკრაინის ომმა ეს უკვე ცხადყო. ასე რომ, ბირთვული დარტყმა მათი ერთადერთი გამოსავალია. ანალოგიურად, თუ რუსეთის ტოტალურ მარცხს ვიხილავთ და საქმე უშუალოდ მოსკოვის დაცვაზე მიდგება, მაშინ რუსეთმა შეიძლება გადაწყვიტოს ბირთვული იარაღის გამოყენება, რადგან დასაკარგი უკვე აღარაფერი ექნებათ.
ასეთი შესაძლებლობა ნახევარ საუკუნეში ერთხელ გეძლევა ხოლმე.
რადიო თავისუფლება: და ბოლო კითხვა, რომელიც ალბათ უფრო ადრე უნდა დამესვა - რას მიიღებს ამერიკა ყველაფერ ამისგან. თქვენ წერდით: „ეს რთულია უკრაინისთვის, მაგრამ ამერიკის გადმოსახედიდან, ძნელია წარმოიდგინო უკეთესი, უფრო საფუძვლიანი და პირველ რიგში, უფრო უსაფრთხო გზა რუსეთის სუიციდისთვის“.
პიტერ ზაიენი: დიახ, მხოლოდ სამი ქვეყანაა აშშ-ის ისტორიის მანძილზე, რომელმაც უშუალო საფრთხე შეუქმნა მას - პირველი ჩვენი კოლონისტი დამაარსებელი და ჩვენი კულტურული მშობელი - დიდი ბრიტანეთი იყო. მსოფლიო ომების შედეგად, ბრიტანეთი ფაქტობრივად ჩვენს უმცროს მოკავშირედ იქცა. ასე რომ, ეს საფრთხე განეიტრალდა. მეორე - მექსიკა. ამერიკა-მექსიკის ომის შედეგად, მექსიკის ტერიტორიის ნახევრის კონფისკაცია მოვახდინეთ და დღეს მექსიკა ჩვენი უახლოესი დემოგრაფიული კუზენი და მთავარი ეკონომიკური პარტნიორია. ეს საფრთხეც წარსულს ჩაბარდა. მესამე და დღემდე მოქმედი: საბჭოთა კავშირი / რუსეთია, რომელიც ამერიკის უსაფრთხოებას 1945 წლიდან ემუქრება. ამერიკელები არასოდეს დაიხევდნენ უკან ამ დაპირისპირებიდან. ამ საფრთხისთვის ბოლოს მოღების სტრატეგიული აუცილებლობიდან გამომდინარე, ასეთი შანსი ამერიკას ხშირად არ ჰქონია. ასეთი შესაძლებლობა ნახევარ საუკუნეში ერთხელ გეძლევა ხოლმე. და ამიტომ ამერიკელები მოამარაგებენ უკრაინას ნებისმიერი სისტემით, რომლის მართვასაც უკრაინელები წარმატებით და კომპეტენტურად შეძლებენ - „აბრამსებით“ საქმე არ დამთავრდება. რისკი რა თქმა უნდა ისაა, თუ უკრაინელები დამარცხდებიან.