2025 წლის 21 მარტს ამერიკულმა სასამართლომ მისი მკვლელობის მომზადებაში დამნაშავედ ცნო საქართველოს მოქალაქე ფოლად ომაროვი - დმანისელი კრიმინალური ავტორიტეტი, მედიის ცნობით, „კანონიერი ქურდი“.
მედიის ცნობითვე, ის 2020 წელს მოკლული კრიმინალური ავტორიტეტის, ასევე დმანისელი ნადირ სალიფოვის („ლოტუ გულის“) ბიძაშვილია.
ფოლად ომაროვი საქართველოში, უკრაინასა და ჩეხეთში ცხოვრობდა. სწორედ ჩეხეთში დააკავეს 2023 წელს და აშშ-ს გადასცეს. მას, დამნაშავედ ცნობის შემდეგ, უვადო პატიმრობა ემუქრება.
მის დამნაშავედ ცნობას გამოეხმაურა შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანი მარკო რუბიოც და ირანის რეჟიმს პასუხისგებით დაემუქრა.
სამიზნე - მასიჰ ალინეჯადი
ჟურნალისტი მასიჰ ალინეჯადი დიდი ხანია, ირანის ავტორიტარული ხელისუფლებისა და „ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის“ (IRGC) სამიზნეა.
„გუშაგთა კორპუსი“, არმიასთან ერთად ირანის შეიარაღებულ ძალებს წარმოადგენს და სახელმწიფოს მნიშვნელოვანი და მძლავრი სტრუქტურაა.
ირანში დაბადებულმა ქალმა ჟურნალისტური კარიერა დაიწყო 2001 წელს და სხვადასხვა ირანულ გამოცემაში მუშაობდა. ხშირად აქვეყნებდა თეოკრატიული ხელისუფლებისადმი კრიტიკულ სტატიებს, რაც მისი დევნის საფუძველი გახდა.
2008 წელს გამორჩეულად კრიტიკულ სტატიაში, სახელად „დელფინების სიმღერა“, მან ირანის პრეზიდენტ მაჰმუდ აჰმადინეჯადის მიმდევრები შეადარა მშიერ დელფინებს, რომლებიც მწვრთნელისაგან საკვების მოლოდინში მის ყველა მითითებას ასრულებენ.
საბოლოოდ, იმ გაზეთის დირექტორმა, სადაც ეს სტატია გამოქვეყნდა, ბოდიში მოიხადა.
2009 წელს გაემგზავრა შეერთებულ შტატებში პრეზიდენტ ბარაკ ობამასთან ინტერვიუს ჩასაწერად, თუმცა ეს ინტერვიუ არ შედგა. ამერიკაში ყოფნისას მონაწილეობა მიიღო არაერთ დემონსტრაციაში ირანის ხელისუფლების წინააღმდეგ. იმავე წელს შტატებიდან ბრიტანეთში ბრიტანეთში სასწავლად. რამდენიმე წელიწადი ცხოვრობდა ლონდონში.
2014 წელს სოციალურ მედიაში წამოიწყო მოძრაობა სახელით #MyStealthyFreedom. ეს მოძრაობა ირანელ ქალებს მოუწოდებდა, გაეპროტესტებინათ თავსაბურავის ტარების მოთხოვნა. ორ წელიწადში ფეისბუკზე მოძრაობამ მილიონი გამომწერი მოაგროვა.
2014 წელს ლონდონიდან ნიუ-იორკში გადავიდა საცხოვრებლად.
2019 წელს მიიღო აშშ-ის მოქალაქეობა.
იმავე წელს „გუშაგთა კორპუსმა“ მისი ოჯახის სამი წევრი დააკავა თეირანში. ოჯახის დანარჩენ წევრების გამუდმებით ემუქრებოდნენ.
2018 წელს მისი და აიძულეს, სახელმწიფო ტელევიზიით გამოსულიყო და ალინეჯადის „სამარცხვინო ქმედებები“ დაეგმო (მსგავს მეთოდს ირანის რეჟიმი ხშირად მიმართავს დისიდენტების წინააღმდეგ).
ამჟამად არის 48 წლის და მუშაობს „ამერიკის ხმის“ სპარსულ სამსახურში.
„წლების განმავლობაში, ირანის ხელისუფლება ცდილობდა, გაეჩუმებინა მისი მკაცრი კრიტიკოსი, ჟურნალისტი, მწერალი და აქტივისტი“, - განაცხადა ნიუ-იორკის პროკურორმა 21 მარტს.
აშშ-ის იუსტიციის სამინისტროს ცნობით, ირანის უშიშროების სამსახურის წარმომადგენლებმა და მათმა კონტროლირებულმა პირებმა 2020 და 2021 წლებში ორჯერ სცადეს მისი გატაცება აშშ-დან, თუმცა წარუმატებლად.
ალინეჯადის ცნობით, - როგორც მან X-ზე დაწერა, - სასამართლოზე პროკურორებმა აჩვენეს ვიდეო, როგორ უწოდებს ირანის უზენაესი ლიდერი აიათოლა ალი ხამენეი ალინეჯადს „ამერიკელ აგენტს“, რომელიც „ჰიჯაბს ბერლინის კედელს ადარებს“, და მის დასჯას ითხოვს.
მკვლელობის ჩაშლილი გეგმა
გამოძიების ვერსიით, მას შემდეგ, რაც ეს მცდელობები წარუმატებელი აღმოჩნდა, გუშაგთა კორპუსმა ორ ადამიანს დაავალა, ეპოვათ ჟურნალისტის ადგილსამყოფელი, ეთვალთვალათ და მოეკლათ ის.
- ერთი რაფატ ამიროვი იყო, - ირანის მოქალაქე, მეტსახელად „რომი“, ასევე ცნობილი, როგორც ფარხადინ მირზოევი.
- მეორე - ფოლად ომაროვი, ამჟამად 40 წლის, წარმოშობით საქართველოდან.
გამოძიების ვერსია ასეთია:
- 2022 წლის, დაახლოებით, ივლისიდან, რაფატ ამიროვი „გუშაგთა კორპუსისგან“ მიღებულ ინფორმაციას ალინეჯადის შესახებ უგზავნის ფოლად ომაროვს;
- ომაროვი კი ამ ინფორმაციას გადასცემს მესამე პირს, ხალიდ მეჰდიევს;
- მეჰდიევი, აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტის ცნობით, კრიმინალური დაჯგუფების წევრი იყო და ცხოვრობდა ნიუ-იორკში, იონკერსში;
- მეჰდიევს საქართველოს მოქალაქე ომაროვისგან მიღებული ინფორმაცია ალინეჯადის სათვალთვალოდ და მოსაკლავად უნდა გამოეყენებინა;
- მეჰდიევი უგზავნიდა ომაროვს ჟურნალისტი ქალის საცხოვრებელი სახლის ფოტოებსა და ვიდეოებს. ეს მასალები აღწევდა IRGC-ს წარმომადგენლებამდე;
- ომაროვი ერთგვარი შუამავალი იყო ამიროვსა და მეჰდიევს შორის;
- მოგვიანებით ომაროვმა და ამიროვმა 30 000 აშშ დოლარი ნაღდი ფული მისცეს მეჰდიევს, რომელმაც შეისყიდა AK-47 („კალაშნიკოვის“) ტიპის ცეცხლსასროლი იარაღი და ტყვიები;
- 2022 წლის 24 ივლისს მეჰდიევმა ომაროვს აცნობა, რომ „დანაშაულის ადგილზე“ იმყოფებოდა;
- 27 ივლისს ომაროვმა ამიროვს უთხრა, რომ მეჰდიევი მზად იყო ალინეჯადის მოსაკლავად, - „ეს ამბავი დღეს დასრულდებაო“;
- 28 ივლისს მეჰდიევმა ომაროვს მანქანიდან გადაღებული ვიდეო გაუგზავნა, - მზად ვართო;
- საბოლოოდ, როცა მეჰდიევი ალინეჯადის სახლთან მივიდა, პოლიციამ გააჩერა - სრულიად შემთხვევით, საგზაო მოძრაობის წესების დარღვევის გამო.
- ჩხრეკისას იპოვეს იარაღი.
ასე ჩავარდა მკვლელობის გეგმა.
იუსტიციის დეპარტამენტი წერს იმასაც, რომ მეჰდიევის დაპატიმრების შემდეგ, ომაროვი დაქირავებული მკვლელის დედას დაუკავშირდა და მკვლელობით დაემუქრა, თუ შენი შვილის მისამართს არ გამირკვევო.
ამერიკელი პროკურორების თანახმადვე, ირანის „ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსმა“ ამიროვსა და ომაროვს 500 ათასი აშშ დოლარი წინსწრებით გადაუხადა ჟურნალისტის მკვლელობის სანაცვლოდ.
„გუშაგთა კორპუსიდან“ უშუალოდ ვინ ეკონტაქტებოდა ირანისა და საქართველოს მოქალაქეებს, გამოძიება საჯაროდ არ ამბობს.
დმანისელი „კანონიერი ქურდი“
ამ ამბის გახმაურების შემდეგ, 23 მარტს, დმანისში, მის სამეზობლოში ჩასულ ჟურნალისტებს „ტვ პირველიდან“ შუა ხნის კაცმა, რომელიც მათ ომაროვის ბიძაშვილად გაეცნო, უთხრა:
„ის ავტორიტეტია არა მარტო აქ, დმანისში, არამედ მთელ ევროპაში. კანონიერი ქურდის სახელით იცნობენ“.
მისი თქმითვე, ბრალდება „რაღაც პოლიტიკურია“ და „მას დანაშაული არ ჩაუდენია“.
მეზობლების თქმით, ფოლად ომაროვი დაიბადა და გაიზარდა დმანისში: „სკოლა აქ დაამთავრა, აქ გაიზარდა“.
ერთი მეზობელი ამბობს, რომ მშობლები დმანისში ცხოვრობდნენ, ახლა კი, „ეს ამბები რომ მოხდა“, ბაქოში წავიდნენ.
ის მიუთითებს რვაქიმიან ვარსკვლავზე, რომელიც ომაროვის საცხოვრებელი სახლის ჭიშკარზეა გამოსახული, - რაც „კანონიერი ქურდების“ კრიმინალური სუბკულტურის სიმბოლოა, - და ამბობს:
„ეს ვარსვლავი მის ჭიშკარზე, უბრალოდ, გემოვნების ამბავია“.
„ლოტუ გულის“ ბიძაშვილი
იუსტიციის დეპარტამენტის თანახმად, ფოლად ომაროვი არაერთ მეტსახელსა თუ ყალბ სახელს იყენებდა, მათ შორის „არაზ ალიევს“.
იუსტიციის სამინისტრო წერს, რომ ფოლად ომაროვი იყო „რუსული მაფიის“ აზერბაიჯანული განშტოების მაღალი რანგის წარმომადგენელი.
უცნობია, თუ როგორ მოხვდა, სავარაუდოდ, „კანონიერი ქურდი“ ირანის „ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის“ ქსელში.
ფოლად ომაროვი 2023 წლის 17 იანვარს ჩეხეთში დააკავეს საერთაშორისო ორდერის საფუძველზე. იმ დროს იგი ჩეხეთში ცხოვრობდა.
ჩეხური მედია წერდა, რომ „ფოლად ომაროვი ხელმძღვანელობს ორგანიზებულ კრიმინალურ დაჯგუფებას, რომელიც რუსეთსა და უკრაინაში აზერბაიჯანულ დიასპორას ჩაგრავს“.
ჩეხეთის ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის ეროვნული ცენტრის წარმომადგენელმა განაცხადა, რომ დაკავებულია „კრიმინალური ავტორიტეტი რუსულენოვან გარემოში“. ის 17 იანვარს პრაღაში მდებარე კორპუსის ბინაში დააკავეს.
ჩეხური მედიის ცნობით, ფოლად ომაროვი არის 2020 წელს თურქეთში მოკლული „კანონიერი ქურდის“, ნადირ სალიფოვის, იმავე „ლოტუ გულის“/„გული ბაკინსკის“ ბიძაშვილი. სალიფოვიც დმანისში იყო დაბადებული. ის 20 აგვისტოს მოკლეს ანტალიაში.
ჩეხური მედიის ცნობითვე, ფოლად უმაროვი „ლოტუ გულის“ ძმის, მკვლელობის შემდეგ დაწინაურებული ნამიკ სალიფოვის „მარჯვენა ხელი“ იყო.
ომაროვი ითხოვდა, აშშ-ს არ გადამცეთო, თუმცა 2024 წლის 21 თებერვალს პრაღის ვაცლავ ჰაველის სახელობის აეროპორტში იგი აშშ-ის ხელისუფლების წარმომადგენლებს გადასცეს და ექსტრადიციაც განხორციელდა.
წაყენებული ბრალი და განაჩენი
აშშ-ში ყოფნისას ფოლად ომაროვსა და რაფატ ამიროვს ხუთი ბრალდება წაუყენეს.
21 მარტს ნაფიცმა მსაჯულებმა ისინი ხუთივე ბრალდებაში დამნაშავედ ცნეს:
- მკვლელობის შეკვეთა („დაქირავებული მკვლელობა“, - რაც 10 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს;
- შეკვეთილი მკვლელობის მომზადება - რაც ასევე 10 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს;
- ფულის გათეთრების დაგეგმვა - რაც მაქსიმუმ 20 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს;
- მკვლელობის მცდელობა კრიმინალური ორგანიზაციის სასარგებლოდ, - რაც ითვალისწინებს 10 წლამდე პატიმრობას;
- ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო ფლობა და გამოყენება მკვლელობის მცდელობისათვის, - რაც მაქსიმუმ სამუდამო პატიმრობას ითვალისწინებს, მინიმუმ კი 5-წლიან პატიმრობას.
2025 წლის 17 სექტემბერს გაირკვევა, რა ვადით მიესჯებათ მათ პატიმრობა.
ჟურნალისტმა მასიჰ ალინეჯადმა ბრალდებულების დამნაშავედ ცნობის შემდეგ განაცხადა:
„პირველად ისტორიაში, ისლამური რესპუბლიკის რეჟიმი პასუხს აგებს შიშის დათესვის კამპანიის ამერიკულ მიწაზე გადმოტანის გამო... მათ წააგეს. მე კვლავ ცოცხალი ვარ“.
სახელმწიფო მდივანმა მარკო რუბიომ X-ზე დაწერა, რომ „სასამართლოს გადაწყვეტილება აჩვენებს, რომ ირანის მცდელობები, დაგეგმონ მასიჰ ალინეჯადის მსგავსი ამერიკის მოქალაქეების მკვლელობები, მკაცრად დაისჯება“.
„პრეზიდენტ დონალდ ტრამპის პირობებში ირანის მიერ ფარად გამოყენებული ჯგუფები და მარიონეტები, რომლებიც აშშ-ში ოპერირებას ეცდებიან, იქნებიან გამოძიებულნი, დაშლილნი და დასჯილნი“, - განაცხადა მარკო რუბიომ.
ფორუმი