ანონიმური ყუთის ფოტო თამთამ სოციალურ ქსელში გააზიარა და დაწერა:
„ჩემი შვილების საბავშვო ბაღში დღეს, საუკეთესო საბჭოთა ტრადიციების გათვალისწინებით, ეს ანონიმური ყუთი დამხვდა. ზედმეტად რომ არ შევწუხდეთ მშობლები პრეტენზიების გამოთქმის გზების ძიებით, ბაღების სააგენტო მარტივ გზას გვთავაზობს: დაწერ "დანოსს", გაიხედ-გამოიხედავ, ხომ არავინ გიყურებს, მოათავსებ ამ ყუთში და ყველა პრობლემა "მოგვარდება".
ამ ბაღში დაჰყავდა თამთა ჯანაძეს ჯერ უფროსი შვილი, ახლა კი იქ მისი პატარა ტყუპები დადიან. ამ ექვსი-შვიდი წლის განმავლობაში ვერ იხსენებს, რომ მსგავსი ყუთისთვის თვალი მოეკრას და მშობლებისთვის ასე შეეთავაზებინოთ მოსაზრებების გაზიარება.
საბავშვო ბაღს ჰქონდა რვეული, რომელშიც მშობლებს შეეძლო ჩაეწერათ, რას ფიქრობდნენ, რა წარმოდგენა ჰქონდათ ამ ბაღზე, რა მოსწონდათ და რა - არა, თუმცა არა ანონიმური ყუთი, რომელშიც წერილების ჩაგდებას შეძლებდნენ.
„ანონიმური ყუთის“ გაჩენა თამთას იმიტომაც ეუცნაურა, რომ ბაღის ადმინისტრაციასთან მშობლებს ყოველთვის ღია ურთიერთობა ჰქონდათ. თავად თამთა იმ მშობლებს მიეკუთვნება, რომლებსაც ბევრი კითხვა აქვთ როგორც სკოლამდელ, ისე სასკოლო საგანმანათლებლო სისტემასთან და ამ კითხვების დასმას არასოდეს ერიდებოდა.
მშობელს ბაღის მასწავლებელმა უთხრა, რომ შეეძლო ყუთში ბაღის სტანდარტულ კითხვარზე პასუხები ჩაეგდო. ამ კითხვებს შორის არის, მაგალითად, მოსწონს თუ არა მშობელს ბაღის აქტივობები, რას შეცვლიდა, რამდენად გათვალისწინებულია მშობლის აზრი.
„დღეს, როცა კანონის სახელით ძალიან ბევრ უსამართლობას ვაწყდებით, შეიძლება ზედმეტად დაძაბულებიც ვართ მშობლები და გაფართოებული თვალებით ვუყურებთ ერთმანეთს, მაგრამ ეჭვი და უსიამოვნო გრძნობა მაინც იმან გამიჩინა, რომ ასეთი ყუთი ახლა გაჩნდა.
მე მგონია, რომ საბავშვო ბაღს ასეთი ანონიმურობა და ჩუმ-ჩუმად რაღაცების წერა არ სჭირდება, რადგან მშობლებს უპრობლემო ურთიერთობა გვაქვს მასწავლებლებთანაც და თუ დაგვჭირდა, ბაღების სააგენტოშიც შეგვიძლია დარეკვა, - უთხრა თამთა ჯანაძემ რადიო თავისუფლებას და დააყოლა, - და თუ მაინც უნდა იდგეს ასეთი ყუთი, მაშინ რაღაც ინსტრუქციაც უნდა მოჰყვეს, რისთვის არის ის დადგმული, ვინ ხსნის მას, რა მიზანი აქვს“.
ეს არავის მითითება არ არის - ბაღის დირექტორი
მშობლის რეაქციით გაკვირვებული ბაღის დირექტორი თამარ ჩუბინიძე გვეუბნება, რომ არაფერი საგანგაშო და ცუდი ამ ყუთში არ არის, ეს მშობლებთან კავშირის ერთ-ერთი საშუალებაა, რაც მათი ვალდებულებაა. გვითხრა ასევე, რომ ბაღს ადრეც ედგა საერთო დერეფანში მსგავსი ყუთი, ოღონდ სხვა წარწერით: „თქვენი აზრი ჩვენთვის მნიშვნელოვანია“.
„რომელ მშობელსაც სურდა, აგდებდა იმ ყუთში ფურცლებს და გვიზიარებდა აზრებს. ასე რომ, არანაირი ორაზროვნება აქ არ უნდა ვეძებოთ. შეიძლება, თავად ეს სიტყვა, „ანონიმურია“, ცოტა ისეთი, თორემ ეს მხოლოდ მშობლებთან ურთიერთობის ერთ-ერთი ფორმაა და არავისი მითითება ამ ყუთის დადგმაზე არ ყოფილა“.
თუმცა საზოგადოების ნაწილს სწორედ ამ სიტყვამ, „ანონიმურმა“, გაახსენა 1937 წელი და საბჭოთა რეჟიმი.
- „პავლიკა მოროზოვებს მოითხოვენ“;
- „დანოსების წერას ასწავლიან ბაღებში უკვე“;
- "ანონიმკების" საუკეთესო საბჭოთა ტრადიცია - ამაზე ამბობდნენ, გვაკარგვინებენო?"
- „სახელწოდება უკვე ავლენს სულისკვეთებას და იმას, თუ როგორი ტოქსიკური პრაქტიკის დანერგვა უნდათ“;
- "სურვილების" ან "შენიშვნების" მაინც დაეწერათ.
ეს სოციალურ ქსელში გამოხმაურებების ნაწილია.
ზოგი იმასაც წერდა, რომ ასეთი სისტემა მთელს მსოფლიოში არსებობს, რომ ამაში ცუდი არაფერია და რომ კრიტიკასთან ერთად ყუთში მოწონების წერილის ჩაგდებაც შეიძლება.
ამ საკითხზე თბილისის 205-ე საბავშვო ბაღმაც გამოაქვეყნა საჯარო პოსტი, თანდართული ფოტოებით, რომელშიც წერს, რომ 2025 წლის იანვრიდან მათაც დადგეს ბაღში “შენიშვნების, წინადადებების ყუთი" - "მშობელთათვის ანონიმურად”. ფოტოებზე სწორედ ამ ყუთის გახსნის პროცესია ასახული.
რადიო თავისუფლებამ “ანონიმური ყუთების” გაჩენაზე კომენტარი საბავშვო ბაღების მართვის სააგენტოსაც სთხოვა - გვაინტერესებდა, ასეთი ყუთის დადგმა ცალკეული ბაღების გადაწყვეტილებაა თუ დავალება.
სააგენტოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელმა ნინო გულბათაშვილმა გვიპასუხა, რომ “მსგავსი ყუთები დგას ნებისმიერ საჯარო დაწესებულებაში, სადაც მოქალაქეებს შეუძლიათ წერილით მიმართონ კონკრეტულ დაწესებულებას“ და რომ ასეთი ყუთები იდგა საბავშვო ბაღებშიც, ოღონდ სხვა სახელით. მაგალითად: „მისწერე დირექტორს“ ან „გაგვიზიარე შენი აზრი“.
სააგენტოში ფიქრობენ, რომ მშობლის მწვავე რეაქცია წარწერამ გამოიწვია:
„[ყუთს] ანონიმური, ალბათ ჯობს, არ დააწერო, თუმცა თავისთავად ესეც არ არის დანაშაული“, - ამბობს ნინო გულბათაშვილი.
მისი განმარტებით, სახელმწიფო სტანდარტი ავტორიზაციის შესახებ ითვალისწინებს ოჯახისა და თემის ჩართულობას - საბავშვო ბაღებთან მშობლებს უკუკავშირი შეუძლიათ სხვადასხვა ფორმით: საინფორმაციო დაფით, ანონიმური მიწერის საშუალებით, სოცმედიით, ოფიციალური განცხადებებით. ეს კავშირი ნებაყოფლობითია.
ბავშვთა უფლებების დამცველს, ანა არგანაშვილს, მიაჩნია, რომ მშობლებს უნდა ჰქონდეთ გასაჩივრების უფლება, ასეთი ყუთების არსებობა მნიშვნელოვანი და სასარგებლოა, ბავშვზე ზრუნვის სტანდარტიც, თუმცა მათ „ანონიმური ყუთი” არ უნდა ეწეროს.
„უნდა ეწეროს საჩივრების ან უკუკავშირის ყუთი და კონფიდენციალობის დაცვით ჩავარდეს საჩივრები. საჩივრების განხილვა უნდა იყოს მკაცრად რეგულირებული, სამართლიანი და ბავშვის უფლებებზე ორიენტირებული. თუ საჩივრების მისაღებად კონფიდენციალობის დაცვით უკეთესი სისტემა მოიფიქრეს, კი ბატონო - ეგ იყოს”, - ამბობს ანა არგანაშვილი.
ფორუმი